„ეს ღირსების ბრძოლა იყო!“ - ზაირა მიქატაძის მოგონებები აფხაზეთის ომზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

28 წლის წინ...

 „აფხაზები სიმამაცეს გამოიჩენენ და აღიარებენ, რომ ერთადერთი გზა ქართველებთან თანაცხოვრებაა!“

 თათია გოჩაძე

 სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა... ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა, 1993 წლის 27 სექტემბერს საქართველოსთვის ტრაგიკულად დასრულდა - ჩვენი აფხაზეთი დავკარგეთ... 28 წელია, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოსთვის მიუწვდომელ ოცნებად რჩება და მხოლოდ შორიდან, შორიდან შეგვიძლია მოვეფეროთ... და რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში? - ქართულ ენაზე სწავლება საბოლოოდ აკრძალეს და რუსეთი „რბილ ძალას“ დღითიდღე აძლიერებს... ახალ თაობებს აფხაზეთის დაკარგვის ტკივილი და ემოცია თითქოს ყოველდღიურად უნელდებათ... სამაგიეროდ, ომის ტკივილიანი დღეები თვალნათლივ ახსოვთ აფხაზეთის ომის მონაწილეებს, ადამიანებს, რომელთა თვალწინაც საქართველოს ამ შავ-ბნელმა დღეებმა ჩაიარა. 27 სექტემბრის ტრაგედიაზე „ვერსია“ აფხაზეთის ომის მონაწილეს, ჟურნალისტ ზაირა მიქატაძეს ესაუბრა. 

 - ქალბატონო ზაირა, 28 წლის შემდეგ როგორია თქვენი თვალით დანახული აფხაზეთის ომი?

- 28 წლის შემდეგ ემოცია არ შეცვლილა და ახლაც იგივე განცდა მაქვს, რაც 28 წლის წინ, 27 სექტემბერს მქონდა, როცა გავიგე, რომ სოხუმი დაეცა. ემოცია და ტკივილი არ განელებულა, უბრალოდ, მაქვს იმედი, რომ იმ ბიჭების სისხლი ტყუილად არ დაღვრილა, ერთ დღესაც, უფალი გადმოგვხედავს და აფხაზეთსა და აფხაზებს მისი დახმარებით დავიბრუნებთ. ეს იმედი მაძლებინებს, მაგრამ როცა ჩვენი ბიჭების დაღუპვის ან დაბადების დღე მოდის და მათ ისტორიებს ვიხსენებ, ეს ტკივილი უწყვეტი და გაუნელებელია. სოციალურ ქსელში ნიკუშა თურმანაული გავიხსენე, მართალია, ის განახლებულ ომამდე ცოტა ადრე დაიღუპა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, აფხაზეთის ომი დაღუპულთა ოჯახებისა და ცოცხლად დარჩენილი მეომრებისთვის ერთი დიდი ტკივილია.

სხვათა შორის, საზოგადოების მხრიდან გულგრილობა მაშინაც იყო, აფხაზეთის ომის დროს და ახლაცაა. მაშინ ამ გულგრილობას ასე გამოკვეთილად ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ფაქტებს ახლა რომ ვიხსენებ, მიკვირს, ამ ბიჭებს როგორ ეყოთ სულისკვეთება, 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში, ანთებული გულით ბოლომდე ებრძოლათ! როცა აფხაზეთში ომი განახლდა, ახალი ხელშეკრულების თანახმად, იქაურობა მძიმე ტექნიკისგან უნდა დაცლილიყო, ჩვენი მხარე, მართლაც, ასე მოიქცა. მართალია, ადგილობრივმა ქვედანაყოფებმა შეძლეს და რამდენიმე მძიმე ტექნიკა, დაშლილ მდგომარეობაში გადამალეს, მაგრამ ისინი, რომლებიც განახლებულ ომში წავიდნენ, მხოლოდ ავტომატებით იყვნენ. აბსოლუტურად ყველა მათგანი ჩემთვის გმირია, რადგან ისინი სასაკლაოზე მიდიოდნენ და სამშობლოს გადასარჩენად სიცოცხლე თავიდანვე გადადებული ჰქონდათ. შესაძლოა, უმეტესობამ იცოდა, რომ ეს ომი წაგებული იყო, მაგრამ განახლებულ ომში წასვლა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობისთვის კი არა, ღირსებისთვისაც ბრძოლაც იყო! დიახ, ეს ღირსების ომი იყო!

- სოხუმის დაცემის დროს აფხაზეთში იყავით?

- სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო, განახლებული ომის მონაწილე ვერ გავხდი. როცა აფხაზეთის ომში  წავედი, არავის ვიცნობდი და „თეთრი არწივის“ სადესანტო-მოიერიშე ბატალიონში მოვხვდი, რომელიც ბაბუშერაში, ჩემს თვალწინ ჩამოყალიბდა და  ეს ბიჭები მხოლოდ მეომრები და სამშობლოს ჯარისკაცები კი არა, ჩემი მეგობრები გახდნენ. მათ განახლებულ ომში ჩემი წაყვანა გაუჭირდათ, უარი მითხრეს. ჩემით კი ვერ წავიდოდი - ფრენები არ იყო. ბიჭები, ძირითადად, ავტობუსებით მიდიოდნენ. მახსოვს, როცა პირველი ნაკადი მიდიოდა, მეომრებით სავსე „იკარუსში“ ბიჭებს სიგარეტი მოუნდათ, ატობუსი ჯიხურთან გააჩერეს, ცხონებული ზურა ბიბილაშვილი (ომის შემდეგ, თავი მოიკლა) გადავიდა და გამყიდველს ერთი კოლოფი სიგარეტი სთხოვა - ფული არ ჰქონდა და გამყიდველს უთხრა, ომში მივდივართო, მაგრამ გამყიდველმა სიგარეტი არ მისცა. ზურა  განერვიულდა და ჯიხურის მინა ავტომატის კონდახით ჩაამტვრია. მათ რომ ყაჩაღობა სდომებოდათ, ერთ ავტობუსს ერთი კოლოფი სიგარეტი ეყოფოდა?! უფრო მეტს მოითხოვდნენ... აი, ასეთი გულგრილობა იყო საზოგადოებაში... კიდევ ერთ ისტორიას გავიხსენებ, ქალაქს და საავადმყოფოს შეგნებულად არ დავასახელებ, უკვე აქეთ ვიყავით გადმოსულები, საავადმყოფოში ამბობდნენ, საკაცეები მიაქვთ და უკან არ აბრუნებენო, არადა, ამ საკაცით, 19 წლის ბავშვი „ურალზე“ უნდა დაგვესვენებინა... ასეთი გულგრილი დამოკიდებულების მიუხედავად, ბიჭებს მაინც ეყოთ სულისკვეთება, რომ ებრძოლათ.

- ამ გადასახედიდან როგორ აფასებთ აფხაზეთის ომის მოვლენებს?

- ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ნეტავ, რისთვის იბრძოდნენ, რისთვის დაგვიმახინჯდა სული და ცხოვრება ცოცხლად დარჩენილებს?! ამაზე ფიქრი არ მინდა და არც ის მინდა, რომ ამ ბიჭების დაღვრილი სისხლი უშედეგოდ ჩაითვალოს. ამიტომაც, როგორც მარგალიტებს, ისე ვეძებ უსახელო გმირების ისტორიებს და ვაკოწიწებ. ჩვენს ბატალიონს განახლებულ ომში ძალიან ბევრი მეომარი დაგვეღუპა, ბატალიონის მეთაური, ლევან ასათიანი მძიმედ დაიჭრა, დაჭრილი ბიჭები საშველად წასულ თანამებრძოლებს ეუბნებოდნენ და ხელით ანიშნებდნენ, წადითო. რა თქმა უნდა, მათ ბიჭები არ ტოვებდნენ, ხშირად თავადაც იჭრებოდნენ და საშველი ხდებოდნენ. ასე დაგვრჩა რამდენიმე მეომარი ოკუპირებულ აფხაზეთში. მათ  დიდი ბრძოლა გადაიტანეს რკინიგზის სადგურზე, სოხუმში. 2014 წლის ბოლოს, როცა აფხაზეთში მოვხვდი, ზუსტად რკინიგზის სადგურის წინ, ფეხქვეშ მეწვოდა მიწა, რადგან ვფიქრობდი, იქნებ, აქ, ჩემი ბიჭების საფლავებზე ვდგავარ-მეთქი... დღეს გადმოუსვენებელი გვყავს ზაზა დემეტრაშვილი, დანარჩენების გადმოსვენება, საბედნიეროდ (თუ შეიძლება, ასე ითქვას), მოვახერხეთ...

მოკელდ, იმას გეუბნებოდით, თუ რატომ ვერ მოვხვდი განახლებულ ომში... უარის მიუხედავად, ბიჭებს ვუთხარი, აფხაზეთში მაინც ჩამოვალ-მეთქი და წასვლას ვცდილობდი. ზურგჩანთა გავამზადე და ხელსაყრელ მომენტს ველოდებოდი. გავიგე, რომ 22 სექტემბერს ვასიკო ჭიჭიაშვილი მიდიოდა. დავუკავშირდი, დავთქვით დრო, როდის უნდა შევხვედროდით, მაგრამ მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო და ერთმანეთთან დაკავშირება ვეღარ შევძელით. ვასიკო, თურმე, გაფრენილა და  იმ თვითმფრინავში ჩაიწვა, ბაბუშერას აეროპორტში რომ ააფეთქეს (ტირის, - ავტ.)...

აი, ასე ავცდი იმ ტრაგედიას, ალბათ, ღმერთის ნება იყო, რადგან მანამდე გამყოლს არ ვეძებდი ხოლმე და სულ მარტო მივდიოდი, თუმცა მაშინ ვერ შევძელი, რაც, ალბათ, ბედისწერა იყო... არ მინდა, ამ ბიჭების სისხლმა უკვალოდ ჩაიაროს და ამიტომაც, ვისაც  აფხაზეთის ომის ტრაგედია გვაწუხებს, ვცდილობთ, უსახელო გმირების ამბები ისტორიას დავუტოვოთ, იქნებ, მათი მსხვერპლი ამით მაინც გავამართლოთ და მომავალი თაობები ამ ბიჭების მაგალითზე აღვზარდოთ!

- ახალ თაობებს აფხაზეთის ომის მიმართ ემოცია თითქოს უნელდებათ... ვცდები?

- მხოლოდ ახალგაზრდა თაობა ვერაფერს გახდება, თუ ამაზე მშობლებმა, სკოლამ, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ არ იმუშავა. ახალგაზრდებს  აფხაზეთი, აფხაზეთში ნაომარი ბიჭები უნდა შევაყვაროთ და მათზე მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. შესანიშნავი თაობა მოდის და ახალგაზრდობა სწორად აღიქვამს აფხაზეთის დაკარგვას. შესაბამისად, აფხაზეთის დაბრუნების გზასაც სწორად გამონახავს. ახალგაზრდა თაობას კი არ ვაბრალებ, რომ ამ საკითხის მიმართ გულგრილია, არამედ, მეტი ძალისხმევა ჩვენ გვმართებს, რომ მათთან აფხაზეთის ტკივილი და ის მივიტანოთ, რომ აფხაზეთი საქართველოა!

- როცა საკუთარი თვალით ხედავდით, როგორ იბრძოდნენ ბიჭები, გიფიქრიათ, რომ 28 წლის შემდეგ, აფხაზეთის დაბრუნება ისევ მიუღწეველი ოცნება იქნებოდა?

- არა, ამაზე არც მე და არც ბიჭები დავფიქრებულვართ. აფხაზეთი რომ დატოვეს, ბიჭების უმეტესობა ფიქრობდა, რომ ისევ გამოცხადდებოდა მობილიზება და ისევ წავიდოდნენ საომრად. მეც ასე მეგონა, რომ ძალებს მოვიკრებდით და ისევ დავბრუნდებოდით, ვიბრძოლებდით აფხაზეთის დასაბრუნებლად. ნამდვილად არ მეგონა, რომ 28 წელი გაგრძელდებოდა და აფხაზეთში ფეხს ვერ დავადგამდით...

- და ახლა როგორი განცდა გაქვთ?

- ახლა იმედი მაქვს... და ამ იმედს აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობა მაძლევს. იქ 7 წლის წინ ვიყავი, ამ პერიოდში, ჩვენთანაც ცხოვრება წინ წავიდა და განვითარდა, მაგრამ მაშინდელ ენგურს გაღმა და გამოღმა საქართველოს რომ ვადარებ, ძალიან ჩამოგვრჩებოდა აფხაზეთი. აფხაზებმა, რომლებიც სამკურნალოდ და სხვადასხვა მიზნით გადმოდიოდნენ აქეთ, აღნიშნეს კიდეც, თქვენთან როგორი მოწესრიგებულია პატრული, არავინ გაჩერებს, თუ არ დაარღვევ და ჩვენთან ინსპექცია ყოველ წუთს გაჩერებს, როცა ფული შემოაკლდებათო... მათ მოსწონდათ ჩვენი ცხოვრების პირობები, გატარებული რეფორმები, ძალიან ბევრი ქართულ პასპორტს იღებს და მიაჩნია, რომ ერთ დღესაც, თუ აფხაზეთი არ დაუბრუნდება, თავად გადმოვლენ ენგურს გამოღმა. ასე რომ, იქ შექმნილი სიტუაცია - ჩამორჩენილობა მაძლევს იმედს, რომ აფხაზები გონს არიან მოგებული, გამბედაობას, სიმამაცეს გამოიჩენენ და აღიარებენ, რომ ერთადერთი გზა ქართველებთან თანაცხოვრებაა. ახალ თაობაში ბევრი ვიცი, რომელიც თავის თანატოლებთან სოციალური ქსელის მეშვეობით ამყარებს ურთიერთობას და ერთმანეთს აზრებს უცვლიან... სამწუხაროდ, მედია არ აქცევს ამას ყურადღებას, მაგრამ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვიცი, ქართველიცა და აფხაზიც, რომლებიც ერთმანეთთან თანაცხოვრების გზებს ეძებენ.

