Menu
RSS

თიბისისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიას შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა

რას გულისხმობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა

თიბისი ბანკსა და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიას შორის, პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა. ეს შეთანხმება სამწლიან თანამშრომლობასა და მთის კურორტების მომავალი გეგმების ერთობლივად განხორციელებას გულისხმობს. კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მიზანია, მათი მომსახურების განვითარება, ასევე საქართველოს მთის კურორტების გაძლიერება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, მთის კურორტების განვითარების კომპანია და თიბისი 2015 წლიდან თანამშრომლობენ. მისი თქმით, ეს თანამშრომლობა კვლავ გრძელდება, რაც თიბისისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია: 

,,საქართველოში მთის კურორტების განვითარება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ვფიქრობ, სახელმწიფოსა და კერძო სექტორებს შორის ასეთი თანამშრომლობა ორივე მხარეზე პოზიტიურად აისახება და საბოლოო ჯამში, საუკეთესო შედეგს მივიღებთ. დღევანდელი ხელშეკრულება სახელმწიფოსა და თიბისის თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია. ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვთანამშრომლობთ მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან, მაგრამ დღეს კიდევ სამი წლით გავაგრძელეთ ეს ხელშეკრულება, რაც ძალიან კარგი საშუალებაა, რათა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის უფრო კარგად მოვემზადოთ. ვფიქრობ, დღევანდელი ხელშეკრულება სტრატეგიულ თანამშრომლობას მოიცავს, რადგან ერთი მხრივ, ჩვენი ბრენდი ხელს შეუწყობს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ცნობადობის ზრდას, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა საინტერესოა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში რამდენიმე ახალი, სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულების პროექტების განხორციელება კვლავაც იგეგმება და თიბისი ფიქრობს, ამ პროექტებშიც ჩაერთოს''. 

ახალი შეთანხმების ფარგლებში, თიბისისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდა და შემდეგი მიმართულებები მოიცვა: მთის კურორტების ციფრული პლატფორმების გაძლიერება; საერთო მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელება; საქართველოს მთის კურორტების ცნობადობის გაზრდა საერთაშორისო მასშტაბით; ონლაინ გაყიდვების გაზრდა და ფინანსური ოპერაციების გამარტივება. 

მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა, თეიმურაზ გამცემლიძემLაღნიშნა, რომ მათი თანამშრომლობა კერძო სექტორთან სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისა და პოზიციონირების მხრივ, უმნიშვნელოვანესია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე: 

,,თიბისისთან გრძელვადიანი თანამშრომლობის შედეგად, უკვე არსებული სერვისები გაუმჯობესდება და რაც მთავარია, ახალი ტექნოლოგიები დაინერგება. ინოვაციების დანერგვა კი მთის კურორტების ვიზიტორებს მეტ კომფორტს შეუქმნის, რაც ჩვენი კომპანიის უმთავრესი მიზანია. ჩვენ აქამდეც საკმაოდ წარმატებული გამოცდილება გვქონდა თიბისისთან თანამშრომლობის, მაგრამ პროექტების უკეთ განსახორციელების მიზნით ჩავთვალეთ, რომ ხელშეკრულების ვადა გაგვეგრძელებინა. ეს გულისხმობს სხვადასხვა ფუნქციას, ასევე ბევრი ახალი სერვისის დანერგვას, როგორც ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ასევე ონლაინ-სერვისებსა და მარკეტინგულ აქტივობებს შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე. ძალიან ბევრი, ერთობლივი პროექტი გვაქვს, რომლებსაც მომხმარებელი მალე იხილავს, თუმცა დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო მეტ ახალ და საინტერესო პროექტს შევქმნით ერთობლივად''. 

მთის კურორტების განვითარების კომპანია 2013 წელს დაარსდა. 2014 წლამდე, კომპანია მხოლოდ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტს მართავდა. 2014 წლიდან, კომპანიას ეტაპობრივად, მმართველობაში გადაეცა ბაკურიანის (დიდველი, კოხტა, მიტარბი), გოდერძისა და სვანეთის (თეთნულდი, ჰაწვალი) სამთო-სათხილამურო კურორტები. 

დაარსებიდან მოყოლებული, ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე მთის კურორტების განვითარების კომპანიამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა, რამაც ვიზიტორების ზრდას შეუწყო ხელი. 2019 წლის ჩათვლით, ზამთრის სეზონზე, ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე, ვიზიტორების რაოდენობა 578%-ით, ხოლო ზაფხულში _ 654%-ით გაიზარდა. ზამთრის სეზონისთვის მზადებასთან ერთად, ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. ეს და ყველა სხვა პროექტი, რომელიც ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდება, კურორტს ახალ სიცოცხლეს შემატებს და ზამთრის სპორტული სახეობების მოყვარულთათვის, დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს შექმნის. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში