Menu
RSS

თიბისი უზბეკეთის ბაზარზე გადახდის პლატფორმა PAYME-ს შეძენით შევიდა

ახალი ტრანზაქციით ბანკი მომხმარებლებს 70%-ით ზრდის

თიბისი უზბეკეთის ბაზარზე შევიდა. თიბისის წარმომადგენელთა განცხადებით, ბანკმა წამყვანი გადახდის პლატფორმა PAYME შეიძინა. ამ ტრანზაქციით, თიბისიმ 70%-ით გაზარდა მომხმარებელთა რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან, 3 500 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, უკვე განხორციელებული ტრანზაქცია ბანკის საერთაშორისო სტრატეგიასთან სრულ შესაბამისობაშია, რაც რეგიონალური ოპერაციების გაფართოებას ისახავს მიზნად. მეტიც, უზბეკეთის საკმაოდ პერსპექტიულ ბაზარზე შესვლა, თიბისის მიერ გადადგმული, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თიბისის წარმომადგენლების თქმით, 32-მილიონიანი მოსახლეობით, უზბეკეთი ძალიან მიმზიდველი ბაზარია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 2%-ით იზრდება, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის, საცალო სესხების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, 7.2% იყო. 

ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, თიბისი უზბეკეთში, ძირითად საბანკო სისტემას, სრულიად ციფრულ ბანკზე _ შპაცე-ზე დაყრდნობით ანვითარებს: 

„PAYME-ის შესყიდვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც უზბეკეთში, დაგეგმილი გაფართოების მიმართულებით გადავდგით. ეს საშუალებას მოგვცემს, პირდაპირი წვდომა მივიღოთ ქვეყნის დიდი რაოდენობით მომხმარებელზე და საქართველოში არსებული ციფრული სიძლიერის გამოყენებებით, უზბეკეთის ბაზარზე სიახლე შევიტანოთ. PAYME-თან ერთად, გადახდების ბიზნესის გაფართოებასა და PAYME-ის, როგორც ქვეყნის ახალი ეკოსისტემის განვითარების პლატფორმად გამოყენებას ვგეგმავთ''. 

,,ვერსიის'' კითხვაზე, რეგიონალური განვითარების ჭრილში, უზბეკეთის ბაზრის გარდა, აპირებს თუ არა თიბისი ცენტრალური და შუა აზიის ბაზრების ათვისებას, ვახტანგ ბუცხრიკიძემ გვიპასუხა, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ უზბეკეთისა და აზერბაიჯანის ბაზრების ათვისებას გეგმავს. სხვათა შორის, თიბისი აზერბაიჯანის ბაზარზე უკვე შევიდა. 

PAYME-ის მმართველი დამფუძნებლის, სარვარ რამზატოვის განცხადებით, მხარეებმა ხელშეკრულებას ხელი ორი კვირის წინ მოაწერეს. ამ ტრანზაქციით, თიბისიმ PAYME-ის აქციების 55% შეიძინა, რაშიც 5 500 000 აშშ დოლარი გადაიხადა: 

„მოხარული ვართ, რომ რეგიონში წამყვან ბანკთან _ თიბისისთან ვთანამშრომლობთ, რომელსაც განვითარებული ციფრული შესაძლებლობები აქვს და უზბეკეთის ბაზრის ათვისებაში დიდი ინტერესი გააჩნია. PAYME, რომელიც გადახდის წამყვანი სისტემაა უზბეკეთში, ბოლო წლებში, დინამიურად ვითარდებოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ძლიერ პარტნიორთან თანამშრომლობა, რომელსაც ბოლო სამი წელია, ინტენსიურად ვეძებთ. საბოლოოდ, არჩევანი თიბისი ბანკზე შევაჩერეთ, რადგან ჩვენ ერთნაირი ხედვა _ ტექნოლოგიებისადმი ინტერესი გვაერთიანებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, კომპანიას განვითარების შემდგომ ეტაპზე გადავიყვანთ და სულ მალე, ჩვენს მომხმარებლებს სრულიად ახალ, თანამედროვე გადაწყვეტილებებსა და მომსახურებებს შევთავაზებთ''. 

მისივე თქმით, PAYME _ უზბეკეთში გადახდების წამყვანი პროვაიდერია, რომელიც მაღალი ხარისხის გადახდის სისტემას 1 300 000 მომხმარებელს აწვდის. სისტემა უზრუნველყოფს კომუნალური გადახდების, P2P გადარიცხვების, სესხების დაფარვის, QR სისტემაზე დაფუძნებული და ელექტრონული კომერციის შესყიდვების მომსახურებებს. ბოლო წლების განმავლობაში, PAYME აქტიურად იზრდება და ამის დასტურია ის, რომ 2018 წელს, სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა 70%-ით გაიზარდა. 

ამ ტრანზაქციის პროცესში, თიბისი ბანკის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი Grant Thornton იყო, საერთაშორისო იურიდიული მრჩეველი _ Baker & McKenzie LLP, ხოლო ადგილობრივი იურდიული მრჩეველი _ CentilLaw. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში