სამგორის რაიონის გამგეობა საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 9 საჯარო სკოლაში, საერთო ჯამში, 21 739 კვ.მ ფართობზე წესრიგდება. 3 სკოლაში შეიცვალა წყალარინების ქსელი, ასევე, 3 სკოლაში ბიბლიოთეკებისა და სააქტო დარბაზების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს; 3 მისამართზე სახურავების გადახურვის სამუშაოები ხორციელდება, ხოლო 2 სკოლაში სპორტული მოედნები ეწყობა.
საერთო ჯამში, სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის მიმდინარე წელს 2 931 231 ლარი დაიხარჯება და 12 საჯარო სკოლას მოიცვავს.
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო.
მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ყველაზე მეტად რაც გაგვაძლიერებს, რაც მთავარი მამოძრავებელი ძალაა ყველა კარგი საქმის კეთების დროს - ეს არის სიკეთე, - განაცხადა დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კახა კალაძის თქმით, წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება „სიკეთით სავსე ქალაქი“.
„ახალი წლის ღონისძიებებთან ერთად, ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს საახალწლო სლოგანიც, რომელიც ძირითადად უკავშირდება წლის მიხედვით მიღწეულ შედეგებს, წარმატებებსა და იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენი ქალაქის მიმართ გვამოძრავებს. ბოლო წლების განმავლობაში, გვქონდა ბევრი წარმატება, გამარჯვება, თუმცა გვქონდა გარდამტეხი მომენტებიც, რომლებმაც ჩვენი საზოგადოება სხვადასხვა მხარეს აღმოაჩინა; გვაკლდა ერთმანეთის, სამშობლოს მიმართ სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და სხვისი პოზიციის მიმღებლობა; დავდექით მშვიდობის დაკარგვისა და ომის დაწყების ზღვარზე; მოვიპოვეთ საერთაშორისო წარმატება და პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენი საფეხბურთო ნაკრების დამსახურებით, ევროპაში ხმამაღლა დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ ვართ საქართველო!“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საახალწლო სლოგანები ძირითადად უკავშირდება წლის მიხედვით მიღწეულ შედეგებს, წარმატებებსა და იმ სულისკვეთებას, რომელიც საზოგადოებას ქალაქის მიმართ ამოძრავებს.
„მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ყველაზე მეტად რაც გაგვაძლიერებს, რაც მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივატორია ყველა კარგი საქმის კეთების დროს - ეს არის სიკეთე. ვფიქრობ, უფრო მეტი სიკეთე გვმართებს ერთმანეთის, ჩვენი ქალაქის, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების, განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე მოქალაქეების მიმართ; უნდა შევძლოთ და კეთილი ზრახვით, არა ბოღმითა და შურით ვაშენოთ ჩვენი ქალაქის, ქვეყნის მომავალი; სიკეთე უნდა იყოს წამყვანი ფაქტორი ჩვენი შვილების აღზრდის საქმეში, რათა მათ შეძლონ, ღირსეულად ემსახურონ საკუთარ სამშობლოს. სწორედ ამიტომ, წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება - „სიკეთით სავსე ქალაქი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ მომავალ წელს მოსახლეობას სიკეთე, სულიერი სიმშვიდე და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა.
„ჩვენი, ყველას საახალწლო სურვილიც იქნება მეტი სიკეთე, სიყვარული და პატივისცემა სუფევდეს ჩვენს ყოველდღიურობაში, რადგან არავის სიამოვნებს ის გარემო და მდგომარეობა, რომელშიც დღეს საზოგადოება იმყოფება. დაიღალა მოსახლეობა დაძაბულობით, შეურაცხყოფით, ლანძღვით, ერთმანეთისგან გარიყვით. მესმის, რომ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები, თუნდაც პოლიტიკური, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ცივილური და არ უნდა ძაბავდესსაზოგადოებას. ყველას გისურვებთ სიკეთეს, სულიერ სიმშვიდეს და ძლიერ, ღირსეულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას! სიკეთე, სიყვარული და დოვლათი იყოს ჩვენი ოჯახების თანმდევი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
1-2 დეკემბერს თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტს ეწვევა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კახა კალაძე შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან.
თბილისის მერი ასევე მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ევროპის ქალაქების ურბანულ განვითარებას შეეხება და სიტყვით მიმართავს კონფერენციის მონაწილეებს.
კახა კალაძესთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის წევრები და თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ბაგაშვილი.
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 1 დეკემბრის 01:00 საათიდან 2026 წლის 20 იანვრის 14:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილების მოძრაობა სრულად შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მერაბ კოსტავას ქუჩისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან სანდრო ინაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ასევე, რუსთაველის გამზირიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით პირველი რესპუბლიკის მოედნამდე.
„შეზღუდვის დროს, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, ნაცვლად პირველი რესპუბლიკის მოედნისა, გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირის გავლით, ხოლო მოხვევა შესაძლებელი იქნება ზეთისხილის ხესთან.
30 დეკემბრიდან 2026 წლის 1 იანვრის ჩათვლით ამოქმედდება დამატებითი შეზღუდვები. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით მოძრაობა შეიზღუდება; გადაადგილება ასევე შეიზღუდება რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან სანდრო ინაშვილის ქუჩის გამოყენებით ზეთისხილის ხის მიმდებარე ტერიტორიამდე.
რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ზეთისხილის ხესთან მობრუნებით, მოძრაობა კი დასაშვები იქნება რევაზ თაბუკაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და სხვა მიმდებარე ქუჩების გამოყენებით.
რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბრის 20:00 საათიდან 1-ელი იანვრის 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედანსა და სანდრო ინაშვილის ქუჩაზე (რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან). ასევე, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ, მერაბ კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან ზეთისხილის ხემდე.
მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ თავისუფლების მოედნიდან მიმავალი იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც სვლას უკუმიმართულებით, ზეთისხილის ხესთან მობრუნებით გააგრძელებენ.
აღნიშნულ პერიოდში, ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც რუსთაველის გამზირის გავლით უკავშირდებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს გამოყენებით დაუკავშირდება ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოსახვედრად იმოქმედებს ანალოგიური მარშრუტი.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 21 და 22 ნოემბერს 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.
აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით).
გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს
„როგორ უნდა იკადროს ადამიანმა ამ ტიპის სიცრუის გავრცელება? არ მიკვირს ის, რასაც კადრულობენ და აკეთებენ, მათ აქვთ შესაბამისი რეიტინგი - საერთოდ პულსი არ ესინჯებათ და ხალხმა როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე მათ შესაბამისი ადგილი მიუჩინა“, - განუცხადა დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, Eagle Hills-ის პროექტის ფარგლებში მეჩეთების მშენებლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად არ სიამოვნებთ ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური წინსვლა.
„თქვენ ხედავთ, თუ როგორი მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს აღნიშნულ ინვესტიციაზე.
ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ეს ადამიანები არიან უსამშობლოები, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ისინი წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს და ნამდვილად არ სიამოვნებთ ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური წინსვლა.
როგორ უნდა იკადროს ადამიანმა ამ ტიპის სიცრუის გავრცელება? ეს ხომ მეტყველებს იმაზე, რომ მათ მიერ გაჟღერებული ყველა წინადადება, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, შეიცავს ტყუილს და დაფუძნებულია სიცრუეზე.
როგორ შეიძლება, გერქვას პოლიტიკოსი და იკადრო ამ ტიპის სიცრუე, თუმცა მე არ მიკვირს ის, რასაც კადრულობენ და აკეთებენ. აქვთ შესაბამისი რეიტინგი - საერთოდ პულსი არ ესინჯებათ და ხალხმა როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე მიუჩინა მათ შესაბამისი ადგილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.