Menu
RSS

რატომ გადადო სალამური გვერდზე, რას საქმიანობდა აშშ-ში და რა მიზნით დაბრუნდა საქართველოში ტრიო ,,საუნჯის'' წევრი   

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი, რომელიც სალამურს უკრავდა და... თუ გგონიათ, რომ არჩილ სულაკაურის ცნობილი ზღაპარი _ ,,სალამურას თავგადასავალი'' უნდა მოგიყვეთ, ცდებით, თუმცა სალამური არა-ჩვეულებრივი ინტერვიუს დღევანდელი გმირის ბიოგრაფიაშიც ზომაზე მეტად ფიგურირებს... უფრო სწორად, კი არ ფიგურირებს, არამედ, ყველაფერი სწორედ სალამურით დაიწყო. დღეს კი, როგორც მითხრა, სალამური გვერდზე დროებით გადადო და დიდ პოლიტიკაში ჩართვა ერთადერთი მიზნით გადაწყვიტა. რა არის ეს ერთადერთი მიზანი? _ აი, ამის გასაგებად ჩემი და ამჟამად სახალხო მოძრაობა მზიური საქართველოს თავკაცის, წარსულში კი, ცნობილი ტრიო ,,საუნჯის'' ცნობილი წევრის, ნიკო ნადირაშვილის სიონის ეზოში გამართული დიალოგის, პრაქტიკულად, სტენოგრამა უნდა წაიკითხოთ.
_ ბატონო ნიკო, არაპუნქტუალური ხართ?
_ (იცინის) რა თქმა უნდა, არა.
_ რა ვიცი, შეხვედრაზე 24 წუთი დაიგვიანეთ...
_ ბოდიშს გიხდით... ჩემი ბრალი არაა, ,,ტრაფიკებია''... როგორც წესი და რიგია, ჯერ ვერ ავეწყვე...
_ ქართულ რეალობას ვერ მოერგეთ?
_ რას ბრძანებთ, მთელი ცხოვრება ქართულ რეალობას ვარ მორგებული...
_ 20-წლიანი განშორების შემდეგ, თბილისი როგორ შეგხვდათ?
_ დიდი სიყვარულით...
_ ხალხზე კი არა, დედაქალაქზე გეკითხებით _ არ გეუცხოვათ?
_ შენობა- ნაგებობები მეუცხოვა... უგემოვნოდაა და თბილისს არ უხდება. არც ის მომეწონა, თავისუფლების მოედანზე მიწა რომ გაუთხრიათ, ქალაქი ვიპოვეთო. ამდენი წელია, ეს ქალაქი არსებობს და არავის მოსვლია აზრად, გაეთხარა და ეს, თავისთავად, კითხვებს ბადებს.
_ პრეზიდენტი რომ გახდებით, ამ ,,თხრილს'' ამოავსებთ?
_ ჯერ რა დროს პრეზიდენტობაა, სხვა მისიით ვარ ჩამოსული.
_ სოციალურ ქსელში პრეტენზიას პრეზიდენტობაზე აცხადებდით და გადაწყვეტილება უკვე შეცვალეთ?
_ საჭირო იყო და ასე ვამბობდი, თორემ სულ სხვა მისიით ვარ ჩამოსული.
_ რა მისიით?
_ ჩვენ 1991 წლის კონსტიტუცია, ის კონსტიტუცია, რომელიც ქართველ ერს წაართვეს, უნდა აღვადგინოთო.
_ თუ ეს მიზანი გაქვთ, თავიდანვე რატომ არ გაამხილეთ?
_ არ შეიძლებოდა.
_ რატომ, საქართველოში არ ჩამოგიშვებდნენ?
_ რა ვიცი...
_ წეღან თქვით, ჩვენო... ვინ თქვენ?
_ ხალხი...
_ პრეზიდენტობის კანდიდატობის, ასე ვთქვათ, ავანტიურა რაში დაგჭირდათ?
_ ეს ავანტიურა არ იყო...
_ ხომ არ შეგაშინეს?
_ არა, არა... საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აუცილებლად ვიყრი, ოღონდ ამ კი არა, აღდგენილი კონსტიტუციით.
_ მხარდამჭერები გყავთ?
_ ახლა გამოჩნდება...
_ საქართველოში დაბრუნება 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დაამთხვიეთ... ყველაფერი თქვენ ,,გათვალეთ'' თუ ,,პიარშჩიკები'' და მრჩევლები გყავთ?
_ მრჩეველი ბევრი მყავს... შეიძლება, თქვენც ჩემი მრჩეველი იყოთ, მაგრამ ამას ვერ გრძნობდეთ. მრჩევლებს თავად ვარჩევ, მაგრამ თვითონაც არ იციან...
_ ჩემგან რა რჩევა მიიღეთ?
_ პირველად შევხვდით და თუ ვიმეგობრებთ, მერე ვნახოთ...
_ საქართველოში მეტ-ნაკლებად პომპეზურ დაბრუნებაზე დიდხანს ფიქრობდით?
_ პირველი დღიდან... მოგეხსენებათ, ტრიო ,,საუნჯე'' და მთელი ჩვენი ოჯახი აშშ-ში კონცერტებით წავიდა. ისე მოხდა, რომ კონცერტები გაგვიგრძელეს, მერე, საქართველოში უხერხული სიტუაციები დაიწყო და რატომღაც იქ შევრჩით _ ჯერ ერთი ბავშვი გაჩნდა, მერე მეორე, მესამე, მეოთხე...
_ ბატონო ნიკო, უხერხული კითხვა უნდა დაგისვათ: მუდმივად პატრიოტიზმით აპელირებთ, მაგრამ მაშინ, როცა თქვენს ქვეყანას უჭირდა _ დენი, წყალი და გაზი არ იყო, ადამიანები შიმშილობდნენ, რატომ არ დაბრუნდით?
_ რომ ჩამოვსულიყავი, დავაპურებდი თუ რა?! თან ვხედავდი, რომ აშშ-ში ხალხი მასობრივად ჩამოდიოდა და ქართველების ნაკადი დღესაც არ წყდება, ყოველდღე, ლუკმა- პურის საშოვნელად, სამი- ოთხი ადამიანი ჩამოდის და რომ ვხედავდით, სიტუაცია ძალიან მძიმე იყო, რატომ დავბრუნდებოდით? რომ არ დაგიმალოთ, დაბრუნებას ნამდვილად ვაპირებდით, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი ღვთის ნებით მოხდა...
_ ანუ აშშ-ში ღვთის ნებით დარჩით?
_ ალბათ...
_ საქართველოდან რომ წახვედით, რამდენი წლის იყავით?
_ ახლა 56 წლის ვარ და 20 წელი გამოაკელით...
_ აშშ-ს მოქალაქე ხართ?
_ არა... შემიძლია, აშშ-ს მოქალაქე დღესაც გავხდე, სტატუსი მაქვს _ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილოდებულ ადამიანებს უფლებას აძლევენ, მუდმივ მაცხოვრებლებად ჩაითვალონ. ამას ათწლიანი ვადა აქვს და როცა ეს ვადა გავა, შეგიძლია, გააგრძელო ან მოქალაქეობა მიიღო... მოქალაქეობა მამაჩემმა მიიღო _ ასაკშია და სოციალური დახმარება აქვს...
_ საქართველოში მარტო ჩამოხვედით თუ ოჯახის რომელიმე წევრთან ერთად?
_ მარტო...
_ რამდენ ხანს დარჩებით?
_ ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ, აქ ვიქნები და, საერთოდ, საქართველოში დავბრუნდი!
_ ბატონო ნიკო, მართლა გჯერათ, რომ 1991 წლის კონსტიტუციას ,,დააბრუნებთ''?
_ ვინმეს გასჩენია კითხვა, ის კონსტიტუცია რატომ გააჩერეს?
_ ამ კითხვაზე პასუხი იცით?
_ ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით თავს შევიკავებ...
_ ბევრი რამის ცოდნა პირობითია. მაინც, რა იცით?
_ აშკარაა, რომ ის კონსტიტუცია გააჩერეს...
_ იმის თქმა გინდათ, რომ ეს ქართველობასა და ეროვნულობასთან ბრძოლის გამო მოხდა?
_ ამაზე ჯერ ვერ გიპასუხებთ... თავისუფლების მოედანზე ოფიციალურად განვაცხადე, რომ...
_ მაპატიეთ და, დიდხნიანი დაანონსების მიუხედავად, თავისუფლებაზე, როგორც ვიცი, არცთუ ბევრი ხალხი დაგხვდათ...
_ ხალხის რაოდენობას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. სასურველია, უფრო ბევრი ყოფილიყო, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რაღაც ძალებმა იმუშავეს, რომ ხალხი არ მოსულიყო...
_ ჩამოსვლამდე, ,,ასტატუსებდით'', ხელისუფლება ჩემს წინააღმდეგ ხალხს ამუშავებსო...
_ ახლაც ამუშავებს, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან მაქვს მისია, რომელიც შესრულდება.
_ ხუმრობა- იუმორთან როგორ ხართ?
_ ძალიან კარგად...
_ თქვენი ტელეფონის ნომრის ბოლო სამი ციფრი 007- ია. ჰოდა, ადამიანმა, ვინც ნომერი მომცა, იხუმრა, ეს კაცი აგენტიაო...
_ (იცინის) ყურადღებაც არ მიმიქცევია...
_ მოკლედ, რაღაც მისია გაქვთ, რომელსაც არ მიმხელთ, პრეზიდენტობის თემაც მიზანმიმართულად შემოაგდეთ... ვინმემ გამოგგზავნათ?
_ რას ჰქვია, ვინმემ?
_ ვთქვათ, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა...
_ ვინ არიან, ვიცნობ, მიცნობენ?! არც მაგათი სპეცსამსახურები მაინტერესებს, არც _ თქვენი!
_ აშშ მოგწონთ?
_ იცით, რა? _ აშშ-ში ბევრი კარგი და ცუდი ხდება, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში წინა ხელისუფლებებმა ცუდის დანერგვა დაიწყეს, კარგი კი არ გადმოაქვთ. მაგალითის აღება თუ გინდა, შე დალოცვილო, ის აიღე, რაც კარგია და შენს ქვეყანას მოერგება, რაღა მაინცდამაინც ისეთ რაღაცებს ნერგავ, რაც შენს წარსულს, დღევანდელობას ანგრევს და მომავალსაც საფრთხეს უქმნის!
_ ესე იგი, აშშ არ გვრყვნის?
_ შენ თუ თავად არ გინდა, ვინმემ ძალით როგორ უნდა გაგრყვნას, ეს ხომ აბსურდია, თუმცა მექმნება შთაბეჭდილება, რომ რაღაც ძალები ჩვენს სარწმუნოებას გამალებით ებრძვიან.
_ მასონები?
_ არ ვიცი... ნურავის ექნება იმედი, რომ მართლმადიდებლობას დაამარცხებს!
_ ნატო თუ რუსეთი?
_ ბატონო?
_ ნატო თუ რუსეთი?
_ ნატო გულით მიყვარს და ვაფასებ, ოღონდ... ვაჩნაძე.
_ მაშასადამე, მიიჩნევთ, რომ საქართველოს ხსნა ერთმორწმუნე რუსეთშია?
_ ეს ვინ თქვა?.. ჩვენი ხსნა უფალთან სიახლოვე, ერთობა, ერთმანეთის სიყვარული და ქართველი ერის გაერთიანებაა.
_ როგორ უნდა გავერთიანდეთ?
_ სიყვარულით...
_ სიყვარული არ ისწავლება!
_ არ არსებობს ადამიანი, რომელშიც სიყვარული არაა.
_ ჩათვალეთ, რომ არ მიყვარხათ. თავს როგორ შემაყვარებთ?
_ ჩემს სიყვარულს დაგანახებთ და თქვენც შეგიყვარდებით!
_ გუშინ, ტელეფონით რომ გესაუბრეთ, მითხარით, სალამური გვერდზე გადავდეო. რატომ?
_ დროებით...
_ არადა, ხალხი სალამურით უფრო შეგიყვარებდათ...
_ როცა პოლიტიკაში სერიოზულ ნაბიჯებს გადავდგამთ, ამისთვის დრო ნაკლები მექნება, თუმცა ვფიქრობ, ჩემთვის მაინც გამოვნახავ ხოლმე...
_ ბატონო ნიკო, არ მიყვარს, როცა რესპოდენტი კითხვაზე არ მპასუხობს. ამიტომ, კონკრეტულად მიპასუხეთ: პოლიტიკური პარტიის ან მოძრაობის დაფუძნებას გეგმავთ?
_ გუშინ მოძრაობა უკვე დავაარსე.
_ რა ჰქვია?
_ სახალხო გაერთიანება მზიური საქართველო. პირველი ბრძანდებით, ვისაც ამის შესახებ ვუთხარი...
_ გაერთიანების მიზანი რა არის?
_ ქართველი ერის გაერთიანება.
_ მზიური საქართველოს წევრები ვინ არიან?
_ ხალხი...
_ ხალხი ფართო ცნებაა... თქვენს გვერდით ე.წ. ფეისები დგანან? ისე, ბავშვობაში ძალიან პოპულარული იყავით...
_ მოძრაობა გუშინ გავხსენი და დღეს მარტო მე ვარ...
_ უი...
_ აუცილებლად მექნება შეხვედრები საზოგადოებასთან მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველგან _ ქალაქი იქნება თუ რაიონი, ჩავალ და ხალხს დაველაპარაკები...
_ სამშობლოში იმ კარგი ქვეყნიდან დაბრუნდით...
_ (სიტყვას მაწყვეტინებს) უფრო კარგ ქვეყანაში დავბრუნდი...
_ იმ კარგ ქვეყანაში მსგავს კითხვებს არ სვამენ, მაგრამ რაკიღა აშშ-მდე შორია, უნდა გკითხოთ: სახალხო მოძრაობას ფინანსები, მინიმუმ, სამოძრაოდ სჭირდება. ოკეანის გაღმა წვალებით ნაშოვნ ფულს დახარჯავთ?
_ დასამალი არაფერი მაქვს და აშშ-დანვე ვაცხადებდი, რომ ფული კი არა, გულიანი კაცი ვარ, რომელსაც თავისი ქვეყნისთვის კეთილდღეობა და ბედნიერება უნდა. თბილისში არც სახლი მაქვს _ გავყიდე...
_ სასტუმროში ხართ?
_ არა, ჩემი მეუღლის ოჯახში... თუ მიმიღებთ, თქვენთანაც მოვალ...
_ სიამოვნებით, მაგრამ თბილისში სახლი მეც არ მაქვს. დედოფლისწყაროში, კი ბატონო, წამობრძანდით...
_ წამოვალ, ღამეს მანდ და ნებისმიერი ქართველის ოჯახში გავათევ.
_ განა ღამის გათენებაზეა, მაგრამ სადღაც მაგაზეცაა _ იტყვიან, პავლიაშვილი ნადირაშვილის მოძრაობის წევრი გამხდარაო...
_ უნდა გახდეთ!
_ რატომ უნდა გავხდე?
_ იმიტომ, რომ ქვეყნის კეთილდღეობის იდეა ამაშია.
_ ქვეყნის კეთილდღეობის იდეები მეც მაქვს და, სახალხო მოძრაობა რომ შევქმნა, შემოხვალთ?
_ თუ თქვენი იდეები აბსოლუტურად ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდაა, ქედს პირველი მოვიხრი!.. ვიცი, რაც გნებავთ _ იმ გეგმაზე ვილაპარაკო, რომელიც გაწერილია, მაგრამ მხოლოდ ზოგადად გეტყვით: საქართველოში გლეხობა ძალიან მაღალ რანგში იქნება აყვანილი! ხალხს მიტინგზეც ვუთხარი, უამრავი ქვა ვნახე, აიღეთ და თუ რომელიმე დანაპირებს არ შევასრულებ, დამაყარე- მეთქი.
_ ვათვალიერებ და, სამწუხაროდ, ქვას ვინ ჩივის, თვალი კენჭსაც ვერ მოვკარი, თორემ შევინახავდი... მოკლედ, ამასობაში, ჩამოვყალიბდი: თქვენი მოძრაობის წევრი ვერ გავხდები.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ამ ქვეყნის სათავეში ქიზიყელი კაცი ძლივს მოვიდა და ,,ზემლიაკს'' არ გადავუდგები!
_ ეგ რა შუაშია?!
_ ...აშშ-ში თავს რით ირჩენდით?
_ მეც ვმუშაობდი და ოჯახის წევრებიც მუშაობენ. ადრე ერთ-ერთ რუსულენოვან ტელევიზიაში ვმუშაობდი, საიდანაც გამომაგდეს... მე და ჩემი მეუღლე მაღაზიაში ვმუშაობდით, თუმცა მერე, თავი დავანებე... მოგეხსენებათ, ლექსები წერაც დავიწყე... დედა გარდამეცვალა...
_ დედის ნეშტს საქართველოში გადმოასვენებთ?
_ აუცილებლად...
_ მაინც, რატომ ჩათვალეთ, რომ ,,ოცნება'' გიპირისპირდებათ?
_ ეს ვინ თქვა?
_ სოციალურ ქსელში თავად დაწერეთ!..
_ ,,ოცნება'' მე კი არა, სრულიად საქართველოს დაუპირისპირდა!
_ 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ნიუ იორკში ხმა კოალიციას მიეცით?
_ მინდოდა, მიმეცა, მაგრამ რეგისტრაციაში არ ვიყავი გატარებული... ჩვენს საიუბილეო კონცერტზე ბავშვებს ,,ოცნების'' მაისურები ჩავაცვით და ისე გამოვედით... ურთიერთობა პირადად ივანიშვილთან არ მქონია, მაგრამ ვთხოვეთ და დაგვაფინანსეს _ ეტაპობრივად, 14 ათასი დოლარი გადმოგვირიცხეს და ეს კონცერტი, რომ იტყვიან, წვალებით ჩავატარეთ. ივანიშვილს ამის გამო მადლობაც გადავუხადე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება და არ მომწონს, არ ვთქვა.
_ კონკრეტულად, რა არ მოგწონთ?
_ თქვენ რა არ მოგწონთ?
_ არ მომწონს, მაგალითად, დანგრეული გზები, ლარის გაუფასურება...
_ მეც იგივე არ მომწონს, რაც თქვენ და ხალხს არ მოგწონთ...
_ ხალხის სახელით რატომ ლაპარაკობთ?
_ ხალხის სახელით კი არ ვლაპარაკობ, ვგრძნობ, ხალხს რა არ მოსწონს.
_ ...პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე რა აზრის ხართ?
_ საერთოდ, ეს ხელისუფლება არაა მისაღები! არც მიშა მომწონდა და არც _ შევარდნაძე.
_ ბატონო ნიკო, მოდი, ახლა ცოტა ვიფანტაზიოროთ _ დღეს ქვეყნის მმართველი რომ იყოთ, პირველად რას გააკეთებდით?
_ იმ გეგმას, რომელიც შედგენილი მაქვს, განვახორციელებდი.
_ ეს რაღაც მითიური გეგმაა...
_ ამ გეგმას ჯერ არ ვამხელ...
_ გეგმა წერილობითი სახით არსებობს?
_ რა თქმა უნდა...
_ სად ინახავთ? მოგპარავთ!
_ (იცინის) ვერ მომპარავთ!
