წინ, ნატოსკენ ანუ რატომ სჯობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს - რატომ ეწინააღმდეგება კრემლი საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვას

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდი პოლიტიკა

 ავტორი: ნინო დოლიძე

 ერთი, ორი ან სამი კი არა, ლამის, სამი ათეული წელია, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ ისწრაფვის, მაგრამ დღემდე, ნატო კარს არ გვიღებს. რატომ? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას არაერთი არგუმენტი სჭირდება. ამიტომ, მოდით, დღეს იმაზე ვისაუბროთ, თუ რას მოგვცემს და რატომ არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის ბრძოლა ასეთი მნიშვნელოვანი? ისე, პოლიტიკაში ყველაზე გაუთვითცნობიერებელმაც იცის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავისი წევრების უსაფრთხოებაზე ზრუნავს. საფრთხე კი დიდ პოლიტიკაში უამრავია. ამ მხრივ, განსაკუთრებით საქართველოა გამორჩეული - ფაქტია, რომ ამ წილხვედრისთვის ერთმანეთს პლანეტის ორი ისეთი უძლიერესი სახელმწიფო იბრძვის, როგორებიც რუსეთი და აშშ არიან.

 მართალია, საბჭოთა კავშირი „უხსოვარ დროს“ დაიშალა, მაგრამ გარდა იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ესე იგი, პუტინი წითელი იმპერიის დანგრევას დიდ გეოპოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევს და იმდროინდელი რუსული საზღვრების აღდგენას ლამობს, საქართველოშიც, გადაშენებული დინოზავრებივით, შემორჩენილები არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ „დიდი რუსეთის ერთ ძმურ კავშირს“ კი არა, სტალინსაც მისტირიან და გაიძახიან, ისევ რუსეთთან რომ ვიყოთ, არც სოციალური პრობლემები გვექნებოდა და არც - ტერიტორიულიო.

არადა, თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, ტერიტორიული პრობლემები, სწორედ კრემლის გამო გვაქვს.

არ გჯერათ? - მაშინ, აი, ინებეთ ფაქტები: აფხაზეთის ომის შემდეგ, ოფიციალურმა მოსკოვმა, როგორც იტყვიან, კუთხეში მიგვიმწყვდია და ცხონებული შევარდნაძეც იძულებული გახდა, საქართველოს „ეს ენ გე“-ში გაწევრიანებაზე დასთანხმებოდა.

სხვათა შორის, ამ პერიპეტიების დროს, თანამედროვე ქართული პოეზიის მეფემ, ჯანსუღ ჩარკვიანმა, რომელსაც ფუნაგორიები ეხერხებოდა, მოსწრებულად იხუმრა:

„შეხვალთ? - დედა გეტირებათ,

არ შეხვალთ და დედ-მამა“.

მოკლედ, შევედით „ეს ენ გე“-ში (ქართულად, დსთ) და დედა, მართლაც, გვეტირა - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გალზე კონტროლი სწორედ ამ რუსულ გაერთიანებაში შესვლის შემდეგ დავკარგეთ და, სხვათა შორის, აგვისტოს ომის დროსაც, დსთ-ს წევრები ვიყავით, მაგრამ რად გინდათ? - რუსეთმა ჯარი მაინც შემოგვისია და საქართველოს ოკუპაცია კიდევ ერთხელ განახორციელა.

რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ნატო-ს წევრები რომ ვყოფილიყავით?

პასუხი ძალიან მარტივია: წესდებით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ვალდებულია, რომ თავისი ნებისმიერი წევრის ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება დაიცვას. აქედან გამომდინარე, 2008-ში, ნატო-ს წევრები რომ ვყოფილიყავით, რუსეთი იმას ვერ გაბედავდა, რაც გაბედა.

ეს რუსეთმაც კარგად იცის. ამიტომაც იგიჟებს თავს და არ უნდა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს. არადა, ნატო-ში გაწევრიანებას ხმას საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრვალესობა უჭერს, რაც 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარებული რეფერენდუმითაც დადასტურდა.

