გახოკიძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა
გახოკიძის ქუჩის N54-დან N25ა-მდე, ასევე, ამავე ქუჩის N25ა-დან N28, N30, N31, N32 კორპუსების მიმდებარედ, ასფალტის საფარი 4300 კვ.მ ფართობზე იგება. პროექტის ფარგლებში, ეწყობა საპარკინგე ადგილები და საყრდენი კედელი.
სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 200 000 ლარია.
სამუშაო პროცესს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ვაჟა კოკაია გაეცნენ.
სამგორის რაიონში, ელენე მეტრეველის ქუჩაზე, 415 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მოსასვენებელი სივრცისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ასევე, მონტაჟდება გარე განათება. ტერიტორია გამწვანდება ხე-მცენარეებით და აღიჭურვება საჭირო ინვენტარით.
გარდა ამისა, ეწყობა გრუნტის დამჭერი კედელი და დამცავი ჯებირი.
აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 116 700 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.
8 ნოემბრიდან კრწანისისა და სამგორის რაიონებში მიკროავტობუსის თითო ახალმა მარშრუტმა დაიწყო მგზავრთა მომსახურება.
N544 მიკროავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან იალბუზის ქუჩის, ორთაჭალჰესის ხიდისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩის გავლით, კრწანისის ქუჩის №65-მდე.
N559 მარშრუტი სამგორის რაიონს მოემსახურება. მიკროავტობუსი სვლას გივი ამილახვარის ქუჩის №17-ის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს და კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს. შემდეგ, იმავე მარშრუტით გივი ამილახვრის ქუჩას დაუბრუნდება.
ახალი მარშრუტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას და კიდევ უფრო კომფორტულს და ხელმისაწვდომს გახდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას.
გარდა ამისა, სამგორის რაიონში, N295 მარშრუტზე მოძრავი მცირეგაბარიტიანი ავტობუსები MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება.
ახალი ავტობუსები ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება და გააუმჯობესებს გადაადგილებას ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩებზე, ასევე, მოსკოვის გამზირიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმართულებით.
ასევე, მთაწმინდასა და გლდანში მიკროავტობუსების მარშრუტები დაგრძელდება. კერძოდ, მთაწმინდის რაიონში, მიკროავტობუსის - N481 მარშრუტი, რომელიც დაბა წყნეთიდან კიკეთის მიმართულებით გადაადგილდება და გზად სოფელ „დიდებას“ გაივლის, ამჯერად სოფელ „დიდებაში“ მდებარე დიდების ქუჩის გარდა, სამპანტების I შესახვევსაც მოემსახურება.
გარდა ამისა, დაგრძელდება გლდანის რაიონში მოძრავი N508 მიკროავტობუსის მარშრუტიც. აღნიშნული მიკროავტობუსი მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორიიდან (გობრონიძის ქუჩა) მომსახურებას უწევს ავშნის ქუჩისა და ავშნის III შესახვევის მცხოვრებლებს. ახალი მარშრუტის მიხედვით, მიკროავტობუსი ავშნის III შესახვევიდან სვლას ვახტანგ ფირცხალავას ქუჩის გავლით მიხეილ ვაშაკიძის ქუჩის კვეთამდე გააგრძელებს.
მთაწმინდისა და გლდანის რაიონებში განახლებული მარშრუტები 8 ნოემბრიდან ამოქმედდება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.