Menu
RSS

„ყაზტრანსგაზთბილისის“ შავბნელი დოსიე _ რამ გამოიწვია დიდი დიღმის ტრაგედია

ვინ არიან კომპანიის ოფიციალური მფლობელები და რა რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ სპეციალისტები

16 იანვარს, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა. ტრაგედიის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, რვა ადამიანი კი დაშავდა. აფეთქებამდე რამდენი საათით ადრე, კორპუსის მაცხოვრებლებმა გაზის ძლიერი სუნი იგრძნეს და ,,ყაზტრანსგაზთბილისის'' თანამშრომლები გამოიძახეს. კომპანიის წარმომადგენლებმა კორპუსის გარე პერიმეტრი დაათვალიერეს, შემდეგ სადარბაზოშიც შევიდნენ, მაგრამ დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს და ტერიტორია დატოვეს. საათნახევარში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის #8-ში კორპუსი აფეთქდა... 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, დაკავებულია ,,ყაზტრანსგაზთბილისის'' ორი თანამშრომელი. ორივეს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტრაგედიის მეორე დღე _ 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა...

გაზით მოწამვლის შემზარავი სტატისტიკა 

სამწუხაროდ, დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედია ერთადერთი შემთხვევა არაა. ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წელს, თბილისში, ბუნებრივი აირით მოწამვლის 98 და გარდაცვალების 27 ფაქტი დაფიქსირდა; 2017 წელს, გაზით 62 ადამიანი მოიწამლა, 30 კი გარდაიცვალა; 2016 წელს მოწამვლის 125 და გარდაცვალების 29 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბუნებრივი აირის გაჟონვით, სულ 285 ადამიანი მოიწამლა და 86 გარდაიცვალა. 

16 იანვრის ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე, თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა. შედეგად ორი ადამიანი _ ახალგაზრდა დედა და მისი 14 თვის ჩვილი, ადგილზე გარდაიცვალა... მომხდარის გამო, შსს-მ გამოძიება მაშინვე დაიწყო, რომელიც ჯერაც არ დასრულებულა. 

ზემო ფონიჭალასა და დიდი დიღმის ტრაგედიებს შორის ის განსხვავებაა, რომ ფონიჭალაში, გაზის გაჟონვის მიზეზი მოქალაქის დაუდევრობა გახდა, თანაც კორპუსი, რომელიც აფეთქდა, ძველი აშენებული იყო. მართალია, გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთმა მობინადრემ გაზის გამათბობელი კუსტარულად დაამონტაჟა. ,,ყაზტრანსგაზთბილისის'' წარმომადგენლებმა მობინადრე არაერთხელ გააფრთხილეს, მეტიც, გაზის მიწოდებაც კი შეუწყვიტეს, თუმცა უშედეგოდ... 

დიდ დიღომში კი ახლადაშენებული, ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში არშესული კორპუსი აფეთქდა. რაც მთავარია, 16 იანვრის ტრაგედია მოქალაქეების კი არა, დიდი ალბათობით, ,,ყაზტრანსგაზთბილისის'' თანამშრომელთა დაუდევრობის შედეგია. 

შსს-ში დაწყებული გამოძიების პარალელურად, ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შესწავლა დაიწყო, რომელიც კოპანია ,,ყაზტრანსგაზისგან'' ახსნა-განმარტებას ითხოვს. 

სახალხო დამცველმა კი ხელისუფლებას აკრძალული სამშენებლო მასალების სიის განსაზღვრა მოსთხოვა. 

რატომ ჟონავს გაზი თბილისში 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ,,თბილისი ნაღმზე ზის''. ყოველ შემთხვევაში, ,,ყაზტრანსგაზთბილისის'' დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო სიმონიშვილი ჯერ ზემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ხელისუფლებას მოსალოდნელ საფრთხეზე აფრთხილებდა და იმასაც ამბობდა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან, ავტოგასამართი სადგური გაზის მილზე დგას და იქიდან ბუნებრივი აირი ჟონავს. 

შენობა, რომელიც აფეთქდა, ექსპლუატაციაში არ მიუღიათ! 

