არჩევნებამდე 2 თვით ადრე გამოკითხულთა უმრავლესობას სასურველი პარტია არ ჰყავს - NDI-ს კვლევის ანალიზი

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი კვლევის შედეგები დღეს, 12 აგვისტოს, არჩევნებამდე თითქმის ორი თვით ადრე გამოქვეყნდა.

შედეგები ასე გამოიყურება:

  • არც ერთი პარტია – 51%;
  • ქართული ოცნება – 18%;
  • არ ვიცი – 10%;
  • უარი პასუხზე – 9%;
  • ნაციონალური მოძრაობა – 6%;
  • სხვა პარტიები – 6%.

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. მოსახლეობის მხოლოდ 30%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია. „ვერსია“ დაინტერესდა, როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები კვლევის აღნიშნული შედეგის ფონზე და არის თუ არა საყურადღებო ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე 2თვით ადრე მოსახლეობის უმრავლესობას  ქვეყანაში სასურველი პარტია არ ჰყავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრეთ, რომლის თქმითაც წინა საარჩევნო პერიოდში, რამდენიმე თვით ადრე ნორმალურია აღნიშნული პროცენტული გადანაწილება და იმედოვნებს, რომ პარტიების მხრიდან კამპანიების განხორციელების შემდეგ, მდგომარეობა შეიცვლება და მოსახლეობის 51%, რომელიც კვლევის მიხედვით, არც ერთ პარტიას მხარს არ უჭერს, გააქტიურდება.

 „როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მოსახლეობა სკეპტიკურად არის განწყობილი გარკვეული პარტიების მიმართ, მაგრამ როგორც კი დაიწყება სექტემბრის მეორე ნახევარი, საზოგადოების დიდი რაოდენობა მიიღებს გადაწყვეტილებას. არჩევნების სპეციფიკა ასეთია, ამიტომ დიდ ტრაგედიად არ აღიქმება.

თუ ხელისუფლებას არ უჭერენ მხარს, არც ოპოზიციას უჭერენ. ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური რეალობის პრობლემა ეს არის, რომ დიდი მხარდაჭერით არც ერთი პოლიტიკური პარტია არ სარგებლობს, ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად შეიცვლება.

საზოგადოების მინიმუმ 50% მივა არჩევნებზე, ამ ეტაპზე ოპოზიციას, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანია არ დაუწყია. თბილისში ჰქონდა მელიას რამდენიმე შეხვედრა, „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო, მაგრამ მათი საარჩევნო კამპანია არ ითვლება იმიტომ, რომ შეხვედრები, რომელიც ჩატარდა, არის ნომენკლატურა. რეალური საარჩევნო კამპანია არ დაწყებულა და როდესაც დაიწყება, იმედი მაქვს, ეს სტატისტიკა შეიცვლება“, -აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე

 ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი