შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული დ.ვ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თელავში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, კონფლიქტის ნიადაგზე, ნაცნობს - 1993 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს განზრახ შეეჯახა, რის შემდეგაც ავტომობილით შემთხვევის ადგილი დატოვა.
შეჯახების შედეგად დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მიმდებარედ, მიმალვის მცდელობისას ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღე-ნახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი. ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება ეგრეთ წოდებული შუა რგოლის კორუფცია“.
„პირველ რიგში, მოგიყვებით იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს. ოპერატიული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისას, ქუთაისში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული, რომლებიც გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 137-ის უკანონო შეძენას სამ მილიონ აშშ დოლარად და მის უკანონო ტრანსპორტირებას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტულად ჩამოდიოდნენ საქართველოში და აქტიურად იყვნენ დაკავებული ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა/ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ, როგორც წესი, ზემოთ აღნიშნული ნივთიერებები გამოიყენება სხვადასხვა დანაშაულებრივი, მათ შორის, ტერორისტული მიზნებისთვის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
პარალელურ რეჟიმში ჩატარებული რამდენიმე ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად: ხე-ტყის უკანონო მოპოვების, სამსახურებრივი გულგრილობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა 12 პირი. მათ შორისაა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, იმერეთის სატყეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები. ასევე, მარტვილის სატყეო უბნის წარმომადგენელი, ამავე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი პირი. მსგავსი საქმე უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს, სადაც სამსახურებრივი სიყალბის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება – გამოყენებისა და მერქნიანი მცენარეების უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე ბრალდება სამ პირს წარედგინა.
ასევე, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტებზე, ბათუმსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ორი პირი დააკავეს. ბათუმის შემთხვევა ეხება შპს „სანდასუფთავების“ ერთ-ერთი სამსახურის უფროსის მიერ აღნიშნული შპს-ს ბალანსზე რიცხული სატვირთო ავტომანქანებით სამშენებლო ნარჩენების გატანის სანაცვლოდ ქრთამის აღებას, ხოლო ლაგოდეხის შემთხვევაში, მერის წარმომადგენელმა სოფელ კაბალში, ქრთამის სანაცვლოდ, მოქალაქეს თავიდან აარიდა სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.
ხუთი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში მშენებლობის კოეფიციენტის უკანონოდ გაზრდის და უნებართვო მშენებლობის ფაქტებზე, ე.წ. K2 კოეფიციენტებთან დაკავშირებით. სახელმწიფოს კუთვნილი მიწების კერძო საკუთრებაში უკანონოდ რეგისტრაციის ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა ექვსი პირი, ხოლო სატენდერო პირობების ხელოვნურად მორგების, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისგება ორ მოქალაქეს მოუწია.
როგორც ხედავთ, მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უპრეცედენტო მასშტაბებისა, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება ეგრეთ წოდებული „შუა რგოლის კორუფცია“, რასთან შეგუებასაც, ბუნებრივია, არ ვაპირებთ. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, ვისაც კი რაიმე შეხება ექნება მსგავს საკითხებთან, ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და მოგვაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია; ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ უჩნდებათ სურვილი, თავისი მდგომარეობა ბოროტად, მატერიალური უპირატესობისთვის გამოიყენონ, ვაფრთხილებთ, რომ კანონის დარღვევის ნებისმიერი ფაქტი იქნება გამოვლენილი და მას მოყვება შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება.
თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი რესურსი აბსოლუტურად განსხვავებულია. ბოლო თვეების განმავლობაში გატარებული შიდა რეფორმების, საკადრო ცვლილებების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაუმჯობესების ხარჯზე, თვისებრივად გაძლიერდა უწყების შესაძლებლობები. შემოსული, დამუშავებული და რეალიზებული ოპერატიული ინფორმაციის მოცულობა, მხოლოდ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, დაახლოებით 24-ჯერ არის გაზრდილი, რაც მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური და ოპერატიული შესაძლებლობების იმგვარად გაძლიერებაზე, რომ ჩვენს სამსახურს, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეუძლია როგორც კორუფციასთან შეურიგებელი და შედეგიანი ბრძოლა, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა პრევენციული ზომების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ
უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედიაა ჩვენთვის. მეორე - ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, მისი შვილი ბესარიონ ჟვანია, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში იყო ჩართული, რის გამოც ბუსა ჟვანიაზე ძებნა გამოცხადდა.
როგორც ნინო ჟვანია აღნიშნავს, მისი შვილისთვის ცნობილი არ იყო ის ფაქტი, რომ ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას გეგმავდნენ.
„ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი იყო კაკულიასი და ჩვენებებშიც აქვს ეს ყველაფერი ნათქვამი - დანარჩენს რაც შეეხება, ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ. [მკვლელობას რომ გეგმავდნენ და] ეს რომ სცოდნოდა ბუსას, ამას გამოვრიცხავ. ერთი, უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედია არის ჩვენთვის ყველასთვის და ახლა მეორე - ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, მე მგონი“, - განაცხადა ნინო ჟვანიამ.
თბილისის პროკურორის, გიორგი მიქაიას განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა. მისი თქმით, პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილზე, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.
პროკურატურის ცნობით, გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთად, ბუსა ჟვანია დასახელდა