„ისეთ რამეს ვიტყვი, რაც ბევრს არ მოეწონება“- ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან

ინტერვიუ
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსული „რულეტკა“

უკრაინის კრიზისი - ისაუბრეს თუ არა დახურულ შეხვედრაზე პუტინმა და ბაიდენმა საქართველოზეც

თათია გოჩაძე

7 დეკემბერს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. მოგვიანებით გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ აშშ „ღრმად არის შეშფოთებული“ უკრაინის მახლობლად, რუსეთის ჯარების თავმოყრით და პირობა დადო, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები, „ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ შესაძლო სამხედრო ესკალაციას“. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ბაიდენმა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, ეს აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების მესამე პირდაპირი მოლაპარაკებები იყო. შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ვაშინგტონის მიზანია, არ დაუშვას უკრაინაში რუსეთის შეჭრა. კრემლი კი ცდილობს, გარანტიები მოიპოვოს, რომ უკრაინა არასდროს გახდება ნატო-ს წევრი. პუტინმა არაერთხელ უწოდა ნატო-ს გაფართოებას, ან უკრაინაში შეტევითი რაკეტების განთავსებას „წითელი ხაზი“. ბაიდენმა კი განაცხადა, რომ ის „არავის წითელ ხაზს“ არ შეეგუება.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის გარშემო რუსეთის ჯარების ესკალაციის გამო და მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ შესაძლო სამხედრო ესკალაციას... პრეზიდენტმა ბაიდენმა კვლავ გაიმეორა, რომ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გამოვიდა დეესკალაციისა და დიპლომატიასთან დაბრუნების მოწოდებით“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში

მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ ბაიდენისა და პუტინის ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ და რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში? - „ვერსია“ ევეროპელი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერს, დიპლომატ მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა:

- ეს შეხვედრა აუცილებელი იმიტომ გახდა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის საუბრის სხვა არხები უკვე აღარ არსებობდა. შესაბამისად, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერები იძულებულები გახდნენ, უკრაინის თემაზე, უკრაინის ლიდერის გარეშე ესაუბრათ. ამ შეხვედრას ბლინკენისა და ლავროვის შეხვედრა უძღოდა, სადაც ლავროვის მხრიდან გაჟღერდა, რომ აღმოსავლეთის მიმართულებით ნატო-ს გაფართოება რუსეთის იმპერატიული მოთხოვნაა. დიპლომატიაში ასე კატეგორიულად ლაპარაკი ძალიან იშვიათია და ეს უმკვეთრესი ნათქვამი იყო. ცხადია, ამას მოჰყვა ბლინკენის პასუხი...

ზოგადად, ერთია, ერთმანეთში რას ლაპარაკობენ და მეორეა, ჩვენ რას გვასმენინებენ, რადგან საკუთარი ამომრჩევლისთვის იმის მოსმენინება, რაც მოსწონთ, ჩვეულებრივი ამბავია. ყველაფერ ამას მოჰყვა ჯო ბაიდენის საუბარი ნატო-ში, ოთხ ძირითად პარტნიორთან - დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთსა და იტალიასთან. ამ საუბრის შემდეგ კი პუტინთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ხაზს გავუსვამდი, რომ ბაიდენმა ზელენსკის, პუტინთან ონლაინ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, მხოლოდ შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ მიაწოდა.

- ბაიდენისა და პუტინის შეხვედრაზე რა მნიშვნელოვანი დეტალები უნდა ვიცოდეთ?

- პუტინსა და ბაიდენს შორის საუბარი ერთი-ერთზე შედგა და დიალოგზე თარჯიმნებიც კი არ დაუშვეს. შეხვედრა მედიისთვის მხოლოდ პირველი წუთნახევარი იყო გახსნილი და შემდეგ, დახურული საუბარი 2 საათი და 5 წუთი გაგრძელდა. რაზე ილაპარაკეს, რა თქმა უნდა, არ ვიცით, რადგან მხოლოდ მწირი ინფორმაცია გავრცელდა, ამიტომ შეგვიძლია, ვიმარჩიელოთ. ცხადია, ძირითადი თემა უკრაინა იყო, მაგრამ ამავე დროს, სხვადასხვა თემაც განიხილეს, მათ შორის, უსაფრთხოების შესახებ, რაც აშშ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი შეეხებოდა, ასევე, დიპლომატიური მისიების მუშაობის განახლებას, რადგან რუსეთმა და აშშ-მ ერთმანეთს საკონსულოები დაუხურეს. ერთგვარი დათმობა მოხდა აშშ-ის მხრიდან, მივცემთ საშუალებას რუს დიპლომატებს, დაათვალიერონ ის ქონება, რაც დალუქულიაო.

მოკლედ, ეს ერთგვარი დიპლომატიური რევერანსია და მეტი არაფერი... საუბარი, ძირითადად, ალბათ, უკრაინას შეეხებოდა და შეგვიძლია, დასკვნები გამოვიტანოთ, რადგან მოვისმინეთ ბლინკენის განცხადება, რომ ისინი ძალიან მკვეთრ პასუხს გასცემენ რუსეთის ქმედებას და ა.შ.

კიდევ უფრო მწვავე განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა სენატში გამოსვლისას გააკეთა. ერთ-ერთმა სენატორმა კი ისიც თქვა, თუ რუსები გადავლენ უკრაინაში, ჩვენ ბირთვულ იარაღსაც გამოვიყენებთო... მოკლედ, უფრო და უფრო ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, სინამდვილეში კი, ეს ხმაურიანი განცხადებებია და მეტი არაფერი. ამის უკან კი დგას ფაქტები...

- რას გულისხმობთ?

- როდესაც ლაპარაკობდნენ ეკონომიკურ სანქციებზე, სწორედ იმ დღეს, ეკონომიკური სანქციებიდან „ნორდსტრიმ 2“-ის საკითხი გაქრა, რაც საინტერესოა...

რაც შეეხება შეხვედრას, რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდანაც გაკეთდა განცხადებები. სასაცილო იყო კოსაჩოვის განცხადება, ამერიკელები ახლა იტყვიან, შევაშინეთ რუსებიო, მაგრამ არა უშავს, ილაპარაკონო... სინამდვილეში, რეალურად, გადაწყვეტილება არ მიღებულა და დარწმუნებული ვარ, ჯერჯერობით, ყველაფერი ჰაერშია გამოკიდებული, რადგან ვნახეთ რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის განცხადება - თუ იქნება პროვოკაციები ლუგანსკში და დონეცკში უკრაინის მხრიდან, ჩვენ მკაცრ ზომებს მივიღებთო.

ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რაც შეიძლება, ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ეს ჩემი პირადი შეფასებაა, ჯო ბაიდენისა და პუტინის საუბრის მეორე დღეს, გაიმართა ბაიდენის პრესკონფერენცია, სადაც მან ძალიან საინტერესო რამ თქვა - ჩვენ აუცილებლად უნდა გავმართოთ შეხვედრა რუსეთთან უფრო მაღალ დონეზე ანუ ნატო-ს ოთხ ძირითად პარტნიორთან ერთად და ვისაუბროთ რუსეთის მოთხოვნებზეო. როგორც ჩანს, ძალიან მკვეთრი მოთხოვნაა რუსეთისგან, რომ ნატო არ გაფართოვდეს აღმოსავლეთის მიმართულებით და შესაბამისად, აშშ და ევროპაც, რა თქმა უნდა, არ არიან დაინტერესებულნი, ომი დაიწყონ. ომს ყოველთვის საუბარი სჯობს და ამიტომ, უახლოეს ხანებში გამოჩნდება, როგორ განვითარდება მოვლენები.

საბოლოოდ კი, ყველაფერი მადრიდში, 2022 წელს, ნატო-ს სამიტზე გაირკვევა, მათ შორის ისიც, მისცემენ თუ არა საქართველოს მაპს...

- ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ისიც განაცხადა, რომ აშშ უკრაინაში ჯარებს არ შეიყვანს... ამ განცხადებას როგორ აფასებთ?

- დიახ, მან განაცხადა, რომ მხოლოდ ეკონომიკურად და იარაღით დაეხმარებიან უკრაინას ანუ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვას გამო, სისხლის დაღვრას და რუსეთთან ომს არ აპირებს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ობამას დროს, რუსეთს მთლიანად შერჩა ყირიმის ანექსია. ერთია, როცა რუსეთი აფხაზეთის, სამაჩაბლოს ან ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპაციას ახორციელებს, რადგან ეს ტერიტორიები რუსეთს არ შეერთებია ანუ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისგან კონტროლირდება, ეს ოფიციალური ანექსია არაა. ყირიმი კი რუსეთის ტერიტორია გახდა და გაერომ, ნატო-მ, აშშ-მა და ევროკავშირმა გულში ჩაივიშვიშეს და ამით დაამთავრეს. ეს იმას ნიშნავს, რომ თამაშის წესები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იალტის კონფერენციაზე შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აღარ არსებობს. დაირღვა რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმება, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებით. როცა უკრაინამ ბირთვული იარაღი დათმო, რუსეთმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა აიღეს საკუთარ თავზე ვალდებულება მისი უსაფრთხოების დაცვისა და დაარღვიეს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსირება განახორციელა.

რეალურად, ახლა მსოფლიო თამაშის წესების გარეშეა და სწორედ იმ მოლოდინის რეჟიმში ვართ, თუ როგორი იქნება შემდეგი თამაშის წესები. ყველა ასეთი ზავი და თამაშის წესები ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, მაგრამ ახლა, იქნებ, გადავრჩეთ ომს და ისე შეთანხმდნენ თამაშის წესებზე. ახლა ცივი ომის ფორმატში ვიმყოფებით...

- რადგან ნატო-ს ქვეყნები აპირებენ რუსეთის მოთხოვნის შესახებ მსჯელობას, უნდა ველოდოთ, რომ უკრაინასთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი საქართველოსაც გაეხსენება, თუ პირიქით - დასავლეთი რუსეთთან ურთიერთობის გამწვავების გამო, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს?

- ამ კონტექსტში, საქართველოსა და უკრაინას ერთად განვიხილავ, რადგან ერთ „კალათაში“ ვსხედვართ. ასპირანტი ქვეყნები და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ვართ - გაძლიერებული პარტნიორობის ქვეყნებად მოვიხსენიებით, მაგრამ მთლიანად ხაზი გადაუსვა ყველაფერ ამას ნატო-ს ახალმა წარმომადგენელმა კავკასიაში, ხავიერ კოლომინამ. მან ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე თქვა, რომ უნდა გავიგოთ და თვალებში ჩავხედოთ რეალურ სიტუაციას. კოლომინას განცხადებით, სტოლტენბერგის ინიციატივა, რომ მე-4 და მე-5 პუნქტი ნატო-ს ხელშეკრულებისა არ გავრცელდეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე და ამის გარეშე მიიღონ საქართველო, ამის კატეგორიული წინააღმდეგია. ხომ ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს?

- მოკლედ, ამ ეტაპზე, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალურ პერსპექტივას ვერ ხედავთ?

- როგორც აცხადებენ, ნატო-ს კარი ღიაა, მაგრამ რეალურად, ამ სიტუაციიდან რას მივიღებთ, 2022 წელს, მადრიდში გამოჩნდება.

- თუ აშშ-ის დაზვერვის ინფორმაცია საფუძვლიანი აღმოჩნდა და რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს?

- უპირველეს ყოვლისა, როცა ლაპარაკობენ რუსეთის ჯარების შეჭრაზე უკრაინის ტერიტორიაზე, განიხილება დარტყმის რამდენიმე მიმართულება - ბელარუსიდან, ლუგანსკიდან და ყირიმიდან. სიმართლე გითხრათ, არ ვარ განწყობილი, ვიფიქრო, რომ მაინცდამაინც კიევის აღება სურს რუსეთს. შეიძლება, სურს, მაგრამ შეუძლებელია, თუმცა სრულიად რეალურია, რომ თუ რამდენიმე მიმართულებიდან შეიჭრნენ, ძირითადი დარტყმა მოახდინონ მარიუპოლის მიმართულებით და შემდეგ დნესტრისპირეთზე გავიდნენ. თუ ასე მოხდა, მაშინ ისინი სახმელეთო კონტაქტს დაამყარებენ ყირიმთან, დნესტრისპირეთთან და უკრაინას მთლიანად ჩამოჭრიან შავი ზღვიდან. ეს იმდენად შეცვლის ბალანსს შავი ზღვის აუზში, რომ კატასტროფა იქნება უკრაინისთვის, რადგან სახელმწიფოდ აღარ იარსებებს და დაღუპვის ტოლფასი იქნება. ეს საქართველოსთვისაც ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს... იმედია, არავის აქვს იმდენი ძალა, რომ პირდაპირ ღია ომი დაიწყოს, მაგრამ თუ შეატყო რუსეთმა, რომ ამერიკელები, ევროპა და ნატო არ ჩაერევიან ამაში, არაფერს გამოვრიცხავ.

- ამ ფონზე, საქართველომ რა სახით უნდა გაააქტიუროს საგარეო ურთიერთობები დასავლეთთან? სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, საქართველოდან დელეგაცია იმყოფებოდა აშშ-ში, ქართველმა დეპუტატებმა ამერიკელ კონგრესმენებს სთხოვეს ნატო-ში სწრაფად გაწევრიანების ლობირება...

- საგარეო ურთიერთობებში საერთოდ უნდა იაქტიუროს საქართველომ, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურობენ ჩვენი ჩართვის თვალსაზრისით, ვიდრე ჩვენ.

- ბატონო მამუკა, ისე, როგორ ფიქრობთ, ორსაათიანი დიალოგის დროს, ბაიდენი და პუტინი საქართველოს თემას არ შეეხებოდნენ?

- არც ერთ საუბარში, ბაიდენს საქართველო არ უხსენებია, რაც კარგიცაა და ცუდიც. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ეს უფრო კარგია, ვიდრე - ცუდი, რადგან სჯობს, ახლა საქართველოს თემამ არ წამოიწიოს...