Menu
RSS

„ნოტრ-დამი ვერ მოკვდება... ხალხს უყვარს ეს ტაძარი და ღვთისმშობელი!“

ტრაგედია, რომელმაც მსოფლიო შეძრა _ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დაიწვა

ამ ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა და 2019 წლის 15 აპრილიც, მსოფლიოს უახლოეს ისტორიაში, ერთ-ერთ ტრაგიკულ თარიღად დარჩება _ ამ დღეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა ტაძრის ნაწილი გაანადგურა. 

უმძიმესი 9 საათის განმავლობაში, პარიზელები და, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებდა, თუ როგორ იწვოდა პარიზის სიამაყე და ისტორიის 9 საუკუნე. 

პარიზის სახანძრო სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ტაძარში უკვე იმყოფებიან ექსპერტები, რომლებიც ნოტრ-დამს შიგნიდან ათვალიერებენ. მათი დასკვნის შემდეგ გაირკვევა, რა გადარჩა და რა დაკარგა მე-13 საუკუნის გოთიკურმა ძეგლმა. 

ირკვევა, რომ ხანძრის შემდეგ, ტაძრის წინა ფასადი უვნებელია, ასევე დაუზიანებელია ორი თაღი. ხანძარს შესასვლელი და მთავარი კარიც გადაურჩა. 

ნოტრ-დამთან მიდიან მოქალაქეები. 

„ნოტრ-დამი ვერ მოკვდება, რადგან ხალხს უყვარს ეს ტაძარი და ღვთისმშობელი,“ _ ამბობენ პარიზელები. 

აღსანიშნავია, რომ მეხანძრეებმა ყველა რელიგიური არტეფაქტი გადაარჩინეს, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ინახებოდა. 

,,ყველა რელიქვია, მათ შორის ქრისტეს ეკლის გვირგვინი და ლუი IX-ის ტუნიკა გადარჩენილია. მთელი მსოფლიოდან გვირეკავენ, რადგან ეს მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიაა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზარების ხმა ბუენოს-აირესშიც ისმოდა“, _ დაწერა პარიზის მერმა, ან იდალგომ თწიტტერ-ის საკუთარ გვერდზე და გადარჩენილი რელიქვიების ნაწილის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ნოტრ-დამის აღდგენის პირობა დადო. მისი თქმით, ტაძრის რესტავრაციის შემოწირულობისთვის ანგარიში გაიხსნება. ამასთან, ფრანგი მილიარდერი, ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადარიცხავს.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში