ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ აქვეყნებს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა.
დოკუმენტი ცხადყოფს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივების დოკუმენტს - 14024-ე აღმასრულებელი ბრძანებით დადგენილი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას რუსეთის წინააღმდეგ, ხელი 4 მარტს მოაწერა.
ტრამპის მიერ კონგრესისადმი გაგზავნილ ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამია:
"რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ განხორციელებული განსაზღვრული მავნე საგარეო ქმედებები კერძოდ, მცდელობები, ძირი გამოუთხაროს თავისუფალი და სამართლიანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებში; ჩაერთოს და ხელი შეუწყოს კიბერ-საქმიანობას ამერიკის შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ; წაახალისოს და გამოიყენოს ტრანსნაციონალური კორუფცია უცხო ქვეყნების მთავრობებზე ზეგავლენის მოსახდენად; განახორციელოს ექსტრატერიტორიული საქმიანობა, რომელიც მიმართულია დისიდენტებისა თუ ჟურნალისტების წინააღმდეგ; შელახოს უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ქვეყნებსა და რეგიონებში; და დაარღვიოს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები, მათ შორის სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა კვლავაც წარმოადგენს არაორდინალურ და განსაკუთრებულ საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისათვის.
შესაბამისად, მე დავადგინე, რომ აუცილებელია გაგრძელდეს 14024-ე აღმასრულებელი ბრძანებით გამოცხადებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობა რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ განხორციელებულ განსაზღვრულ მავნე საგარეო ქმედებებთან დაკავშირებით" - ნათქვამია ტრამპის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში
14024-ე აღმასრულებელი ბრძანება ის მთავარი სამართლებრივი დოკუმენტია, რომლის საფუძველზეც აშშ-მა რუსეთს ყველაზე მკაცრი ეკონომიკური სანქციები.
საუბარია, 2021 წლის 15 აპრილს მიღებულ აღმასრულებელ განკარგულება 14024-ზე, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირების მიზნით გამოაცხადა.
აღნიშნული ბრძანება შეეხებოდა რუსეთის ქმედებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
რუსეთის ფედერაციის რამდენიმე რეგიონში, განსაკუთრებით კი ნოვოსიბირსკის ოლქში, ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დაპირისპირების მიზეზი სასოფლო-სამეურნეო პირუტყვის — ძროხების, ღორებისა და ცხვრების — მასობრივი და იძულებითი განადგურება გახდა. სიტუაცია იმდენად მწვავეა, რომ ადგილობრივი ფერმერები გზების გადაკეტვას ცდილობენ, რის საპასუხოდაც სამართალდამცავები მათ აკავებენ და აჯარიმებენ.
ოფიციალური ვერსიით, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რეგიონებში პასტერელოზისა და ცოფის ეპიდემიაა. თუმცა, ფერმერები და დარგის ექსპერტები ეჭვობენ, რომ მთავრობა ბევრად უფრო საშიშ და უაღრესად გადამდებ ვირუსულ დაავადებას — თურქულს (Ящур) მალავს. ეჭვის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ პასტერელოზი ბაქტერიული ინფექციაა, რომლის დროსაც ცხოველებს, როგორც წესი, არ ხოცავენ და პრობლემას კარანტინითა და ვაქცინაციით აგვარებენ.
ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება თურქულის ეპიდემიას ოფიციალურად არ აღიარებს, რადგან ეს რუსული ხორცისა და რძის პროდუქტების ექსპორტს სრულად გაანადგურებს. სწორედ ამიტომ, პრობლემის „ჩუმად“ მოგვარებას პირუტყვის მასობრივი განადგურებით ცდილობენ.
ფერმერები ხელისუფლების მხრიდან სისასტიკესა და უსამართლობაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, ცხოველებს ხშირად ყოველგვარი ლაბორატორიული ანალიზებისა და დოკუმენტების წარდგენის გარეშე ხოცავენ. ფიქსირდება შემთხვევები, როცა ვეტერინარები და პოლიცია კერძო მეურნეობებში პატრონების დაუსწრებლად შედიან და პირუტყვს ანადგურებენ. მაგალითად, ერთ-ერთ ფერმერს, სვეტლანა პანინას, 40 ძროხა და 150 ცხვარი ისე დაუხოცეს, რომ იგი სახლში არ იმყოფებოდა.
პრობლემას ამწვავებს მიზერული კომპენსაციებიც. სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული თანხა რეალურ ზარალთან შედარებით ძალიან მცირეა — ერთ ძროხაში ფერმერს დაახლოებით 50 ათას რუბლს სთავაზობენ, მაშინ როცა ბაზარზე ჯანსაღი ხბოს ფასი 100 ათასს აღემატება.
სასოწარკვეთილი მოსახლეობა, რომელმაც შემოსავლის ერთადერთი წყარო დაკარგა, დახმარებას ვლადიმერ პუტინისგან ვიდეომიმართვებით ითხოვს. სოფლებში ხალხმა გზების გადაკეტვა სცადა, რათა სპეცტექნიკა პირუტყვის მასობრივი სამარხების გასათხრელად არ შეეშვათ. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი და ფერმერი დააკავა, სხვებს კი ფულადი ჯარიმები დააკისრა.
ეპიდემიამ უკვე ციმბირისა და ვოლგისპირეთის მრავალი რეგიონი მოიცვა, მათ შორის ალტაი, ომსკი, ტომსკი და სვერდლოვსკი. შემოდგომიდან მოყოლებული, ჯამში განადგურებულია 90,000-მდე სული პირუტყვი. ინფორმაციული ვაკუუმისა და დაავადების გავრცელების შიშის გამო, მეზობელმა ქვეყნებმა — ბელარუსმა და ყაზახეთმა — რუსეთის ამ რეგიონებიდან ცხოველებისა და ხორცპროდუქტების იმპორტი დროებით უკვე აკრძალეს.
ბელარუსის ხელისუფლებამ გაათავისუფლა პოლიტიკური პატიმრების ჯგუფი, რომელთა შორის, როგორც იტყობინებიან, საზოგადო მოღვაწეები, ოპოზიციის აქტივისტები, ჟურნალისტები და 2020 წლის საპროტესტო აქციების მონაწილეები არიან. გათავისუფლების შესახებ ბელარუსის დამოუკიდებელი მედიასაშუალებები იტყობინებიან.
რადიო თავისუფლების ბელარუსულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია აქტივისტ კიმ სამუსენკოსა და Belsat TV-ის ჟურნალისტის, ეკატერინა ბახვალოვას (ანდრეევა) გათავისუფლების შესახებ.
ვილნიუსში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ სულ გაათავისუფლეს 250 ადამიანი, რომელთაგან 15 ლიეტუვაში ჩავიდა, ხოლო კიდევ 235 თავად ბელარუსში გათავისუფლდა. ეს მონაცემები დაადასტურა ადამიანის უფლებათა ცენტრმა „ვიასნამ“ და სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Belta-მ. ეს ბოლო წლებში ბელარუსში ერთდროულად გათავისუფლებული პატიმრების ყველაზე დიდი რაოდენობაა.
გათავისუფლებული პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის „ვიასნას“ უფლებადამცველების, მარფა რაბკოვასა და ვალენტინ სტეფანოვიჩის ფოტო, რომლებიც ლიეტუვაში ჩაიყვანეს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა გამოაქვეყნა.
ფონდმა BYSOL-მა დაიწყო საგანგებო თანხების შეგროვების კამპანია, რათა დაეხმაროს პოლიტპატიმრებს, რომლებსაც „მრავალი წლის ციხეში ყოფნის შემდეგ“ მოუწევთ „ცხოვრების პრაქტიკულად ნულიდან დაწყება“, დროებითი საცხოვრებლის პოვნა, ტანსაცმლისა და მედიკამენტების შეძენა და დოკუმენტების აღდგენა, ნათქვამია ორგანიზაციის საიტზე.
გათავისუფლება მოხდა ბელარუსის ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და კოულს შორის მინსკში შეხვედრის შემდეგ. კოულმა გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი ხსნის სანქციებს „ბელინვესტბანკის“, ბელორუსის განვითარების ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მიმართ. გარდა ამისა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ სანქციების ყველა სიიდან საბოლოოდ ამოიღეს ბელარუსის კალიუმის კომპანია „ბერალუსკალი“.
კოულის თქმით, ორივე მხარე მუშაობს ქვეყანაში აშშ-ის საელჩოს ხელახლა გახსნაზე. კოულმა ასევე განაცხადა, რომ განიხილება ლუკაშენკას აშშ-ში ვიზიტი.
კოული ბელარუსს ბოლოს ეწვია 2025 წლის დეკემბერში, რის შემდეგაც ლუკაშენკამ გაათავისუფლა პოლიტპატიმრების ყველაზე დიდი ჯგუფი - 123 ადამიანი. მათ შორის იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკი, ბიზნესმენი ვიქტარ ბაბარიკა, რომელიც ლუკაშენკას წინააღმდეგ იყრიდა კენჭს, სვიატლანა ციხანოუსკაიას მოკავშირე და ბელარუსის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი, მარია კალესნიკავა, იურისტი მაქსიმ ზნაკი, პოლიტოლოგი ალიაქსანდრ ფედუტა და სხვები.