სამწუხაროდ, ზემო ფონიჭალის დასახლებაში დატრიალებული ტრაგედია ის ბოლო წვეთი არ აღმოჩნდა, რომ შესაბამის უწყებებში ტექნიკური რეგლამენტის გამკაცრებაზე, ან თუნდაც, გაზის გამანაწილებელი კომპანიების პასუხისმგებლობაზე დაფიქრებულიყვნენ. დიდი დიღმის ტრაგედიამ ამ პრობლემის სულ სხვა მხარე დაგვანახა და ეს ,,ყაზტრანსგაზთბილისის'' წარმომადგენელთა სამსახურებრივ გულგრილობას, ან არაკვალიფიციურობას უკავშირდება. 16 იანვარს, ავთანდილის ქუჩის #8-ის მობინადრეებმა გაზის ძლიერი სუნი იგრძნეს, კომპანიაში კი ზედიზედ, ორმა მოქალაქემ დარეკა... 

დავიწყოთ იმით, რომ ავთანდილის ქუჩაზე მდებარე ის ახლადაშენებული კორპუსი, რომელიც აფეთქდა, ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა, თუმცა სამშენებლო კომპანია ,,ელ ჯგუფმა'', რომელმაც ააშენა, ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით, დედაქალაქის მერიას აფეთქებამდე დიდი ხნით ადრე მიმართა. თავის მხრივ, თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს: 

„ექსპლუატაციაში მიღება არაფერს ცვლის, რადგან შენობა ამისთვის უკვე მზად იყო. გაზის სისტემის უსაფრთხოება ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული, რამდენადაც ისინი დისტრიბუციის ლიცენზიანტებს წარმოადგენენ''. 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ,,იმედი LIVE''-ის ეთერში აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მერია საზოგადოებას წარუდგენს ხედვას, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები. კალაძის თქმით, ისეთი აკრძალვის შემოღება დღეს, რომელიც ადამიანებს ექსპლუატაციამიუღებელ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრებას აუკრძალავს, თბილისში ათასობით ოჯახს პრობლემას შეუქმნის. 

დედაქალაქის მერმა ისიც განმარტა, რომ თავის დროზე, სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ განახორციელა კანონში ის ცვლილებები, რაც დღეს პრობლემებს ქმნის. კერძოდ, 2009 წელს გაუქმდა კანონის ის მუხლი, რომელიც მოქალაქეს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრების უფლებას უკრძალავს. 

რა ცვლილებებს ითხოვს ენერგოომბუდსმენი 

16 იანვრის ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა დაიწყო და ოფიციალური წერილით ,,ყაზტრანსგაზთბილისს'' მიმართა. თუმცა მასსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის ზეპირი კომუნიკაცია ტრაგედიის დღესვე შედგა. შესაბამისად, ენერგოომბუდსმენს წინასწარი ინფორმაცია უკვე აქვს, რის გამოც მთავრობას რეკომენდაციით მიმართა, რათა ტექნიკურ რეგლამენტში გარკვეული ცვლილებები შევიდეს 

სალომე ვარდიაშვილი: _ კომპანია ,,ყაზტრანსგაზთბილისს'' ოფიციალურად უკვე მივმართეთ, რადგან მთელი რიგი შეკითხვები გვაქვს მასთან. ამის შემდეგ გვეცოდინება, რა სახის რეკომენდაციები და წინადადებები უნდა წარვუდგინოთ, როგორც პარლამენტს, ასევე, მთავრობასა და საზოგადოებას, რათა რეგულაციებში ცვლილებები განხორციელდეს. უნდა გამკაცრდეს და უსაფრთხო გახდეს ადგილზე, როგორც გაზის შიდა ქსელის მოწყობა, ასევე მისი კონტროლი. 

_ ქალბატონო სალომე, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ამ კონკრეტულ კორპუსში, მთელი დღის მანძილზე იდგა გაზის სუნი, მოქალაქეებმა ,,ყაზტრანსგაზთბილისში'' დარეკეს, მაგრამ თანამშრომლებმა ადგილზე ვერც სუნი იგრძნეს და ვერც დაზიანების კერა აღმოაჩინეს, რატომ? 

_ ამ შემთხვევაში საქმე შესაძლოა, სამსახურებრივ გულგრილობასთან გვაქვს _ არაჯეროვნად შეამოწმეს პერიმეტრი. მაგალითად, არ გადაკეტეს ცენტრალური გაზი, არ გამორთეს ელექტროენერგია კორპუსში და არ დაიწყეს კონკრეტული ბინების შემოწმება. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების პასუხისმგებლობას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ნაწილში, ნამდვილად ვხედავ. ჩემი პირველადი შეფასებით, ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო. ცენტრალური სისტემიდან გაზი რომ გადაეკეტათ, კორპუსში ელექტროენერგია გაეთიშათ, მოქალაქეებისთვის ბინების დაცლა მოეთხოვათ და ამის შემდეგ დამხმარე ძალა გამოეძახებინათ, რათა დაზიანების კერა აღმოეჩინათ, ამხელა ტრაგედიას თავიდან ავიცილებდით. 

_ სამწუხაროდ, ეს არაა პირველი შემთხვევა, კორპუსი ფონიჭალაშიც აფეთქდა და საქმე დღემდე გამოძიებული არაა... 

_ ზემო ფონიჭალის შემთხვევა განსხვავებულია, რადგან იქ სპონტანური აფეთქება მოხდა ანუ გაზი ისე ჟონავდა, რომ ვერავინ გაიგო, თანაც იქ კომპანიის თანამშრომელთა გამოძახების ფაქტი არ დაფიქსირებულა. სამწუხაროდ, ყველა ნაბიჯზე გვხვდება ამ ტიპის საფრთხე, რადგან ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეები თვითშემოქმედებას მიმართავენ და ინდივიდუალურად, კუსტარულად ამონტაჟებენ გაზის მოწყობილობებს. სხვა სიტუაციაა დიდ დიღომში, ამ ახლადაშენებულ კორპუსში, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აშენებული და რაც მთავარია, ტრაგედიის დღეს, ორი გამოძახება დაფიქსირდა. 

_ ,,ყაზტრანსგაზთბილისის'', როგორც გაზის გამანაწილებელი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს? როგორ და ვინ უნდა გაამკაცროს უსაფრთხოების ზომები? 

_ ქსელის მშენებლობას თავისი წესები აქვს, ოღონდ დღეს მოქმედი რეგულაციით, მხოლოდ გარე პერიმეტრის გაზის ქსელის მშენებლობაა რეგულირებული. გამანაწილებელი კომპანია, როდესაც სამუშაოს ასრულებს, აშენებს მაგისტრალს, ან კორპუსამდე მისაყვან ქსელს, ვალდებულია, წესები დაიცვას. სრულიად განსხვავებული სიტუაციაა ახალი კორპუსების მშენებლობის შემთხვევაში, როდესაც მშენებლები, საკუთარი ძალებით იწყებენ შიდა ქსელების დაქსელვას. ამ შემთხვევაში, მშენებელს უფლება ეძლევა, რომ შიდა ქსელის სამუშაოები ან გამანაწილებელ კომპანიას, ან რომელიმე კერძო პირს დაუკვეთოს, რომელიც ამ ტიპის სამუშაოებს ასრულებს. როდესაც არაკვალიფიციური პირები ახორციელებენ შიდა ქსელის მოწყობით სამუშაოებს, ცხადია, საფრთხესთან და რისკთან გვაქვს საქმე. შეუძლებელია, ისინი უშეცდომოდ მოქმედებდნენ! კანონში ასეთი ჩანაწერია, შიდა ქსელის მოწყობის დროს, შეგვიძლია, ტექნიკური ზედამხედველობა ლიცენზიანტი კომპანიისგან ვიყიდოთ, თუმცა სავალდებულო არც ესაა. ამიტომ მშენებლები ცდილობენ, ყველაფერი საკუთარი ძალებით გააკეთონ. ამის შემდეგ, ქსელს იბარებს გაზის გამანაწილებელი კომპანია, მაგრამ ვიდრე ექსპლუატაციაში მიიღებს, აუცილებლად უნდა შეამოწმოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რასაც მშენებელი წარუდგენს. ჩვენ ამ საკითხის გარკვევასაც ვითხოვთ, რამდენად სწორად იყო შიდა ქსელი მოწყობილი და იყო თუ არა ექსპლუატაციაში მიღებული, თუმცა ვიდრე შიდა ქსელზე არაპროფესიონალ და არაკვალიფიციურ პირებს დავუშვებთ, ამგვარი საფრთხე ყოველთვის იქნება! ამიტომაც მაქვს რეკომენდაცია, რომ ტექნიკურ რეგლამენტში შევიდეს ცვლილება, რათა ეს ნაწილი გავამკაცროთ. ქსელზე მუშაობის უფლება და დაშვება უნდა მიეცეს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც კვალიფიციურები, მცოდნეები და გამოცდილები არიან, რომლებსაც ამ კონკრეტულ საქმიანობაში სპეციალური ლიცენზია აქვთ მიღებული! სხვაგვარად, შიდა საფრთხეებს ვერ მოვშლით და თუ დაუკვირდებით, ყველა საფრთხე შიდა ქსელებზე მოდის. 