_ შეხვედრაზე უცნობთან ერთად მოხვედით, მანამდე კი, თქვენი კიდევ ერთი ახლობელი მოვიდა... ვიფიქრე, დაცვით დადის- მეთქი...
_ ახლობლები არიან და მიცავენ კიდეც...
_ საფრთხე გემუქრებათ?
_ რაღაც- რაღაც ინფორმაცია მაქვს, მაგრამ არ მეშინია...
_ კარგი, რა, ნიკო ბატონო, თავდასხმაზე პოლიტიკური ,,კიტები'' არ ლაპარაკობენ და...
_ ბევრი პოლიტიკოსისგან მსმენია...
_ მოკლედ, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ელით?
_ ვნახოთ... სიფრთხილეს თავი არ ტკივა...
_ ...რისი გეშინიათ?
_ ღმერთის!
_ სიმბოლურია: სიონის ეზოში ვსაუბრობთ... თქვენს ყველაზე დიდ ცოდვად რას თვლით?
_ ბევრ რამეს... ეს პირადულია და აღსარებას მოძღვარს ვაბარებ...
_ საკუთარ თავს რას ვერ აპატიებთ?
_ სიცრუეს.
_ დავიჯერო, არასოდეს გიცრუიათ?
_ საჭიროებისამებრ, თუმცა ამ სიცრუეს რაღაც ისეთი შედეგი არ მოუტანია, პირიქით, შეიძლება, სასიკეთოც იყო...
_ აეროპორტში, ქართულ მიწაზე ფეხი რომ დადგით, რა იგრძენით?
_ სუნთქვა შემეკრა!
_ დიდხანს?
_ საკმაოდ...
_ ის პატარა ნიკო ნადირაშვილი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო, გენატრებათ?
_ ახლა პოპულარული აღარ ვარ?
_ იმ დროსთან შედარებით, მგონი, არა, თან საზოგადოება სალამურზე დამკვრელ ნიკოს იცნობს და არა პოლიტიკოსს...
_ ამასაც გაიგებენ... საზოგადო მოღვაწეობა რას ნიშნავს? მაშინაც, ბავშვობიდან, საზოგადო მოღვაწე ვიყავი...
_ დღესაც საზოგადო მოღვაწე ხართ თუ პოლიტიკოსი?
_ ეს თქვენ უნდა თქვათ, ჩემი გვარ-სახელი მაქვს, სამშობლო და ხალხი მიყვარს...
_ სალამურზე დაკვრა ვინ გასწავლათ?
_ მამაჩემმა...
_ ესე იგი, თქვენს პერსონად ჩამოყალიბებაში ,,დამნაშავე'' სალამურია?
_ დამნაშავეს ვერ ვიტყვი... სხვათა შორის, ჩემი პირველი სალამური, რომელზეც მამამ დაკვრა მასწავლა, ფოთში, ჩემი აწგარდაცვლილი მეგობრის, ვალერი გეგიძის ოჯახში ინახება _ ვაჩუქე.
_ არ მინდა, გაბრაზდეთ, მაინც პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატი ხართ, მაგრამ... სოციალურ ქსელში იხუმრეს და ქართული ზღაპარიცაა ,,სალამურას თავგადასავალი''...
_ როგორ გეკადრებათ, ეს ჩემთვის არაფერია, არც მწყენია! აქ სიყვარულისთვის ჩამოვედი, სამტროდ ხომ არ ჩამოვსულვარ! მინდა, ჩემი ქვეყანა ბედნიერი იყოს, ხალხი გავაერთიანო და ერთად დავდგეთ...
_ ვთქვათ, პრეზიდენტი გახდით, ავლაბრის რეზიდენციაში იცხოვრებთ?
_ არა.
_ სიდედრთან დარჩებით?
_ იქ ვიცხოვრებ, სადაც ჩემი სახლი იქნება...
_ აკი, სახლი არ მაქვსო?
_ შევიძენ.
_ პრეზიდენტი რომ გახდებით?
