ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ევროპის საბჭო მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების მიღწევის პროცესში დაეხმარება.
„ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. დაძაბული მდგომარეობისა და მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე, გენერალურმა მდივანმა ევროპის საბჭოს სახელით შეშფოთება გამოთქვა პოლარიზაციის გაღრმავებისა და მოვლენების პოლიტიკურ ჩიხში შესვლის გამო. მან ასევე ყველა შესაბამის მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან. გენერალურმა მდივანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა დემონსტრაციების დროს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიების აუცილებლობას.
ვინაიდან საქართველო ევროპის საბჭოს წევრია, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ორგანიზაციის როლი, მოუსმინოს ყველა მხარეს და ქვეყნის ვალდებულებაა, პატივი სცენ ევროპის საბჭოს ღირებულებებსა და სტანდარტებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას, რაც როგორც ქართველი ხალხის, ასევე მთლიანად ქვეყნისა და მისი სტაბილურობის ინტერესშია.
გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა თავის მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ მისწრაფებებში და უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული უსაფრთხოება. მან ასევე მზადყოფნა გამოხატა, არსებული კრიზისის დასაძლევად აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ყველა შესაბამის პარტნიორთან, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ევროპის საბჭო მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების მიღწევის პროცესში დაეხმარება. ამ მიზნით გენერალური მდივანი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთი ორგანიზაციისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისებში პოლიცია შევიდა. პარტია „დროას“ ოფისში სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებდნენ. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა გვარამიასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გვარამია სამართალდამცველებმა დააკავეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.
მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციის მხრიდან რეპრესიებზე საუბარს შეეხებოდა.
კითხვაზე, არიან თუ არა პიროტექნიკით მომარაგებული ახალგაზრდები დაკავშირებული სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, პრემიერმა უპასუხა, რომ პიროტექნიკით ადამიანების სისტემურად მომარაგება ხდებოდა, სწორედ, შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ.
„რაც შეეხება კავშირს, ფაქტია, დასტურდება ერთი რამ, სისტემურად ადამიანების მომარაგება პიროტექნიკითა და სხვა საშუალებებით ხდებოდა სწორედ შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, ეს არის აბსოლუტურად ცხადი და ეს დევს ხელის გულზე,“- განაცხადა პრემიერმა.
სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია, რომ ასეთი ტიპის სისტემური ძალადობა იყო დაგეგმილი და სავარაუდოდ ეს იყო დაგეგმილი ჩვენი გათვლებით დეკემბრისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სისტემური, უხეში ძალადობა, რაც ხორციელდება შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, იყო წინასწარ დაგეგმილი.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებაც არსებობდა ასეთ პროცესებთან დაკავშირებით. ერთი საინტერესო დეტალი შემიძლია, გითხრათ, რაც პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დეკემბრისთვის დაგეგმილი. პიროტექნიკის გაყიდვის სტატისტიკა ამოვიღეთ და ერთმანეთს შევადარეთ პირველი ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით წლევანდელი წლის სტატისტიკა და შევადარეთ შარშანდელი წლის 1- 27 ნოემბერს, რამდენი პროცენტით შეიძლება, იყოს გაზრდილი გაყიდვების მაჩვენებელი? 90 პროცენტით.
პრაქტიკულად გაორმაგებულია პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იყო დაგეგმილი. სისტემური, უხეში ძალადობა, რაც ხორციელდება შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, იყო წინასწარ დაგეგმილი. ასევე დღეს ვნახეთ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებები როცა შევიდნენ შესაბამის ოფისებში, პარტიულ ოფისებში, იქიდან ხდება შესაბამისი მასალების ამოღება. უფრო მეტიც, როცა დაიწყო შესაბამისი ოპერაცია, პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერი, მაგალითად ელენე ხოშტარია და წინასწარ თქვა, რომ ისინი ყიდულობდნენ პიროტექნიკას და კვლავაც განაგრძობდნენ პიროტექნიკის შეძენას.
ამით რეალურად ამ პოლიტიკურმა პარტიებმა აღიარეს პირდაპირ, რომ ამ სისტემური უხეში ძალადობის უკან დგას მთლიანად პარტიული რესურსი. ცნობილი ჯგუფი არსებობს - „დაიტოვე“, ვითომ გულწრფელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ჯგუფი, ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი აღმოჩნდა სტაჟიანი „ნაციონალი“, რომელიც სააკაშვილს სტუმრობდა თავის დროზე უკრაინაში და ა.შ. არაფერი გულწრფელობა არ არის აქ, არის პარტიული ინტერესები, ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის ინტერესი და ეს ყველაფერი დევს დღეს უკვე ხელის გულზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზება კვლავაც რჩება ძალაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საჯარო დისკუსიას სთავაზობს ადამიანების ნებისმიერ ჯგუფს, პირველ რიგში კი გულწრფელ ადამიანებს, რომელთაც აქვთ პროტესტის განცდა.
„ჩვენი შეთავაზება კვლავაც რჩება ძალაში. ჩვენ ვთავაზობთ ადამიანების ნებისმიერ ჯგუფს, რომელთაც აქვთ პროტესტის განცდა. მათ შორის, ჩვენ არაგულწრფელ ადამიანებსაც დავთანხმდით ამ დისკუსიაზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რჩება ეს შეთავაზება ძალაში გულწრფელი ადამიანებისთვის, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეთ გულწრფელი პროტესტი ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ვიმსჯელოთ ამ ადამიანებთან. კიდევ ერთხელ, ნებისმიერი სივრცე, მთავარია, რომ ეს დისკუსია იძლეოდეს განზოგადებისა და სიმართლის დადგენის საშუალებას“, - განაცხადა პრემიერმა.
საჯარო დისკუსია მთლიანად დაამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჯარო დისკუსიის შემდეგ მთლიანად გამოეცლებოდა მათ პროპაგანდას საფუძველი, შესაბამისად, ეს არის მათი უარის მიზეზი.
„გახსოვთ, რომ ასეთივე შეთავაზება გავუკეთეთ ჩვენ ამ ადამიანებს „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, მაშინაც შევთავაზეთ ნებისმიერ ჯგუფს, მათ შორის ახალგაზრდებს, პოლიტიკოსებსა და ნებისმიერ სხვას, მოსულიყვნენ ჩვენთან და გაემართათ საჯარო დისკუსია, თუმცა მაშინაც ამ შეთავაზებაზე მივიღეთ უარი. აქაც გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად იციან, სად არის სიმართლე, კიდევ ერთხელ ითქვა, მათი მხრიდან უარი. ეს მეტყველებს ყველაფერზე. ამ საჯარო დისკუსიის შემდეგ მთლიანად გამოეცლებოდა მათ პროპაგანდას საფუძველი, შესაბამისად, ეს არის მათი უარის მიზეზი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პაპუნა ჯანელიძემ და თინა ხიდაშელმა დებატებზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით, რომ ეს ფორმატი არ შედგებოდა, ყველა მათ შემოთავაზებას დავთანხმდით, დავთანხმდით ფორმატს ორი ორზე, დავთანხმდით ასევე დისკუსიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში, მაგრამ როცა არაფერი დარჩათ, მაშინაც თქვეს უარი, რაც ნიშნავს იმას, რომ წინასწარ ჰქონდათ განზრახული არმოსვლა ამ საჯარო დისკუსიაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრემიერის თქმით, ეს საჯარო დისკუსია მთლიანად ამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა.
„დღეს დაგეგმილი იყო დებატები, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. საჯარო დისკუსია, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, როგორც პაპუნა ჯანელიძემ, ასევე თინა ხიდაშელმა უარი თქვეს საჯარო დისკუსიაში მონაწილეობაზე. ეს ორი ადამიანი გახლავთ საშუალო არითმეტიკული ნაციონალი, შესაბამისად, მათთან ჩვენი დისკუსია საზოგადოებას მისცემდა განზოგადების საშუალებას და სიმართლის დადგენის შესაძლებლობას.
მათი უარი საჯარო დისკუსიაზე ნიშნავს ერთადერთ რამეს - სიმართლე არის ჩვენს მხარეს და მათ ეშინიათ ნებისმიერი საჯარო დისკუსიის, სწორედ ამის გამო. რადიკალური ოპოზიცია მთლიანად, ზუსტად იცის, რომ რეალურად არაფერი აქვთ სათქმელი არაფერთან დაკავშირებით, მათ შორის არც ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
თქვენ ხედავდით, რომ ამ ორ ადამიანზე იყო ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი, თუმცა, მე მგონია, რომ ეს ბულინგიც იყო აშკარად დალაგებული. ისინიც, აშკარად თავს იკავებდნენ საჯარო დისკუსიისგან. მათ რეალურად დისკუსიაზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით, რომ ეს ფორმატი არ შედგებოდა. ჯერ უარი თქვეს ჩვენს მიერ შეთავაზებულ ფორმატზე, ჩვენ შევთავაზეთ 12 კაცამდე ფორმატში დისკუსიის გამართვა, შემდეგ მათ უარი თქვეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოსვლაზე, მუდმივად ეძებდნენ საბაბს იმისათვის, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ დისკუსიაში. ბოლოს არაფერი დავუტოვეთ, ყველა მათ შემოთავაზებას დავთანხმდით, დავთანხმდით ფორმატს ორი ორზე, დავთანხმდით ასევე დისკუსიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში, მაგრამ როცა არაფერი დარჩათ, მაშინაც თქვეს უარი, რაც ნიშნავს იმას, რომ წინასწარ ჰქონდათ განზრახული არმოსვლა ამ საჯარო დისკუსიაზე. ეს საჯარო დისკუსია მთლიანად ამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა“, - განაცხადა პრემიერმა.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აპირებს, მიმართოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. საიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სისტემური დანაშაულები და რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს.
საია ყოველდღიურად ეხმარება აქციებზე დაშავებულ ადამიანებს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხელისუფლება საქართველოს ათასობით მოქალაქეს არბევს, დევნის და აპატიმრებს. არაერთი მტკიცებულებითა და მოწმის ჩვენებით დადასტურებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სპეციალური სადამსჯელო რაზმები მომიტინგეებს ალყაში აქცევენ და განურჩევლად ურტყამენ, მათ შორის - ქალებს, ბავშვებს, შშმ პირებს, მედიის წარმომადგენლებს.
დანაშაულის ფაქტები სახელმწიფოს მხრიდან გამოუძიებელი რჩება, სასამართლოები კი პირიქით, უკანონოდ დაკავებულ და ნაწამებ მომიტინგეებს სჯიან.
„საია შექმნის საკოორდინაციო ფორმატს, რომელში ჩართვის შესაძლებლობაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება“, - განაცხადა საიას ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ.
ჰააგის სასამართლოს საქართველოსთან დაკავშირებით მანამდეც აქვს განხილული საქმეები, ფაქტები ომის დანაშაულებზე.
„ჰააგის სასამართლო საქმეებს იძიებს ინდივიდების წინააღმდეგ, უფრო ხელმძღვანელ პირებზე კონცენტრირდება. დაზარალებულისთვის კომპენსაცია არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ქართულ რეალობაში მათთვის ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, სამართალს მიაღწიონ, - ამბობს საიას იურისტი დავით ჯავახიშვილი, - ხალხს შეუძლია მოგვმართოს, ამ შემთხვევაში ანონიმურობაც გარანტირებულია“.
ექვსი ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო, რომლის თანახმადაც, 2028 წლის ბოლომდე საქართველოს ხელისუფლება აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს.