უცხოელი სტუმრების თვალწინ ჩატარებული სპეცოპერაცია მარტვილში - რატომ დაარღვია საპატრიარქომ ფესტივალის ორგანიზატორებისთვის მიცემული პირობა

ექსკლუზივი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სალხინოს მონასტერთან დილიდან პოლიციაა მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ წარგზავნილმა პირებმა და პოლიციამ განკვეთილ ბერებს მონასტრის ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, ნაწილი მათგანი პოლიციაშია გადაყვანილი, თუმცა დანარჩენი ნაწილი მონასტრის მიმდებარედ იმყოფება და ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებს.

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, როდესაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი, პეტრე ცაავა, საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა.

ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს, მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე.

საპატრიარქომ ჭყონდიდის ეპარქიაში წერილი გაგზავნა, რომელშიც მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერებისგან საპატრიარქოს სამონასტრო კომპლექსის დატოვებას მოითხოვს. ვადა 4 ნოემბრამდე იყო. თბილისიდან გაგზავნილი წერილი 29 ოქტომბრით თარიღდება, ხელს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს.

საგულისხმოა, რომ ბერების დაკავება დაემთხვა ფესტივალს, რომელიც დადიანების სასახლეში უნდა გამართულიყო და როგორც ირკვევა, ფესტივალის ორგანიზატორებს საპატრიარქომ მისცა პირობა, რომ ამ ფესტივალს არანაირი სკანდალი არ დაემთხვეოდა, არადა ყველაფერი პირიქით მოხდა. 

 მარტვილის ეპარქიიდან განკვეთილმა დედა სოსანა ბოლქვაძემ „ვერსიას ექსკლუზიურად განუცხადა, რომ დადიანების სასახლეში დაგეგმილი ფესტივალი წლების განმავლობაში მეუფე პეტრე ცაავას ინიციატივით ტარდებოდა და დედა სოსანას შეფასებით, დღეს დილით მომხდარი სკანდალიც სწორედ ამ მიზეზს უკავშირდება. ამ და სხვა დეტალების გასარკვევად ფესტივალის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბექა ჯუმუტიას ესაუბრა. გთავაზობთ ექსკლუზიურ დეტალებს:

 

 „საპატრიარქოსგან მივიღეთ გარანტია, დაგვიბარეს საპატრიარქოში მანამდე, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა და გვითხრეს, რომ არაფერი არ მოხდებოდა ფესტივალის დასრულებამდე. შემდეგ ვიგებთ, რომ გამოაგზავნეს წერილი, ოთხამდე მისცეს მამაოებს ვადა. ეს ყველაფერი ჩვენთან საუბრის შემდეგ გააკეთეს. ჩვენ რომ დავურეკეთ მერე, აქეთ გადმოვიდნენ შეტევაზე, რომ თურმე, ჩვენი ფესტივალი შვიდი წელია მიდის და საპატრიარქო საუკუნეებია არსებობს. თქვეს, თქვენ საქმეს მიხედეთ და ჩვენ ჩვენ საქმეს მივხედავთო. ჩვენ ასევე, გუშინაც მივიღეთ გარანტია, რომ არაფერი მოხდებოდა. გარანტია მოგვცა საპატრიარქოს ადვოკატმა. ვინ არის ახლა მმართველი საპატრიარქოსი?! შორენა თეთრუაშვილი, რა თქმა უნდა! სადამსჯელოდ მოვლენილმა მეუფემაც გვითხრა, რომ არაფერი მოხდებოდა და მივიღეთ მისგანაც გარანტია და თქვა, რომ თვითონაც მობრძანდებოდა ფესტივალზე. მაგრამ კი ნახეთ დილით, რაც მოხდა, ცირკი! საპატრიარქო იტყუება და შემდეგ ჩვენ გვიქადაგებს ქრისტიანობას, რომ არ უნდა მოვიტყუოთ და ქრისტიანული წესით ვიცხოვროთ. მე არ მჯერა იმ საპატრიარქოსი!

ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო დადიანების სასახლის ეზოში, სადაც სალხინოს მონასტერია, რომელიც საპატრიარქოს საკუთრებაა. ჩვენ მხოლოდ იმ ადგილს ვიყენებთ. ეს ფესტივალი პეტრე ცაავას დროს დაფუძნდა, ჩვენ ვატარებდით ფესტივალს და ხელი არასდროს შეგვშლია პანდემიის მიუხედავადაც კი. ასევე ვაგრძელებდით მეუფე პეტრეს წასვლის შემდეგაც იმიტომ, რომ ეს არ არის საპატრიარქოსი, ეს არის კულტურის. ეს ფინანსდება ხოლმე კულტურის სამინისტროს მიერ და ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც ვიღებთ დახმარებას. საპატრიარქოს ამაში არაფერი წილი არ აქვს, გარდა იმისა, რომ მათ ტერიტორიაზე ვატარებთ. წლევანდელ ფესტივალსაც კულტურის სამინისტრო აფინანსებდა.

ფესტივალზე არის ძალიან ბევრი უცხოელი მონაწილე ჩამოსული, თუმცა მარტო უცხოელებისთვის არ არის. ეს ყველაფერი ეძღვნებოდა რევაზ ლაღიძის ასი წლის იუბილეს. უცხოელებიც შეასრულებდნენ რევაზ ლაღიძის ნაწარმოებებს, იქნებოდა ლამაზი საღამო და ასეც შეგვპირდნენ და ამათ უბრალოდ, ცირკი თუ უნდათ, ჩვენ ცირკში მონაწილეობს ნამდვილად ვერ მივიღებთ! ლოკაციას შევუცვლით ფესტივალს და ისე ჩავატარებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოელები არიან ჩამოსულები და ვალდებული ვართ ფინანსურადაც და მორალურადაც მივიყვანოთ საქმე ბოლომდე. ახლა ვეძებთ ახალ ლოკაციას, სადაც შევძლებთ ჩატარებას. სხვა გზა არ გვაქვს რადგან უნდა ჩავატაროთ, მაგრამ იმ ადგილას ვერ ჩავატარებთ, რადგან იქ რაც მოაწყეს დღეს დილის შვიდი საათიდან, არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს, იქ ჩავატაროთ რაიმე მსგავსი ღონისძიება.“

ფესტივალის ორგანიზატორს ვკითხეთ, მისი აზრით, მომხდარი სკანდალი ხომ არ უკავშირდება მეუფე პეტრე ცაავას? - რაზეც ბექა ჯუმუტია გვპასუხობს:

„არ ვიცი, არ ვერევი საერთოდ და ვერ ვუკავშირებ ამ ამბავს პეტრე ცაავას. ჩემთვის, როგორც მოქალაქისა და ქრისტიანისთვის, არის ბნელი ორგანიზაცია საპატრიარქო. დავიბადე და გავიზარდე მაგ უბანში სიონის ეკლესის პირდაპირ და მთელი ბავშობა ვხედავდი მათ უკეთურებას და ჩემთვის ისინი არაფერს წარმოდგენენ. ეს ორგანიზაცია არის რუსული „კაგებე“-ს ფილიალი და ახლა თვითონ აკავშირონ პეტრეს და პავლე!“

 

ფესტივალის „ფეისბუქ“ გვერდზე კი ეს ინფორმაცია იყო განთავსებული:

„სალხინოს დადიანის საშემოდგომო სასახლე (მარტვილი) წელს მეშვიდედ უმასპინძლებს მუსიკალურ ფესტივალს - „სალხინოს კამერატა“.

ფესტივალი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი კომოზიტორის - რევაზ ლაღიძის 100 წლის იუბილეს. ფესტივალი ჩატარდება სამი დღე 5-6-7 ნოემბერს. ფესტივალის ორგანიზატორები :

შიო აბრახამია - ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი;

ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი - გენერალური მენეჯერი. ფესტივალი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს; მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით. “

სალხინოს მონასტერში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით მარტვილის მერს თორნიკე ჯანაშიას,რომელსაც ვერ დავუკავშირდით,ასევე დავუკავშირდით კულტურის სამინისტროს,რომლისგნაც ინფორმაციას ამ დრომდე ველოდებით. ჩვენ ასევე ვერ მოვახერხეთ საპატრიარქოსთან დაკავშირება.

თუ დღის განმავლობაში,რომელიმესგან მოვიპოვეთ ინფორმაცია „ვერსია“ გაგაცნობთ დამატებით ინფორმაციას.

 

 

ავტორი:სალომე ნოზაძე