შინაგან საქმეთა სამინისტრო „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს. სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ცვლილებები დეტალურადაა განმარტებული.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, თუ რას ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი.
როგორც მოგეხსენებათ, პოლიცია შედგება სხვადასხვა დანაყოფისგან, მათ შორის გასამხედროებული დანაყოფებისგან, მათ აქვთ განსხვავებული ფუნქციები, რაც ცხადია, სხვადასხვა დანაყოფში მიღების განსხვავებულ წესსა და სპეციფიკას მოითხოვს.
განვმარტავთ, რომ პოლიციის გასამხედროებულ დანაყოფებში, სადაც სამსახურის გავლის განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს, მსახურობენ სამხედრო წოდების მქონე პირები. ამასთან, სამხედრო მოსამსახურე მიიღება კონკურსის გარეშე.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სამხედრო სამსახური იარსებებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სამხედრო წოდებით ვერ დაინიშნებიან, რაც განაპირობებს გასამხედროებული დანაყოფების საპოლიციო წესებზე გადასვლას და საპოლიციო კონკურსზე დაქვემდებარებას.
შესაბამისად, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესების მოდიფიცირებასა და იმ პოზიციებზე, რომელიც გასამხედროებულ რეჟიმს უკავშირდება, მიღების განსხვავებული წესის დადგენას. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღება/დანიშვნა, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს დადგენილი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას.
კერძოდ, სამინისტროს მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღება/დაინიშნება 18 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები. ყველა ეს გარემოება შემოწმდება სამსახურში მიღების პროცესში.
კანდიდატი, რომელიც არ აკმაყოფილებს შესაბამისი პოზიციისთვის დადგენილ განათლების, ფიზიკური მომზადების, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, სამსახურში არ მიიღება. დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცვლილება არ შეეხება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, გამომძიებლებს, მართლწესრიგის ოფიცრებსა და ადმინისტრაციული ფუნქციების შემსრულებელ მოსამსახურეებს", - ნთქვამია განცხადებაში.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სამი დეპუტატის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელა.
უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილსა და მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატია. ჯამში, უფლებამოსილება ვადამდე ადრე ქართული ოცნების რვა დეპუტატს შეუწყდება.
ცნობისთვის, საპროცედურო კომიტეტმა უკვე იმსჯელა ირაკლი კობახიძის, მაკა ბოჭორიშვილის, დავით სონღულაშვილის, ანრი ოხანაშვილისა და მარიამ ქვრივიშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე. საპროცედურო და წესების კომიტეტის გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს ეცნობება, შემდეგ კი კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები იმ წესით ჩატარდება, რა წესითაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირებაც გუშინ მოხდა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი თემის საკრებულო დაკომპლექტდება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა დასახლებიდან (სოფლიდან, დაბიდან, ქალაქიდან), რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისგან.
„თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს ორი წევრი.
თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს სამი წევრი.
თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს ოთხი წევრი.
თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს ხუთი წევრი.
განსხვავებულად დაკომპლექტდება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო. კერძოდ, თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე“, – ნათქვამია კანონპროექტში.
ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ სინამდვილეში ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია, პირიქით, ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 4 წელიწადში, 2028 წლისთვის ასოცირების დღის წესრიგიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 90%-ზე მეტი იქნება შესრულებული.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად ინტენსიურად გაგრძელდება და ეს გზავნილი ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად გაიგეს ეს ყველაფერი პროტესტის შესაბამისმა მონაწილეებმაც. აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნა ვეღარ დგება მათი მხრიდან დღის წესრიგში, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერია რეალურად მოსათხოვი.
მეორე პოტენციური მოთხოვნა, რაც მათ შეიძლება გულში ედოთ, ეს არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა, თუმცა ამ მოთხოვნის დაყენებას ისინი საჯაროდ ვერ ბედავენ ერთი მარტივი მიზეზის გამო, როგორც კი ამ მოთხოვნას დააყენებენ, მაშინვე გაიშიფრება, რომ მათ აქვთ თავიდან ბოლომდე პარტიული დღის წესრიგი. საქართველოში მაინცდამაინც პოპულარული არ არის საკუთარი თავის მიკუთვნება ამ 4-დან რომელიმე პარტიისადმი. ყველამ იცის, რომ ეს არის ერთი კოლექტიური პარტია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც შედგება 4 პარტიისგან, სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიებისგან. არავის არ უნდა მისი ასოცირება რომელიმე ამ პარტიასთან. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში ვერ აყენებენ ვერც რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას. შესაბამისად, რჩება უშინაარსო მიტინგები და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ამ ადამიანებს, საბოლოო ჯამში, უჭირთ რაიმე სერიოზული რესურსისთვის თავის მოყრა.
გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვქონდა აქამდე ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელსაც სინამდვილეში არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. ჩვენ გვინდა, თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები და გვინდა დავიწყოთ საუბარი რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც ექნება რეალური შინაარსი და დღის წესრიგი, თავისი კონკრეტული გზამკვლევით. ჩვენი წარმოდგენით, აშშ-სთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა ჰქონდეს დაახლოებით ისეთივე გზამკვლევი, როგორიც არის მაგალითად ასოცირების დღის წესრიგი. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა უნდა მოუტანოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს და როგორი უნდა იყოს ამ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახები შედეგები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენ გვინდა არა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით. ჩვენ მზად ვართ, რომ ამაზე დავიწყოთ საუბრები ახალ ადმინისტრაციასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს საუბრები დასრულდება წარმატებით და ჩვენ თვისებრივად გადავტვირთავთ ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ განსხვავებულად ვხედავთ ამ პარტნიორობის გაგრძელებას. ჩვენ დღეს არ გვაქვს არც უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან, არც თავისუფალი ვაჭრობა, არც პირდაპირი ფრენები. გვინდა, რომ სტრატეგიულმა პარტნიორობამ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანოს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ამაზე გვინდა აქტიურად საუბრების დაწყება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ასევე ჩვენ გვჭირდება შეთანხმება ღირებულებებზე - სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს პირველ რიგში ღირებულებებზე დაფუძნებული. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაცია არ დაგვიყენებს ისეთ მოთხოვნებს, რომელიც თვისებრივად ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების ღირებულებებს. ვფიქრობთ, რომ აქაც არის სერიოზული თანხვედრა ახალ ადმინისტრაციასთან და ესეც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს “, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველას ვპირდები, რომ სახელმწიფოს სიმტკიცეს ვერავინ შეარყევს და ახალ წელსაც ყველა იზეიმებს ისე, როგორც ეს შეფერის ჩვენს კულტურას და ტრადიციებს, როგორც ეს შეეფერება ჩვენი ხალხის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში მაიდნის მცდელობა ჩავარდა ახლა ერთადერთი რასაც ცდილობენ, მცირე ზიანი მაინც მიაყენონ ქვეყანას და ქვეყნის მოსახლეობას არ აცადონ ბოლომდე ახალი წლის ზეიმი.
„ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი დღის წესრიგით მუშაობას, ჩვენ გვაქვს შესასრულებელი სამთავრობო, 4-წლიანი პროგრამა და ის დაპირებები, რომელიც გავეცით წინასაარჩევნოდ. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, გვსურს, რომ 40 მლრდ-ით გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა, გვინდა, რომ 4%-მდე შევამციროთ უმუშევრობა, 4 %-მდე შევამციროთ სიღარიბე, შევქმნათ ახალი საუნივერსიტეტო სისტემა და ა.შ. ამასთან ერთად, ამ პროგრამის შესრულებასთან ერთად, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური დღის წესრიგი. არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და 4 წლის თავზე საქართველოში და უფრო ადრეც, უნდა იყოს თავიდან ბოლომდე დასრულებული ლიბერალური ფაშიზმი. უნდა იყოს განეიტრალებული ის ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების გახლეჩვას, დაპირისპირებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით 4 წლის თავზე და უფრო ადრეც მივიღოთ სრულიად განსხვავებული ვითარება. აღარ დარჩება კოჰაბიტაციის არავითარი ნიშანწყალი, რაც ძალიან მძიმედ აისახებოდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და თავიდან ბოლომდე გარედან იყო ეს ყველაფერი მოხვეული, არავითარი კოჰაბიტაციის ნიშანწყალი და არავითარი ლიბერალური-ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი,
ასეთი მცდელობების შემდეგ ამ ადამიანებს კიდევ უკვირთ, თუ რატომ აგებენ ყოველ ჯერზე არჩევნებს. უკვე ცხრა არჩევნები აქვთ წაგებული. თუ ასე გააგრძელებენ, კიდევ უფრო მძიმედ წავა მათი საქმე. მე ყველას ვპირდები, რომ სახელმწიფოს სიმტკიცეს ვერავინ შეარყევს და ახალ წელსაც ყველა იზეიმებს ისე, როგორც ეს შეფერის ჩვენს კულტურას და ტრადიციებს, როგორც ეს შეეფერება ჩვენი ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ერთ-ერთ ოპოზიციის ლიდერს წამოსცდა, რომ უნდა მოასწრონ 20 იანვრამდე, საუბარია ხელისუფლების შეცვლაზე. 20 იანვარი ამ ადამიანებს ძალია აშინებთ, თუმცა მათ მინდა დავპირდე, რომ ისინი ბევრად მალე, 20 იანვრამდე დაასრულებენ საკუთარ მცდელობას, რომ რაიმე არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა
პრემიერის თქმით, 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას.
„ერთ-ერთ მათ ლიდერს წამოსცდა, რომ უნდა მოასწრონ 20 იანვრამდე, საუბარია ხელისუფლების შეცვლაზე. 20 იანვარი ამ ადამიანებს ძალია აშინებთ, თუმცა მათ მინდა დავპირდე, რომ ისინი ბევრად მალე, 20 იანვრამდე დაასრულებენ საკუთარ მცდელობას, რომ რაიმე არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში. 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები“, - განაცხადა პრემიერმა.
„ომის პარტიამ“ რუსთაველის გამზირზე მოაწყო ომის მცირე იმიტაცია. რისთვისაც ცდილობდნენ არჩევნებში გამარჯვებას, იმის მცირე მოდელირება ვიხილეთ ჩვენ რუსთაველზე - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შსს-ს დასჭირდა ზუსტად 5 დღე იმისათვის, რომ გაენეიტრალებინა რადიკალური ოპოზიციის ძალადობის რესურსი.
„ჩვენ, მთავრობის წინა სხდომა გვქონდა 2 დეკემბერს, მაშინ იყო დაძაბული სიტუაცია, ეს იყო ძალადობრივი მიტინგების მეოთხე დღის მომდევნო დილა და მაშინ რადიკალურ ოპოზიციას ჯერ კიდევ ჰქონდა ესკალაციის საკმაოდ დიდი რესურსი. მათ მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე ომის იმიტაცია, „ომის პარტიამ“ მოაწყო ომის მცირე იმიტაცია. რისთვისაც ცდილობდნენ არჩევნებში გამარჯვებას, იმის მცირე მოდელირება ვიხილეთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე. თუმცა თქვენ ნახეთ, რომ შსს-ს დასჭირდა ზუსტად 5 დღე იმისათვის, რომ გაენეიტრალებინა რადიკალური ოპოზიციის ძალადობის რესურსი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შსს-ს, ბატონ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს ამ დღეების განმავლობაში, მთლიანობაში, შსს-მ იმოქმედა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და სწორედ, ასე აღიკვეთა „მაიდნის“ მცდელობა ჩვენს ქვეყანაში, ზუსტად 5 დღეში. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რაზეც გამოძიება დაწყებულია.
გუშინ, შსს საერთოდ არ იყო გამოსული პარლამენტის გარშემო პერიმეტრზე და მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული, აქაც იყო ძალადობის მთელი რიგი შემთხვევები, იყო თავდასხმა პარლამენტის შენობაზე, შუშები ჩაამტვრიეს, 10-ზე მეტი ფანჯრის შუა ჩაამტვრიეს შენობაში, იყო ცეცხლის გაჩენის მცდელობა, თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არსებითად ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული და კიდევ ერთხელ მადლობა შსს-ს ამისთვის. გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს დაზიანების რესურსი რადიკალურმა ძალებმა მთლიანად ამოწურეს ჩვენს ქვეყანაში.
გრძელდება მიტინგები შინაარსის გარეშე. წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი ენჯეო რუსთაველის გამზირზე, თუმცა ისინი, ყველა ერთად, 5 ათას ადამიანსაც ვერ უყრიან თავს. ამას აქვს ერთი მთავარი მიზეზი - შინაარსისგან არის დაცლილი პროტესტი რუსთაველის გამზირზე. რეალურად მოთხოვნებს ვერ აყენებენ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც აქტიურად ჟღერდება, ეს არის მოძალადეების გათავისუფლება და ამ მოთხოვნის დაყენებითაც შესაბამისი ძალები ადასტურებენ იმას, რომ სინამდვილეში ძალადობის უკან იდგნენ სწორედ ისინი და ისინი არიან ლოიალურად განწყობილი ამ ძალადობის მიმართ, რბილად რომ ითქვას ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
20 იანვრიდან ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი მსოფლიოში, მნიშვნელოვნად დამშვიდდება მათ შორის ჩვენი რეგიონი და ჩვენ ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას. ეს დადებითად უნდა აისახოს რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ მომენტს სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოუსწრებს, რადგან მას 29 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა.
„20 იანვრიდან ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი მსოფლიოში, მნიშვნელოვნად დამშვიდდება მათ შორის ჩვენი რეგიონი და ჩვენ ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას. ეს დადებითად უნდა აისახოს რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზეც, შესაბამისად, ქართული საზოგადოება მთლიანად დიდი ოპტიმიზმით ელოდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ამ მომენტს სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოუსწრებს, მას 29 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა, შესაბამისად, მისთვის აქტუალური საერთოდ არ არის აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდება აშშ-ში, ვფიქრობ, რომ ასევე ამაზე მეტყველებს“, - განაცხადა პრემიერმა.
შეკრება არის მილევად რეჟიმში, ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც აქვს ერთი მთავარი მიზეზი - შინაარსი გამოეცალა მთლიანად პროტესტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, არავითარი პერსპექტივა რადიკალური ოპოზიციის ამ აქციებს არ აქვს.
„რამდენიმე დღეა, ყველამ დაინახა, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ ჩავარდა. ძალადობრივი რესურსი პრაქტიკულად ამოეწურა მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას, შესაბამისად, მაიდნის ორგანიზების არავითარი შესაძლებლობა მათ აღარ აქვთ. შეკრება არის მილევად რეჟიმში, ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც აქვს ერთი მთავარი მიზეზი - შინაარსი გამოეცალა მთლიანად პროტესტს. რას აპროტესტებენ, ვეღარავინ ვეღარ ამბობს, ყველამ გაიგო კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებას ქვეყნის ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია და იმას ვერ ითხოვენ, რაც გულში უდევთ, მეცხრე არჩევნები წააგეს უკვე, არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, ამ მოთხოვნას ვერ აყენებენ, შესაბამისად, რჩება შინაარსისგან დაცლილი შეკრება. ასეთ პირობებში არავითარი პერსპექტივა რადიკალური ოპოზიციის ამ აქციებს არ აქვს, არის მილევად რეჟიმში და ყველაფერი დასრულდება უსახელოდ მათთვის“, - განაცხადა პრემიერმა.