საშინელი კრიმინალური ამბავი - ცოლმა ყოფილი ქმარი ცოცხლად დაწვა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავეზე

 

ბათო ჯაფარიძე

 

90-იან წლებში, კრიმინალური გარჩევები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო. სამწუხაროდ, დღე კი არა, ლამის, საათი არ გადიოდა, რომ არ გაგვეგო, ვიღაც მოკლეს, ვიღაც დააყაჩაღეს, ვიღაცას ავტომობილი წაართვეს. მართალია, ოფიციალური სტატისტიკის გამოსწორებას შსს ყოველნაირად ცდილობდა, მაგრამ ეს ძირითადად გაუხსნელი საქმეების სხვებისთვის ჩამოკიდების ხარჯზე ხდებოდა. იყო შემთხვევები, როცა მოკლულ კრიმინალს სამ-ოთხ მკვლელობასა და ათამდე ყაჩაღობას „ტენიდნენ“. რეალურად კი, 90-იანებში გაუხსნელი 10 ათასზე მეტი საქმე იყო. უმრავლესობას ახლა ხანდაზმულობის ვადა აქვს გასული და რომც გაიხსნას, დამნაშავეს პასუხისგებაში ვერავინ მისცემს...

 

თბილისის გარეუბანში, ერთ-ერთი ავტოსახელოსნოს სათავსო დაიწვა. პრინციპში, რაღა სათავსო დაიწვა, ის განყოფილება, სადაც ღამის დარაჯი ათევდა ხოლმე ღამეს. სახელოსნოს მეპატრონე ბოლო ხმაზე ყვიროდა, ამას წინათ, კრიმინალებმა მთხოვეს ფული და რომ არ მივეცი, იმიტომ დამიწვეს ყველაფერიო. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ორი დანახშირებული გვამი დახვდათ და არავინ იცოდა, მეორე გვამი ვის ეკუთვნოდა.

„სახელოსნოს მეპატრონეს დაპირისპირებული ჯგუფი ნამდვილად ჰყავდა, კონკურენტები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მათი საქმეები იმიტომ არ მიდიოდა კარგად, გვერდით სხვა სერვისი მუშაობდა და იმ სხვას ხელოსნებიც უფრო კარგი ჰყავდა. ამიტომ, დანაშაული პირდაპირ მიუთითებდა კონკურენტებზე და რაც მთავარია, მათ ორი კვირის წინ, სერვისის დაწვის მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ - მეპატრონემ მიუსწრო“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ის, რომ დამწვარი გვამებიდან ერთ-ერთი დარაჯის იყო, მეპატრონეს ეჭვიც არ ეპარებოდა. თქვა კიდეც, ძველი რუსული სამხედრო ქამარი სწორედ მას ეკეთაო და გადარჩენილი რკინის ბალთა ამას ადასტურებდა. ოჯახის წევრებმაც დაადასტურეს, რომ გარდაცვლილებიდან ერთ-ერთი სწორედ დარაჯი იყო, რომელსაც ორი წლის წინ ფეხი ჰქონდა მოტეხილი და სპეციალური სამაგრი რკინა ედო. რკინაც იქვე იპოვეს.

რაც შეეხება მეორე გვამს, მიახლოებითაც კი ვერავინ ხვდებოდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან სახელოსნოს ყველა თანამშრომელი ამბის გაგებისთანავე ადგილზე მივიდა. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, დარაჯი არ სვამდა, ვინმე თანამეინახე რომ ჰყოლოდა, სხვა უბნიდან იყო და აქ არც სანაცნობო-სამეგობრო ჰყავდა, რომ დაეპატიჟაო და თანაც, ღამის 2 საათზე, ნაცნობის შეფარება ცოტა უცნაურადაც ჩანდა, ამ დროს, წესით, ადამიანი შინ უნდა იყოს.

რაღა თქმა უნდა, გამომძიებლებმა, პირველ რიგში, კონკურენტი სახელოსნოს თანამშრომლები და ხელმძღვანელობა დაკთხეს. მათ ქვა ააგდეს, ამას არ ვიკადრებდით, ცოცხალი კაცი შიგნით დაგვეწვა და ადრეც, როცა ჩვენ დაგვბრალდა ცეცხლის წაკიდების მცდელობა, რეალურად, ცეცხლი დავინახეთ და ჩაქრობას ვაპირებდით. მათ კი ეგონათ, ჩვენ ვუკიდებდითო. მაინც გადაამოწმეს და ყველას უტყუარი ალიბი ჰქონდა - ცეცხლის გაჩენის მომენტში, ისინი იქ ვერ იქნებოდნენ.

