საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და 2012 წლიდან, ამ ქვეყანაში ყველას აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება, თუმცა, სამწუხაროდ, გუშინდელი პროტესტი ძალიან მალე გასცდა მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აქტიურობდნენ რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც სამართალდამცავებს მძიმე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
„აშკარაა, რომ ეს ძალადობრივი დაჯგუფებები ძალადობისთვის დეკემბრის მეორე ნახევრისთვის ემზადებოდნენ, თუმცა, მათ ამ შემთხვევაშიც დავასწარით და დასაგროვებელი რესურსი აქაც წინასწარ გავანიავებინეთ. მომიტინგეების ძალადობის შედეგად, დაშავდა 32 პოლიციელი, საიდანაც 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სამწუხაროა, რომ ასევე ამ ძალადობის შედეგი იყო მშვიდობიანი მომიტინგეების დაზიანებაც, მათ შორის ჟურნალისტების დაზიანებაც, რაც უკიდურესად სამწუხაროა. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლებმაც პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს ძალადობა და დაამყარეს წესრიგი რუსთაველის გამზირზე. ყველას მინდა შევახსენო, რომ ყველა კანონდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი.
მინდა, გამოვეხმაურო გუშინ განვითარებულ მოვლენებს. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მმართველი პარტიის სახელით გაიმართა ბრიფინგი, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ტრადიციული ევროპული ფასეულობებისა და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. ასევე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, 2028 წლისთვის შევასრულოთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი. სწორედ აღნიშნული ვალდებულებების შესრულება არის გზა ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციისკენ. გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საზოგადოებას, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
იმავდროულად, ჩვენ გავახმოვანეთ ჩვენი გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი ვთქვით ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ აჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. ამის საუკეთესო დასტურია მონტენეგრო და სერბეთი, რომლებსაც მოლაპარაკებები შესაბამისად 2012 და 2014 წელს გაუხსნეს, თუმცა, ამას ევროკავშირში მათი გაწევრიანება ოდნავადაც არ დაუჩქარებია. ამის საუკეთესო ასევე მაგალითია თურქეთიც, რომელსაც მოლაპარაკებები 2005 წელს გაუხსნეს, თუმცა, 2016 წელს საერთოდ შეუწყვიტეს. ამ ფონზე, მით უფრო მიუღებელია, რომ სრულიად არაფრისმომცემი მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ჩვენი ქვეყნის შანტაჟისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად გამოიყენება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან დროებით მოხსნას ექნება ერთადერთი პრაქტიკული შედეგი - ამ საკითხს ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვეღარავინ გამოიყენებს
საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, ხელოვნური ინსტრუმენტებით განაგრძოს ჩვენი ქვეყნის შანტაჟი და საზოგადოების გახლეჩის გამუდმებული მცდელობა და ამავდროულად გადავდგამთ ყველა პრაქტიკულ ნაბიჯს 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დაფინანსების თემა არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მცდელობისთვისაც იქნა გამოყენებული. ამ ფონზე, საბიუჯეტო გრანტებზე უარსაც ერთადერთი პრაქტიკული შედეგი ექნება - ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვერც ამ საკითხს ვეღარავინ გამოიყენებს.
კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ გამუდმებული შანტაჟი ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკებების გახსნის საკითხით და ხან საბიუჯეტო დაფინანსებით, შეურაცხყოფს ჩვენს საზოგადოებას და აზიანებს ევროკავშირის რეპუტაციას. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ შანტაჟის მთავარი ინსტრუმენტების განეიტრალებას არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა და არავითარი ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, გუნდის გადაწყვეტილებას მოჰყვა დეზინფორმაციული კამპანია სიცრუის მთავარი გამავრცელებლების - რადიკალური ოპოზიციის, მასთან დაკავშირებული „ენჯეოების“ და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მხრიდან.
„მათ საზოგადოებას უთხრეს ტყუილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკიც. თუმცა, იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი. ბატონი პაველ ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი თურმე საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა. გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება. საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს საქართველო წყვეტს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ოთხი წლით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდის, „სინამდვილეში“ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სინამდვილეში, ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას.
„საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ოთხი წლით“. სინამდვილეში, ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% შესრულებული ექნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ „2028 წლის ბოლომდე არ დავაყენებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, უარს ვამბობთ ევროკავშირიდან გრანტზე, განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მივცემთ მუდმივი შანტაჟის საშუალებას“. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნული განცხადების შეფასებისას განაცხადა, „ნამდვილად სამწუხაროა გუშინდელი განცხადება, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“.
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და მიმართავს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს, წინ აღუდგეს ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას.
იგი მოუწოდებს პატრიარქს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადოს მხარდაჭერა.
"გთხოვთ წინ აღუდგეთ ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას.
გამოუცხადეთ მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, ლეგიტიმურ პრეზიდენტს.
გამოუცხადეთ მხარდაჭერა ქართველ ხალხს.
წინ აღუდექით სამშობლოს საუკუნის ღალატს", - წერს მთავარეპისკოპოსი ზენონი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე“ შეჩერებაზე, სპონტანური საპროტესტო აქცია მოჰყვა თბილისსა და რეგიონებში.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდა. მის გამოჩენას აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ და ისმოდა შეძახილები - „სალომე“, „სალომე“.
„იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დასრულდება სანამ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს“, - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში 28 ნოემბერს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე არ იქნება მზად, დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. მიზეზი „აგენტების კანონი“ და როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, სხვა არაევროპული კანონებია.
დღესვე შეიქმნება წინააღმდეგობის კომიტეტი და ხვალიდან დაიწება დაუმორჩილებლობის პოლიტიკა - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა:
"არსებობს პარტიებს შორის შეთანხმება, რომ ყველანი ერთად ვიქნებით და არანაირი განსხვავება პარტიებს შორის არ არის იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ერთიანი საქმე გასაკეთებელი. ეს არის ამ ქვეყნის გამოყვანა ამ ტოტალური კრიზისიდან, რომელშიც ჩააგდო ქართულმა ოცნებამ. ეს ჩვენი ქვეყანა, რომელიც ერთადერთია ამიტომ, დღესვე შეიქმნება წინააღმდეგობის კომიტეტი და ხვალიდან დაიწება დაუმორჩილებლობის პოლიტიკა, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ რომ შევქმნათ ისეთი სიტუაცია რომ ე.წ. ხელისუფლება მიხვდეს, ქართველ ხალხი არ დანებდება...ჩვენ ერთად ვართ პრეზიდენტთან, რომელმაც მოგვიწოდა რომ გავერთიანდეთ და ამას აუცილებლად გვაკეთებთ" აღნიშნა ლაშა ბაქრაძემ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების ერთობლივი განცხადება:
ჩვენი, როგორც დიპლომატების უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, რაც ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანია.
დღევანდელი განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს.
ევროკავშირის გაფართოების ტალღა, რომელიც საქართველოსთვის უპრეცედენტო ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებით არის განპირობებული. ქვეყნის მიერ ამ შესაძლებლობაზე ცალმხრივად უარის თქმა, გამოიწვევს ნეგატიურ სტრატეგიულ შედეგებს. ამასთან, შესაძლებელია, რომ მსგავსი ხელსაყრელი გარემოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით აღარ შეიქმნას. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას. დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, საქართველო პირისპირ რჩება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო და უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე.
მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.
ჩვენ, ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი.
1. ანნა ბაღბაბია - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
2. ანა ძოწენიძე - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
3. ანა ქოიავა - დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი
4. ანა შაიშმელაშვილი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
5. ანა ჩიტალაძე - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
6. არჩილ მენთეშაშვილი - საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში
7. ასმი გრძელიძე - საკონსულო დეპარტამენტი
8. ალექსანდრე გოგოლაძე - სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო
9. ბაია კაპანაძე - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
10. ბონდო მესხი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
11. გიორგი წიქარიშვილი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
12. გიორგი მურღვაშვილი - ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტი
13. გიორგი თავართქილაძე - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი
14. დავით ბაზერაშვილი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
15. ერეკლე იანტბელიძე - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
16. ეკა ფხოველიშვილი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
17. ვაჟა გვარამია - საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში
18. ვერა ხაჯალია - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
19. თამარ ჩაჩიბაია - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
20. თამარ ბალავაძე - უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტი
21. თამთა უგლავა - პოლიტიკური დეპარტამენტი
22. თეონა ჯანაშია - უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტი
23. თორნიკე ფარულავა -ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
24. თინათინ თაბუკაშვილი - დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი
25. თინათინ ლოლომაძე - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
26. ირაკლი სიმონიშვილი - ევროინტეგრაციის დეპარტამენტი
27. ირმა კილასონია - ამერიკის დეპარტამენტი
28. ლანა ჯალაღონია - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
29. ლუკა გაწერელია - პოლიტიკური დეპარტამენტი
30. მარიამ არბოლაშვილი - დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი
31. მარიამ ჯანელიძე - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
32. მამიკა ანთაძე - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
33. ნესტან ბეჟანიშვილი - - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
34. ნინო საღინაძე - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
35. ნინო ჩხიკვაძე ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
36. ნინო ყამარაული - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
37. ოლღა სპირანდი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
38. საბა ფუტკარაძე - საკონსულო დეპარტამენტი
39. სალომე აქუბარდია - ევროინტეგრაციის დეპარტამენტი
40. ქეთევან სხილაძე - ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო კვლევითი ინსტიტუტი
41. ქეთევან ფრუიძე - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი
42. ქრისტინე ჟღენტი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
43. ხატია ხორავა - ევროინტეგრაციის დეპარტამენტი
44. ხუტა სალია - საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში
არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოპოზიციურ გაერთიანებებს მიმართავს.
ლომჯარია პოსტში ყურადღებას ამახვილებს ერთიან მოქმედებაზე.
„ან ოთხივე დასხდებით და იმოქმედებთ ერთად და ერთიანად, ან საერთოდ აღარ გვჭირდებით. თუ ვინმე რამეს აურევს, მაგასაც მოგვახსენებთ“, – წერს ნინო ლომჯარია.
საქართველოს რამდენიმე ქალაქში - თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ, სადაც პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ქართული ოცნება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.
"ეს არის ეროვნული თავმოყვარეობის საკითხი. დღეს რეჟიმის მარინეტებმა გამოგვიცხადეს, რომ საქართველო აღარ არის ევროპული მისწრაფების ქვეყანა [..]
გამოვიდეთ ქუჩაში და ქუჩის აქციების გზით დავასრულოთ ეს ხელისუფლება. სხვა არანაირი არჩევანი გვაქვს", - განაცხადა ფორმულასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ირაკლი ქადაგიძემ.
ზუგდიდში საპროტესტო აქციის მონაწილის თქმით, კობახიძის განცხადების ნარატივით ქართულ ოცნებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს.
"ერთადერთი გამოსავალი ასეთ პოლიტიკურ ქაოსში არის ერთიანობა. მსგავსი მოღალატე პრემიერმინისტრი საქართველოს ისტორიას არ ჰყოლია. ის ნარატივი, რაც დღეს კობახიძემ გაავრცელა, ეს იყო ღიად ნათქვამი, რომ მათ ქვეყანა მიჰყავთ რუსეთისკენ", - განაცხადა ზუგდიდში აქციის მონაწილემ.
ბათუმში მიმდინარე საპორტესტო აქციის მონაწილემ განაცხადა, რომ ხელისუფლება 12 წელია მიზანმიმართულად მიდის რუსეთისკენ.
"12 წელია უკვე ხელისუფლება ამას აკეთებს. მიზანმიმართულად მიდის რუსეთისკენ. ყველანაირი გზა მოჭრა ევროპისკენ და დღეს საბოლოოდ, ოფიციალურად განგვიცხადა ე.წ. პრემიერმინისტრმა, რომ გზა ევროპისკენ დამთავრებულია", - თქვა ბათუმში მოქალაქემ საპროტესტო აქციისას.
ქუთაისში საპროტესტო აქციის მონაწილემ თქვა, რომ
"ყველაფერი კარგად იქნება. იმიტომ, რომ ის, რაც ქართულმა ოცნებამ დღეს ჩაიდინა, მხოლოდ აგონიაში მყოფი ძალა აკეთებს. [..]
დღეს, ჩვენ აქ გამოვედით სიმბოლურად, ემოციებს სახლში ვერ მოვთოკავდით, მაგრამ მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ შავბნელი დღეები ეწყება ხვალიდან", - განაცხადა ქუთაისში აქციაზე მყოფმა მოქალაქემ.