„ოპოზიციაში სერიოზული სტაგნაციაა და უნდა გადავდგათ ნაბიჯები გაერთიანებისკენ“ - ნონა მამულაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 „ამ პოლიტიკური მოცემულობით, ვერ გეტყვით, რომ შეიძლება, ევროკავშირმა თანხმობა მოგვცეს“

 თათია გოჩაძე

 საქართველო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინშია - მალე გაირკვევა, მოგვანიჭებს თუ არა ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ევროკომისია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მოსაზრების დოკუმენტს წარადგენს, რომელზე დაყრდნობითაც, მოგვიანებით, გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს.ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა სცენარებ, რომლებიც შესაძლოა, საქართველოსთან მიმართებაში განვითარდეს: კანდიდატის სტატუსი დამატებითი პირობებისა და ვალდებულებების გარეშე; კანდიდატის სტატუსი დამატებითი პირობებით და ვალდებულებებით; პოტენციური კანდიდატის სტატუსი; ჩანაწერი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი; გადაწყვეტილების მიღების გადადება.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირისგან საქართველოს მიმართ უარის თქმის საფუძველი არ არსებობს. რა მოლოდინია, ამ მხრივ, ოპოზიციაში და გრძნობენ თუ არა დასავლეთიდან პირდაპირ სიგნალებს, რომ პარტნიორები მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ფსონს მმართველ ძალაზე კი არა, ოპოზიციაზე დადებენ? ლევან ბერძენიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ვინც პოლიტიკაში ოდნავ მაინც ერკვევა, არ გაუჭირდება ამ სიგნალების დანახვა და 2024 წელს, „ქართული ოცნება“ მმართველობას დაკარგავსო. ამ საკითხებზე, „ვერსიას“ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი, ნონა მამულაშვილი ესაუბრა:   

- ქალბატონო ნონა, რა მოლოდინი გაქვთ, ევროკავშირისგან თანხმობას მივიღებთ?

- დიდი სურვილი მაქვს, „ქართული ოცნების“ მავნებლობის მიუხედავად, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ვხედავთ, რა განცხადებები გამოქვეყნდა „ტვიტერში“ იმ ევროპარლამენტარების მხრიდან, რომლებსაც შურაცხყოფას აყენებს „ქართული ოცნება“ ყოველ დღე, მათ შორის, ვიოლა ფონ კრამონს. რაც მათ „ტვიტებში“ წერია, შეიძლება, იყოს გადაწყვეტილება, რასაც ევროკავშირი გაგვაცნობს ანუ კარი არ იკეტება, მაგრამ წადით სახლში და იმეცადინეთ დემოკრატიაშიო...

- ევროკავშირი გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელმწიფოს, საზოგადოებისთვის და თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა სახელისუფლებო ძალა მხოლოდ დროებითი მმართველია, სტატუსის მინიჭებისას, გადამწყვეტი ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება არ უნდა იყოს...

- თუ ისეთი გადაწყვეტილება იქნება, რაც ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერში“ დაწერა, არ გვეუბნებიან უარს, მაგრამ ამბობენ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს „სამეცადინო“, რათა რეალური დემოკრატიისკენ გავაგრძელოთ სვლა. როგორც გვეუბნებიან და ვხედავთ კიდეც, შევაჩერეთ ეს პროცესი, რადგან ყველაფერი, რაც ევროკავშირმა მოითხოვა, შარლ მიშელის დოკუმენტის ჩათვლით, დააიგნორა „ქართულმა ოცნებამ“ და თავზე გადაახია საქართველოს მოსახლეობას. უდიდესი სურვილი მაქვს, მიგვიღონ, მაგრამ ამ პოლიტიკური მოცემულობით, ვერ გეტყვით, რომ შეიძლება, ევროკავშირმა თანხმობა მოგვცეს, რაც ძალიან ცუდი, მაგრამ დროებითი იქნება.

- ხელისუფლებას აკრიტიკებთ, რომ არ გადაიდგა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით შესაბამისი ნაბიჯები, მმართველი ძალა კი ოპოზიციისკენ იშვერს ხელს... სად გადის ჯანსაღი კრიტიკის ზღვარი, რომ ევროპული ოჯახის თვალში, სახე შევინარჩუნოთ და კანდიდატის სტატუსის ღირსად ჩაგვთავლონ?