„რატომღაც, ეჭვი გვქონდა, რომ მთავარი სამიზნე სწორედ ის მეორე მამაკაცი იყო, რომელზეც ექსპერტიზამ დასკვნა დადო, ჯერ თავში ჩარტყმით გათიშეს და შემდეგ დაწვესო, თან რაღაც არ მომწონდა დარაჯის შვილის ნაამბობში, თითქოს რაღაც აწუხებდა, მაგრამ ცოცხალი თავით არ ამბობდა. ამიტომ, უპირველეს ამოცანად სწორედ ის დავისახეთ, გაგვეგო, ვინ იყო მეორე გარდაცვლილი. მახასიათებელი ნიშანი არ ჰქონდა. ერთი ეგ იყო, ექსპერტმა თქვა, ასე, 45-50 წლამდე მამაკაცი იქნებაო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებს ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდათ, ამიტომ დარაჯის გასვენებაში წავიდნენ, ეგებ, იქ მოვკრათ რამეს ყურიო და კარგად გაიგონეს, სამუდამო სამყოფელში ჩასვენების წინ, შვილმა როგორ დაატირა - მაპატიე, მამა, ჩემი ბრალიაო. ეს აღიარებითი ჩვენება თუ არა, ახალი ძაფი ნამდვილად იყო, რომელიც ოპერმუშაკებს აუცილებლად უნდა მოექაჩათ და ამიტომ, სასაფლაოდან შვილი პირდაპირ განყოფილებაში წაიყვანეს.

„იმ დღეს, როცა მამა დაიწვა, სამსახურში არ უნდა წასულიყო. არ ვიცი, ვინ დაურეკა, მაგრამ უთხრეს, დღეს არ მუშაობო და შინ დარჩა. მე კი საღამოს გვიანობამდე მეგობრებთან გართობა მინდოდა. მამამ არ გამიშვა, ვიკამათეთ, ბოლოს ვუყვირე, ვუთხარი, არ მაინტერესებს, შენ რა გინდა და რას ფიქრობ-მეთქი და წავედი. ანერვიულებულა, სახლში ყოფნა აღარ მინდაო და სამსახურში წავიდა. რომ არა ეს, ცოცხალი იქნებოდა“, - თქვა შვილმა.

სამართალდამცავებმა მარტივად დაადგინეს, რომ იმ ღამეს დარაჯთან სახელოსნოს მეპატრონის სახლის ტელეფონიდან დაირეკა და მათ შინ მიადგნენ. როგორც კი სამართალდამცავების მისვლის მიზეზი გაიგეს, სერვისის მფლობელმა მშვიდად თქვა - ყველაფერი ჩემი ბრალია, ცეცხლი მე გავაჩინე, ის კაციც მე დავწვი, მაგრამ არ მეგონა, თუ დარაჯი სამსახურში იქნებოდაო. გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს და მამაკაცი განყოფილებაში გადაიყვანეს.

„ჩემი ცოლი რამდენიმე წლის წინ გავიცანი. ის გათხოვილი იყო, მაგრამ ქმარი ციხეში ჰყავდა, გრძელვადიან სასჯელს იხდიდა. ერთმანეთი შეგვიყვარდა, ის ქმარს დაშორდა, ვიქორწინეთ და ბედნიერებიც ვიყავით. ამას წინათ კი ყოფილი ქმარი გამოჩნდა და შანტაჟი დაგვიწყო, ფულს ითხოვდა. ერთხელ მივეცით, ორჯერ, რომ აღარ გაჩერდა, მოკვლა გადავწყვიტე. სახელოსნოში ვითომ ფულის მისაცემად დავიბარე, მანამდე მოხუცს ვუთხარი, დღეს სამსახურში არ მოხვიდე-მეთქი. თავში რკინა ჩავარტყი, საყარაულო ოთახში შევიყვანე და ცეცხლი წავუკიდე. არც გამიხედავს ლოგინისკენ, სადაც ჩემს დარაჯს მშვიდად ეძინა. ამას ვნანობ, იმ არაკაცის მოკვლას - არა“, - დაასრულა დაკავებულმა.

