მიშას „ფეიკი“ თუ რეალური ბილეთი - რა მოხდება 2 ოქტომბრის საღამოს - ექსკლუზიური ვერსიები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 

 ავტორი: ნინო დოლიძე

 აი, ასე, ხელთათმანი ნასროლია. უფრო სწორად, ხელთათმანი კი არა, ბილეთია ნასროლი ანუ 27 სექტემბერს (სხვათა შორის, 27 სექტემებერი სოხუმის დაცემის დღეა), ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა და სოციალურ ქსელში კიევი-თბილისის რეისის ბოლეთიც გამოფინა იმის დასტურად, რომ ამჯერად აღარ იცრუებს და სამშობლოში ნამდვილად დაბრუნდება. მიშას ფანებმა ჟივილ-ხივილი ატეხეს, აი, ხომ ვამბობდით, მიშა სიტყვის პატრონიაო, მაგრამ თუ კარგად გავაანალიზებთ, ტაშ-ფანდურის მოსაწყობად არცთუ მყარი არგუმენტები არსებობს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბილეთი, უფრო კონკრეტულად, ბილეთის ჯავშანი იმის მტკიცებულება ნამდვილად არ არის, რომ სააკაშვილი 2 ოქტომბერს, 23:00 საათის შემდეგ, ნამდვილად თბილისში იქნება.

 

დიახ, ჯავშნის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია, მაგრამ როცა ადამიანი ჩვიდმეტჯერ იტყვის, ჩამოვდივარო და არ ჩამოვა, ვინმემ რატომ უნდა დაიჯეროს, რომ მეთვრამეტედ აუცილებლად ჩამოვა?

ამასაც თავი რომ დავანებოთ, არის თუ არა სააკაშვილი ის პოლიტიკოსი, ვინც საპატიმროსთვის მზადაა? ზოგადად, ციხეში თავის ამოყოფა ყველაზე საშიშ კრიმინალსაც არ უნდა. ამასთან, ადამიანები გამიზნულ გმირობაზე იშვიათად მიდიან ანუ გმირობა, როგორც წესი, შემთხვევითობასთან ასოცირდება. სააკაშვილი კი გმირი 2003 წლის ნოემბერშიც არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, როგორც მაშინ და შემდეგაც, კულუარებში ამბობდნენ, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და შესაბამისად, მიშაც ვა-ბანკზე ამიტომ წავიდა - პარლამენტში შევარდა და ცხონებულ შევარდნაძეს ჩაი დაულია.

რა ხდება ახლა, როცა ექსპრეზიდენტი მსჯავრდებულია? - მიშას მომხრეები ამბობენ, რომ პიჯაკების გამო გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურადაა მოტივირებული და შესაბამისად, ესპრეზიდენტი მსჯავრდებული კი არა, არამედ, პოლიტდევნილია. შესაძლოა, ასეცაა და ისიც ფაქტია, რომ ქართული სასამართლოს მიმართ უამრავი კითხვა არსებობს, მაგრამ ასეა თუ ისე, სასამართლოს გადაწყვეტილებას ნებისმიერმა უნდა სცეს პატივი, პირველ რიგში, კი ხელისუფლებამ. ამიტომ, სააკაშვილი საქართველოს საზღვრებს შიგნით მოხვდება თუ არა, სამართალდამცავები ვალდებულები იქნებიან, დააკაონ.

თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, მაშინ ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მიშას მომხრეები თავიანთი ფალავნის დაცვას შეეცდებიან - ეჭვი არავის ეპარება, რომ 2 ოქტომბერს, საღამოს, აეროპორტი „მიშისტებით“ „გადაიძეძგება“.

ერთი სიტყვით, ამ შემთხვევაში, ხელისუფლება გამოცდის წინაშე დადგება - ან კანონი დაიცვას და მიშა გისოსებს მიღმა მიაბრძანოს, ან მის ეგზალტირებულ მიმდევრებს ანგარიში გაუწიოს და დაკავებაზე უარი თქვას. ერთი ვარიანტიც და მეორეც, როგორც იტყვიან, ორ ცეცხლს შუა ყოფნაა, თუმცა ყველაფერ ამის მიუხედავად, მაინც საკითხავია, რეალურად ჩამოდის მიშა თუ იგივე, ბილეთის გასაჯაროება, ჩვეულებრივი პიარ-ილეთი იყო და მეტი არაფერი?

ამ თემაზე საინტერესო მოსაზრება აქვს ანალიტიკოს გია ხუხაშვილს, რომელიც აცხადებს:

„სამართლებრივად გასაგებია - ადამიანს აქვს მისჯილი და, წესით, აეროპორტში უნდა იყოს დაპატიმრებული, მაგრამ აქ სამართლებრივი კონტექსტი საერთოდ არაა საინტერესო. საერთოდ, ჩვენი ვარაუდები და მოსაზრებები პოლიტიკურ ჭრილში უნდა იყოს განხილული. სამართლებრივად, მისი არდაპატიმრება ვიღაცის ნება რომ იყოს, მაშინ ეს კანონით მოხდებოდა - შეწყალება, ან სასამართლოს გადაწყვეტილება და ა.შ.

ნებისმიერი სხვა გზა კი პოლიტიკურად იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ჩამოიშალა, ანუ თუ ვერ შეძლებს მსჯავრდებულის დაპატიმრებას, ესე იგი, ხელისუფლება არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, სამართლებრივად ასეა.

სააკაშვილის ბოლო განცხადება, გარკვეულწილად, არჩევნებზე მოახდენს გავლენას ანუ ორმხრივად მოხდება მობილიზება - როგორც მისი, ასევე, „ქართული ოცნების“ ელექტორატისაც. დიახ, ყველაფერი ეს, ორპულუსიანობის დაბრუნებაზეა ორიენტირებული.

მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებიდან და მობილიზებიდან გამომდინარე, ვერ ვიტყოდი, რომ საორგანიზაციო რესურსი მას უფრო მეტი აქვს, ვიდრე - „ქართულ ოცნებას“. ბილეთი აღებულია არა არჩევნების მიმდინარეობის პროცესში, არამედ, მას შემდეგ, რაც დასრულდება ხმის მიცემა. შესაბამისად, მისი შემდგომი მოქმედებები დამოკიდებულია უფრო იმაზე, რა მოცემულობა იქნება, როგორც არჩევნების შედეგების, ასევე, პოლიტიკის კუთხით“.

ერთი სიტყვით, სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას, როგორც ვნახეთ, ორი ასპექტი აქვს - პოლიტიკური და სამართლებრივი. ორივე უხერხულობა თავიდან რომ იქნეს აცილებული, შესაძლოა, მოვლენები ასე განვითარდეს - თუ მიშას ბილეთი „ფეიკი“ არაა და რეალურად აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, მაშინ უამინდობის ან სხვა საბაბით, მისი თვითმფრინავი თბილისის კი არა, შესაძლოა, ბათუმის ან ქუთაისის აეროპორტში დაჯდეს და ამით თავიდან იქნება აცილებული მისი მომხრეების ისტერიკა ანუ სამართალდამცავებს ექსპრეზიდენტის „აყვანა“ შედარებით მშვიდ ვითარებაში შეეძლებათ.

გარდა ამისა, თუ მიშას შესაძლო ჩამოსვლისთვის „მწვანე“ დასავლეთს არ აუნთია, ასეთ შემთხვევაში, არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ მისი რეისი საერთოდ მოიხსნას, ან ბოლო წუთს, საქართველომ ზემოხსენებული უამინდობისა თუ სხვა მსგავსი მიზეზის გამო, არ მიიღოს.

ასეა თუ ისე, ისე ჩანს, რომ არჩევნებამდე კი არა, არჩევნების დღესაც საქართველოში, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა დასაშვებ ზღვარს გადასცდება, თუმცა ხელისუფლება სიმშვიდეს ინარჩუნებს და ხაზს უსვამს, რომ სააკაშვილი მსჯავრდებულია.

„ეს კაცი, უკვე რვა წელია იმუქრება, რომ ჩამოვა და არ ჩამოდის. ვერ ჩამოდის იმიტომ, რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში. ჩვენს ხალხს რომ ავუხსნა კიდევ ერთხელ, სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მისის მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა.

ერთადერთი მისი სურვილი და მიზანი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი, მჩაგვრელი გუნდისთვის. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს 2003 წელია, ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს, კანონის ფარგლებში.

დავუშვათ, ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი, გადაწყვიტა და გამოაგდეს და ჩამოვიდა. რა უნდა მოხდეს, კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება. ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში, ამის გარანტიას გაძლევთ კანონისა და სახელმწიფოს სახელით“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტის მიერ, სოციალურ ქსელში საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთის გამოქვეყნებას.

სხვათა შორის, ზოგიერთი ანალიტიკოსი იმ ვერსიასაც უშვებს, რომ მიშას, შესაძლოა, ციხეში ჩაჯდომაც უნდოდეს, რადგან იმედი აქვს, რომ ამით მუხტს ასწევს და რევოლუციას თუ არა, მინიმუმ, მცირე არეულობას გამოიწვევს, მაგრამ აქვე, ანალიტიკოსები მიანიშნებენ, რომ რამდენიმე ასეული „ფანის“ გარდა, მიშასთვის ქუჩაში არავინ გავარდება, რადგან ადამიანებს, იმის მიუხედავად, „ნაცები“ არიან, „ოცნების“ მხარდამჭერები თუ შუაშისტები, აურზაური ყელში ამოუვიდათ და ურჩევნიათ, ეს პოლიტიკური ბატალიები ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს და მშვიდ ქვეყანაში იცხოვრონ.

საერთოდ, პროგნოზების გაკეთება უმადურობაა, მით უმეტეს ახლა, როცა ყოველივე ზემოთქმულიც ნათელჰყოფს, რომ ვითარება, მეტ-ნაკლებად, მყიფეა...