ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი 28 თებერვლის დილას, აშშ-სა და ისრაელის მიერ მიტანილი დარტყმების შედეგად თავის რეზიდენციაში დაიღუპა, - იტყობინება ირანული სააგენტო Fars, რომელსაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მართავს.
სააგენტოს ცნობით, დარტყმის შედეგად დაიღუპნენ ალი ხამენეის ქალიშვილი, სიძე, შვილიშვილი და ერთ-ერთი რძალი.
ალი ხამენეის რეზიდენცია თეირანში განადგურებულია აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შედეგად, რაც გამოქვეყნებული სატელიტური სურათებიდან ჩანს.
როგორც სააგენტო IRNA იტყობინება, უზენაესი ლიდერის დაღუპვის შემდეგ ირანს დროებით უხელმძღვანელებენ პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და კონსტიტუციის მცველთა საბჭოს ერთი წევრი.
მანამდე, ალი ხამენეის სიკვდილის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია დადასტურდა - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს:
"ხამენეი, ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი ისტორიაში, მკვდარია. ეს არის არის სამართალი მხოლოდ ირანელი ხალხისთვის, არამედ ყველა დიდებული ამერიკელისთვის და იმ ბევრი ქვეყნის ერებისთვის მსოფლიოს გარშემო, რომელიც ხამენეიმ და მისმა სისხლს მოწყურებულმა ბანდიტებმა მოკლეს ან აწამეს. მან ვერ მოახერხა თავი დაეღწია ჩვენი დაზვერვისთვისა და უაღრესად დახვეწილი თვალთვალის სისტემებისთვის და ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით, მასა და მის სხვა ლიდერებს, რომლებიც მასთან ერთად მოკლეს - არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ეს არის უდიდესი შანსი ირანელი ხალხისთვის, რომ დაიბრუნონ საკუთარი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC), სამხედრო ძალების, უსაფრთხოებისა და პოლიციის ბევრი წარმომადგენელი აღარ აპირებს ბრძოლას და ჩვენგან იმუნიტეტს ითხოვს. როგორც გუშინ ღამით ვთქვი: „ახლა მათ შეუძლიათ მიიღონ იმუნიტეტი, მოგვიანებით კი მხოლოდ სიკვდილს მიიღებენ!“ იმედია, IRGC და პოლიცია მშვიდობიანად შეუერთდებიან ირანელ პატრიოტებს და ერთიანად იმუშავებენ, რათა დაუბრუნონ ქვეყანას ის დიდება, რომელსაც ის იმსახურებს. ეს პროცესი მალე უნდა დაიწყოს, რადგან არა მხოლოდ ხამენეი მოკვდა, არამედ თავად ქვეყანაც, სულ რაღაც ერთ დღეში, მნიშვნელოვნად განადგურდა და აღიგავა კიდეც პირისაგან მიწისა. თუმცა, მძიმე და წერტილოვანი დაბომბვები შეუფერხებლად გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად, მშვიდობისთვის ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში!"
ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად აბუ-დაბიში ერთი ადამიანი დაიღუპა. არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების შემდეგ ირანის მიერ გაშვებული რაკეტის ნამსხვრევები აბუ-დაბიში საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა:
"ეს ეროვნული სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა და არაბთა გაერთიანებული საამიროები ამ ესკალაციაზე პასუხის უფლებას იტოვებს“, - ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ, ირანმა აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების საპასუხოდ ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა და ირანელ ხალხს მიმართა. ტრამპმა მათ ხელისუფლების საკუთარ ხელში აღებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის განცხადებით, ამის შესაძლებლობა ირანის მოქალაქეებს ამერიკის სამხედრო ოპერაციების დასრულებისთანავე მიეცემათ.
ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელ Truth Social-ში გავრცელდა, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ირანელი ხალხისთვის ისტორიული შანსია.
„როდესაც ჩვენ დავასრულებთ, აიღეთ კონტროლი თქვენს მთავრობაზე. ის თქვენი გახდება. ეს, სავარაუდოდ, თქვენი ერთადერთი შანსი იქნება მომდევნო თაობების განმავლობაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საფრანგეთი 35 რუსულ ვებგვერდსა და არხზე წვდომას დაბლოკავს.
საფრანგეთის აუდიოვიზუალური და ციფრული კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ (ARCOM) გამოაცხადა გადაწყვეტილება, ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, 35 რუსულ მედია ვებგვერდზე, ტელევიზიასა და რადიოსადგურზე წვდომის დაბლოკვის შესახებ სტრიმინგ პლატფორმების მეშვეობით.
მედიის ცნობით, სანქცირებულ ვებგვერდებს შორისაა „სპუტნიკ ნიუსი“ და „ნიუს-ფრონტი“.
ARCOM-მა ასევე სთხოვა საძიებო სისტემებს, დაბლოკონ ოთხი სტრიმინგ პლატფორმის გვერდი, რომლებიც უზრუნველყოფენ წვდომას სანქცირებული რუსული ტელევიზიისა და რადიოს სერვისებზე.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ფრანგულმა თანამგზავრულმა ოპერატორმა, Eutelsat-მა შეწყვიტა რუსული არხების, NTV-Mir-ის, Rossiya 1-ისა და Channel One-ის ტრანსლირება. 2022 წლის მარტში ARCOM-მა ასევე შეწყვიტა რუსული მედიასაშუალების, RT-ს ფრანგულენოვანი ვერსიის, RT France-ის ტრანსლირება.
ტაივანელი კაცი ცოლს ჰიგიენური ნორმების დაუცველობის გამო დაშორდა. კაცის თქმით, მისი ცოლი, ლინი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ბანაობდა და იხეხავდა კბილებს.
სასამართლოზე კაცმა თქვა, რომ ის დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყო, რადგან წყვილს სექსი წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მისი ყოფილი ცოლის ბანაობის შემდეგ ჰქონდა.
გასაკვირი არაა, რომ ცოლ-ქმარს, დაახლოებით 10-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში, შვილიც არ ჰყოლია.
მექსიკაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ქვეყნის უმსხვილესი ნარკოკარტელის ლიდერის მკვლელობამ, რასაც წინ სისხლიანი სპეცოპერაცია უძღოდა, ქვეყნის რამდენიმე შტატში ნამდვილი ქაოსი და შეიარაღებული დაპირისპირებები გამოიწვია. კარტელის მეთაურის სიკვდილის შემდეგ, დაჯგუფების წევრებმა საპასუხო იერიშები წამოიწყეს, რის შედეგადაც მექსიკის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში ვითარება კონტროლიდან გამოვიდა.
კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა ათეულობით სატვირთო ავტომობილი და ავტობუსი გაიტაცეს, ცეცხლი წაუკიდეს და ცენტრალური მაგისტრალები ჩახერგეს. პარალელურად, დაფიქსირდა თავდასხმები სამთავრობო შენობებსა და პოლიციის განყოფილებებზე, თვითმხილველები კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან უწყვეტი სროლის ხმას ადასტურებენ. შექმნილი ვითარების გამო მოსახლეობაში პანიკაა – ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები, რადგან შეწყვეტილია სასწავლო პროცესი და დაიხურა სავაჭრო ცენტრები თუ აეროპორტები.
ექსპერტების შეფასებით, ლიდერის ლიკვიდაციამ კარტელის შიგნით ძალაუფლების ვაკუუმი შექმნა, რის გამოც ახლა გავლენისთვის ერთმანეთს არა მხოლოდ სამართალდამცავები და კრიმინალები, არამედ დაჯგუფების შიგნით არსებული სხვადასხვა ფრაქციებიც უპირისპირდებიან. პარალელურად, მეტოქე კარტელები ცდილობენ დასუსტებული დაჯგუფების ტერიტორიების ხელში ჩაგდებას, რაც კონფლიქტის მასშტაბებს კიდევ უფრო ზრდის.
მექსიკის პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით ეროვნული გვარდიისა და არმიის დამატებითი ქვედანაყოფების მობილიზება უკვე გამოაცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიზანი წესრიგის აღდგენა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვაა, რადგან ქვეყანა კრიმინალური ტერორის წინაშე პოზიციებს არ დათმობს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შეტაკებების შედეგად არიან გარდაცვლილები და დაჭრილები როგორც სამართალდამცავებს, ისე თავდამსხმელებს შორის, საერთაშორისო საზოგადოება კი მექსიკაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.