- ეს გასაგებია, მაგრამ სანამ ჩვენსა და აფხაზებს შორის რუსეთი იდგება, აფხაზების გამბედაობის იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს... მაშინ გაცნობიერებული ჰქონდათ მებრძოლებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს რუსეთი იდგა?

- რუსეთი აფხაზებს ყოველთვის აქეზებდა. ომი რომ დაიწყო, თამაზ ნადარეიშვილთან ჩავწერე ინტერვიუ და მითხრა, ჯერ კიდევ 1987 წელს, გაგრაში, მიტინგზე გამოვედი და ქართველებს მოვუწოდე, შეიარაღებულიყვნენ, რადგან თავის დაცვა მოგვიწვედაო. სანამ ომი დაიწყებოდა, 1987-88 წლებში, აფხაზები სანგრებს თხრიდნენ და ემზადებოდნენო. ყველაფერი ეს, რუსეთის მიერ იყო პროვოცირებული და ბოლოს, აღმოჩნდა, რომ რუსეთი უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობდა ამ ომში, ვიდრე - თავად აფხაზები. რუსეთის ქვედანაყოფები იბრძოდნენ ტამიშის დესანტის დროს, აბა, სად ჰყავდათ აფხაზებს გემები?!. რუსული დესანტი გადმოსხეს, რუსული ხომალდები შემოდიოდნენ თითქმის ყოველ ღამე, თორემ მხოლოდ აფხაზები რომ ყოფილიყვნენ, ძალიან ცუდი სათქმელია, მაგრამ ჩვენ აფხაზურ ძალას ნამდვილად დავამარცხებდით. თავიდანვე ამბობდნენ ბიჭები, ჩვენ ომი აფხაზებთან კი არა, რუსეთთან გვაქვსო. ისინი რუს ჯარისკაცებს პირისპირ უყურებდნენ...

- დღეს კი გალში, ქართულ ენაზე სწავლა აიკრძალა და რუსეთი „რბილ ძალას“ აძლიერებს ანუ აფხაზეთს დღითიდღე ვკარგავთ. ასე არაა?

- ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, 2014 წლის ბოლოს ვიყავი ტყვარჩელში, ერთ-ერთ სკოლაში, სადაც ქართველები სწავლობენ. რომ შევედი და ბავშვებს გამარჯობა ქართულად ვუთხარი, ვერ გაბედეს ქართულად მოსალმება და რუსულად მომესალმნენ. არადა, რომ შევედი, ქორეოგრაფი ქართულ ცეკვებს ასწავლიდა და უცებ დაიფანტნენ, თითქოს მტრის დესანტი შესულიყო, ისეთი რეაქცია ჰქონდათ. მერე, სკოლის დირექტორმა მითხრა, აფხაზურმა მხარემ გაიგო, რომ ქართულ ცეკვებს ვასწავლით, მოვიდა ე.წ. განათლების სამინისტროს წარმომადგენელი და გვთხოვა, იქნებ, ჩუმად ასწავლოთ ისე, რომ არავინ გაიგოს ანუ რუსეთის ყურამდე არ მივიდესო. მერე მასწავლებლები მიყვებოდნენ, ბავშვები ქართულ ენას შინ, ღამ-ღამობით, ჩუმად სწავლობენ, რადგან სკოლაში წიგნი ვერ მოაქვთო... რომ მანახეს, როგორი სახელმძღვანელოებით მეცადინეობდნენ ბავშვები, გული მომიკვდა, საერთოდ ნაწერი აღარ ემჩნეოდა. ჩავიწერე, რამდენი სახელმძღვანელო სჭირდებოდათ - ქართულის, ისტორიის... ჩამოვიტანე ეს ინფორმაცია და ვთხოვე განათლების სამინისტროს, მე გადავიტან-მეთქი, მქონდა ამის საშუალება, რომ ჩუმად გადამეგზავნა წიგნები. განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოები არ მომცა. ასეთი დამოკიდებულება იყო და რამდენიც უნდა ვამტყუნოთ რუსეთი და თუნდაც აფხაზები, ჩვენ რომ მტყუანები ვართ, ალბათ, ამ დონეზე, ისინი არ არიან დამნაშავეები!