თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ კორუფციულ ბრალდებასთან დაკავშირებული სხდომა.
პროცესს არ დასწრებია ყოფილი პრემიერ-მინისტრი და არც მისი ოჯახის წევრები და ახლობლები. სხდომაზე ძირითადად ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.
ღარიბაშვილს, საპროცესო შეთანხმებით, 5 წლის გატარება უწევს ციხეში, თუმცა მას ახალი ბრალი წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ წინასასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრა - 2026 წლის 19 ოქტომბერი, 11:00 საათი.
პროკურორის ცნობით, გამოძიება ეყრდნობა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებას - ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] გორის სამხედრო ჰოსპიტალთან დაკავშირებული ტენდერიდან მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერმა წინა კვირას ყოფილი თანაგუნდელები მუქარასა და ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი ოჯახი ღარიბაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სტუდენტობას ულოცავს ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია.
„სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ!
თქვენი დაუღალავი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდა. იწყება სრულიად ახალი, საინტერესო და დიდი შესაძლებლობებით სავსე ეტაპი.
განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია. სწორედ თქვენი ხმა, შემართება და ძალისხმევა განსაზღვრავს საქართველოს ხვალინდელ დღეს. მჯერა, თქვენს ცოდნასა და ენერგიას ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და გაძლიერებას მოახმართ.
ვულოცავ და მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს და პედაგოგებს, რომლებმაც უდიდესი ამაგი ჩადეს ამ წარმატებაში.
ნაყოფიერ, საინტერესო და დაუვიწყარ სტუდენტურ წლებს გისურვებთ!“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.