რა არის და როგორ ვებრძოლოთ „თვინდემიას“ - ინტერვიუ ვახტანგ კალოიანთან

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ძალიან მძიმე ნოემბერ-დეკემბერი გველოდება“

თათია გოჩაძე

 კორონავირუსის პანდემიის პარალელურად მეცნიერები ახალ საფრთხეზე - „თვინდემიაზე“ ალაპარაკადნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის მორიგი ტალღა, სავარაუდოდ, სეზონურ დაავადებებს დაემთხვევა. „თვინდემიის“ შესახებ პუბლიკაციას BBC ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, შესაძლოა, წელს სეზონურმა ვირუსებმა რევანში აიღოს და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაართულოს, რასაც ათობით და ასობით ათასი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვება. ამ მოვლენას ეპიდემიოლოგებმა „თვინდემია“ (twins - ტყუპები)  უწოდეს.

რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო ეპიდემიოლოგიური კუთხით? -  „ვერსია“ სამედიცინო საკითხების ექსპერტ ვახტანგ კალოიანს ესაუბრა:

 

- პანდემია  ჩვენთან დრამატულად აქტიური გავრცელების ფაზაშია. გვაქვს მაღალი ინფიცირების რისკი, ასევე, მაღალია გავრცელების კოეფიციენტით დადებითობის მაჩვენებელი და რაც ყველაზე ცუდია, საკმაოდ მაღალია სიკვდილობა.

პროგნოზიც საკმაოდ მძიმეა, რადგან ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი ისევ აუცრელია.

ეპიდემიის მეხუთე ტალღას ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში ველოდებით და ამის მთავარი მიზეზი სწორედ აუცრელ საზოგადოებაში მობილობის მკვეთრი ზრდაა. ეს კლასიკური მიზეზია ყველა, მათ შორის, კოვიდეპიდემიისა.

- ამ ფონზე, გარკვეული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხომ არ უნდა გახდეს?

- ჯერ კიდევ მაისში წამოვაყენეთ გეგმა, რომელიც შედგება რამდენიმე პუნქტისგან, ესენია: აცრაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ძირითადად, მობილური ჯგუფების ხარჯზე; აქტიური საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანია, ვთქვათ, კარდაკარის პრინციპით, სადაც ექიმები და ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია ვაქცინაციაზე და შეუძლიათ, ჩვენს მოქალაქეებს პასუხი გასცენ ყველა კითხვაზე, მივლენ მოქალაქეებთან; სავალდებულო ვაქცინაცია ან სავალდებულო ტესტირება სპეციფიკური ჯგუფებისთვის - ესენი არიან ექიმები და საავადმყოფოში დასაქმებული ადამიანები, პოლიცია, სახანძრო, საჯარო მოხელეები, პედაგოგები, კვების მრეწველობაში დასაქმებულები, ისინი, რომებიცც რისკ-ჯგუფში შედიან და შეხება აქვთ საზოგადოების ფართო ფენებთან; ასევეა ფინანსური სტიმულაცია, რომელიც გამოიხატება აცრილი მოქალაქეებისთვის საშემოსავლო გადასახადის სამი თვით გაუქმებაში - ეს არის ის პუნქტები, რომელთა თავის დროზე განხორციელება მოგვცემდა აცრილი ადამიანების ძალიან მნიშვნელოვან ზრდას.

- ბატონო ვახტანგ, რას ნიშნავს „თვინდემია“ და რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო სეზონური ვირუსების გააქტიურების თვალსაზრისით?

- „თვინდემია“, სიტყვა-სიტყვით, ნიშნავს დატყუპებას, ეს არის კოვიდისა და ბანალური გრიპის ინფექციის თანხვედრა ანუ ერთდროული გავრცელება.

შარშან გრიპის გავრცელების ნაკლები შემთხვევები გვქონდა და ამას ლოგიკური ახსნაც აქვს - მეტ-ნაკლებად, დაკეტილ ვითარებაში ვიყავით, ნიღბის გამოყენებაც საკმაოდ მაღალი იყო. ახლა კი ასე არ ხდება, მსოფლიოც ნელ-ნელა იხსნება ვაქცინირებული ადამიანების ხარჯზე და უფრო აქტიურად იწყებს გავრცელებას ბანალური გრიპის ვირუსი, რომლის პრევენციის გზაც, ასევე, ვაქცინაციაა.

აქაც საკმაოდ რთული ვითარებაა - გრიპის სულ 43 000 ვაქცინა გვაქვს, რაც რეალურად, მხოლოდ ექიმებისთვისაა და ასევე შექმნის პრობლემას.

- ბატონო ვახტანგ, ვაქცინაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია თუ არა, რომ საქართველოში კოვიდვაქცინის მსგავსად გრიპის ვაქცინაც უფასო იყოს?  

- ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს! რა თქმა უნდა, სპეციფიკური ჯგუფებისთვის უნდა იყოს უფასო, თუმცა არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც შეუძლია დაფინანსება, მაგრამ ფიზიკურად არაა ხელმისაწვდომი ანუ გამოწვევა ფინანსურ ხელმისაწვდომობასთან ერთად ფიზიკური ხელმისაწვდომობის დეფიციტიცაა.

- გრიპის ვაქცინაზე დეფიციტი მსოფლიოშია?

- ცუდი ორგანიზების გამო, რატომაც არ გვქონდა კოვიდის ვაქცინა თავის დროზე, ძალიან დავაგვიანეთ და ივლისამდე ვერ დავიწყეთ ვაქცინაცია, აქაც ზუსტად იგივე მიზეზია.

მსოფლიოში გრიპის ვაქცინაზე გარკვეული დეფიციტია, თუმცა ის ქვეყნები, რომელთაც ეფექტური ხელისუფლება ჰყავთ, ახერხებენ ყველაფერ ამის ორგანიზებას.

- „თვინდემიის“ პირობებში, როცა კოვიდთან ერთად, შესაძლოა, სხვა სეზონური ვირუსებიც გააქტიურდეს, რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ, როგორი ზამთარი გველის?

- თუ ვაქცინაციას ამ ტემპით გავაგრძელებთ, ძალიან მძიმე ნოემბერ-დეკემბერი გველოდება. ინფიცირების მაღალი რისკია და რომ შევადაროთ, ყველა წინა ტალღა დაიწყო შედარებით დაბალი ნიშნულიდან ანუ საწყის ეტაპზე ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით ცოტა იყო, ახლა კი ვხედავთ, რომ 4000-5000 გვაქვს სასტარტო პირობები, რაც ძალიან მძიმე პროგნოზის საფუძველია.

წარმოდგენა მიჭირს, რა შეიძლება, მოხდეს ნოემბერ-დეკემბერში.

- არსებულ ტალღას „ლოქდაუნი“ შეაკავებს?

- „ლოქდაუნს“ საკმაოდ ხანმოკლე ეფექტი აქვს. ის რეალურად გამოიყენება მხოლოდ ძალიან მძიმე ვითარებაში, როცა ჰოსპიტალური სექტორი არაა მომზადებული და ადეკვატური რაოდენობის აღჭურვილობა, მედიკამენტი არ არსებობს; ექიმები და საექთნო პერსონალი არ გვყავს; როცა ვირუსის გავრცელება ძალიან მაღალია. ამ ეპიდემიისთვის დამახასიათებელია ის, რომ მისი პროგნოზირება და მისი წინასწარი გათვლა ძალიან მარტივადაა შესაძლებელი, უბრალოდ, გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული ინდიკატორების მიხედვით. მაგალითად, სკოლის გახსნა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ გვქონდა ინდიკატორი, რომ იმ შემთხვევაში გავხსნიდით სკოლებს, თუ დადებითობის მაჩვენებელი იქნებოდა 4%.

ახლა ვხედავთ, რომ 6.7%-ზე გაიხსნა სკოლები, რაც, რა თქმა უნდა, აუარესებს ვითარებას.

თუ ვმართავთ პანდემიას ეპიდემიოლოგიური ინდიკატორების მიხედვით და ამაში საარჩევნო პოლიტიკას არ გავურევთ, რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგები გვექნება.