მეტეხის გვირაბში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 30 დეკემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„შეზღუდვა ღამით, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მხოლოდ გვირაბის ერთ მხარეს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდან ორთაჭალის მიმართულებით.
შესაბამისად, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის ხიდიდან ევროპის მოედნისკენ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - აცხადებენ მერიაში.
სამგორის რაიონის გამგეობამ მასწავლებლებისთვის ქალაქ თელავში გასვლითი ღონისძიება „სკოლა და თვითმმართველობა“ გამართა.
პროექტის მიზანია, მასწავლებლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე, თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობით, სასკოლო პროექტების განხორციელება.
ღონისძიების ფარგლებში, პედაგოგებმა ერთმანეთს პრფესიული გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრა რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საკრებულოში ვარკეთილის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ვაჟა კოკაიასთან, სადაც 2026 წლისთვის დასაგეგმი სასკოლო და საგანმანათლებლო პროექტები განიხილეს.
მონაწილეთა ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯები სამგორის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.
ნინო კორძაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ უკვე რამდენიმე თვეა შვილთან ერთად რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში დისკრიმინაციასა და აგრესიას აწყდება. მისი თქმით, რუსთავის ზოგიერთი მგზავრი თბილისელებს ტრანსპორტით გადაადგილებას უკრძალავს და ბავშვებსაც კი ეუბნება, რომ „ეს ავტობუსი მხოლოდ რუსთაველებისთვისაა“.
“რამოდენიმე თვეა ელენე სკოლაში და სკოლიდან, რუსთავის ავტობუსებით დამყავს. ყოველ დღე ვისმენ მგზავრებისგან, რომ ჩვენ, თბილისელები არ უნდა ავდიოდეთ რუსთავის ტრანსპორტში, რომ ეს ტრანსპორტი მათია. ყოველ დღე, როცა ბავშვს მარტო ვუშვებ ამ ტრანსპორტით, ქალები(!!!!) ედავებიან ბავშვებს(!!!) ჩადით ტრანპსორტიდან, ეს რუსთაველებისთვის არისო. რამოდენიმეჯერ ვიკამათე, ვიჩხუბე, ვცადე ახსნა, რომ ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რომ ეს ტრანსპორტი გაჩერებაზე არსებულ განრიგში არის ნაჩვენები , ანუ ნებისმიერ ადამიანს საქართველოს მოქალაქეც რომ არ იყოს, აქვს უფლება იმგზავროს ამ ტრანსპორტით-საზოგადოებრივი ტრანსპორტით!!!
უკვე მერამდენედ, მძღოლები არ გვიჩერებენ ავტობუსს, უკვე მერამდენე ადამიანი ჩააგდეს ტრანსპორტიდან არ ვიცი. დაახლოებით 10 დღის წინ, ელენეს კლასელი, რომელიც ორთაჭალაში ცხოვრობს და ამ ტრანსპორტით მგზავრობს, შეაშინეს!!!! ბავშვმა მომიყვა ერთი ქალი ეუბნებოდა მძღოლს, არ გაუჩერო მაგას გაჩერებაზე, ღირსია ჩავიყვანოთ რუსთავში და მერე იქიდან წამოვიდესო!! ქალი ეუბნებოდა ამას ხალხნო, ბავშვს აშინებდა, 10 წლის ბავშვს!!! მე არ ვიცი ვინ ცხოვრობს რუსთავში და სად გაქრა ამ ხალხის მორალი, აქ მორალზე ვერ ვისაუბრებ, რაც არაა, რთულია იმაზე საუბარი! მე მაინტერსებს სადაა თბილისის მერია / Tbilisi City Hall @ქალაქ რუსთავის მერია! რატომ არ გვპასუხობს @რუსთავის სატრანსპორტო ცხელი ხაზი,
გამაგებინეთ, რა საჭიროა თბილისში დადიოდეს ტრანსპორტი, რომელსაც აქვს ვალდებულება შევიდეს გაჩერებაზე და ტრანსპორტიდან აგდებს ბავშვებს, მხოლოდ იმიტომ რომ ის ფონიჭალამდე მიყვება ტრანსპორტს!!!!!!! საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia
10 წლის ბავშვს სკოლაში ვუშვებ ქალების იმედად, რამე თუ გაუჭირდა, მიხედავენ თქო და ეს ქალები, კაცები, ახალგაზრდები ერთ სიტყვასაც არ ამბობენ, რომ ბავშვი დაიცვან, მეტიც, მთელი გზა საყვედურობენ რომ ტრანსპორტით მგზავრობს!! 10 წლის ბავშვს საყვედურობენ! უკვე მეშინია, რომ მართლა ჩამოაგდებენ ტრანსპორტიდან! მეშინია ამ ამორალური საზოგადოების!” - წერს მოქალაქე.
სამგორის რაიონის გამგეობამ წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
სამგორის რაიონის გამგეობამ 2025 წელს განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
შესრულებული სამუშაოს ანგარიში რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ წარადგინა. მან სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს სამგორის რაიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორის, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა 124 140 კვ.მ ფართობზე. ასფალტის საფარი დაიგო ისეთ ქუჩებზე, სადაც გზა ათწლეულების განმავლობაში არ განახლებულა.
11 მისამართზე მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, გრუნტის დამჭერი კედელი კი, 6 მისამართზე აშენდა.
რეკრეაციული სივრცეების განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, წელს რაიონს 51 სკვერი და მცირე ზომის მოსასვენებელი ზონა შეემატა, მოეწყო და რეაბილიტირდა 15 სპორტული მოედანი, მათ შორის 8 სრულიად ახალი სპორტული მოედანი გაკეთდა. ერთ-ერთია რაგბისა და ფეხბურთის კომბინირებული სტადიონი აფრიკის დასახლებაში, რომელიც ამ ტიპის პირველი სტადიონია სამგორის რაიონში.
გარდა ამისა, დიდ ლილოში 9 104 კვ.მ ფართობზე ეწყობა სპორტული კომპლექსი, სადაც UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის მოედანი და პადელის კორტი იფუნქციონირებს. ამასთანავე, 26 მისამართზე მოეწყო საბავშვო-გასართობი სივრცე და დამონტაჟდა ატრაქციონები.
დელეგირებული უფლებამოსილებით, 12 საჯარო სკოლაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 743 638 ლარი დაიხარჯა.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ფარგლებში, 2025 წელს 214 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, სახურავი და წყალსაწრეტი მილები 66 მისამართზე შეიცვალა; 35 ლიფტის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და 12 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.
სოციალური მიმართულებით დაკმაყოფილდა: მიზნობრივი ფულადი დახმარების 6 429 განცხადება; მედიკამენტებისა და მკურნალობის დაფინანსების - 6 801 განცხადება; 7 530 მოქალაქემ ისარგებლა უფასო სასადილოს პროგრამით; 600 ოჯახმა ისარგებლა ბინის ქირის პროგრამით; ასევე, ბინის ქირის პროგრამით ისარგებლა 106 ოჯახმა, რომელიც ჩანაცვლების პროგრამაშია ჩართული.
მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 12 ღონისძიება ჩაატარა.
ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, საერთო ჯამში, 56 700 000 ლარი დაიხარჯა.
გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის წევრი, რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ვაჟა კოკაია, მამუკა ხაბარელი, ზაქარია წიკლაური და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.