რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.
მიუხედავად, ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებისა, უკვე რამდენიმე საათია აქციის წევრები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, პიროტექნიკას, შედეგად, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი.
აქციის მონაწილეები აზიანებენ და ცეცხლს უკიდებენ ინფრასტრუქტურას. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა გადაინაცვლა ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით, სადაც აღნიშნულმა პირებმა დააზიანეს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკარი.
აქციის მონაწილეთა ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები საზოგადოებამ ნათლად იხილა სატელევიზიო ეთერებში.
სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მათი პროტესტი არ გასცდეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, შეკრებილთა ნაწილი, სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, დააზიანეს განათების ფანრები და სხვა ინვენტარი, ასევე ცეცხლი წაუკიდეს ელექტრო გაყვანილობას. პოლიციელების მისამართით ისვრიან გაურკვეველ საგნებს, დაშავებულია ერთი პოლიციელი.
მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
19:00 საათზე რუსთაველზე პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ, მიუხიდევად წუხანდელი მძიმე ღამისა. რუსთაველზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები.
ცენტრალურ გამზირთან მისასვლელი ქუჩები კვლავ პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმებს აქვთ ჩაკეტილი. პოლიცია წესრიგს იცავს. ჯერ-ჯერობით არანაირ ქმედებას, არც პოლიციისა და არც აქციის მონაწილეებისაგან ადგილი არ ჰქონია.
29 ნოემბრისთვის თბილისში გაუქმდა ყველა დაგეგმილი გასართობი ღონისძიება, დაიხურა ღამის კლუბები, პროტესტი გამოაცხადეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვისა და განათლების სამინისტროების თანამშრომლებმა.
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს საქართველოს რეგიონებში- ბათუმში, ქუთაისში და სხვა დიდ ქალაქებში.
განახლებადი ინფორმაცია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ბრიფინგი ჩაატარა და ჟუნრალისტებს გუშინდელი აქციის შესახებ ესაუბრა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები, ასევე, აქციის მონაწილეების მიერ დაანონსებულია შეკრება-მანიფესტაცია რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება მოწოდებები შეკრება-მანიფესტაციების ჩატარებისას სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ბლოკირების, მათ შორის, ტელერადიომაუწლებლობების, რკინიგზის სადგურების, ცენტრალური მაგისტრალებისა და სხვა საკვანძო ობიექტების პიკეტირების შესახებ.
ასევე, სოციალურ ქსელებში არსებულ სხვადასხვა დახურულ ჯგუფში, გარკვეული პირები აქტიურად ავრცელებენ პროვოკაციულ მოწოდებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილების და ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დაზიანების შესახებ.
ამავე ჯგუფების წევრები შეკრება-მანიფესტაციისთვის ხელკეტებით, რკინის მილების, ჯაჭვების, საღებავების, სხვადასხვა სახის რკინის ნივთებისა და ხელსაწყოების მობილიზებას აორგანიზებენ და თანამოაზრეებს მოუწოდებენ აქციაზე სამართალდამცველთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისას გამოიყენონ აღნიშნული ნივთები.
აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ფარგლებს, რათა დაცული იყოს შეკრების მშვიდობიანი ხასიათი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა დაწესებულების გამართული ფუნქციონირება და ტრანსპორტის ნორმალური მუშაობა.
ხაზგასასმელია, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არ მოიცავს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნორმალური მუშაობისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის მიზანმიმართული შეფერხების უფლებას.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, აკრძალულია შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება.
ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე და 222-ე (პრიმა) მუხლების თანახმად, დასჯად ქმედებას წარმოადგენს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება, ბლოკირება ან სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების ორგანიზება.
აღნიშნული დანაშაულები სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეკრების მშვიდობიანობის უზრუნველყოფის მიზნით კანონმდებლობა ადგენს არაერთ აკრძალვას, მათ შორის, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-11 (პრიმა) მუხლების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ:
• იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი;
• იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
• იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერება;
• იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები;
• დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.
• დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეების მიერ ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის, მემორიალის ბლოკირება, ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან/და სხვაგვარი ხელყოფა.
აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონისგან, რომელიც ქმნის შეკრების მშვიდობიანი ხასიათის დაკარგვის რეალურ რისკებს.
აქციის მონაწილეებს, ასევე, ორგანიზატორებს მოვუწოდებთ, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას აკრძალული ნივთების ჩამოსართმევად.
ასევე, ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას.
გვსურს საზოგადოებას ასევე შევახსენოთ, რომ გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეების მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი დაშავდა. ასევე, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა, გზის საფარი და ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები.
აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.
აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები დღესაც მობილიზებულები იქნებიან დაგეგმილ აქციაზე და დაიცავენ მართლწესრიგს.
ალომე ზურაბიშვილი ვერ ელევა საკუთარ სკამს და ყველანაირად ცდილობს, რაღაცნაირად დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და უნდა, რომ რაღაცნაირად ამ რეჟიმში გაატაროს დარჩენილი ხუთი პარასკევი.
„როდესაც ხარ ჯერ კიდევ პრეზიდენტი და გყავს ამხელა ადმინისტრაცია, შეიძლება, თავად სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდეს მოსმენილის გააზრების უნარი, მაგრამ მინიმუმ მის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს მოსმენილის და წაკითხულის გააზრების უნარი. როდესაც იცი რა ითქვა და სიცრუით პასუხობ ამ ყველაფერს, ბუნებრივია, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს სალომე ზურაბიშვილის რეალურ განზრახვაზე. ის ვერ ელევა საკუთარ სკამს და ყველანაირად ცდილობს, რომ რაღაცნაირად დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს. ის არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და უნდა, რომ რაღაცნაირად ამ რეჟიმში გაატაროს დარჩენილი 5 პარასკევი, თუმცა ეს 5 პარასკევიც ამოიწურება და აქტუალობას დაკარგავს თავიდან ბოლომდე ეს ქალბატონი. შესაბამისად, მე მის ქმედებებს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. ის არის მილევად რეჟმში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ერთადერთი, ვინც აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელოვნურად, ესენი არიან კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, 3 წლის განმავლობაში ქვეყანა ხელოვნური შანტაჟით ამყოფეს პოლარიზაციის პირობებში და ამას სჭირდება რეაგირება.
„საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველას აქვს პროტესტის უფლება, მათ შორის, მშვიდობიანი ფორმით შეკრების უფლება და ეს უფლება თავიდან ბოლომდე უნდა იყოს დაცული. მე, პირადად, მიმაჩნია, რომ ამ პროტესტს არ აქვს საფუძველი ერთი მარტივი მიზეზის გამო - რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ერთადერთი, ვინც აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელოვნურად, ესენი არიან კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები. ჩვენ წელიწადნახევარი ვეხვეწებოდით მათ, მოენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვამბობდით უარს კანდიდატის სტატუსზე? ვინმემ განმარტა, ოდესმე, თუ რატომ არ მიენიჭა საქართველოს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი? არავინ განმარტა. როცა ამ ყველაფერს მოჰყვა რევოლუციის მცდელობა და ამ რევოლუციის მცდელობაში პირდაპირ იყვნენ ჩართულები ის ორგანიზაციები, რომლებიც ასევე უცხოეთიდან ფინანსდებიან. ეს ხომ არის განსამარტი, საზოგადოებამ ამასთან დაკავშირებით ხომ უნდა გამოიტანოს დასკვნები. ევროპარლამენტმა მიიღო 5 რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, ომის დაწყებიდან დღემდე, გააქტიურდნენ ომის დაწყების შემდეგ და ხუთივე რეზოლუციის შინაარსი მოგეხსენებათ, რომ ითხოვდნენ კრიმინალების გათავისუფლებას ციხეებიდან, საუბარი იყო კრიმინალების მფარველობაზე, ითხოვდნენ მმართველი გუნდის ლიდერების დასჯას, გაუგონარი ჩანაწერებია თითოეულ ამ რეზოლუციაში, უსამართლობის მწვერვალია თითოეული ეს რეზოლუცია. ამასთან დაკავშირებით ხომ უნდა იყოს კითხვები დასმული. საქართველოს რომ არ აქვს გახსნილი დღეს მოლაპარაკებები და რომ აქვს გახსნილი მოლდოვას, ამასთან დაკავშირებით რატომ არ ისმის კითხვები საჯაროდ, ამ ადამიანებს რატომ არ აქვთ ეს კითხვები. მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, არც მოლდოვას დაუწესებია სანქციები, მოლდოვას აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და ცოტა ხნის წინ, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა განაახლონ ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. ერთი კრიტიკული განცხადება თუ გახსოვთ მოლდოვასთან დაკავშირებით, რომ ის რჩება დსთ-ს წევრად. ხომ ხედავთ, რომ ყველაფერი არის აბსოლუტურად ხელოვნური და სწორედ ამ უსამართლობას, ამ შანტაჟს სჭირდება რეაგირება. ჩვენ რომ ჩაგვტოვეს 3 წელი, ხელოვნური შანტაჟით, პოლარიზაციის პირობებში ამას სჭირდება, სწორედ, რეაგირება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ პროტესტს არ აქვს არავითარი საფუძველი, ყველამ ზუსტად უნდა გაიაზროს ის, თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, ამ სამი წლის განმავლობაში. ვის რაში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მუდმივი შანტაჟი, რაში სჭირდებათ ხელოვნურად ჩვენი საზოგადოების გახლეჩვა, რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი. ეს უნდა გაიაზროს, რა თქმა უნდა, ქართულმა საზოგადოებამ.
იგივე ეხება მოლაპარაკებების გახსნას. 12 წლის წინ, 2012 წელს გაუხსნეს მონტენეგროს მოლაპარაკებები და დღემდე არავითარი დაჩქარებაც კი არ ყოფილა გაწევრიანების. მკაფიოდ ჩანს, რომ როგორც კანდიდატის სტატუსი, ისე მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური მხარე. პრაქტიკული მხარე არის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და მეორე - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. საბოლოო ჯამში, როდესაც საქმე მიდგება ქვეყნის გაწევრიანებაზე, იკითხავენ ზუსტად ამას - გვაქვს თუ არა შესრულებული ასოცირების შეთანხმება, ასოცირების დღის წესრიგი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ის, რომ არ შეჩერებულა ევროინტეგრაციის პროცესი, სწორედ ამით დასტურდება. ჩვენ, მთელი ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად ხელოვნური ბარიერებისა, ვაგრძელებდით ვალდებულებების შესრულებას და მიუხედავად ამ შანტაჟისა და უბედურებისა, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტიდან, მათ შორის აღმასრულებელი ბიუროკრატიიდან და ა.შ. ჩვენ ჯიუტად ვაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებას. ზუსტად ეს ნიშნავს, რომ არ შეჩერებულა ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, გარდა ამისა, ყველა საერთაშორისო ინდექსის და რეიტინგის მიხედვით, საქართველო აბსოლუტურად ყველა პარამეტრით წინ უსწრებს, როგორც მოლდოვას, ისე უკრაინას.
„ცოტა ხნის წინ თვითონ ევროკომისიის შეფასება გამოქვეყნდა. ქულებით აფასებენ ქვეყნებს. მოლდოვასაც ვუსწრებთ და ბოსნიასაც ვუსწრებთ წინ, მაშინ, როდესაც მათ გაუხსნეს მოლაპარაკებები და ჩვენ - არა. აქედან ხომ ჩანს, რომ არის სრული უსამართლობა. თქვენ ხომ იცით, მოლდოვაში რა ხდება, როგორ შეიძლება, მოლდოვას ჰქონდეს გახსნილი მოლაპარაკებები და ჩვენ არა. აქედან ხომ ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არის სრულიად უხეშად უსამართლო დამოკიდებულება. ხომ უნდა გქონდეთ ახსნა, რატომ ხდება ეს, რა ინტერესებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, უსამართლობას ხომ უნდა ჰქონდეს ახსნა. ჩვენ გვახსოვს სხვანაირი ევროპა თავის დროზე, 1949 წლიდან 2008 წლამდე, ვიდრე გარკვეული კრიზისული პროცესები დაიწყებოდა, ევროპა იყო სამართლიანობის სიმბოლო. სად გაქრა ეს სამართლიანობა? რატომ არ არის სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მემგონი ეს კითხვები ძლიან ხმამაღლა უნდა დაისვას ქართულ საზოგადოებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ურთიერთობები თვისებრივად გადაიტვირთება.
„ჩვენ ველოდებით უკრაინაში ომის დასრულებას და გვაქვს იმედი, რომ ამის შემდეგ ურთიერთობები თვისებრივად გადაიტვირთება, ჩვენ ვაგრძელებთ შეუფერხებლად სვლას ევროკავშირისკენ და, სწორედ, ამიტომ ვამბობთ იმას, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში შესრულდება მთავარი - ეს არის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 %-ზე მეტი და ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 %-ზე მეტი. თუ ამას გაიაზრებენ გუშინდელი შეკრების მონაწილეები, ამ შემთხვევაში დღეს არავინ აღარ გააპროტესტებს ჩვენს გუშინდელ ბრიფინგს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი ცხადია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ითქვა გუშინ და რა ითქვა დღეს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ჩემი მოწოდებაა ზოგადად ყველა სამართალდამცავის მიმართ, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან სამწუხაროა, რომ შეკრების დაშლისას დაზიანდნენ მშვიდობიანი მომიტინგეები და ჟურნალისტები, რაც ორგანიზებული ძალადობის შედეგი იყო.
„იყო სისტემური ძალადობა, წინასწარ ორგანიზებული, დაგეგმილი ძალადობა, იყო ძალადობრივი დაჯგუფებები და რა თქმა უნდა, შეკრების დაშლის დროს სამწუხაროდ დაზიანდნენ მშვიდობიანი მომიტინგეები და მათ შორის კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ დაზიანდნენ ჟურნალისტები. რა თქმა უნდა, ჩემი მოწოდებაა ზოგადად ყველა სამართალდამცავის მიმართ, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს. გუშინ მაქსიმალურად პროპორციულობის დაცვის პრინციპით მოქმედებდა სამართალდამცავი უწყება, თუ სადმე იყო გადაცდომა, რა თქმა უნდა, ამაზეც საჭირო იქნება რეაგირება, მაგრამ არსებითად გუშინდელი მიტინგის დაშლის პროცესი შეესაბამებოდა პროპორციულობის პრინციპს. როდესაც არის ამ მასშტაბის ძალადობა, ბუნებრივია, იქ ძალიან მაღალია რისკი, რომ მშვიდობიანი ადამიანებიც დაზიანდნენ და მათ შორის დაზიანდნენ ჟურნალისტები, რაც ძალიან სამწუხაროა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი გამოირიცხოს, თუმცა სისტემური და მასშტაბური ძალადობის პირობებში რთულია ასეთი ფაქტების თავიდან სრულად არიდება“, - აღნიშნა პრემიერმა.
მოლაპარაკებების გახსნით შანტაჟი უნდა დასრულდეს, კეთილი ინებონ, თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოვაწერ ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველ გუნდს შეეძლო, ბრიფინგზე ეთქვა, რომ უარს ამბობს ოთხი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების გახსნაზე, თუმცა ეს არ უთქვამს.
„ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მხრივ დღის წესრიგიდან ვხსნით ამ საკითხს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ამდენი ხნის განმავლობაში, ორი წელი კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის. კატასტროფა იყო, რაც ხდებოდა ჩვენი ქვეყნის თავზე, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა სიმშვიდე ქვეყანაში. უკრაინაში ომის დაწყების დროს. სწორედ იმ დროს დაიწყეს ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟება კანდიდატის სტატუსით და ეს გაგრძელდა თითქმის ორი წელი. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის დეკემბრამდე გვაშანტაჟებდნენ კანდიდატის სტატუსით. შემდეგ გაცვდა ეს შანტაჟის ინსტრუმენტი, მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და დაიწყეს შანტაჟი უკვე მოლაპარაკებების გახსნით. ეს ყველაფერი გრძელდება უკვე სამი წელი და არის ხელოვნური ინსტრუმენტი, რითაც ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზაციის გაღვივებას, რადიკალიზმის გაღვივებას. ეს ხომ უნდა დასრულდეს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, დასრულდეს შანტაჟი ამ ყველაფრით, კეთილი ინებონ, თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოვაწერ ხელს. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, ჩვენი მხრიდან, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ეს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში იმისთვის, რომ არავის დავუტოვოთ შანტაჟის ინსტრუმენტი.
ევროკავშირის ელჩი პირდაპირ, უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი პარტიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, რა იგულისხმება დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმაში იმ შემთხვევაში, თუ ქცევის ცვლილება არ იქნება ელჩის მხრიდან, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ პირველი დიპლომატიური რეაქცია, რაც შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას, არის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარება.
„პირველ რიგში, საუბარია ასეთ ნაბიჯზე, რაც უნდა გადაიდგას, თუ ჩვენ არ ვიხილავთ ქცევის ცვლილებას. ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებოდით ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას. მათ შორის, ასეთი მარტივი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას, თუმცა არ შეწყდა დღემდე ჩვენი ქვეყნის შანტაჟი და არ შეწყდა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ ევროკავშირის ელჩი პირდაპირ, უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი პარტიის წინააღმდეგ. ის აცხადებდა, რომ თუ რადიკალები, ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ მკვლელობით, წამებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, ომით და ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვით, თუ ეს ადამიანები არ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, შეჩერებული იყო ქვეყნის ევროინტეგრაცია. ამას აცხადებდა ევროკავშირის ელჩი. მაშინ, რა თქმა უნდა, თავს ვიკავებდით, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. თუ ჩვენ არ ვიხილავთ ქცევის ცვლილებას, რა თქმა უნდა, მოგვიწევს კონკრეტული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.