რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივ შემოსვლას კრიმინალის ზრდა მოჰყვება

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

რატომ გაძვირდა სახლები ქვემო ქართლში და რას ჰყვება აფხაზეთში „მოღვაწე“ ქართველი კრიმინალი

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 კოვიდპანდემიის დასაწყისი გახსოვთ? - ჯერ ერთი შემთხვევა, შემდეგ - მეორე, მეათე, მეასე, მეათასე... ჯერ ერთი გარდაცვლილი, მეორე, მეასე, მეათასე... და ყველაფერ ამას მივეჩვიეთ. ჰო, ციფრები ტრაგედია კი არა, ჩვეულებრივი სტატისტიკა გახდა და საქართველოში 16 ათასი გარდაცვლილი რომ გვყავს, ესეც სტატისტიკაა. იმ ოჯახებისთვის, ვისაც ვერაგმა დაავადებამ ოჯახის წევრი მოუკლა, ეს ტრაგედიაა და მთელი ცხოვრება გაჰყვება, დანარჩენებისთვის კი... არ არებობს საქართველოში ოჯახი, რომელსაც ეს დაავადება, პირდაპირ თუ ირიბად, არ შეეხო და შეეხო სწორედ ლეტალური შედეგით - ვიღაცას ნათესავი მოუკვდა, ვიღაცას - მეზობელი და მეგობარი, თანაკლასელი, თანამშრომელი... და როცა გარდაცვლილთა ციფრი ათასებს გასცდა, სტატისტიკა, ჩვეულებრივი სტატისტიკა გახდა.

 თებერვალში, უკრაინაში ომი დაიწყო და პირველი მსხვერპლიც პირველივე დღეს მოჰყვა - ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. მსხვერპლი იქნებოდა რუსულ შეიარაღებულ ძალებშიც, მაგრამ ამ ინფორმაციას ისინი საგულდაგულოდ მალავენ. მერე იყო ომის მეორე დღე, მესამე, მეოთხე... მესამე გარდაცვლილი, მეათე, მეასე... პირველი ბავშვი იმსხვერპლა ომმა და მისმა სურათმა მსოფლიო შემოიარა, მერე - მეორე, მესამე, მეათე, ოცდამეათეც... და ესეც სტატისტიკა გახდა. ჰო, სტატისტიკა, რომელიც ჯერ ტრაგედიად მხოლოდ იმიტომ აღიქმება, რომ ახალია, ცხელია, ცხელ გულზე ხდება ყველაფერი ეს, მაგრამ თუ აღნიშნული ომი (და არანაირი კონფლიქტი) თვეები გაგრძელდება, ზუსტად ისე მივეჩვევით სტატისტიკური მონაცემების კითხვას, როგორც ამას კოვიდის შემთხვევაში მივეჩვიეთ - დაინფიცირდა ამდენი, გარდაიცვალა იმდენი... მერე იქნება - დაიჭრა ამდენი, გარდაიცვალა იმდენი და... არც არაფერი. მსოფლიოს უდიდესი, უმდიდრესი და ყველაზე კარგად შეიარაღებული სახელმწიფოები ვერ ახერხებენ ომის შეჩერებას. ისინი თითქოს რაღაცას ელიან, რაღაცაზე თავს იკავებენ და არ აღიარებენ, რომ ეს მესამე მსოფლიო ომის გარიჟრაჟია. ჰო, როცა მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა ცდილობს დაიპყროს ევროპის უდიდესი ქვეყანა, როცა პოტენციურად, ომში, პირდაპირ თუ ირიბად, ლამის 200 მილიონი ადამიანი მონაწილეობს, ეს მესამე მსოფლიო ომია. სწორედ ამდენ ადამიანს შეეხო ომი სხვადასხვა გზით - ზოგს სანქციებით, ზოგს ტყვიით, ზოგს სახლის დანგრევითა და ოჯახის წევრების დაღუპვით.

სამწუხაროდ, ომს, სიკვდილთან ერთად, სხვა უბედურებაც მოაქვს. ამ დროს იმდენად იმატებს კრიმინალი, რომ დანაშაულებს თვლაც არ აქვს. ამ დროს სამართალდამცავები, უბრალოდ, სტატისტიკას აწარმოებენ და თანაც მხოლოდ ისინი, რომლებიც განყოფილებებში ერთადერთი მიზნით არიან დატოვებულნი - პოლიციის შენობები არ გაძარცვონ და იქიდან იარაღის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია არ გაიტანონ. სამართალდამცავთა უდიდესი ნაწილი კი ბრძოლის წინა ხაზზეა და საკუთარ გამოცდილებას ქვეყანას ახმარს.

წინა უქმეებზე, საქართველოსკენ რუსეთის არაერთი მოქალაქე დაიძრა. მარნეულში, რუსთავში, გარდაბანში, დმანისსა და ბოლნისში უამრავი ადამიანი ეძებდა ბინას გასაქირავებლად და რუსი სტუმრებისთვის. ბინების ფასმაც მომენტალურად აიწია, რადგან მოთხოვნა მიწოდებაზე აშკარად მეტია. ქვემო ქართლზე ზეწოლა კი მარტივი მიზეზით აიხსნება - აქ კომპაქტურად არიან დასახლებულნი აზერბაიჯანელები ანუ ისინი, რომლებიც რუსეთში სამუშაოდ მიდიან, იქ ბიზნესიც აქვთ და შესაბამისად, არცთუ მცირე სამეგობრო წრე გააჩნიათ. შედარებისთვის გეტყვით, რომ რუსთავში, სამოთახიანი ბინის ქირაობა 400-500 ლარად შეიძლებოდა, ახლა კი ფასი 1000 ლარიდან იწყება და ესეც იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლებს. გადაჭრით შეგვიძლია იმის თქმა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე, საქართველოში, მინიმუმ, პასპორტის მქონე 30 000 რუსეთის მოქალაქე შემოვა და ასევე, დაბეჯითებით ვიტყვით, რომ აუცილებლად იქნება შემთხვევები, როცა მათ ქუჩაში, წარმომავლობის გამო, მინიმუმ, სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებენ. მანამდე კი...

„თავიდან გავრცელდა ხმა, რომ რუსების უმრავლესობა აფხაზეთში უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ აქ არსებული სიტუაციის გამო, არ გარისკეს. შეიძლება აქ ოფიციალური ომი არაა, მაგრამ ზუსტად იგივე სიტუაციაა, რაც საქართველოში, 90-იანებში იყო - საძმოები, ბანდები, ყოველ მეორეს იარაღი ჰკიდია. ამიტომ აირჩიეს საქართველო“, - ეს აფხაზეთში მყოფმა ქართველმა გვიამბო, რომელიც იქ თავს, სწორედ კრიმინალით ირჩენს.

იგივე ხდება სამაჩაბლოშიც ანუ რუსეთის მოქალაქეებს რუსეთისვე აღიარებულ სეპარატისტულ რეგიონებში წასვლა არ სურთ. ისინი არ მიდიან ჩეჩნეთშიც კი, სადაც თითქოს ყველასა და ყველაფერს რამზან კადიროვი აკონტროლებს, მაგრამ ისე ჩანს, უსაფრთხოდ თავს ვერც იქ გრძნობენ. რა გამოდის?! ყველაფრის მიუხედავად, რუსეთის რიგით მოქალაქეებს ყველაზე უსაფრთხოდ კვლავ საქართველო მიაჩნიათ და მედალს ორი მხარე აქვს - ეს კარგიცაა და ცუდიც. ცხადია, უახლოესი წლების განმავლობაში, როცა ომი დასრულდება, რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინაში ჩასვლა უსაფრთხო ნამდვილად არ იქნება, აი, საქართველოში კი...

საქართველოს მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და იმის მიუხედავად, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას სწორედ რუსული პასპორტები აქვთ, საქართველოში უამრავი ნათესავი ჰყავთ და საქართველოშიც ხშირად ჩამოდიან. რუსი მეგობრებისთვის ისინიც ეძებენ ბინებს საქართველოში და არცთუ იშვიათად, საკუთარ სახლებსაც სთავაზობენ.

ასეა თუ ისე, ზუსტად ერთ კვირაში, რუსეთის რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქე რომ დაგვემატება, ცხადია. ვიღაცები ამბობენ, შესაძლოა, ეს ქართული ეკონომიკისთვის იყოს კარგი, რადგან ისინი, პრაქტიკულად, უცხოელი ინვესტორების როლს შეასრულებენო, მაგრამ ძალიან ძნელია დაიჯერო, რომ რუსეთი რაღაც კარგს გააკეთებს საქართველოსთვის.

მეორე მხრივ, რიგით მოქალაქეს, რომელიც, ეგებ, მართლაც პუტინს გამოექცა, შესაძლოა, აქ იმაზე მეტი მოხვდეს, ვიდრე სამშობლოში დარჩენის შემთხვევაში. ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა ძალიან ძნელია, მაგრამ...

რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლით, კრიმინალი აქაც მოიმატებს და მოიმატებს სწორედ რუსეთის მოქალაქეების ძარცვა-ქურდობის ხარჯზე. ქართველი კრიმინალები ხომ კარგად ხვდებიან, რომ ჩამოსულთა უმრავლესობას რაც გააჩნია, ყველაფერი თან ექნება და... რუსეთის მოქალაქეთა შემოდინება სამართალდამცავებსაც უდიდეს თავის ტკივილად ექცევათ.