ერთი წლის წინ ჩვენ მკვდარი ქვეყანა ვიყავით, ახლა ვართ ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცხელ ქვეყნად ითვლება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაიამიში, აშშ-ის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, 2024 წლის 5 ნოემბერს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა.
„ჩვენ მოვიგეთ შესანიშნავი არჩევნები, გავიმარჯვეთ შვიდივე მერყევ შტატში. ჩვენ მოვიგეთ ხმების იმ რაოდენობით, რაც პირველი შემთხვევაა რესპუბლიკელისთვის მრავალი ათწლეულის განმავლობაში, მოვიგეთ ამომრჩეველთა კოლეგია და მოვიგეთ ამერიკის ოლქების 86 პროცენტი, ეს დიდი ამბავია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც ტრამპმა განაცხადა, აშშ-ს აქვს ყველაზე ძლიერი ეკონომიკა, ყველაზე ძლიერი საზღვრები და ჰყავს ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
ის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის წლებში 2001-2009. მანამდე იკავებდა თავდაცვის მდივნის პოზიციას, ასევე იყო ვაიომინგის შტატის წარმომადგენელი ამერიკის კონგრესში
ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩეინი იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლიერი ვიცე-პრეზიდენტი ისტორიაში
დიდ ბრიტანეთში დანით თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა, მათგან ცხრა პირის მდგომარეობა მძიმეა. „როიტერის“ ინფორმაციით, თავდასხმა კემბრიჯში, მატარებელში მოხდა. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ორი ეჭვმიტანილი დააკავა.
თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
მომხდარს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. კირ სტარმერმათავდასხმას „ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტი“ უწოდა.
საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათი დაშავდა. შემთხვევა შაბათს, პირველ ნოემბერს მოხდა. პოლიციამ მომხდარს „ოჯახური ვენდეტა“ უწოდა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაპირისპირება შესაძლოა, კუნძულზე 31 ოქტომბრის ღამეს სამშენებლო მოედანზე ბომბის აფეთქებასთან იყოს კავშირში.
პირმა, რომელიც კათოლიკოსია, დაარღვია უქორწინებლობის აღთქმა, ჰყავს შვილი და, ზოგიერთი წყაროს თანახმად, შვილებიც, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.
როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, შეურაცხყოფა იმაში მდგომარეობს, რომ კტრიჩ ნერსისიანმა (გარეგინ მეორე) სომხეთის სულიერი ცხოვრება ჩიხში შეიყვანა და კათოლიკოსის საქმიანობა ექსპორტად, იმპორტად, ფულის განაწილებად, ყიდვა-გაყიდვად აქცია.
„შეურაცხყოფა ის არის, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, თუ „შათდაუნი“ მადლიერების დღემდე გაგრძელდება, ეს, შესაძლოა, ავიაინდუსტრიისთვის კატასტროფად იქცეს.
მისი თქმით, საავიაციო სექტორში დასაქმებული ადამიანები ხელფასს დიდი ხანია ვერ იღებენ და იძულებულნი ხდებიან, სხვა სამსახური ეძებონ. ეს კი დიდ შეფერხებებს გამოიწვევს.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი 1 ოქტომბრიდან გამოცხადდა, რაც, დაფინანსების შეწყვეტის გამო, ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს. მიზეზი „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა.
„ეს შეიძლება კატასტროფა იყოს, რადგანაც ამ ეტაპზე ადამიანები სამ-ოთხ ხელფასს გამოტოვებენ. რამდენი მათგანი არ გამოცხადდება სამსახურში? ამ ადამიანების ნახევარი სამსახურში არ მივა, არა იმიტომ, რომ ისინი არ არიან შრომისმოყვარენი, ან კარგი ადამიანები, არამედ იმიტომ, რომ მათ სხვა სამსახურის პოვნა მოუწევთ ოჯახების გამოსაკვებად. რა მოხდება, როცა უსაფრთხოების შემოწმებისთვის რიგები იქნება? რა მოხდება, როცა ხალხს საათობით მოუწევს რიგში დგომა, როდესაც პილოტები სამსახურში არ გამოცხადდებიან? ეს გამოიწვევს უზარმაზარ შეფერხებებს. ჩვენ გვინდა, რომ ხალხმა მადლიერების დღეს სახლში დაბრუნება შეძლოს, გვინდა, რომ მათ საქმიანი ვიზიტებით იმოგზაურონ, გვინდა, რომ ავიაციის ინდუსტრია ამოქმედდეს. ის ვერ იმუშავებს, თუ „დემოკრატები“ მთავრობას ხელახლა არ გახსნიან“, - განაცხადა ვენსმა.
ლუვრის მუზეუმის გახმაურებული გაძარცვიდან ერთი კვირის შემდეგ, გამოძიება აქტიურ ფაზაში შევიდა. ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა.
მათ საფრანგეთის გვირგვინის რვა სამკაულის მოპარვა ედებათ ბრალად, რომელთა ღირებულებაც, დაახლოებით, 88 მილიონ ევროს შეადგენს.
ძარცვა დღისით, პარიზის ცენტრში, გასულ კვირას მოხდა. BFMTV-ის ინფორმაციით, ორი ეჭვმიტანილი შაბათს, 25 ოქტომბერს დააკავეს.
გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ერთ-ერთი პირი სასაზღვრო პოლიციამ და ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ბრიგადამ შარლ-დე-გოლის აეროპორტში, დაახლოებით, 22:00 საათზე დააკავა, რა დროსაც ის ალჟირში გაფრენას აპირებდა.