ამის მიუხედავად, ქართველი კრემლისტები „ვენებს იხსნიან“, ხალხს ნატო-ში კი არა, რუსეთში უნდა, რუსი ტანიებითა და მოსკოვში 37-მანეთიანი ფრენებითო.

ამასთან, იგივე, ქართველი კრემლისტები ცრუ ცნობებსაც ავრცელებენ, თითქოს ნატო მონსტრია და როგორც კი ამ ორგანიზაციაში შევალთ, ქართველობას დავკარგავთ.

ზოგადად, ქართველობის დაკარგვაზე ხმის დაყრა ძალიან სასაცილოა. ყველაფერს თავი დავანებოთ და ძალიან მატერიალურად ვთქვათ: ქართველობა ნივთი არ არის, რომ ვინმემ წაგვართვას და გაგვტაცოს. ამიტომ, საინტერესოა, ქართველი კრემლისტები „ქართველობის წართმევაში“ რას გულისხმობენ?

ამასაც თავი რომ დავანებოთ, ვინმეს თუ ჰგონია, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს ან ისტორია არ აქვთ, ან ტრადიციები, ძალიან ცდებიან.

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ნატო-ს მოკავშირეებსაც საკუთარი სამშობლო ზუსტად ისე უყვართ, როგორც თითოეულ ჩვენგანს. ამასთან, საკუთარ ისტორიას და ტრადიციებსაც პატივს ზუსტად ისევე სცემენ, როგორც - ჩვენ.

ჰოდა, ეს „ქართველობას გვართმევენ“ ჩვეულებრივი, რუსული ნარატივია და მეტი არაფერი, თან ისეთი ნარატივი, რომელიც საზოგადოებაზე აღარ მუშაობს!

ის, რომ რუსეთს ჩვენი დახმარება კი არა, გადაყლაპვა უნდა, აგვისტოს ომის მერეც გამოჩნდა ანუ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მთავრობას რუსეთთან მოლაპარაკების საკითხის სპეცწარმომადგენელი ჰყავს. ზურაბ აბაშიძე, რა თქმა უნდა, მაღალი კლასის დიპლომატია, მაგრამ თავის რუს კოლეგასთან, კარასინთან დიპლომატის ენა, როგორც ჩანს, არ ჭრის, რაც გასაკვირიც არ არის - ოფიციალურმა მოსკოვმა ხომ მხოლოდ იარაღის ენა იცის.

ისე, ბოლო დროს კრემლი ღიად ამბობს, რომ ნატო-ში მხოლოდ საქართველო კი არა, უკრაინა და მოლდოვაც არ უნდა გაწევრიანდნენ. ეს განცხადება ახლაა საჯაროდ თქმული, თორემ რამდენიმე წლის წინაც, პუტინის ადმინისტრაცია ამ პოლიტიკას ატარებდა, რასაც ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 2007 წლის ნოემბრის მოვლენებიც ცხადჰყოფს ანუ მაშინ რეალური შანსი არსებობდა, რომ საქართველოს ნატო-სთან დასაახლოებლად ერთი ნაბიჯით წინ წაეწია და მაპი მიეღო, მაგრამ სისხლიანმა 7 ნოემბერმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

რა თქმა უნდა, მაშინდელი ხელისუფლება დამნაშავეა, რომ საკუთარი მოქლაქეების სისხლი დაღვარა, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს და ეს მეორე მხარე ის გახლავთ, რომ გარკვეულმა ძალებმა შექმნილი ვითარება სათავისოდ გამოიყენეს და მაპიც დავკარგეთ.

სხვათა შორის, ამ თემაზე ვრცელი კომენტარი, რამდენიმე კვირის წინ, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე გააკეთა და თქვა:

„საქართველო მიდიოდა ნატოსკენ. 2006-ში, პუტინმა მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს პროცესი შეაჩეროს. იმ წელს, ბელორუსის პრეზიდენტმა, ლუკაშენკომ მითხრა, ვინ არის ეს არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, ჩემთან უნდა ჩამოსვლაო და ითხოვს ნებართვას, შემხვდესო. მე ვუთხარი, როგორც გინდა, ჰქენი-თქო, მაგრამ არაფერი სარფიანი მაგ საქმიდან არ გამოვა, ნუ, არ მიიღო. მერე პატარკაციშვილი მაინც ჩადის მინსკში და მერე მიყვება ლუკაშენკო: დამირეკა პუტინმაო და მითხრაო, „ბიჭები მოვლენ და დაელაპარაკებიან პატარკაციშვილს, შენთვის არ არის აუცილებელი მათთან შეხვედრა“. „ეფ ეს ბე“-ს სამი გენერალი ჩავიდა, ეს არის ლუკაშენკოს ნათქვამი, პატარკაციშვილს წინასწარ შეხვდნენ და პუტინმა გამოუცხადა, რომ ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი. ეს ხდება 2007 წლის სექტემბერში.

ამის შემდეგ იწყება კამპანია, რომ უნდა იყოს დიდი გამოსვლები, პატარკაციშვილის მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული. პატარკაციშვილის ფული იყო მთლიანად რუსული ფული. სუს-ში უნდა ინახებოდეს ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს წერილი, რომელიც მათ მოგვწერეს 2007 წლის შემოდგომაზე, დაახლოებით, ოქტომბერში, სადაც გვითხრეს, რომ ჩამოსულები იყვნენ ერევანში კანონიერი ქურდები - უსოიანი და რამდენიმე ქართველი კანონიერი ქურდი, რომელთა ფუნქცია იყო არეულობის ორგანიზება საქართველოს დედაქალაქში. ეს არის „ეფ ბი აი“-ს გამაფრთხილებელი წერილი. 2007 წლის ოქტომბერში, თბილისში გაიმართა ისტორიული კონფერენცია. ჩამოვიდა ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები, ამერიკის ელჩი ნატო-ში და სახელმწიფო მდივნის მოადგილე. კონფერენცია, რომელიც გრძელდებოდა რამდენიმე დღე, გაშუქდა ძალიან ფართოდ... პრაქტიკულად, გადაწყდა საქართველოსთვის მაპ-ის მიღება. ისინი წავიდნენ საოცარი შთაბეჭდილებებით, რა მაგარი ქვეყანააო. წავიდნენ, თუ არ ვცდები, 30 ოქტომბერს, 2 ნოემბერს მოხდა ეს დიდი გამოსვლა, დემონსტრაცია თბილისში.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ადამიანი, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ან რუსეთი დაკრულზე ცეკვავდა, ან იცოდა პატარკაციშვილის გეგმების შესახებ. ეს იყო რთული პერიოდი იმ გაგებით, რომ ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მტკივნეული რეფორმები, რამდენიმე ათეული ათასი პოლიციელი, მაგალითად, დარჩა უმუშევარი. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ აეწყო ახალ რელსებზე. ინფლაცია მაგ დროისთვის იყო არა ისეთი დიდი, როგორც ახლა, მაგრამ იყო საკმაოდ მაღალი. მართალია, ეკონომიკური განვითარება იყო უფრო დიდი, ვიდრე ახლა, მაგრამ შემოსავალი ვიღაცას ჰქონდა უფრო მაღალი, ვიღაცა კი - გაღარიბდა. ამიტომ, ხალხს ჰქონდა ობიექტური მიზეზი, რომ ჩვენზე ყოფილიყო გაბრაზებული. ამიტომ, მართლაც იყო დიდი მიტინგი, ჩვენ ეს მივიღეთ, როგორც სიგნალი. ამ მიტინგზე მოვიდა პატარკაციშვილი, წარმოსთქვა სიტყვა და ამით ყველაფერი ნათელი იყო, რისთის და როგორ ეწყობოდა ეს“.

გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ამ ქვეყანაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, მაგრამ „ვერსია“ 2007 წლის ნოემბერშივე წერდა, რომ ყველაფერი ის, რაც მაშინ ქუჩაში ხდებოდა, რუსულ ინტერესებზე ასხამდა წყალს.

ერთი სიტყვით, რუსეთი დღესაც იმისთვის იბრძის, რომ საქართველოზე გავლენა შეინარჩუნოს. ჩვენი მიზანი კი, რა თქმა უნდა, ურყევია - წინ, ნატოსკენ!