Menu
RSS

მამუკა ბახტაძე: „ავანტიურისტებმა, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ბელადს, გააკეთეს ყველაფერი, რათა ეკონომიკა გაჩერებულიყო!“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეკონომიკის მდგრადი განვითარება ეფუძნება სტაბილურობას და პროგნოზირებად გარემოს, ასევე პროგნოზირებადი თამაშის წესებს.

„ტურიზმის სექტორი საქართველოში არის ყველაზე სწრაფად ზრდადი, ამასთანავე ეს არის სექტორი, სადაც ინკლუზიურობა, ანუ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც ჩართულია ამ სექტორში, არის ყველაზე მაღალი. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ტემპი ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით. 20 ივნისზე შეფასება არაერთხელ გაკეთდა და კიდევ ერთხელ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ეს იყო სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი. პირადად მე და ჩემი გუნდის ყველა წევრი ვუერთდებით იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც ჰქონდა ჩვენს საზოგადოებას და ახალგაზრდებს, რომლებიც 20 ივნისს გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე. მაგრამ, ეს ავანტიურისტები შეეცადნენ ეს გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინათ თავიანთი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის და მიიტანეს შეტევა საქართველოს კონსტიტუციაზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, საბაზრო ეკონომიკის მდგრადობაზე, მარტივი კითხვა ხომ უნდა დავსვათ - რას ეფუძნება ეკონომიკის მდგრადი განვითარება? - ეს ეფუძნება სტაბილურობას და პროგნოზირებად გარემოს, ასევე პროგნოზირებადი თამაშის წესებს. ის ნეგატიური ტალღა, რაც ამ ავანტიურისტებმა შექმნეს, ეკონომიკას ეხმარება თუ პირიქით, აფერხებს? - ეს კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ იმ ექსპერტებს, რომლებიც ამ კითხვას სვამენ. თან მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ტურისტულ სექტორზე, რომელიც ყველაზე მზარდი დარგია საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ მინისტრმა აღნიშნული კომენტარი დუშეთში გააკეთა, სადაც დუშეთის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია იწყება. მთავრობის მეთაურის თქმით, არც ერთი დაგეგმილი პროექტი არ შეჩერდება.

„აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩემი ამ რეგიონში ვიზიტი ემსახურება იმას, რომ ჩვენ დავრწმუნდეთ, არც ერთი მშენებლობა, რომელიც იგეგმებოდა, იქნება ეს საოჯახო სასტუმრო, თუ სხვა მსხვილი პროექტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს მთავარ მიზანს, რეგიონში შექმნას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, არც ერთი არ გაჩერდება. პირიქით, უფრო სწრაფი ტემპით გავაკეთებთ ამ ყველაფერს. ტურიზმის სექტორი, დარჩება ეკონომიკის მთავარ ლოკომოტივად, როგორც ეს იყო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში