ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას ახდენს. ამ პროცესის ცენტრალური რგოლი ე.წ. „მშვიდობის საბჭო“ (The Peace Council) ხდება — ორგანო, რომელიც ტრადიციული ბიუროკრატიული მოდელებისგან განსხვავებით, სწრაფ და შედეგზე ორიენტირებულ დიპლომატიას ეფუძნება.
საბჭო აერთიანებს სამხედრო სტრატეგიას, ეკონომიკურ ბერკეტებსა და პერსონალურ მოლაპარაკებებს ერთიან ჩარჩოში, რათა უზრუნველყოს ამერიკის ინტერესების გატარება გლობალურ კრიზისებში. მისი მიზანია რეალური სტაბილურობის მიღწევა არა მხოლოდ დებატებით, არამედ ძალთა ისეთი ბალანსით, სადაც მშვიდობის დარღვევა ნებისმიერი მხარისთვის კატასტროფულ ფასთან არის დაკავშირებული.
პრეზიდენტის ხედვით, „მშვიდობის საბჭო“ გარკვეულწილად სწორედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფუნქციურ შემცვლელად გვევლინება იმ კრიზისების მართვაში, სადაც საერთაშორისო ინსტიტუტები არაეფექტური აღმოჩნდნენ. ტრამპის პოზიცია ეფუძნება რწმენას, რომ მრავალმხრივი ორგანიზაციები ხშირად ბიუროკრატიულ ლაბირინთებში იკარგებიან. ამ კონტექსტში, საბჭო განიხილება როგორც ქმედითი ალტერნატივა, რომელიც არ არის დამოკიდებული ხანგრძლივ რეზოლუციებსა და წევრი ქვეყნების ურთიერთგამომრიცხავ ინტერესებზე. იგი გვთავაზობს „ამერიკულ მშვიდობას“, რომელიც გადაწყვეტილების მიღების სისწრაფით ცვლის ძველ საერთაშორისო დიპლომატიურ არქიტექტურას.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა „მშვიდობის საბჭოში“ მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა მიიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სრული სია ამ დრომდე გასაიდუმლოებულია, უკვე გამოიკვეთა მხარდამჭერთა და ოპონენტთა ჯგუფები. ცნობილია, რომ თეთრი სახლის შეთავაზებაზე უარი განაცხადეს საფრანგეთმა, დანიამ, ნორვეგიამ, სლოვენიამ და შვედეთმა.
ვაშინგტონის ინიციატივას 23-მდე ქვეყანა დათანხმდა. მათ შორის არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ყაზახეთი, ისრაელი, უნგრეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდონეზია, პაკისტანი და კატარი. წევრთა ეს შემადგენლობა ხაზს უსვამს საბჭოს გავლენას განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ადმინისტრაცია იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც საბჭოს მუდმივი წევრობის სტატუსი სურთ, ფინანსური ვალდებულების შესრულებას — სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის გადახდას სთხოვს.
რაც შეეხება ორგანიზაციულ სტრუქტურას, „მშვიდობის საბჭოს“ წესდების პროექტის მიხედვით, დონალდ ტრამპი იქნება ორგანოს პირველი თავმჯდომარე, რომელსაც ენიჭება ექსკლუზიური უფლება, გადაწყვიტოს, ვინ გახდება ჯგუფის წევრი. მართალია, დოკუმენტში გათვალისწინებულია გადაწყვეტილებების უმრავლესობით მიღების პრინციპი და თითოეულ სახელმწიფოს ერთი ხმა ექნება, თუმცა ყველა მნიშვნელოვანი დადგენილება საბოლოოდ თავმჯდომარის დამტკიცებას ექვემდებარება.
17 იანვარს თეთრმა სახლმა საბჭოს წევრების ნაწილი ოფიციალურად წარადგინა. ამერიკულ მხარესა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის კოორდინაციას განახორციელებენ:
• მარკო რუბიო — აშშ-ის სახელმწიფო მდივანი;
• სტივ უიტკოფი — პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი;
• ტონი ბლერი — გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი;
• ჯარედ კუშნერი — ბიზნესმენი და პრეზიდენტის სიძე.
ოქტომბერში წარდგენილი გეგმის თანახმად, საბჭოს თავმჯდომარის პოსტს თავად დონალდ ტრამპი დაიკავებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „მშვიდობის საბჭო“ იქნება პრეზიდენტის პირდაპირი მართვის ინსტრუმენტი გლობალურ პოლიტიკაში.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიის გამო ევროპული ქვეყნების ნაწილს ტარიფებს უწესებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა truth social-ზე დაწერა.
როგორც ტრამპი წერს, 10%-იანი ტარიფები ნებისმიერ საქონელზე, რომელიც აშშ-ში იგზავნება, დაუწესდება: დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს. ბრძანება ძალაში 2026 წლის პირველი თებერვლიდან შევა.
„ახლა, საუკუნეების შემდეგ, დროა, დანიამ უკან მოგვცეს — მსოფლიო მშვიდობა ფსონზეა! ჩინეთსა და რუსეთს უნდათ გრენლანდია, დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია ამის საწინააღმდეგოდ. მათ ამჟამად ორი ძაღლის მარხილი აქვთ დაცვისთვის, ერთი ახლახან დაემატა. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, შეუძლია, ითამაშოს ამ თამაშში, და ძალიან წარმატებულადაც! ვერავინ შეეხება ამ წმინდა მიწის ნაწილს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების და მთელი მსოფლიოს ეროვნული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა. ამის ფონზე, დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი გრენლანდიაში ჩავიდნენ, უცნობი მიზნებით. ეს ძალიან საშიში სიტუაციაა ჩვენი პლანეტის უსაფრთხოებისთვის. ამ ქვეყნებმა, რომლებიც ამ ძალიან საშიშ თამაშს თამაშობენ, რისკის ისეთ დონეზე აიყვანეს საქმე, რომელიც არ არის მდგრადი. ამიტომ, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია მკაცრი ღონისძიებების მიღება, რათა ეს პოტენციურად სახიფათო სიტუაცია სწრაფად და ყოველგვარი კითხვის გარეშე დასრულდეს.
2026 წლის პირველი თებერვლიდან, ყველა ზემოთ ხსენებულ ქვეყანას (დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი), დაეკისრება 10%-იანი ტარიფი ნებისმიერ და ყველა საქონელზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იგზავნება. 2026 წლის პირველ ივნისს, ტარიფი გაიზრდება 25%-მდე. ეს ტარიფი გადასახდელი იქნება მანამ, ვიდრე შეთანხმება არ მიიღწევა გრენლანდიის სრული და მთლიანი შეძენის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები 150 წელზე მეტი ხანია, ცდილობს ამ ტრანზაქციის განხორციელებას. ახლა, ოქროს გუმბათისა და თანამედროვე იარაღის სისტემების გამო, როგორც შეტევითი, ისე თავდაცვითი, შეძენის საჭიროება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასობით მილიარდი დოლარი ამჟამად იხარჯება უსაფრთხოების პროგრამებზე, რომლებიც დაკავშირებულია „გუმბათთან“, მათ შორის კანადის შესაძლო დაცვისთვის, და ეს ძალიან ბრწყინვალე, მაგრამ უაღრესად კომპლექსური სისტემა მხოლოდ მაშინ იმუშავებს თავისი მაქსიმალური პოტენციალითა და ეფექტურობით, თუ ეს მიწა მასში ჩართული იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ მზადაა მოლაპარაკებისთვის დანიასთან და/ან ამ ქვეყნებიდან ნებისმიერ ქვეყანასთან, რომლებმაც ასეთი დიდი რისკი შექმნეს, იმის მიუხედავად, რაც ჩვენ გავაკეთეთ მათთვის, მათ შორის მათი მაქსიმალური დაცვა, მრავალი ათწლეულის განმავლობაში“, – წერს ტრამპი.
ჩვენ ვაპირებთ, მოქალაქეობის გაუქმებას სომალიდან ან ნებისმიერი სხვა ადგილიდან ჩამოსული ნებისმიერი ნატურალიზებული იმიგრანტისთვის, ვინც თაღლითობაში იქნება მსჯავრდებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დეტროიტის ეკონომიკურ კლუბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, მსგავს პირებს ქვეყნიდან გააძევებს.
„თუ ამერიკაში ამერიკელების გასაძარცვად ჩამოხვალთ, ციხეში ჩაგსვამთ და დაგაბრუნებთ იქ, საიდანაც მოხვედით. პირდაპირ ციხეში ჩაგსვამთ. მათ ეს იციან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.