47 წლის კაცი ქალებს ჯერ კლავდა, შემდეგ კი „ტროსტით“ სცემდა - საზარელი საბჭოთა ამბავი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ხეიბარი ბავშვი, რომელიც სასტიკი მანიაკი გახდა

 

ანდრეი ჩიკატილოს სახელი და გვარი ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ის საბჭოთა კავშირში ყველაზე ცნობილი მანიაკი, რუსი „ჯეკ მფატრავი“ იყო, ადამიანი, რომლის სახელსაც 53 მკვლელობა უკავშირდება. ჩიკატილო 1978-დან 1990 წლამდე, საბჭოთა კავშირის მასშტაბით დადიოდა და ადამიანებს ხოცავდა. 53 მოკლულიდან 21 ბიჭი იყო, რომელთა ასაკი 7-დან 16 წლამდე მერყეობდა, 14 კი - 9-დან 17 წლამდე გოგონა. იმის მიუხედავად, რომ ჩიკატილო ყველაზე სისხლისმსმელ მანიაკადაა გამოყვანილი, რეალურად, არსებობდა მასზე უფრო სასტიკი მკვლელი, რომელმაც ორ წელიწადში, 58 ქალი მოკლა. ჰო, მისი ყველა მსხვერპლი ქალი იყო და ეს ისტორია საბჭოთა კავშირის დროს არ გახმაურებულა. ვინ იყო მკვლელი, რატომ მიჩქმალეს მისი საქმე და რატომ ვერ დააკავეს მაშინ, როცა დამალვას დიდად არც ცდილობდა? ყველაფერ ამაზე, ქვემოთ გიამბობთ.

 

ტამბოვის ოლქში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, ძიძა მოკლეს. მკვლელობა მაშინ მოხდა, როცა ბავშვებს ეძინათ, ვიღაც შეიპარა და ძიძა გაგუდა. სამართალდამცავებმა მომხდარიდან მალევე, სამი მეათეკლასელი დააკავეს, რომლებმაც დანაშაული აღიარეს. ოლქის მაცხოვრებლები არათუ დაკავებულების დახვრეტას ითხოვდნენ, არამედ, მათი მშობლების დასჯაც სურდათ. არეულობამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ სიტუაციაში გასარკვევად, მოსკოვიდან გენერალური პროკურატურის თანამშრომელი გაიგზავნა. მან ბავშვები ნახა და ყველაფერს მიხვდა - უსასტიკესად ნაცემი ახალგაზრდები შეშინებულები იყვნენ. მოსკოვიდან ჩასულმა პროკურორმა ისინი ცალკე, ადგილობრივების გარეშე დაკითხა და მიხვდა, რომ მკვლელობასთან მეათეკლასელებს შეხება არ ჰქონდათ და მათი გაშვება ბრძანა. ბავშვები გაუშვეს, თუმცა სამიდან ორმა თვითმკვლელობა სცადა. სამწუხაროდ, ერთ-ერთმა მჟავა დალია და მართალია, ექიმებმა გადაარჩინეს, მაგრამ დღემდე ვერ საუბრობს და საკვებს ყელში ჩადგმული სპეციალური მილით იღებს.

მომხდარიდან მალევე, მკვლელობა ტიუმენში მოხდა, შემდეგ - ტულაში, კიროვში, ჩელიაბინსკში... ხელწერა ყველგან ერთი იყო - ქალებს გუდავდნენ და რაც მთავარია, გუდავდნენ რაღაც მყარი საგნით. ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ მკვლელი „ტროსტით“ მოქმედებდა ანუ ქალებს უკნიდან უახლოვდებოდა, ჯოხს ორივე ხელით ყელზე აბჯენდა და ახრჩობდა. მკვლელობის შემდეგ, თავდამსხმელი ქალებს აშიშვლებდა და სავარაუდოდ, იმავე ჯოხით სცემდა. გარდაცვლილებს ძვალი და რბილი ჰქონდათ გაერთიანებული, თუმცა არცერთი მათგანი გაუპატიურებული არ ყოფილა.

არსებობდა ერთი, არცთუ უმნიშვნელო დეტალი: ყველა გარდაცვლილი ქალი მარტოხელა იყო, ისეთი, თავის დროზე რომ ვერ მოახერხა ოჯახის შექმნა, კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და სტუმრებს იშვიათად იღებდა. ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ მკვლელობების ერთნაირი ხასიათის მიუხედავად, ისინი არ გააერთიანეს. მეტიც, ამ მკვლელობებზე ვიღაცებს აკავებდნენ, ასამართლებდნენ, უსჯიდნენ, თუმცა ყველაფერი ეს, მოგვიანებით გახდება ცნობილი, მანამდე კი...

ტულაში ქალი გარდაცვლილი მას შემდეგ იპოვეს, რაც მეზობლები სუნმა შეაწუხა. კარის მეზობელმა ქალმა ჩვენებაში თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ, ღამით უცნაური ხმა ესმოდა, თითქოს, ოთახში ცხენი დადიოდა. რა თქმა უნდა, ამას სერიოზული ყურადღება არ მიაქციეს და იმის მიუხედავად, რომ ქალი აშკარად გაგუდული იყო, დასკვნაში დაწერეს, წაიქცა, თავი დაარტყა და გარდაიცვალაო. საქმე, რომელიც დიდი ალბათობით გაუხსნელი დარჩებოდა, გახსნილად გამოაცხადეს.

და ყველაფერი ეს, ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორ გგონიათ, ვინ გადაწყვიტა საქმის გახსნა და ამ მკვლელობების ერთ საქმედ აკინძვა? არც არავინ, არავინ შეიწუხა თავი და ყველაფერი ძალიან დიდ ხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი უცნაური შემთხვევა.

ტამბოვში, მატარებლის ლიანდაგს ორი მუშა ამოწმებდა. მათ დაინახეს, როგორ მიუყვებოდნენ ლიანდაგის ნაპირს ქალი და კაცი ჯოხით. მამაკაცი აშკარად კოჭლობდა და ჯოხს ეყრდნობოდა. უკან დაბრუნებისას კი დაინახეს, რომ ქალი იქვე ეგდო, სიცოცხლის ნიშანი არ ეტყობოდა, კაცი კი მოშორებით იდგა და მუშებს უყურებდა. ხმა ჯოხიანმა მამაკაცმა ამოიღო - „ეს ქალი მე მოვკალი, მე გავგუდე და... დავიღალე, მეგობრებო, დავიღალე“.

მუშებმა მამაკაცი ადვილად შებოჭეს და მილიციის ადგილობრივ განყოფილებაში მიიყვანეს. სამართალდამცავები თავიდან აგდებულად მოეკიდნენ დაკავებულს, თუმცა მან მოყოლა დაიწყო და აღარ გაჩუმდა.

47 წლის სერგეი კაშინცევის ჩვენებიდან: „ბავშვობიდან ფეხის პრობლემით ვიზრდებოდი და მუდმივად ჯოხის ტარება მჭირდებოდა. ამის გამო, თანაკლასელი გოგონები დამცინოდნენ. როცა მათ დაცინვას აგრესიით ვპასუხობდი, მე მკიცხავდნენ, რადგან გოგონასთვის, თურმე, ყვირილი და პასუხის გაცემა არ შეიძლება. მერვე კლასიდან იმიტომ გავედი, რომ ამის ატანა აღარ შემეძლო, თუმცა მაშინვე გადავწყვიტე, რომ ქალებზე შურს ვიძიებდი. ორი წელია, ქალებს ვხოცავ, ქალაქიდან ქალაქში დავდივარ და ვკლავ, შემდეგ კი ვაშიშვლებ და ვცემ, რადგან ჯავრი მინდა ვიყარო ყველა იმ დამცირებასა და ტკივილზე, რაც მათ მომაყენეს. მეგონა, დამიჭერდნენ, რადგან დიდად არც ვიმალებოდი და არც კვალის წაშლას ვცდილობდი. თავიდან მინდოდა, რომ ხუთი ქალი მომეკლა და მერე თუნდაც დავეჭირე, მაგრამ ვერ დამიჭირეს, ამიტომ გაგრძელდა და გაგრძელდა. უბრალოდ, დავიღალე, მოკვლის სურვილი აღარ მაქვს, მე შური საკმარისად ვიძიე და მზად ვარ, სასჯელი მივიღო“...

სამართალდამცავთა საუბედუროდ, მას 58-ვე ქალის არა მარტო მკვლელობის დრო, არამედ, ადგილიც ახსოვდა. ტამბოვის ოლქში, ლამის მთელი რუსეთიდან დაიწყეს ჩასვლა გამომძიებლებმა და დახურული საქმეების ხელახლა გამოძიება. ციხეებიდან გამოუშვეს 37 ადამიანი, რომლებიც ამ მკვლელობებზე იყვნენ გასამართლებულები. საქმე პარტიის გენერალურ მდივნამდე მივიდა. მან ბრძანა, სასამართლო სხდომები დახურულიყო და რაც მთავარია, ეს ამბავი უცხოელებს არ უნდა გაეგოთ, რადგან ეს საბჭოთა მილიციის სირცხვილი გახლდათ. სამსახურიდან გაუშვეს ის გამომძიებლები, რომლებიც საქმეს გულგრილად მოეკიდნენ.

სასამართლო სხდომა მხოლოდ 8 თვის შემდეგ გაიმართა და ეს იმიტომ, რომ კაშინცევი ყველა საქმეზე აძლევდა ჩვენებას. როცა მოსამართლემ სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა გამოაცხადა, კაშინცევმა გაიღიმა და ჩუმად ჩაილაპარაკა - „კიდევ კარგი, ამაში მაინც გამიმართლა“.

ასე დაედო ამ საქმეს გრიფით საიდუმლო და დღის სინათლე მხოლოდ ახლა იხილა. იმის გამო, რომ ბავშვობაში ხეიბარ ბიჭზე არავინ ფიქრობდა, მივიღეთ პირსისხლიანი მკვლელი, რომელმაც 58 ქალს მოუსწრაფა სიცოცხლე და რომ არა მისივე სურვილი, სავარაუდოდ, დიდი ხნის განმავლობაში, ვერც დაიჭერდნენ. სამაგიეროდ, მთელმა საბჭოთა კავშირმა გაიგო ანდრეი ჩიკატილოს შესახებ და მასზე ფილმები და სერიალიც კი გადაიღეს. კაშინცევი კი თითქოს არც არსებობდა, ისე გაქრა საბჭოთა კრიმინალისტიკის არქივებში.

ავტორი - ბათო ჯაფარიძე