საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს შეხვდა. ელჩების კონფერენცია 2024-ის მთავარი თემაა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში.
სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, პრემიერ-მინისტრმა ქართველ დიპლომატებს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ელჩების კონფერენცია მნიშვნელოვანი ფორმატია, რომელიც იძლევა ინფორმაციის გაზიარებისა და მოსაზრებების გაცვლის საშუალებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ქვეყნის გაძლიერებას და საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებას უკავშირდება.
სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სამთავრობო პროგრამის ძირითად მიმართულებებს და მთავრობის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და დასახული მიზნების მიღწევაში ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას.
საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. აღინიშნა, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ქვეყანაში სრულად ამოქმედდა საპარლამენტო მმართველობის სისტემა, საქართველოს აქვს ევროპული სტანდარტების შესაბამისი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ქართველი დიპლომატების ყველა კითხვას უპასუხეს.
ჩვენ აშშ-ს შევთავაზეთ საჯაროდ, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება, კონკრეტული გზამკვლევით, იგივე მიმართულებით, ევროკავშირთან მიმართებითაც ვართ მზად, ვიზრუნოთ ურთიერთობების გადატვირთვისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული.
„რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ურთიერთობების არსებული დონით, თუმცა, ამას აქვს თავისი მიზეზები. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში იქნება ჯანსაღი ნაბიჯები გადადგმული და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ჩვენ აშშ-ს შევთავაზეთ საჯაროდ, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება, კონკრეტული გზამკვლევით, იგივე მიმართულებით, ასვე ევროკავშირთან მიმართებითაც ვართ მზად, ვიზრუნოთ ურთიერთობების გადატვირთვისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ერთადერთი, ვინც არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის ნებასაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ქართული საზოგადოება გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“.
„თვითლიკვიდაცია გულისხმობს საზოგადოების ნდობის დაკარგვას. ჩვენ ძალიან მძიმე ზეწოლის პირობებში, მათ შორის სანქციების პირობებში, არჩევნებამდეც იყო სანქციები, არჩევნების წინ იყო პირდაპირ უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესებში, ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართული საზოგადოება გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, ერთადერთი, ვინც არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის ნებასაც
რადიკალური ოპოზიცია არის დათრგუნული იმით, რომ დამარცხდა არჩევნებში, თუმცა მათ უკვე მოუწიათ არჩევნების აღიარება. ერთი პარტიის გარდა, ეს არის გვარამიას პარტია, ყველამ მიიღო უკვე დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემდგარი არჩევნების საფუძველზე. მათ პირველი თანხები უკვე ჩაერიცხათ ამ დღეებში. ეს ნიშნავს თავისთავად არჩევნების შედეგების აღიარებას. მანამდეც ჰქონდათ აღიარებული. შეგახსენებთ, ხაზარაძე ამბობდა, რომ დაახლოებით 200 ათასი ხმა მიიღეს, გახარიას პარტიის ლიდერი აცხადებდა, რომ 161 500 ხმა მიიღეს, ყველაფერი არის ძალიან ცხადი. ოპოზიციას მოუწევს, შეეგუოს არჩევნების შედეგებს.
შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ თებერვლის დასაწყისში პარლამენტში, ისე მიდის საქმე. აბსოლუტურად თვითლიკვიდაციისა და სუიციდის რეჟიმში არიან დღევანდელ დღეს, თუ ამას შემოატრიალებენ თებერვალში, მათთვის იქნება უკეთესი, თუმცა ეს იქნება უარესი ქართული სახელმწიფოსთვის. საბოლოო ჯამში, მათ არავითარი სარგებლის მოტანა არ შეუძლიათ არც სახელმწიფოებრივი ცხოვრებისთვის, არც საქართველოს პარლამენტისთვის. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ თებერვალში. ასეც და ისეც, შემდეგი 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ აიღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის განვითარებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
ზუსტად 6 წლის წინ თქვენი პარტიები, თქვენი ტელევიზიები აპროტესტებდით სალომე ზურაბიშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, აწყობდით აქციებს და ამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო არალეგიტიმური ხელისუფალი, არალეგიტიმური არჩეული პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეს გმირად.
„მე მინდა ერთი რამ შეგახსენოთ, ზუსტად 6 წლის წინ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. ზუსტად 6 წლის წინ თქვენი პარტიები, თქვენი ტელევიზიები აპროტესტებდით სალომე ზურაბიშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, აწყობდით აქციებს და ამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო არალეგიტიმური ხელისუფალი, არალეგიტიმური არჩეული პრეზიდენტი, თუმცა, როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად. ეს არის თქვენი მიდგომა. თეორიულად რომ დავუშვათ მიხეილ ყაველაშვილის ხელიდან სამშობლოს ღალატი, მეორე დღეს, გპირდებით, თქვენ გამოაცხადებთ მას გმირად, თუმცა მადლობა ღმერთს, მიხეილ ყაველაშვილისგან ღალატი არის გამორიცხული. შესაბამისად, თქვენ მოგიწევთ, რა თქმა უნდა, არსებულ რეჟიმში დარჩენა, მაგრამ ზუსტად იგივეს აკეთებთ, რასაც აკეთებდით 6 წლის წინ, იმიტომ, რომ თქვენ დგახართ არა ქართველი ხალხის მხარეს, არამედ ასრულებთ გარე დავალებებს თქვენს პარტიებთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რეალობა არის ერთი, 1 120 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მხარი დაუჭირა მმართველ ძალას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ ლეგიტიმაციის შედეგია, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევა.
„მანამდეც, სალომე ზურაბიშვილი იყო უმცირესობის პრეზიდენტი, უფრო კონკრეტულად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი. დღეს ის გახდა მოქალაქე ზურაბიშვილი. ეს არის ერთადერთი რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.
რაც შეეხება ინაუგურაციაზე მიწვევას, ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია ის ინაუგურაციაზე. აქაც არაფერი საინტერესო არ არის. მოქალაქე ზურაბიშვილს შეუძლია დაესწროს ინაუგურაციას, როგორც ამას აკეთებს ასი ათასობით ადამიანი. ამერიკელი კუბილიუსის განცხადებებს არავითარი დატვირთვა არ აქვს.
ომს ვერ დავიწყებთ. მთავარი მიზეზი იმ სირთულეებისა, რაც აქვს ჩვენს სახელმწიფოს, კონკრეტულად, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს, არის ის, რომ ჩვენ 2022 წლის თებერვალში არ შევუერთდით ომს და არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამის შემდეგ დაიწყო მთავარი სირთულეები. კრედიტ სვისს რაც შეეხება, სწორედ მარტის დასაწყისში, ომის დაწყებიდან ორ კვირაში, გაიყინა კრედიტ სვისის თანხები. ყველა პრობლემა, ყველა სირთულე, რაც არის დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთან და ხელისუფლებასთან, იწყება სწორედ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან. ომს ვერ დავიწყებთ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. არიან ძალები, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, რომელსაც ამერიკაში უწოდებენ დიფ სთეითის მფარველებს. ეს ადამიანები აქტიურად ითხოვდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. როგორც ამერიკაშია დიფ სთეითი, ასევე საქართველოშიც გვაქვს პატარა დიფ სთეთი, ამ დიფ სთეითს ეწოდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ეს ქვეყანა ქართული ფიფ სთეითისგან უნდა გათავისუფლდეს ზუსტად ისე, როგორც ეს დააანონსა დონალდ ტრამპმა თავისი დიფ სთეითის შემთხვევაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.