გილოცავთ კალანდობას! - ყველაფერი ამ დღესასწაულის შესახებ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სიტყვა „კალანდა“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან, რაც თვის პირველ დღეს ნიშნავს. კალანდა ტრადიციული გურული ახალი წელია, თუმცა ამ დღეს აღნიშნავენ ასევე სამეგრელოში, სვანეთსა და ლეჩხუმში.

მიუხედავად ამისა, კალანდობას გურულები  განსხვავებულად აღნიშნავენ. მაშინ, როცა მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ახალ წელს 1 იანვარს აღნიშნავს, გურულებისთვის ეს დღესასწაული 14 იანვარს დგება. გურულები ახალ წელს კერიაზე ცეცხლის დანთებით ეგებებიან. მათ ოჯახებში უფროსი მამაკაცი მამლის ყივილზე გარეთ გამოდის, მარანში ღვინოს ასხამს და ილოცება.

კალანდობის მთავარი ატრიბუტი გურიაში კი ჩიჩილაკია, რიტუალური საგანი, რომელსაც საახალწლოდ სპეციალურად ამზადებენ.

სოფელში, ტრადიაციისამებრ, სუფრაზე ჩიჩილაკი იდგა, რომელსაც ისინი წმინდა ბასილის წვერს ადარებდნენ. კალანდობის მზის სხივები ჩიჩილაკის ბურბუშელაა, სიმბოლურად წმინდა ბასილის წვერებადაა მიჩნეული. თავად ჩიჩილაკი კი მზეა. ჩიჩილაკს ჯვრით ამკობდნენ, ხოლო სუროს ძირში უფენდნენ. ჩიჩილაკზე შემოხვეული სურო სინედლესა და სიცოცხლეს უბედებდა ოჯახს, რომლითაც „მფერხავს“ ანუ მეკვლეს კეთილი გულით გამორჩეულ კაცს ბარაქა შეჰქონდა.

საახალწლო სუფრის აუცილებლი ელემენტი საცივია. ასევე საშობაო კვერი ტრადიციული გურული ხაჭაპურია (ღვეზელი). ეს არის ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური მოხარშული კვერცხით. ხაჭაპურში ჩატანებული კვერცხი ხვავის, ბარაქის, ოჯახის სიმტკიცისა და გაუტეხელობის სიმბოლოა.

გურული ღვეზელი ითვლება გათხოვილი ქალის მოკითხვისას მშობლების ძღვენის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად. ნახევარმთვარის ფორმა, ძველი გურულების რწმენით, ძლიერების სიმბოლო იყო.

საშობაო კვერი ცხვება კეცზე, წითლად აელვებულ ნაკვერჩხალზე. მოხარშულ კვერცხებს ორი დღით ადრე შუაცეცხლზე ან ბუხარში შეკიდებენ  ან ფრცქვნიან, გაფიცხებულ კეცზე აწყობენ, და ნაკვერჩხალზე ბრაწავენ.

კალანდობას გურულები ხის გობზე დალაგებული ხილით, ჩურჩხელებით, მოხარშული დედლებითა და საკალანდოდ დაკლული ღორის თავით ხვდებიან. კალანდა ტრადიციული თოფის გასროლისა და მრავალჟამიერის გარეშე, კი წარმოუდგენელია...

ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციაა მეკვლეობა.

მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა, იტყოდა: -„კარი გამიღე!“ სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: „რა მოგაქვს?“. მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: „მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული…” შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები. “

მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა ქართული საახალწლო ტრადიციები და გურულებიც ისე აღარ ხვდებიან კალანდობას, როგორც ადრე, მაინც შეძლეს გურულებმა ამ ტრადიციის შენახვა და კალანდობას გურულები აღნიშნავენ 14 იანვრის დამდეგს. ასევე არ ირღვევა ტრადიცია ჩიჩილაკისა. გურულ სოფელებში ნაძვის ხის ნაცვლად, ყველა ოჯახში თხილის ღეროსგან დამზადებულ ჩიჩილაკს დგამენ და ასე ზეიმობენ კალანდობას.

ავტორი:სალომე ნოზაძე