Menu
RSS

თიბისი დაზღვევა ბაზარზე ჯანმრთელობის დაზღვევით შედის

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს უკვე ჯანმრთელობის დაზღვევას სთავაზობს. უპირატესობა, რაც ამ კომპანიას სხვებისგან გამოარჩევს, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაა. მეტიც, თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევა, დაზღვეულზე ორიენტირებული, თანამედროვე და გამჭვირვალე სისტემით გამოირჩევა. რაც მთავარია, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიზნით, თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევა აქცენტს გრძელვადიან თანამშრომლობაზე აკეთებს, როგორც დაზღვეულებთან, ასევე ორგანიზაციებთან და პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებთან.

თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის, პაატა ღაძაძის განცხადებით, სტრატეგიულ პარტნიორ კლინიკებს შორის, ისეთი სამედიცინო დაწესებულებები არიან, რომლებიც გამოცდილებითა და მაღალკვალიფიციური პერსონალით, უახლესი აპარატურითა და ინფრასტრუქტურით გამოირჩევიან. მისი თქმით, ესენია ,,მედიკორი'' და ქართულ-ამერიკული კლინიკა. თუმცა, როგორც პაატა ღაძაძემ განმარტა, სულ მალე ამ კლინიკებს კიდევ ერთი კლინიკა დაემატება, რომელიც ბაზარზე რებრენდინგის შემდეგ შემოვა: 

,,დიდი ხანია, სამედიცინო დაზღვევის განვითარება გვინდოდა, რისთვისაც შევისწავლეთ, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი გამოცდილება, მომხმარებლების მოთხოვნები. ამის საფუძველზე, ბოლო რვა თვის განმავლობაში, საკმაოდ გამოცდილ გუნდთან ერთად, თითოეული სერვისი, კლინიკებისა და პროვაიდერების პლატფორმები დავამუშავეთ და შედეგად, დროის ეკონომიის მიზნით, სწორედ მომხმარებლის მხრიდან დანახულ სამედიცინო მომსახურებას ვთავაზობთ. ჩვენ 200-ზე მეტი პროვაიდერი შევარჩიეთ, რომლებსაც გარკვეული მოთხოვნები წავუყენეთ და ვინც ამ მოთხოვნებს შეასრულებს, მასთან გრძელვადიანად ვითანამშრომლებთ. ეს ნიშნავს, როგორც საინვესტიციო პლატფორმების შექმნას ჩვენი პროვაიდერი კლინიკებისთვის და ჩვენ მზად ვართ, მათ მაღალი ხარისხის მომსახურებისთვის საჭირო ინვესტიციებშიც დავეხმაროთ, ასევე ონლაინ და ციფრული სისტემების შემოღებასაც, რაც ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია''. 

პაატა ღაძაძის თქმით, სექტემბერ-ოქტომბერში, ახალი, ინოვაციური პლატფორმა შეიქმნება, რომელიც განსაკუთრებული იქნება და მას თიბისის ხელწერა დაეტყობა. თიბისი დაზღვევა თითოეულ დამსაქმებელს, ინდივიდს, მომხმარებელს ჰპირდება, რომ მაქსიმალურად გამორჩეულ და მხოლოდ თიბისისთვის დამახასიათებელი, განსაკუთრებული ხელწერის მქონე სამედიცინო დაზღვევის მომსახურებას შესთავაზებს. 

თიბისი დაზღვევისთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა მისცეს. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიღება ნებისმიერ, ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. თიბისი ჯანმრთელობის დაზღვევის დირექტორმა, ნინო გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ კომპანია სამედიცინო დაწესებულებების ფართო ქსელთან თანამშრომლობს და ამ დრომდე, 200-მდე პარტნიორი ჰყავს, მათ შორის ყველა წამყვანი კლინიკა: ,,ევექსი'', ,,ჯეო ჰოსპიტალსი'', ,,მედიქლაბი'', ,,ინოვა'' და სხვები: 

,,პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან კარგად შევისწავლეთ ჩვენი დაზღვეულების ქცევა. ვიცით, რომ თანამედროვე ადამიანი ძალიან დაკავებულია, მისთვის თითოეული წუთი ფასეულია, ამიტომ უმთავრესი უპირატესობა, რაც ჩვენს სერვისებს გამოარჩევს, მომსახურების მიღების სიმარტივე და სისწრაფე იქნება. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ივნისიდან ვუშვებთ ვებ-აპლიკაციას, რომლითაც ჩვენს დაზღვეულებს, რამდენიმე წუთში შეეძლებათ სამედიცინო ანაზღაურების მიღება. მეტიც, კომპანიების, ადმინისტრაციებისა და დეპარტამენტებისთვისაც ვამარტივებთ დაზღვევით სარგებლობის პროცესს და სულ მალე, მათთვისაც გავუშვებთ ვებ-აპლიკაციას, რომლითაც ისინი, საკუთარ კომპანიებში, მარტივად შეძლებენ ინფორმაციის მობილიზებას და ფაქტობრივად, ერთ ღილაკზე თითის დაჭერით, სადაზღვევო კომპანიაში ანუ ჩვენთან, ინფორმაციას გამოაგზავნიან. რა თქმა უნდა, ციფრული არხები კიდევ უფრო განვითარდება და მრავალფეროვანი გახდება''. 

ქართულ-ამერიკული კლინიკა თიბისი დაზღვევის სტრატეგიული პარტნიორია. საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა ,,მედიქალჰაუსის'' გენერალური დირექტორი, მალხაზ კარტოზია აცხადებს, რომ უკვე შვიდი წელია, რაც სამედიცინო სფეროში ეს კლინიკა ფუნქციონირებს: 

,,ჩვენი კლინიკა უკვე საკმაოდ ცნობადია, რომელიც საუკეთესო ექიმებითაა დაკომპლექტებული და სამედიცინო ბაზარზეც გამოვირჩევით. შესაბამისად, თიბისი დაზღვევას ჩვენთან ურთიერთობის სურვილი გაუჩნდა. ვფიქრობთ, თიბისი დაზღვევა ინოვაციურ, ახალ ტექნოლოგიებს შემოგვთავაზებს, რომ პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობა უფრო გამარტივდეს და გაცილებით ხელმისაწვდომი გახდეს, რათა მოლოდინის რეჟიმი შემცირდეს და პაციენტმა დროის დანაკარგის გარეშე, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით კი ვეცდებით, რომ მომხმარებლებს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სერვისები მივაწოდოთ''. 

რა უპირატესობით გამოირჩევა თიბისი დაზღვევა _ კარგი დაფარვები და მაღალი ლიმიტები; ნაკლები გამონაკლისები; თავისუფლება სამედიცინო დაწესებულების არჩევაში; საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება საუკეთესო ტარიფიებით საქართველოში. რაც მთავარია, მომხმარებელი მიიღებს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფილია ტექნოლოგიური გადაწყვეტებით, რათა დაზღვეულმა, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაკარგოს და სწრაფად მიიღოს სერვისი, თუ ანაზღაურება. ამასთან, დაზღვეულს ყოველთვის წინასწარ და ზუსტად ეცოდინება დაზღვევის პირობები. 

ვინ ისარგებლებს თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევით _ ორგანიზაციებს შეუძლიათ დააზღვიონ თანამშრომლები გამარტივებული პროცესით, რისთვისაც შეიქმნება ვებ-პლატფორმა, რაც მათ ადმინისტრაციულ რესურსსა და დროს დაზოგავს. სადაზღვევო ნაკრების მინიმალური საფასურია 38 ლარი. თიბისი დაზღვევა მომხმარებელს სთავაზობს 5 ნაკრებს, რომლებიც ერთმანეთისგან ლიმიტებითა და დაფარვებით განსხვავდება: ,,კარგი'', ,,უკეთესი'', ,,საუკეთესო'', ,,საუცხოო'' და ,,განსაკუთრებული''. არჩევანი მომხმარებელზეა, თუ რომელ ნაკრებს აირჩევს. 

რა მომსახურებას სთავაზობს თიბისი დაზღვევა დაზღვეულებს _ 24/7 ცხელი ხაზი ტელეფონის ნომერზე: 2 41 11 11, ან ელექტრონულ ფოსტაზე: ინფოჰეალტჰ@ტბცინსურანცე.გე; სასწრაფოს გამოძახება; ოჯახის ექიმის/პედიატრის კონსულტაცია კლინიკაში, ან სახლში გამოძახებით; პროფილაქტიკური კვლევები; გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორია; გადაუდებელი და გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება; საზღვარგარეთ მკურნალობა; მედიკამენტების ანაზღაურება; გადაუდებელი და გეგმიური სტომატოლოგია; ორსულობა/ მშობიარობის ანაზღაურება. 

ანაზღაურების პირობები _ მომხმარებელს ანაზღაურების მიღება შეეძლება თიბისი დაზღვევის სერვის-ცენტრებსა და ონლაინ _ ვებგვერდის საშუალებით. სერვის ცენტრებში ანაზღაურებისას: 500 ლარამდე თანხა ანაზღაურდება მყისიერად, ხოლო 500 ლარზე მეტი თანხა _ მაქსიმუმ, სამ სამუშაო დღეში; ონლაინ ანაზღაურებისას: 500 ლარამდე თანხა ანაზღაურდება ერთ დღეში, ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ხოლო 500 ლარზე მეტი თანხა _ მაქსიმუმ, სამ სამუშაო დღეში. 

ონლაინ ანაზღაურება ხელმისაწვდომი გახდება ივნისიდან ვებგვერდზე, ხოლო თიბისი დაზღვევის სერვის-ცენტრის მისამართია: ალ.ყაზბეგის #24 ბ. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში