დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს, არის სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
კობახიძის თქმით, იყო წლები, როდესაც ვერ გარისკავდა ხელისუფლება და შეუძლებელი იყო ზეწოლის გაძლება, თუმცა როდესაც დაინახა ხელისუფლებამ, რომ შესაძლებელი იყო ამ იდეოლოგიასთან დაპირისპირება, მაშინვე მიიღო ზომები.
„თქვენ იცით, რამხელა ზეწოლის გადატანა მოგვიხდა გასული წლების განმავლობაში. რეალურად იყო ძალიან დიდი ზეწოლა, რომ საქართველოშიც დანერგილიყო მანკიერი იდეოლოგია. დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს. არის სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით. იყო წლები, როდესაც ამას უბრალოდ, ვერ გარისკავდა ხელისუფლება, შეუძლებელი იყო ზეწოლის გაძლება, როდესაც დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო ამ იდეოლოგიასთან დაპირისპირება, მაშინვე მივიღეთ ზომები და სხვა მიმართულებითაც შეიძლება მუშაობის გაგრძელება. თუ სტამბოლის კონვენციასთან ან შესაბამის კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც დაფუძნებულია სტამბოლის კონვენციაზე, არის კითხვის ნიშნები, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშაოთ. საქმე უკვე ვაჩვენეთ საზოგადოებას, როდესაც კონკრეტული კანონები მივიღეთ და კონკრეტული კანონები გავაუქმეთ. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. აბსოლუტურად ვიზიარებთ დამოკიდებულებას, რომ იდეოლოგია არის პრობლემური და ამ იდეოლოგიას აქვს კონკრეტული ხელშესახები უარყოფითი შედეგები, რაც აისახება ქორწინების და შობადობის სტატისტიკაზე. ამიტომ, მუშაობა არის გასაგრძელებელი და გავაგრძელებთ იმას, რაც აქტიურად დავიწყეთ, ორი წელიწადია“, – განაცხადა პრემიერმა.
დებატებში სტატისტიკის გარეშე საუბარი შეუძლებელია, რადგან საბოლოო ჯამში სტატისტიკა არის ის, რაც გარკვეულ ფაქტებს ადასტურებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტატისტიკის გათვალისწინების გარეშე დებატებს აზრი არ ექნება.
„ჩვენ რაღაც ფაქტებს უნდა დავეფუძნოთ და სტატისტიკის გარეშე ამ ფაქტებზე ვერ ვისაუბრებთ. რაც შეეხება ეკონომიკას, ჯერ კიდევ ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა არის არასახარბიელო. დაახლოებით 2,5-ჯერ გვისწრებს გერმანია, ორჯერ გვისწრებს საფრანგეთი, 40 პროცენტით საბერძნეთი, ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ასეთ პირობებში მიგრაციის ტენდენციაც არის უარყოფითი. ანალოგიურად, ევროკავშირის ქვეყნებიდანაც ბევრი გადადის საცხოვრებლად და სამუშაოდ აშშ-ში, რადგან რომ შევადაროთ ერთმანეთს ბულგარეთი და აშშ, სხვაობა ეკონომიკებს შორის არის დაახლოებით სამმაგი. იქაც არის ასეთი სხვაობები. ამიტომ, ეკონომიკის მდგომარეობით ჩვენ კმაყოფილი არ ვართ, ჩვენი ეკონომიკა ნომინალური არის 10 000 დოლარი, 2020 წელს იყო 4 300 დოლარი, ახლა გადასცდა 10 000 დოლარს.
მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 33 ათასი დოლარია ჩვენი მაჩვენებელი, რითაც ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. მთავარია, ტენდენცია გვაქვს კარგი, თუ არ გვაქვს კარგი. ჩვენ რაღაც საზომი უნდა ავიღოთ, საწყისი წერტილი და იმის მერე პროგრესი, წინსვლა დავაფიქსირეთ თუ ვერა, ეს უნდა აღვნიშნოთ. განსხვავებით დემოგრაფიული მაჩვენებლებისგან, იქ ვსაუბრობთ სტატისტიკაზე, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მეტყველებს, რადგან არის კლება, უარყოფითი ტენდენციები. რაც შეეხება ეკონომიკას, აქ განსხვავებული მაჩვენებლები გვაქვს. მაგალითად საშუალო ხელფასი, 2012 წელს იყო 712,5 ლარი და 2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, არის 2 272 ლარი, ესეც ცოტაა, მაგრამ არის მკვეთრი სხვაობა 2020 წელთან შედარებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, უმუშევრობის დონე იყო 2012 წელს იყო 26,7 პროცენტი, 2020 წელს ჩამოვიდა 18,5 პროცენტამდე და 2025 წლის მაჩვენებელი არის 13,9%, რაც კლების მკვეთრ ტენდენციაზე მიუთითებს.
„მაგალითად, 2020 წელს დასაქმებული იყო მილიონ 242 ათასი კაცი, ახლა არის მილიონ 390 ათასი ადამიანი. აქ კმაყოფილი ვერ ვიქნებით, ჯერ კიდევ არის არადამაკმაყოფილებელი მაჩვენებლები, მაგრამ ტენდენცია არის მკვეთრად დადებითი. კიდევ ერთი მაჩვენებელი, ეს ეკონომიკური ზრდა აისახება თუ არა ადამიანების ჯიბეებზე და ჯიბეში იგულისხმება ადამიანების შემოსავალი. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, ახლა გეტყვით, რამდენს იხდიდნენ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში საშემოსავლო გადასახადის სახით. 1,8 მილიარდი იყო 2012 წელს, 3,3 მილიარდი გახდა 2020 წელს და 8,3 მილიარდი გახდა 2025 წელს, ანუ 2020 წელთან შედარებითაც კი 2,5-ჯერ არის გაზრდილი ადამიანების შემოსავლები. ფიზიკურ პირებზე ყველა სახის ფულადი განაცემი ჯამურად შეგვიძლია დავიანგარიშოთ 58,6 მილიარდი, 2020 წელს იყო დაახლოებით 2,5-ჯერ ნაკლები, დაახლოებით 22 მილიარდი იყო. ეს მაჩვენებელიც არ არის კარგი, დამაკმაყოფილებელი. 2 272 ლარი არის დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალი ხელფასი, მაგრამ როცა იწყება 712,5 ლარიდან და 2020-ის შემდეგ გაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, ეს არის მთავარი, რითაც შეიძლება, შეფასდეს, ხელისუფლების საქმიანობა არის თუ არა წარმატებული. ასევე დეპოზიტები ბანკებში იყო 34,6 მილიარდი ლარი, არის გაზრდილი 65,6 მილიარდ ლარამდე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, უნდა გავმიჯნოთ ეთნიკური ქართველები და საქართველოს მოქალაქეები. მშობლები თუ არიან საქართველოს მოქალაქეები, ამ შემთხვევაში შვილს არავითარი პრობლემა არ ექმნება მოქალაქეობის მინიჭების თვალსაზრისით, თუ არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ამ შემთხვევაში მათი ოჯახის წევრი, მათ შორის შვილი, ექვემდებარება ნატურალიზაციის წესს, მოქალაქეობის პრინციპიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
კობახიძის განმარტებით, შეიძლება, იყვნენ მშობლები ეთნიკურად ქართველები, მაგრამ თუ არ არიან მოქალაქეები, მათმა შვილმა უნდა მიიღოს ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობა და ეს არის სტანდარტული წესი, რაც ყველა ქვეყანაში მოქმედებს.
„პროცედურების გამარტივება ამ კუთხითაც შესაძლებელია. ამაზე გვქონდა საუბარი იუსტიციის მინისტრთან ერთად და ვგეგმავთ, რომ შევამსუბუქოთ პროცედურები. არიან, მაგალითად სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში ეთნიკური ქართველები, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, არიან მათი შვილები, თავადაც უნდათ მოქალაქეობის მიღება და მათ შორის, არიან ადამიანები, რომლებმაც ქართული ენა არ იციან და მათთვისაც შეიძლება, რომ შემსუბუქდეს ეს პროცედურები. ამაზე გვაქვს აქტიური კონსულტაციები და შესაძლებელია გადაწყვეტილებამდე მისვლა“, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ერთია მოქალაქეობის მინიჭება, მეორეა მოსახლეობის ზრდა, რადგან ეს ადამიანი თუ არ ჩამოვიდა ფიზიკურად საქართველოში, მოსახლეობის ზრდაში ვერ ჩაითვლება.
„რაც შეეხება ქართველებს, რომლებიც თავის დროზე იქნენ გადასახლებული ან სხვა კუთხით მოხვდნენ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათ შორის საუკუნეების წინ, აქ შეიძლება კონსულტაციების გავლა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მიდგომით უნდა წავიდეთ. ისინი, როგორც წესი, არ არიან საქართველოს მოქალაქეები. არის, მათ შორის, მეზობელ თურქეთში მილიონობით ქართველი, ეთნიკურად ქართველი, არიან ირანში ფერეიდნელი ქართველები, სხვა ქვეყნებში არიან თავის დროზე საქართველოდან გასული ადამიანები. ეს უფრო ფართო მსჯელობის საგანია, თუმცა ამ საკითხზეც შეიძლება მსჯელობის უფრო ფართოდ გაშლაც.რაც შეეხება ქართველების დაბრუნებას საქართველოში, ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც მინდა, რომ გავიხსენო. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა 40 000 ქართველი. მათ არავითარი დაბრკოლება არ შექმნიათ. ადამიანს თუ უნდა ფიზიკურად საქართველოში დაბრუნება, ამისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. 2022 წლიდან საქართველოში დაბრუნდა 40 000 ქართველი, ძირითადად რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. დღემდე ცხოვრობს საქართველოში 40 000 ქართველი, რომლებიც 2022 წლის შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ემიგრაცია არის პრობლემური საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარე დაფიქსირებული სტატისტიკიდან, ამის მთავარი მიზეზია ეკონომიკა, რაც შეეხება იმიგრაციას, ანუ საქართველოში მიგრანტების შემოსვას, ესეც პრობლემური საკითხია და საჭიროა პროცესების სწორად მართვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, 2024 წელს, 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე გავიდა, ანუ პირველად დაფიქსირდა დადებითი სალდო უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში, 2020 წლის შემდეგ.
„ეს არის თემა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და სამართლიანად, ბუნებრივია. ყველა ვხედავთ, რომ საკმაოდ შემაშფოთებელია ტენდენციები, განსაკუთრებით ევროპაში, თუმცა მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც, შესაბამისად ის, რომ ეს საკითხი იწვევს ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს, გასაკვირი არ არის. შესაბამისად, მისასალმებელია ამ თემაზე ფართო დისკუსიის გაშლა.
რაც შეეხება ზოგადად ემიგრაციას და იმიგრაციას. ემიგრაციაც არის პრობლემური საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარე დაფიქსირებული სტატისტიკიდან. ჩვენ გვაქვს უარყოფითი მიგრაციული სალდო, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში მეტი მოქალაქე გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოდიოდა და ეს ბალანსი არის ნეგატიური. ამას აქვს ზოგადად ერთი მთავარი მიზეზი, ეს არის – ეკონომიკა. ესაა ძირითადი ფაქტორი, რაც იწვევს მოსახლეობის ემიგრაციას და უარყოფით მიგრაციულ სალდოს. რაც შეეხება იმიგრაციას, ანუ საქართველოში მიგრანტების შემოსვას, ეს პრობლემური საკითხია, საჭიროა პროცესების სწორად მართვა და 3 ძირითადი ფაქტორია, რაც განაპირობებს მიგრანტების შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ის, რომ ვართ ტურისტული ქვეყანა, შესაბამისად, გახსნილი ვართ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მეორე – ეს არის სტუდენტების პროგრამები, უცხოელი სტუდენტები გვყავს საკმაოდ დიდი რაოდენობით და მესამე არის ეკონომიკის ზრდა და სამუშაო ძალის დეფიციტი, რასაც სჭირდება შევსება. ამ დეფიციტის შევსება ხდება ხშირად, პირველ რიგში, კომპანიების მიერ უცხოური სამუშაო ძალით.
რაც შეეხება ეკონომიკას და ემიგრაციას რომ შევეხოთ, რატომ გადიან ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ. ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა უარყოფითი სალდო საქართველოს მოქალაქეების ნაწილში, ანუ იმაზე მეტი მოქალაქე გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოდიოდა. შარშან წინ საიმედო მაჩვენებელი დაფიქსირდა. პირველად მოხდა ისე, 2020 წლის შემდეგ, 2020 წელს მიზეზი იყო კოვიდი, 2024 წელს 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე გავიდა, ანუ პირველად დაფიქსირდა 2024 წელს 2020 წლის შემდეგ დადებითი სალდო უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ერთგვარი ეკონომიკური გრავიტაციის კანონი მოქმედებს მიგრაციის კუთხით, ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი ეკონომიკა, იზიდავს მოქალაქეებს ქვეყნებიდან, რომელთაც აქვთ უფრო მცირე ეკონომიკა.
„საქართველოს შემთხვევაში, 33 340 აშშ დოლარია ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით. გერმანიაში იგივე მაჩვენებელი არის 75 480, საფრანგეთში 67 671, საბერძნეთში 46 800 და ინდოეთი – 12 964. ციფრებიდან ჩანს, რომ რეალურად, დიდი სხვაობაა საქართველოსა და გერმანიას შორის, თითქმის 2.5-ჯერ უკეთესია ცხოვრების დონე გერმანიაში, ამას ემატება დაგროვილი ინფრასტრუქტურა, სერვისები, მომსახურება და ა.შ. აქედან გამომდინარე, ერთგვარი ეკონომიკური გრავიტაციის კანონი მოქმედებს მიგრაციის კუთხით, გრავიტაციაში ვიცით, რომ რაც უფრო დიდია სხეული, მით მეტად იზიდავს მცირე სხეულს. აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს. არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უფრო დიდი ეკონომიკა და ეს ქვეყანა იზიდავს მოქალაქეებს იმ ქვეყნიდან, რომელსაც აქვს უფრო მცირე ეკონომიკა. შენი ეკონომიკა, რომელიც არის 2.5 – ჯერ ნაკლები ვიდრე სხვა ქვეყანაში, შენი მოქალაქეები მიდრეკილნი არიან ემიგრაციისკენ და ეს მსოფლიოში ყველგან ასეა. თუმცა, ეს სხვაობა მცირდება. რომ შევადაროთ 2012 წლის მონაცემები და 2026 წლის მონაცემები, ოთხნახევარმაგი იყო სხვაობა გერმანიასთან, ანუ 4.5-ჯერ გვისწრებდა და ეს სხვაობა შემცირებულია რადიკალურად. საფრანგეთთან ოთხმაგი იყო სხვაობა და ორმაგია, საბერძნეთთან სხვაობა იყო 2.5 და შემცირებულია 40 %-მდე. საბერძნეთის მაგალითი რომ ავიღოთ, 90-იან წლებში იყო ძალიან დიდი მიგრაციული ნაკადი საბერძნეთში, დღეს, პრაქტიკულად, აღარავინ მიდის საბერძნეთში სამუშაოდ, იმიტომ რომ ეს ეკონომიკამ განაპირობა. 40 % არის სხვაობა, ასეთ პირობებში, მიგრაციის ინტერესი აღარ არის. 90-იან წლებში მიდიოდნენ იმიტომ, რომ 8-ჯერ მეტი იყო ეს მაჩვენებელი და ბუნებრივია იყო მიგრაცია საქართველოდან საბერძნეთში. ინდოეთის მაგალითი რომ ავიღოთ, 2.5-ჯერ ვასწრებთ ინდოეთს, ამიტომ აქ პირიქით ინტერესი არსებობს. თუ გერმანიის შემთხვევაში ინტერესი არის, რომ საქართველოდან წავიდეს მოქალაქე, ამ შემთხვევაში არის ინტერესი, რომ ინდოეთიდან ჩამოვიდეს საქართველოში მოქალაქე“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი გააკეთეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, სამძიმრის წიგნში გაკეთდა საქართველოს მთავრობის საჯარო განცხადების ანალოგიური ჩანაწერი.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გაკეთდა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ“, – აცხადებენ უწყებაში.
ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს პარტნიორობის შესახებ, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასატო კანდამ განაცხადა.
როგორც აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა აზიის განვითარების ბანკის პრიორიტეტია.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს მივულოცე ძლიერი მაკროეკონომიკური პარამეტრები და რიკოთის მონაკვეთის მშენებლობის დასრულება. ეს არის საოცარი პროექტი, რომელიც მხარს უჭერს რეგიონულ დაკავშირებადობას. განვიხილეთ შუა დერეფანში აზიის განვითარების ბანკის მონაწილეობა, ვისაუბრეთ აეროპორტების განახლებისა და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე.
კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კერძო სექტორში ინვესტირების გზით გავაგრძელებთ საქართველოს ამბიციის მხარდაჭერას, იყოს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რეგიონული კარიბჭე“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას შეეხო.
ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკის სექტორში.
განიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის საინვესტიციო პორტფელი. აღინიშნა, რომ ADB-ის ინვესტიცია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში 5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს და უზრუნველყოფს პროგრამების დაფინანსებას, რომლებიც მიზნად ისახავს ტურიზმის ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, სატრანსპორტო კავშირის, ენერგეტიკის, რეგიონული და მუნიციპალური სექტორის განვითარებას.
აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკის ახალი ოფისის გახსნა თბილისში საქართველოსა და ADB-ს შორის არსებული გრძელვადიანი პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია.
აფხაზეთის პარლამენტის ოპოზიციონერი წევრისთვის, კან კვარჩიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნა ისევ დღის წესრიგშია. გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში შუამდგომლობა შეიტანა, ბრალდებით, რომ დეპუტატის ქმედებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ეს ეტაპი კანონის თანახმად აუცილებელია, რათა პარლამენტმა გადაწყვიტოს, დაუშვას თუ არა დეპუტატის მიმართ სამართლებრივი დევნა.
გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოში მსგავსი შუამდგომლობა პირველად თებერვლის დასაწყისში წარადგინა, თუმცა, პროცედურული დარღვევების მოტივით, ის უკან გაიწვია. პროკურატურამ მაშინ სასამართლოს განუცხადა, რომ მასალები სრულად გასწორდება და შუამდგომლობა ხელახლა წარედგინება.
კან კვარჩია ერთ-ერთია ოპოზიციონერებს შორის, რომლებიც მოხვდნენ კრიმინალურ სკანდალში. საქმეში ფიგურირებენ რუსი პოლიტიკური სტრატეგები, რომლებიც 2025 წლის ნოემბრის მუნიციპალურ არჩევნებში უკანონოდ საქმიანობდნენ პროსამთავრობო კანდიდატების სასარგებლოდ. სტრატეგები საბოლოოდ რუსეთში დაბრუნდნენ, რის შემდეგაც რუსულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს სამი აფხაზი ოპოზიციონერის წინააღმდეგ.
აფხაზეთის სამართალდამცავებმა მიიღეს შესაბამისი ზომები ადგილობრივ აქტივისტებზე: ოთხ მათგანს შინაპატიმრობა დაუწესდა, ორ მათგანს აფხაზეთის დატოვება აეკრძალა, ხოლო კან კვარჩიას საქმე საპარლამენტო იმუნიტეტის გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კანონის მიხედვით, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმუნიტეტის მოხსნის შესახებ, ხოლო საბოლოო სიტყვა პარლამენტის ხელშია.
კვარჩიას ადვოკატის, მვრინა ტანიას თქმით, “პოლიტიკური სტრატეგების საქმე“ მრავალი გაურკვევლობით არის სავსე.
ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთანდაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბრისას დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და ხაზი გაუსვეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
„ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთანდაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან. გამოვთქვი საქართველოს სოლიდარობა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვე. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას“, – აღნიშნავს პრემიერი.