ის იყო, მისი ჩვენება ოფიციალურად უნდა გაეფორმებინათ, რომ განყოფილებაში მისი მეუღლე მოვიდა და მშვიდად თქვა - ჩემი ქმარი გაათავისუფლეთ, ყოფილი ქმარი მე მოვკალი! გამომძიებლებმა ერთმანეთს გადახედეს და ახლა ქალის ვერსია მოისმინეს.

„წლების წინ, წვეულებიდან მოვდიოდი, საჭესთან ვიჯექი და ავარია მომივიდა, ორსულ ქალს დავეჯახე. შემთხვევის ადგილიდან მივიმალე და ყველაფერი ქმარს ვუთხარი. ვიღაცებმა ნომერი დაინახეს და მილიცია სახლში მალე მოგვადგა. ქმარიც ნასვამი იყო, მაგრამ თქვა, საჭესთან მე ვიყავიო. მაშინ არ ვიცოდით, რომ ორსული ქალი მოვკალი, თანაც ქმრის თანაკლასელი კარგ თანამდებობაზე მუშაობდა და მისი იმედი გვქონდა, თუმცა გარდაცვლილი ქალი მილიციის მაღალჩინოსნის და აღმოჩნდა. ამიტომ, ჩემს ქმარს 13 წელი მისცეს ანუ ბოლომდე გაწირეს, შემთხვევის ადგილის მიტოვება, ის რომ, ნასვამი იყო... მაშინ მეგონა, მთელი ცხოვრება დაველოდებოდი, მაგრამ რამდენიმე წელი გავიდა და სიგიჟემდე შემიყვარდა. ჰო, ჩემი მომავალი ქმარი შემიყვარდა და იმის მიუხედავად, რომ პირველი ქმარი წინააღდეგი იყო, მას გავშორდი და ხელმეორედ გავთხოვდი. როცა ციხიდან გამოვიდა, შინ მოგვაკითხა, ფული მოითხოვა. მივეცით, მერე კიდევ მოგვაკთხა და კიდევ მივეცით. ბოლოს, სახლთან დაგვიყარაულა, როცა ქმარი სახლიდან გავიდა, ამოვიდა და გამაუპატიურა, მეკუთვნის, შენს გამო, 13 წელი ვიჯექიო და დამიბარა, ორ დღეში ფულს კიდევ მომცემ, სხვა რამესაც უკვე ნებით და ერთმანეთს დავემშვიდობებითო. ქმრისთვის არაფერი მთქვამს, ვიცოდი, ვერასდროს მოვიცილებდი, ამიტომ დარაჯს მე დავურეკე, გავაფრთხილე, რომ არ მოსულიყო და სახელოსნოში მივედი. როგორც კი ჩემკენ ზურგით დადგა, თავში რკინის კეტი ჩავარტყი, მერე სადარაჯო ოთახში შევათრიე, ბენზინი დავასხი და ცეცხლი წავუკიდე. მართლა აღელვებული და დაბნეული ვიყავი, ის მოხუცი არც შემიმჩნევია“, - დაასრულა მოყოლა ქალმა.

სამართალდამცავებმა დეტალების გამოკითხვის შემდეგ, დაადგინეს, რომ სიმართლეს ქალი ამბობდა და განზრახ და გაუფრთხილებელი მკვლელობისთვის... 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 3 წელი პირობით ერგო მის ქმარს, დანაშაულის დაფარვისთვის. როგორც გაირკვა, ქმარმა მომხდარიდან ერთ საათში, ყველაფერი იცოდა. ჰო... ისიც გაირკვა, რომ წყვილი ბავშვს ელოდა და გაუპატიურების შემდეგ, ქალს მუცელი მოეშალა. ამის თაობაზე მან დაკავების შემდეგ გაიგო, სასწრაფოდ ოპერაციაც გაუკეთეს, რათა გარდაცვლილი ნაყოფი ამოეღოთ. სწორედ მაშინ თქვა ქალმა, შანსი რომ მქონდეს, იმ არაკაცს კიდევ ერთხელ მოვკლავდიო. ახლა, ის არის საინტერესო, ვინ უფრო დიდი დამნაშავეა, ქალი, რომელმაც ყოფილი ქმარი მოკლა, თუ კაცი, რომელმაც ცოლის გამო, ციხეში 13 წელი გაატარა?!