სტარმერი დამნაშავეა ბრიტანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ საშინელ დანაშაულებში - ამ მიზეზით ახსნა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა, "ლეიბორისტების" მიერ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის საქმიანობის გამოძიების დაბლოკვა, როდესაც ის სამეფო პროკურატურის ხელმძღვანელად მუშაობდა.
საქმე ეხება არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში ბრალდებულ ბანდებს, რომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს 2008-2013 წლებში, სწორედ კირ სტარმერის ხელმძღვანელობით იძიებდა ბრიტანეთის პროკურატურა. ილონ მასკი ასევე აზიარებს ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფის" სტატიას სათაურით - "როგორ დაიფარა არასრულწლოვანთა წინააღმდეგ მოქმედი ბანდების სკანდალი" და წერს: "როგორ დაფარეს ბრიტანეთის გაუპატიურება". მასკის განცხადებით, ის ადამიანები, ვინც დიდ ბრიტანეთში ბავშვების გაუპატიურება დაუშვა, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან, თუმცა, ჯერჯერობით. "სნეული მშიშარები, რომლებმაც ბრიტანეთში პატარა გოგონების მასობრივი გაუპატიურება დაუშვეს, ისევ ხელისუფლებაში არიან... ჯერჯერობით." - დაწერა მან X-ზე.
მან ასევე გააზიარა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთში ერთ-ერთმა მოსამართლემ 20 თვით პატიმრობა მიუსაჯა პირს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტისთვის, ხოლო, მოზარდის მაჩეტეთი მკვლელობისთვის ბრალდებულმა კი საპატიმრო ექვს თვეში დატოვა. როგორც მასკმა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაწერა: "ეს მოსამართლე სამარცხვინოდ უნდა გადააყენონ თანამდებობიდან." ბოლო პერიოდში, ილონ მასკი, დიდი ბრიტანეთის მთავრობას, განსაკუთრებით კი, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს მწვავედ აკრიტიკებს. ის მიიჩნევს, რომ დიდ ბრიტანეთში მთავრობა უნდა გადადგეს, ერთ-ერთ მიზეზად, სწორედ მიგრანტების მიერ ფორმირებული ბანდების ბრიტანელი არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს და ამ დანაშაულებზე მთავრობის უმოქმედობას ასახელებს.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დაშვებული დროშების ფონზე ჩატარების შესახებ აღარ გადაიხედება, - იუწყება AP.
თეთრ სახლში განმარტეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის გარდაცვალებას უკავშირდება.
კარტერი 100 წლის ასაკში 30 დეკემბერს გარდაიცვალა.
აშშ-ში სახელმწიფო დროშები 9 იანვრის შემდეგ, რომელიც გლოვის დღედ არის გამოცხადებული, ტრადიციისამებრ, 30 დღის განმავლობაში იქნება დაშვებული.
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდება.
31 დეკემბერს უკრაინის ქალაქ ოდესაში აიღეს საბჭოთა პერიოდის პოეტის, ბარდისა და მსახიობის, ვლადიმირ ვისოცკის ძეგლი. ამ პროცესის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ინტერნეტით გავრცელდა.
ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილებაზე 2024 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. იმავე დროს ქალაქის აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა პუშკინის, მაქსიმ გორკის და ისააკ ბაბელის ძეგლების მოხსნაც.
ვლადიმირ ვისოცკის ძეგლი 2012 წელს დაიდგა ოდესის კინოსტუდიის შენობის წინ, უკრაინის უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატის, იგორ მარკოვის ინიციატივით. 2022 წლის ზაფხულში დეპუტატს ბრალი დასდეს კოლაბორაციონიზმში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო. მარკოვი სისტემატურად მონაწილეობს რუსეთის სახელმწიფო ტელეარხების პროპაგანდისტულ გადაცემებში.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში ცვლიან დასახლებული პუნქტების, ქუჩების, სკვერების, პარკების სახელებს და იღებენ ძეგლებსა და მემორიალურ დაფებს, რომლებიც უკავშირდება რუსეთს ან საბჭოთა კავშირს.
რუსეთის ხელისუფლებამ შეცვალა თანხის ერთჯერადად გადახდის წესი თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებისთვის, უკრაინის ომში მონაწილეობის მიზნით.
28 დეკემბრით დათარიღებული ახალი ბრძანებით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც კონტრაქტის გაფორმების მომენტში საპატიმროებში იხდიან სასჯელს, კარგავენ ამგვარი ანაზღაურების მიღების უფლებას. ახალი წესი 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
მსჯავრდადებულები, რომლებიც კონტრაქტებს გააფორმებდნენ, ამ დრომდე იღებდნენ ერთჯერად ანაზღაურებას, რომლის მოცულობაც ფედერალური და რეგიონული პროგრამებიდან გამომდინარე განისაზღვრებოდა.
მიმდინარე წლის ივლისში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ანაზღაურების ოდენობად 400 ათას რუბლს (დაახლოებით 3700 ამერიკული დოლარი) აწესებდა სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ამავდროულად, ბევრ რეგიონში მოქმედებდა დამატებითი ანაზღაურება და მხარდაჭერის სხვა ზომები.
კონტრაქტის გაფორმების გზით სისხლისსამართლებრივი დევნისგან გათავისუფლების შესაძლებლობა მსჯავრდადებულებმა მიიღეს 2023 წელს. 2024 წლის მარტში რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონების პაკეტი, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას შესაძლებელს ხდიდა მცირე და საშუალო სიმძიმის დანაშაულებში ეჭვმიტანილებისთვის, ბრალდებულებისა და მსჯავრდადებულებისთვის.
თავიდან მსჯავრდადებულების ომში გაწვევა დაიწყო აწ გარდაცვლილი ევგენი პრიგოჟინის გასამხედროებულმა ჯგუფმა "ვაგნერმა". შემდეგ ამ პროცესს თავდაცვის სამინისტრო ჩაუდგა სათავეში.
როგორც წესი, მსჯავრდადებულებს გზავნიან ფრონტის ყველაზე რთულ არეალებში, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნონ ელიტური დანაყოფების ძალები. თავად ყოფილი პატიმრები თვლიან, რომ კოლონიებიდან ფრონტზე გაგზავნილთა 50-დან 70 პროცენტამდე იღუპება.
ომიდან დაბრუნებული მსჯავრდადებულების მხრიდან ხშირია დანაშაულის ისევ ჩადენის შემთხვევები. ინტერნეტგამოცემა Vyorstka იუწყება, რომ 2022 წლის თებერვლიდან 2024 წლის სექტემბრამდე რუსეთის 460-ზე მეტი მოქალაქე გახდა უკრაინიდან დაბრუნებული მსჯავრდადებულების მსხვერპლი. ამ დანაშაულთაგან 242 შემთხვევა მკვლელობა იყო.