საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
გადაადგილების შეზღუდვა ეხება, როგორც პირად ავტომობილებს, ისე საზოგადოებრივ ტრანსპორტს.ფერხდება გადაადგილება გმირთა მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, თაბუკაშვილის ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, ლეონიძის შესახვევში, კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩებზე. ასევე, დატვირთულია მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები.
მოსახლეობას მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები და კერძო ავტომობილებით გადაადგილებისას ისარგებლონ ალტერნატიული გზებით.
აქვე შეგახსენებთ, რომ 24 მაისს, 20:00 საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, გია ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთი. ამ დროს, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის პანდუსამდე და ჭანტურიას ქუჩამდე.
24 მაისის 14:00 საათიდან 27 მაისის 03:00 საათამდე, ავტოსატრანსპორტო შეზღუდვა შეეხება ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებს.
რაც შეეხება დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დღის განმავლობაში,გადაადგილება აიკრძალება თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, ასევე, ათონელისა და ვეკუას ქუჩებზე.
ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.
ლილოს დასახლებაში, იოსებ ალავერდელის ქუჩიდან 168-ე საჯარო სკოლამდე, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, იცვლება 239 გრძივი მეტრი სიგრძის ქსელი, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 258 804 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის დელეგატ ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
თბილისის მერია სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების მარშრუტის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური ვაკის რაიონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მაისიდან, ოთხი თვის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იქნება.
სამუშაოები მიმდინარეობს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან, წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე.
რაც შეეხება საგზაო მოძრაობის შეზღუდვას, ტრანსპორტის გადაადგილება სრულად აიკრძალა ვაკის სასაფლაოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ მონაკვეთზე.
შეზღუდვის პერიოდში გიორგი წერეთლის ქუჩა გახდა ცალმხრივი.
თამარაშვილის გამზირიდან მოძრაობა დაშვებულია ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმართულებით, გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები სარგებლობენ ვაკის პარკის მიმდებარედ არსებული მოსაბრუნებელი გზით და მარცხნივ მოხვევით ხვდებიან თამარაშვილის გამზირზე.
ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელია თამარაშვილის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების ახალი ხიდის გავლით, ხოლო წყნეთისა და ბაგების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით ავტომობილები მოძრაობენ ბაგების ახალი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში შემდეგი სიახლეა:
ილია ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბის ასახვევის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები - N309, N351, ასევე მიკროავტობუსები - N512, N540 იმოძრავებენ მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით (უკუმიმართულებით მარშრუტი არ იცვლება).
მიხეილ თამარაშვილის გამზირიდან კუს ტბის ასახვევის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი N358 იმოძრავებს გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით და აღარ გაჩერდება „ვაკის პარკთან“ (უკუმიმართულებით მარშრუტი უცვლელია).
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება, რომელიც აქამდე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და გიორგი ტყემალაძეს წარმატება უსურვა.
„მინდა, ვიცე-მერის პოსტზე წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება. ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია - წლებია ჩართულია ყველა იმ საქმიანობაში, რასაც ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა ჰქვია. მინდა, წარმოგიდგინოთ გიორგი ტყემალაძე. ის ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ. ყველა პროექტი, რაც ხორციელდება და გაკეთდა დედაქალაქში, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი კვალიფიკაცია, მისი ჩართულობა, დაგვეხმარება და გავაგრძელებთ იმ წამოწყებულ მნიშვნელოვან საქმეებსა და პროექტებს. მინდა, მას წარმატება ვუსურვო ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. გიორგიმ კარგად იცის თვითმმართველობას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა კალაძემ.
აქვე, დედაქალაქის მერმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა აწ უკვე ყოფილ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და წარმატებები უსურვა.
„მადლობას ვუხდი ირაკლი ხმალაძეს გაწეული შრომისთვის. ჩვენ 2017 წლიდან ერთად მოვდივართ, ერთად დავიწყეთ მუშაობა მუნიციპალიტეტის თემებზე, ერთად ჩავატარეთ საარჩევნო კამპანია. მანამდე, ენერგეტიკის სამინისტროში ვმუშაობდით ერთად. ის შორს არ მიდის, ჩვენს მეგობარ უწყებაში გადავიდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. იუსტიციის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ. ქალაქისთვის მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ, სისტემური რეგისტრაციები მაქვს მხედველობაში. ირაკლი პროფესიით იურისტია. მან მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. დარწმუნებული ვარ, იუსტიციის სამინისტროშიც თავის შესაძლებლობებს გამოავლენს და ყველაფერს გააკეთებს, რომ აღნიშნული სამინისტრო იყოს წარმატებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.