_ არა, მანამდე...
_ პრეზიდენტ ნადირაშვილს ხელფასი რამდენი ექნება?
_ ყველაზე დაბალი... ყველაფერი გეგმაში გვაქვს გაწერილი... მთავარია, მოსახლეობა იყოს ბედნიერი... ისე, ჯერ პოლიტიკოსად ნუ ჩამთვლით. უბრალოდ, ჩამთვალეთ ქართველ კაცად, რომელსაც თავისი ქვეყნისთვის ბედნიერება უნდა. პოლიტიკოსად იმ დღიდან ჩამთვალეთ, როცა ის დრო მოვა, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი რომ უნდა ვიყარო...
_ ბედნიერი ხართ?
_ რა თქმა უნდა...
_ თქვენი სამშობლო გაჭირვებულია და მაინც ბედნიერი ხართ?
_ ამ წუთას ბედნიერი ვარ, რადგან სამშობლოში ჩამოვედი.
_ საქართველოში დასაბრუნებლად 27 სექტემბერი რატომ შეარჩიეთ?
_ იმიტომ, რომ ჯვართამაღლებაა. 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღედაც ითვლება, მაგრამ არ მივიჩნევ, რომ სოხუმი დაცემულია, სოხუმს ვერავინ დასცემს!
_ უცნაურ რამეს ამბობთ...
_ ის, რაც მოხდა, სწორედ პოლიტიკოსთა უგნური პოლიტიკის გამო მოხდა, თორემ წარმოიდგინეთ, ქართველებისა და აფხაზების რამდენი ერთობლივი ოჯახია. სოხუმი ისევ დგას და ის პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც იქაა, სიყვარულით და ერთობით უნდა შეიცვალოს...
_ მოდი, ახლა რამე თქვენ მკითხეთ...
_ სამშობლო ხომ გიყვართ?
_ დიახ, მაგრამ ერთმანეთის პატრიოტიზმს ვერ ავწონით... ბოლო სიტყვა მითხარით და მოვრჩეთ...
_ ყველა ქართველის და არაქართველის წინაშე, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, გულითა და სულით, ქედს მოვიხრი... დროა, გავერთიანდეთ!
_ ,,ოცნებამ'' კულტურის მინისტრობა რომ შემოგთავაზოთ, დათანხმდებით?
_ არა, რადგან ვთვლი, რომ 1991 წლის შემდეგ, ყველა ხელისუფლება...
_ ხუნტაა?
_ ხელისუფლება იარაღით დაამხეს, პრეზიდენტი მოკლეს, კონსტიტუცია, ეროვნული დროშა, გერბი და ჰიმნი შეცვალეს. გამოვიდეს რომელიმე პოლიტიკოსი და თქვას, რომ ეს არ მომხდარა... ის, რაც მოსახლეობას წაართვეს, უნდა აღდგეს!
_ ბატონო ნიკო, დამპირდით: თუკი პრეზიდენტი გახდებით, პირველ ინტერვიუს მომცემთ, თან პირადად ჩემთვის, სალამურზეც დაუკრავთ!
_ სალამური რომ მქონდეს, ახლაც დავუკრავდი! მგონი, ერთი კითხვა გამოგრჩათ.
_ რომელი?
_ განვაცხადე, რომ არც ერთ პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას და მას, ვისაც 1991 წლის მერე პოლიტიკასთან ოდნავ შეხება ჰქონია, არ გავიკარებ!
_ ხალხი მუდამ მესიას ელოდება და ჰგონია, რომ ცხენით მოვა, თქვენ კი, თვითმფრინავით ჩამოხვედით...
_ ასე არ შეიძლება...
_ გაბრაზდით?
_ არა, მაგრამ სწორი არაა. პოლიტიკაში მესია რა შუაშია?..
_ წარმატებებს გისურვებთ, ბატონო ნიკო...
_ ღმერთმა დაგლოცოთ!..  
ვანო პავლიაშვილი 

დაბრუნება დასაწყისში