ვაშენებთ უკრაინას, რომელსაც ექნება საკმარისი ძალა, რომ იცხოვროს უსაფრთხოდ და მშვიდობიანად, რათა ამ მოედანზე, ჩვენი დამოუკიდებლობის მოედანზე, მათი დროშების ქვეშ, მათ მიწაზე, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა აღნიშნონ დამოუკიდებლობის დღე მშვიდობის ქვეშ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც უკრაინის მოსახლეობისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მაიდანიდან გაავრცელა:
"უკრაინელების შთამომავლები ასი წლის შემდეგაც ამ მოედანზე იდგებიან და პატივისცემას და მადლიერებას გამოხატავენ ყველას მიმართ ვინც უკრაინა დამოუკიდებლობისთვის ომში დაიცვა, ვინც მტკიცედ იდგა, ვინც შეძლო, ვინც გაიმარჯვა.
ასეთი მიზნისთვის ღირს ცხოვრება. სწორედ ამის მომხრე ვართ. გილოცავთ ამ დღესასწაულს, დიდი ქვეყნის დიდებულო ხალხო!“
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორ კვირაში გახდება ცნობილი, დადგება თუ არა მშვიდობა უკრაინაში.
მისი თქმით, ამის შემდეგ, შესაძლოა, ტაქტიკის შეცვლა გახდეს საჭირო.
„ორ კვირაში გავიგებთ, იქნება თუ არა მშვიდობა უკრაინაში. ამის შემდეგ, შესაძლოა, ტაქტიკის შეცვლა მოგვიწიოს“, - განაცხადა ტრამპმა თავის გამოსვლაში
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას დათანხმდება შვეიცარიაში, ავსტრიაში ან თურქეთში. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას სავსებით სამართლიანად მიაჩნია, რომ უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართოს ევროპის ნეიტრალურ ქვეყნებში, რადგანაც ომი უკრაინაში და ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს.
„მე ვთქვი, რომ ჩვენ დავთანხმდებით. შვეიცარია, ავსტრია – ჩვენ ვთანხმდებით. თურქეთი? თურქეთი ჩვენთვის ნატო-სა და ევროპის ნაწილია. და ჩვენ ამის წინააღმდეგები არ ვართ.
მოლაპარაკებების მოსკოვში ორგანიზების წინააღმდეგი ვარ. რაც შეეხება ბუდაპეშტს, მე მეჩვენება, რომ დღეს ეს არ არის ადვილი. ეს იოლი არ არის, რადგანაც არსებობს ევროპის ყველა ქვეყნის ერთობა უკრაინის მხარდაჭერაში ომის დროს. სიმართლე რომ ვთქვათ, ბუდაპეშტი ჩვენ მხარს არ გვიჭერდა. მე არ ვამბობ, რომ ორბანის პოლიტიკა უკრაინის საწინააღმდეგო იყო, მაგრამ იყო უკრაინის მხარდაჭერის საწინააღმდეგო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მედია მანამდე წერდა, რომ აშშ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ჩატარების ადგილად ბუდაპეშტს განიხილავს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ევროპულ ქვეყნებს ლომის წილის აღება მოუწევთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფინანსური თვალსაზრისით. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.
„არ ვფიქრობ, რომ აქ ტვირთი ჩვენ უნდა ვიტვირთოთ. ვფიქრობ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ, თუ ეს საჭიროა ომისა და მკვლელობის შესაჩერებლად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ – და პრეზიდენტი ნამდვილად ელოდება – რომ ევროპა აქ წამყვან როლს შეასრულებს. პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა: ნახეთ, შეერთებული შტატები მზადაა საუბრისთვის, მაგრამ ჩვენ არ ავიღებთ ვალდებულებებს, ვიდრე არ გავიგებთ, რა იქნება საჭირო ომის შესაჩერებლად. რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამან, ევროპელებს მოუწევთ, ლომის წილი იტვირთონ. ეს მათი კონტინენტია, ეს მათი უსაფრთხოებაა
ზოგჯერ ლიდერების პირისპირ დასხდომას შეუძლია, გაარღვიოს ის ჩიხი, რისი გაკეთებაც მათ გუნდებს არ ძალუძთ. ვენსის თქმით, ორი საკითხია კვლავ მოსაგვარებელი.
პირველი – უკრაინამ უნდა იცოდეს, რომ მას კვლავ არ შეუტევს რუსეთი. უნდა იცოდეს, რომ მას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივა მომავალში. რუსებს უნდათ ტერიტორიის გარკვეული ნაწილები, რომლის უმეტესი ნაწილი მათ აქვთ ოკუპირებული, მაგრამ ზოგიც არ აქვთ. ასე რომ, ეს მართლაც არის ის ადგილი, სადაც მოლაპარაკებები საჭიროა. უკრაინელებს უნდათ უსაფრთხოების გარანტიები, რუსებს უნდათ ტერიტორიის გარკვეული რაოდენობა“, – განაცხადა ვენსმა.
თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა.
„უკრაინის პრეზიდენტის აქ ყოფნა დიდი პატივია. ვფიქრობ, პროგრესი არის. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტთან კარგი შეხვედრა გვქონდა და არის შესაძლებლობა, რომ ეს რაღაც შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს გატაცებული უკრაინელი ბავშვების შესახებ ვლადიმერ პუტინისთვის წერილის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს უკრაინის პირველი ლედისგან, ოლენა ზელენსკასგან მელანია ტრამპისთვის განკუთვნილი წერილი გადასცა.
ევროპელი ლიდერები აპირებენ, მხარი დაუჭირონ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე. ამის შესახებ BBC და სხვადასხვა მედია, წყაროებზე დაყრდნობით წერს. ევროპელი ლიდერების უმეტესობამ უკვე დაადასტურა ვაშინგტონში ვიზიტი.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე მზადყოფნა გამოთქვეს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ და ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ.
ამ გზით უკრაინის მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ თავიდან აიცილებენ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის საჯარო დაპირისპირების განმეორებას, რაც წლის დამდეგს მოხდა.