- ჯანსაღად ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას ჩვენც და ევროპარლამენტარებიც, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ნებისმიერ კრიტიკას უპირისპირებს ზიზღის ენას. იმ დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც საქართველოს ინტერესებს იცავენ, უწოდებენ ნაციონალური მოძრაობის ლობისტებს, კრიმინალების მფარველებს და საოცარ განცხადებებს ვისმენთ... როცა გინდა, რომ შენმა ქვეყანამ გადადგას ნაბიჯი ევროკავშირისკენ და იცი, რომ ასეთი გამონათქვამები პირდაპირ მიდის ევროკავშირში; როცა ასეთი მძიმე კრიტიკის ფონია; არ ასრულებ ევროკავშირის მიერ წამოყენებულ პირობებს და ამ ფონზე, ეძებ ვიღაცას, რომ რამე გადააბრალო... ერვოკავშირს საქართველოში ჰყავს საკუთარი მისია, უამრავი დამკვირვებელი, რომელიც აკონტროლებს, თუ რას აკეთებს მმართველი ძალა. შესაბამისად, გადაწყვეტილებაც იქნება ანალოგიური. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში, იდეალიზმი სძლევს ევროკავშირს, ვიდრე - პრაგმატიზმი და საქართველოს მოსახლეობას მისცემს შანსს და არა - საქართველოს მთავრობას, თუმცა ამ ფონზე, ეჭვი მეპარება, ასე მოხდეს.

- რამდენიმე დღის წინ, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, დასავლეთიდან მკვეთრი სიგნალები მოდის და მომავალ არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვლებაო. ამ სიგნალებს თქვენც გრძნობთ?

- „ქართული ოცნებიდან“ სიგნალებს საკუთარ თავზე იმით ვგრძნობთ, რომ გვაპატიმრებენ - ოპოზიციური პარტიების თუ მედიების ლიდერებს. რაც შეეხება დასავლეთიდან სიგნალებს, თუ გავაანალიზებთ, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, რა კომუნიკაციაც აქვს ხელისუფლებას დასავლეთთან, ალბათ, ვერ გაიხსენებთ ერთ ევროპარლამენტარს, კონგრესმენს ან სენატორს, რომელიც დადებითად მოიხსენია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა. ეს იმის მანიშნებელია, რომ მეგობრები არ ჰყავთ და ეს შედეგი მათმა მავნებლურმა პოლიტიკამ მოუტანა საქართველოს. სამწუხაროდ, ამის ფასს იხდის საქართველოს მოსახლეობა და ესაა ყველაზე მტკივნეული. ქართველმა ხალხმა ნათლად აირჩია გზა, მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ფასადი შეენარჩუნებინა და „ტრიუკების“ ხარჯზე მოეტყუებინა, საქართველო მიდის დასავლეთისკენო, მაგრამ სინამდვილეში, ვნახეთ, როგორაა გაზრდილი და გაძლიერებული რუსული გავლენები ქვეყანაში. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ 2024 წლისთვის, ეს ხელისუფლება აღარ იქნება მმართველობაში.

- იმისთვის, რომ დასავლეთმა ფსონი ოპოზიციაზე დადოს, რა იქნება უმჯობესი - გაერთიანდეს ოპოზიცია, ცალკეული პარტიები გაძლიერდნენ თუ ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს?  

- გამოსავალი კოალიციურ მთავრობაშია. საქართველოში ერთმმართველობა არ ამართლებს და უკვე მესამედ ვნახეთ, რომ ასეთი მოცემულობით აგებს საქართველოს სახელმწიფო და მოსახლეობა. ამიტომ, პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და ყველა პოლიტიკურმა ძალამ იფიქროს, როგორ იაზროვნოს ვიწრო პოლიტიკური კონტექსტის მიღმა და იზრუნოს საქართველოს მოსახლეობაზე.

- ქალბატონო ნონა, თქვეს განცხადებებში, ხშირად ვხედავ გულისწყვეტასა და კრიტიკას, რომ ოპოზიცია სტაგნაციაშია. ამ პასიურობის მიზეზი მიხეილ სააკაშვილია? ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიაში პოლიტიკიდან წასვლაც კი სთხოვეს, რადგან ხელი არ შეუშალოს კოალიციის პროცესს...

- ცოტა ხანია, რაც პოლიტიკაში შემოვედი და სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ უფრო მყარი პოლიტიკური შეხედულებები და გეგმები დამხვდებოდა. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ახალი ადამიანი შემოვიდეს პოლიტიკაში, რომელიც ახალი ხედვით, სხვანაირად წარმოაჩენს საქართველოში არსებულ პრობლემებს. მოსახლეობას სჭირდება სიახლე და როცა ვერ ან არ ასრულებ ხალხის დაკვეთას, უნდა გადადო პირადი ამბიციები და დაუთმო ასპარეზი მომავალ თაობას. ეს ბევრ პოლიტიკურ ლიდერს უჭირს და ამის შეცვლა იქნება ძალიან რთული, მაგრამ არა - შეუძლებელი.

- მიხეილ სააკაშვილს გულისხმობთ, მას უჭირს, რომ გზა ახალგაზრდებს დაუთმოს?

- მიხეილ სააკაშვილს ღიად აქვს გაცხადებული, რომ არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას. მას ერთადერთი რამ უნდა - შესაძლებლობა ჰქონდეს, საქართველოში ჩამოდიოდეს მაშინ, როცა მოესურვება, როგორც ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და ადამიანს, რომლის სახელსაც უკავშირდება უზარმაზარი რეფორმები. ამ ერთადერთი მოთხოვნის გამო ზის ციხეში და იმედია, სავალალო შედეგით არ დასრულდება მისი საქართველოში დაბრუნება.

- პოლიტიკაში უშუალო ჩართულობას კი არა, საკითხი გავლენას ეხება, ქალბატონო ნონა, სააკაშვილის გავლენას ენმ-ზე...

- როცა მიეცემა საშუალება ახალგაზრდა თაობას, რომ მოვიდეს და თავისი ადგილი დაიმკვიდროს, ვერანაირი გავლენა... გავლენა პოლიტიკაში ყოველთვის იქნება, მაგრამ უნდა შეიქმნას ისეთი პოლიტიკური კლასი, რომელიც გავლენების ქვეშ არ მოექცევა. უნდა გავიზიაროთ გამოცდილება, რაც აქვთ წარსულ პოლიტიკურ ძალებს; ვისწავლოთ კარგი, რაც გააკეთეს; გავიაზროთ შეცდომები, რაც დაუშვეს და გავაგრძელოთ იმ გზაზე სვლა, რომელიც აირჩია საქართველოს მოსახლეობამ.

- ახლა გამახსენდა ენმ-ს ბოლო რეორგანიზაცია, როცა ნიკა მელიამ ახალი სახეები წარგადგინათ, თუმცა თქვენს გარდა, არც ერთი მათგანი არ აქტიურობს და პარტიაში ისევ „ძველები“ არიან წინა ხაზზე. არადა, ენმ ყველაზე მრავალამომრჩევლიანი ოპოზიციური პარტიაა და რა უდგას წინ, რეალურ რეორგანიზაციას, პარტიის „ახალგაზრდული სისხლით“ გადახალისებას?

- უნდა დავიბრუნოთ ამომრჩევლის ნდობა და რეალურად ვაჩვენოთ, რომ არა მხოლოდ სიტყვით ვახდენთ ცვლილებებს, არამედ, საქმითაც. საქმით კი ჯერ ვერ ვაჩვენებთ, რომ ცვლილებებს ვახდენთ.

- კი, მაგრამ ვინ არის ამაში დამნაშავე, პარტიის „ლიდერშიფი“?

- დამნაშავეების ძებნას ხომ არ დავიწყებთ? ყველა ვართ ამაში დამნაშავე, ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას, უფრო მეტი ენერგია და მონდომება უნდა ჩაგვედო და ახლაც, როცა ვხედავთ, რომ საკმაოდ სერიოზული სტაგნაციაა ოპოზიციაში, უნდა გადავდგათ ნაბიჯები გაერთიანებისკენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რადგან ესაა ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს და მოგვაგებინებს არჩევნებს. ცალ-ცალკე, ჩვენ ვართ ძალიან სუსტები და მიუხედავად პროცენტულობისა, ცალ-ცალკე, ყოველთვის მოგვერევა „ქართული ოცნება“, რადგან მას აქვს უზარმაზარი რესურსი. ამ მოცემულობით, ურთულესია რაიმეს შეცვლა, თუ არ მოხდა გაერთიანება... ყველა მეთანხმება, რომ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ სამწუხაროდ, მე გადაწყვეტილების მიმღები არ ვარ. ერთი რიგითი თანამშრომელი ვარ, რომელიც განიცდის, საკუთარ აზრს აზიარებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა იზიარებს იმას, რასაც ვამბობ ხოლმე. ამიტომ ვფიქრობ, უფრო მეტი „ბრეინშტორმინგი“ სჭირდება, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ასეთი კრიზისული ვითარებიდან ისე, რომ ქვეყნის ინტერესები არ დაზიანდეს.  

- ხმა დადის, რომ შეიძლება, ენმ-ს, ნიკა მელია თავის გუნდით გამოეყოს და ცალკე პარტია შექმნას. მართალია?

- არა, ეს არის სპეკულაციები. ნაციონალური მოძრაობის დაშლით, არ ვფიქრობ, რომ რამე შეიცვლება დღევანდელ პოლიტიკურ ველზე. რეალური განახლებით, ახალი სტრატეგიითა და ახალი ხალხის მოსვლით, კი, ბატონო, ვფიქრობ, დიდი შესაძლებლობა გაჩნდება, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც აპათიაშია, შემოვაბრუნოთ და იმედი დავუბრუნოთ.