_ ეს ცვლილებები ვინ უნდა განახორციელოს? 

_ ესაა მთავრობის მიერ დადგენილი რეგლამენტი. სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჩემი ეს პოზიცია ტელევიზიით მოისმინა და დადებითად შეაფასა კიდეც. ამიტომაც მგონია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც ჩვენც ჩავერთვებით, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს. 

_ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები ვინ უნდა განუმარტოს მოსახლეობას, რომ მაგალითად, ის ადგილი, სადაც გაზის მოწყობილობაა დამონტაჟებული, აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს? 

_ სამოქალაქო განათლება ისეთი თემაა, რომ თანამედროვე სკოლებში უკვე ცალკე საგნად ისწავლება, თუმცა ძალიან კარგი იქნება, რომ მოსახლეობის გაფრთხილების კამპანია უშუალოდ კომპანიებმა დაიწყონ და ამაში ჩვენც ჩავერთვებით. მოსახლეობამ ელემენტარული წესები უნდა იცოდეს, რომ იქ, სადაც გაზის დაგროვების ეჭვი არსებობს, ასანთის გაკვრა, ან შუქის ანთება არ შეიძლება, რადგან ეს მომაკვდინებელი საფრთხეა! 

სხვათა შორის, მედიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას განცხადება გავრცელდა, რომლითაც გაირკვა, რომ ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, სამინისტრო გაზგამანაწილებელი კომპანიებისთვის რეგულაციების შემოღებასა და რამდენიმე მიმართულებით, ცვლილებებს გეგმავს.

საქმე პროფესიონალმა ინჟინრებმა უნდა აკეთონ! 

16 იანვრის ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებსა და აუცილებელ პრევენციულ ზომებზე, ,,ვერსიას'' ენერგეტიკის ექსმინისტრი დავით მირცხულავა ესაუბრება: 

_ რამდენიმე განმარტება მოვისმინე და ფაქტია, საკმაოდ რთულადაა საქმე, რადგან სისტემური პრობლემა გვაქვს. ცნობილია, რომ გამანაწილებელ კომპანიას გარკვეული წითელი ხაზი აქვს, რომლის შემდეგ ბინაში, შიდა ქსელზე და სხვადასხვა მოწყობილობებზე, რომლებიც ბუნებრივ აირზე მუშაობენ, პასუხისმგებლობა მომხმარებლებს ეკისრებათ, თუმცა ამავდროულად, აუცილებელია, არსებობდეს რეგულაცია, რომლითაც ბინებსა და სახლებში, გაზის ამა თუ იმ მოწყობილობის, დანადგარის, შიდა ქსელის ტექნიკური მდგომარეობა შემოწმდება. აქედან გამომდინარე, რეგულაცია აუცილებელია, რათა ყოველწლიურად შემოწმდეს, რა ტექნიკური მდგომარეობაშია შიდა ქსელი, გაზქურა, გაზის გამათბობელი, ქვაბი და ასე შემდეგ. აუცილებელია ანალიზატორისა და დეტექტორის დამონტაჟება ბინებში, საცხოვრებელ კორპუსებში; აუცილებელია, რომ იქ, სადაც გაზის დანადგარი დგას ბინაში, გამართული ვენტილაცია იყოს _ სარკმელი აუცილებელია. პირდაპირ გეტყვით, რომ გაზგაყვანილობის შიდა ქსელებზე _ ავარიების (გაზის გაჟონვის) 10%-დან 15%-მდე მოდის, ხოლო გაზქურებზე, გაზის ქვაბებზე, გამათბობელებზე და ასე შემდეგ _ 85%-90%, და ეს სხვადასხვა ქვეყნის ზოგადი სტატისტიკაა და არა მარტო საქართველოსი, ამიტომ გარკვეული ვალდებულება უნდა არსებობდეს, რომ მომხმარებელმა საკუთარი გაზის დანადგარი, მისი ტექნიკური გამართულობა ყოველწლიურად შეამოწმებინოს კომპეტენტურ, კვალიფიციურ ორგანოებს. შესაბამისად, მეც და თქვენც, როგორც აბონენტებს, ამ მხრივ, გარკვეული ვალდებულება გვაკისრია, თუმცა გიმეორებთ, ვალდებულება უნდა იყოს, რომ დანადგარები აუცილებლად ტექნიკურად შემოწდეს, რადგან მაღალი რისკის პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელმაც შესაძლოა, დიდი ავარია გამოიწვიოს. მაგალითად, დახურულ სივრცეში, მეთანის ჰაერთან შერევის დროს, გაზის გაჟონვის შემთხვევაში, გარკვეული პროპორციის დროს, 1 კუბურმა მეტრმა გაჟონილმა გაზმა ისეთივე სიძლიერის აფეთქება გამოიწვიოს, რამდენიც 8 კილოგრამმა ტროტილმა. ვინაიდან ასეთ პრობლემასთან გვაქვს, მომხმარებლებს საშუალება უნდა ჰქონდეთ და მეტიც _ ვალდებულება, რომ საკუთარი გაზის დანადგარები, გაზის შიდა ქსელები, სისტემატურად შეამოწმონ. ამიტომ ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს სისტემური პრობლემა არაა და გარკვეული საზღვრის შემდეგ, მხოლოდ მომხმარებლების, ბინის მფლობელების, ან არენდატორების პასუხისმგებლობის საკითხს სვამენ. თუ ბინის მფლობელს, არენდატორს არ ექნება შიდა ქსელისა და გაზის დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობაზე შესაბამისი დასკვნა, გაზგამანაწილებელმა კომპანიამ მას გაზი არ უნდა მიაწოდის. 

მეტსაც გეტყვით, იმ დანადგარების ვადა, რომლებიც გაზზე მუშაობენ, 10-12 წლითაა განსაზღვრული, მაგრამ ვინაიდან საქართველო საკმაოდ ღარიბი ქვეყანაა, ჩვენთან უამრავი დანადგარია, რომლებიც 18-19 წლისა და მეტისაა. შესაბამისად, მე და თქვენ, როგორც ბინის მფლობელები, ან არენდატორები, ვალდებულები უნდა ვიყო, რომ ბინაში არსებული გაზის დანადგარები, შიდა გაზგაყვანილობა ყოველწლიურად შევამოწმებინო კომპეტენტურ სპეციალისტებს. ამ ტიპის ვალდებულებები და რეგულაციები კი დეტალურად უნდა გაიწეროს. 

_ ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციით, აუცილებელია, რომ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება შევიდეს, რათა ,,ყაზტრანსგაზთბილისის'' წარმომადგენლები, რომლებსაც ბუნებრივი აირის შიდა ქსელებზეც დაუშვან... 

_ ვფიქრობ, ეს ძალაინ დაგვიანებული მოთხოვნაა, თუმცა პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დროულად უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ამიტომაც ზოგადად ვამბობ, რომ საინჟინრო სპეციალობებზე ინჟინრები დაბრუნდნენ, რადგან ეს საქმე _ ტექნიკური სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ინჟინრებმა სხვებზე კარგად იციან! მხოლოდ ამ კონკრეტულ უბედურ შემთხვევას კი არა, ზოგადად, უსაფრთხოების საკითხებს ვგულისხმობ. იცით, რომ უამრავი ავარია მოხდა შახტებში, მაღაროებში, სადაც ხალხი დაიღუპა. როგორც აღმოჩნდა, ეს უსაფრთხოების შესაბამისი ნორმების დაუცველობის გამო მოხდა. უამრავი პრობლემა გვაქვს მშენებლობებზე, სადაც ბევრი ადამიანი დაიღუპა და იქაც შრომის უსაფრთხოების პრობლემა გვქონდა. ქვეყანაში ერთ-ერთი დიდი ავარია მოხდა _ შუახევჰესზე, გვირაბი ჩაინგრა, ქვეყნის ჰიდროენერგეტიკაში ეს იყო ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი, ზარალმა კი 100-120 მილიონს მიაღწია. მადლობა ღმერთს, ადამიანები არ დაღუპულან, მაგრამ ეს მხოლოდ ინვესტორის ზარალი არ ყოფილა, ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგეტიკას, ენერგეტიკას მიადგა ზარალი... 

საოცარია, ასეთი ავარია მოხდა ქვეყანაში და მისი შესწავლა სახელმწიფოს მხრიდან კომისიურად არ მომხდარა თუნდაც იმიტომ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაშვებული შეცდომები არ განმეორდეს. გარკვეული რეგლამენტი უნდა შეიქმნას, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ამა თუ იმ სიტუაციაში. ფაქტია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შიდა ქსელში, ან გაზის დანადგარზე დაფიქსირდა გაჟონვა, თუმცა არ ვიცით, რამდენად ხარისხიანი, ტექნიკურად გამართული დანადგარი იყო დამონტაჟებული. კომპანიის დაკავებულ თანამშრომელს ჰკითხა მოსამართლემ, თქვენი აზრით, რამდენ ხანს ჟონავდა ბუნებრივი აირიო და უპასუხა, დაახლოებით, სამი დღეო. სხვისთვის შეიძლება ძნელია, მაგრამ ინჟინერი მარტივად დაითვლის, რომ შესაძლოა, 60, 90, ან 100 წუთიც საკმარისი იყოს, რათა იმდენი გაზი დაგროვდეს, რომ ძლიერი აფეთქება გამოიწვიოს. 

როდესაც გამანაწილებელი ობიექტების პრივატიზება მოხდა, ,,თბილგაზის'' პრივატიზებას ვგულისხნობ (სხვა გამანაწილებელ კომპანიებზე საუბარი არ მინდა), გადაწყდა, რომ ეს ობიექტი ,,ყაზტრანსგაზს'' უნდა ეყიდა. რატომ არავინ დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ამ კომპანიას ამ ტიპის ქსელების ექსპლუატაციის გამოცდილება? იყო თუ არა შესაბამისი საინვესტიციო გეგმა გაწერილი? ამის შემდეგ, 2009 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ დროებითი მმართველი შეიყვანა კომპანიაში, იმ მმართველსაც უნდა ჰქონოდა კონკრეტული გეგმა. დღეს რომ ერთ-ერთი ინჟინერი აცხადებს, მთელი ქალაქი ნაღმზეაო, თუ გაზის გამანაწილებელ სისტემას კვალიფიციური კომპანია და ინჟინრები სათანადოდ არ მართავენ, შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ ჩაატარებენ, ცხადია, მთელი ეს სისტემა ბუნებრივი პოტენციური ნაღმია. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ამ სისტემის აბსოლუტურად ყველა რგოლის პასუხისმგებლობის საკითხი დგას, თუმცა გაცილებით დიდია გამანაწილებელი კომპანიის პასუხისმგებლობა. 

სხვათა შორის, ამ დღეებში სპეციალურ ლიტერატურას გადავხედე, სადაც სტატისტიკური ინფორმაციებია ბუნებრივი გაზის გაჟონვისა და ავარიების შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში. ყოფილა შემთხვევები, როდესაც გაზის გაჟონვის დაფიქსირება დროულად ვერ ხდებოდა. გიმეორებთ, საუბარია სისტემურ შეცდომასა და დანაშაულზე, ამიტომ არ შეიძლება, მხოლოდ ორ ადამიანზე გადატყდეს ჯოხი. შესაძლოა, იმ აპარატურამაც უმტყუნა, რაც ხელთ ჰქონდათ. რამდენადაც ვიცი, ბინა, სადაც ავარია მოხდა, დაკეტილი იყო და ბინაში ხდებოდა გაზის გაჟონვა, ამიტომ სწორი არ იქნება, მხოლოდ ,,მეისრე'' დავადანაშაულოთ. აუცილებელია, ამ ტრაგედიას კომპლექსურად შევხედოთ, შევისწავლოთ, რათა ამ ტიპის ავარიების ალბათობა მომავალში მინიმუმამდე დავიყვანოთ. 

ვინ მართავს ,,ყაზტრანსგაზთბილისს'' 

კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაციით, შპს ,,ყაზტრანსგაზთბილისი'' ყაზახური ს/ს ,,ყაზტრანგაზის'' შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2006 წლის 9 მარტს თბილისში დაფუძნდა. 2009 წლის 16 მარტიდან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის #3/1 გადაწყვეტილებით, შპს „ყაზტრანსგაზთბილისი“, სპეციალური მართვის რეჟიმში ფუნქციონირებს. 

დედაქალაქის მასშტაბით, კომპანია 417 708 გაზიფიცირებულ აბონენტს ემსახურება, მათ შორის, მოსახლეობის სექტორში _ 401 704 აბონენტს, 1 898 მსხვილ მომხმარებელსა და 14 106 სამრეწველო და კომუნალურ მომხმარებელს. ეს მონაცემები დღითიდღე იზრდება. 

2006-2014 წლებში, შპს ,,ყაზტრანსგაზთბილისმა'' 92 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა ტექნიკური და აბონენტთა მომსახურების მიმართულებით. მოწესრიგდა კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ჩატარდა მიწისქვეშა გაზსადენების დიაგნოსტიკა, შეიცვალა ამორტიზებული და ავარიული ქსელის ნაწილი, აშენდა ახალი გაზსადენები და დამონტაჟდა ახალი გაზგამანაწილებელი სადგურები, მოწესრიგდა ბუნებრივი გაზის დაბალ წნევასთან დაკავშირებული პრობლემები. აღრიცხვიანობის მოწესრიგებისთვის, აქტიურად მიმდინარეობს მრიცხველების გამოტანის სამუშაოები. ამ დრომდე 220 000-მდე მრიცხველია გამოტანილი... 

სინამდვილეში, ,,ყაზტრანსგაზთბილისში'', ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული ორი ბიზნესკლანის _ ხვიჩა მაქაცარიასა (შარანგიების კლანი) და ბეჟუაშვილების ინტერესი იკვეთება. ეს არაა წყაროებზე დაფუძნებული ყვითელი ჭორი, ამ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე მივაკვლიეთ. 2018 წლის მდგომარეობით, შპს ,,ყაზტრანსგაზთბილისის'' გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე (ის ამავდროულად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ხელმძღვანელობს), სპეციალური მმართველი კი გიგლა თამაზაშვილია. კომპანიის 100%-იანი წილი ოფშორში, კერძოდ, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულ შპს ,,ვოლთბეის'' ეკუთვნის. ცხადია, ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის შესახებ ვერაფერს შევიტყობთ, რადგან კანონით, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, ასეთი უფლება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ან პროკურატურას აქვს. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შსს ან პროკურატურა საჭიროდ ჩათვლის, ამა თუ იმ კომპანიის შესახებ, რომელიც ოფშორშია რეგისტრირებული, დეტალური ინფორმაცია მიიღოს, შესაბამის ოფშორულ ზონას მიმართავს და დოკუმენტაციას გამოითხოვს. 

მართალია, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს ,,ვოლთბეი'' ბევრს არაფერს გვეუბნება, მაგრამ სამაგიეროდ, საჯარო რეესტრში ოფიციალურადაა რეგისტრირებული შპს ,,ვოლტბეი''. ყველაზე საინტერესო ამბავიც სწორედ აქედან იწყება. 2018 წლის 9 აგვისტოს, საჯარო რეესტრში, შპს ,,ვოლტბეი'' დარეგისტრირდა, რომლის დირექტორია საბერძნეთის მოქალაქე, მიხეილ მავრომატისი. ის ამავე კომპანიაში 50%-იან წილს ფლობს, ხოლო მეორე 50% _ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის. საჯარო რეესტრის ამონაწერში სპეციალური გრაფაა, სადაც კომპანიის მარეგისტრირებელმა პირმა საკუთარი ელექტრონული ფოსტა უნდა მიუთითოს. აი, ამ გრაფაში _ This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. არის მითითებული. 

საჯარო რეესტრის 2018 წლის 25 დეკემბრის მონაცემებით, შპს ,,ვოლტბეის'' უკვე ორი გენერალური დირექტორი ჰყავს _ დავით ბეჟუაშვილი და ხვიჩა მაქაცარია. კომპანიის 50%-იანი წილი ისევ მიხეილ მავრომატისს, ხოლო მეორე 50% ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის. ელექტრონული ფოსტის გრაფაში ჩანაწერი იცვლება და This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. გვხვდება. 

საჯარო რეესტრის ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ,,ვერსიის'' ინფორმაციით, რომელიც შესაძლოა, უტყუარი ჭეშმარიტება არ იყოს, ,,ყაზტრანსგაზთბილისის'' 100%-იანი წილის მფლობელი შპს ,,ვოლთბეი'' და რეესტრში მითითებული ,,ვოლტბეი'' ერთი და იგივეა. შესაბამისად, ,,ყაზტრანსგაზთბილისს'' ხვიჩა მაქაცარია და დავით ბეჟუაშვილი მართავენ. 

ძმები ბეჟუაშვილების კუთვნილ კომპანია ,,საქართველოს ინდუსტრიულ ჯუფს'' არასდროს დაუმალავს, რომ 2018 წელს, ,,ყაზტრანსგაზთბილისის'' შესყიდვა სურდა. ბეჟუაშვილების ენერგოინტერესზე შარშან, ,,ვერსიაში'' ვრცელი ჟურნალისტური მოკვლევაც გამოქვეყნდა. იმ პერიოდში, ,,ყაზტრანსგაზთბილისის'' მმართველმა ყაზახურმა ,,ყაზმუნაიგაზმაც'' კი დაადასტურა, რომ კომპანიის ყიდვა ბეჟუაშვილებს სურდათ, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარიგება ჩაიშალა. ახლა კი ირკვევა, რომ არა თუ ჩაიშალა, არამედ ბეჟუაშვილმა და მაქაცარიამ საერთო ენაც კი გამონახეს. 

ხვიჩა მაქაცარიასა და შარანგიების ინტერესებზე ,,ვერსიაში'' არაერთი სტატია გამოქვეყნდა. წლების წინ, როდესაც გიგი უგულავამ ,,ყვითელი სამარშრუტო ტაქსების'' ტენდერი გამოაცხადა, გაიმარჯვა კომპანიამ, რომელიც რესტორნების ქსელის ,,ჯი ემ ჯი გრუპის'' მფლობელებს ეკუთვნის. ესაა სწორედ შარანგიებისა და მაქაცარიას ბიზნესი. სხვათა შორის, ,,მარშუტკების'' ტენდერში გამარჯვებული კომპანიაც იგივე მისმართზე იყო რეგისტრირებული, რომელზეც ამ ქსელში შემავალი ერთ-ერთი რესტორანი ,,შემოხედე, გენაცვალე'', თუმცა ,,ყვითელი მარშუტკების'' შემდეგ, ძმებმა შარანგიებმა და ხვიჩა მაქაცარიამ ხელში ,,კავკასუს ონლაინი'' ჩაიგდეს... 

რაც შეეხება ძმებ ბეჟუაშვილებს, მათი კუთვნილი ჰოლდინგი _ ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი'' ათამდე თბო და ჰიდროელექტროსადგურს აერთიანებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 345 მეგავატია. ამავე ჯგუფში შედის „საქნახშირი“, რომელიც ტყიბულის ნახშირის მაღაროებს ამუშავებს. ბეჟუაშვილების კუთვნილი ჰოლდინგი, კომპანია „ინტერტრანსის“ საშუალებით, საქართველოს რკინიგზით შემოსული კონტეინერების განბაჟების პროცესსაც აკონტროლებს. სხვათა შორის, ,,ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა'', სს ,,ქართული ლუდის კომპანია'' და უძრავი ქონების კომპანია ,,ტიფლის სითიც'', ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის'' შვილობილი კომპანიებია. ბეჟუაშვილები სერიოზულ წილს ფლობენ საქართველოს ცემენტის, კირის, ღორღის, მშენებლობის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და ალკოჰოლური სასმელების ბაზრებზე. ბეჟუაშვილების კომპანია „გლობალტრანსმა“, ასეულობით მილიონი ლარის ოდენობის სახელმწიფო ტენდერი მოიგო. ტყიბულის შახტებში კი, რომლებსაც ბეჟუაშვილები ფლობენ, 2010 წლიდან დღემდე, 24 ადამიანი გარდაიცვალა და 19 დაშავდა!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში