საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებასთვის“ ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა. ტარიფები გაიზარდა მოსახლეობისთვის(საყოფაცხოვრებო სექტორი) 5 თეთრით, ხოლო სხვადასხვა კატეგორიის კომერციული მომხმარებლისთვის (არასაყოფაცხოვრებო სექტორი)- საშუალოდ 4-6 თეთრით.
ქვემოთ მოცემულია ახალი ტარიფები, რომელიცძალაში შევა მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან.
შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო)
საყოფაცხოვრებო ტარიფი (მოსახლეობა):
10–6-3.3 კვ. (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) _ 31.647 თეთრი/კვტ.სთ;
380-220 ვ. (მცირე საწარმოები) _ 35.261 თეთრი/კვტ.სთ;
0-დან 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით _ 20.041თეთრი/კვტ.სთ;
101 კვტ/სთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით _24.053 თეთრი/კვტ.სთ;
301 კვტ/სთ-დან და მეტი _ 28.537 თეთრი/კვტ.სთ.
არასაყოფაცხოვრებო ტარიფი (კომერციული სექტორი):
110-35 კვ _ 27.762 თეთრი/კვტ.სთ;
10–6-3.3 კვ. _ 31.976 თეთრი/კვტ.სთ;
380-220 ვ. _ 35.261 თეთრი/კვტ.სთ.
სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“
საყოფაცხოვრებო ტარიფი (მოსახლეობა):
10–6-3.3 კვ. (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) _ 32.880 თეთრი/კვტ.სთ;
380-220 ვ. (მცირე საწარმოები) _ 35.713თეთრი/კვტ.სთ;
0 კვტ/სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე _ 19.731 თეთრი/კვტ.სთ;
101 კვტ/სთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით _ 23.707 თეთრი/კვტ.სთ;
301 კვტ/სთ-დან და მეტი _ 28.227 თეთრი/კვტ.სთ.
არასაყოფაცხვორებო ტარიფი (კომერციული სექტორი):
110–35 კვ. _ 30.322 თეთრი/კვტ.სთ;
10–6-3.3 კვ. _ 34.632 თეთრი/კვტ.სთ;
380-220 ვ. _ 35.713 თეთრი/კვტ.სთ.
ტარიფის მატებაზე, ძირითადად, გავლენა იქონიაროგორც იმპორტდამოკიდებულებამ, ასევე ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის ზრდამ, ამასთანავე, ტარიფის ზრდას იწვევს ინვესტიციებიც მოცულობაც, თუმცა ამ მოცულობის ინვესტიციამ, რაც ახალ სატარიფო პერიოდშია გათვალისწინებული, უნდა უზრუნველყოს გამანაწილებელი სისტემის ეტაპობრივი მოწესრიგება და ელექტროენერგიის გათიშვების შემცირება.
ახალი ტარიფების ფარგლებში ავარიული გათიშვების შემცირებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში, სემეკთან შეთანხმებით უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციები განხორციელდება. შედეგად - მოსახლეობას ექნება უკეთესი ელექტრომომარაგება და ადგილი აღარ ექნება ხშირ წყვეტებს.
სს „ენერგო პრო ჯორჯია“ 2026-2030 წლების განმავლობაში, წელიწადში, საშუალოდ 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს - ჯამურად, 1 მლრდ ლარამდე. ამასთან, კომპანია, მესამე მხარის დაფინანსებით, დამატებით უზრუნველყოფს 3 წლის განმავლობაში ჯამურად 129 მლნ ლარის ინვესტირებას განაწილების ქსელში, რომელიც სამომხმარებლო ტარიფში არ აისახება.
სს „თელასის“ მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციები 400 მილიონ ლარს აღემატება. ქ. თბილისში განსახორციელებელი ინვესტიციების აღნიშნული მოცულობა სემეკმა 2025 წლის დეკემბერში შეითანხმა.
ჯამში, მომდევნო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის ქსელის რეაბილიტაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 1,5 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. 1,5 მლრდ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში პირველად განხორციელდება, რაც გულისხმობს ავარიული წყვეტებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებული პრობლემების მოკლე დროში გადაჭრას.
ინვესტიციების განხორციელებით მთლიანობაში გაუმჯობესდება გამანაწილებელი ქსელის მდგომარეობა, შესაძლებელი გახდება განახლებადი ენერგიების შეუფერხებელი ინტეგრაცია ქსელში და ამასთან, ბიზნეს სექტორს დამატებით მისცემს შესაძლებლობას განახორციელონ სხვადასხვა ენერგოპროექტები. ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სემეკმა მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება და ტარიფები დაადგინა იმ ოდენობით, რაც აუცილებელია კომპანიების სტაბილური ფუნქციონირებისათვის. ტარიფში გათვალისწინებულია ინვესტიციების მხოლოდ ის მოცულობა, რაც უზრუნველყოფს კომპანიის სტაბილურ ფუნქციონირებასა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას. ინვესტიციების შეთანხმებისას სემეკმა გაითვალისწინა კომპანიების მიერ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა. დეტალური ანალიზის შედეგად, შესაძლებელი გახადა ტარიფი გაზრდილიყო მინიმალურად და დაბალანსებულად, როგორც მომხმარებლებისათვის, ასევე კომერციული სექტორისათვის, რათა თავიდან აგვეცილებინა კომერციული სექტორისთვის ტარიფის ორნიშნა მატება.
აღსანიშნავია, რომ2024-2025 წლებშისაქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით იყო შემცირებული. შესაბამისად, 2023 წელს მოქმედ ტარიფთან შედარებით, ახალი ტარიფი, ფაქტობრივად მხოლოდ 2 თეთრით გაიზარდა. 2023 წელს ტარიფების შემცირებაზე ზეგავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ. მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, სემეკმა შეძლო 2 წლის განმავლობაში შეენარჩუნებინა შემცირებული ტარიფი, მაშინ როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ტარიფები სისტემატურად იზრდებოდა.
მიუხედავად გაზრდილი ტარიფებისა, მეზობელ და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მოქმედი ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების აღმოსაფხვრელად ჩატარებული ნორმებთან შეუსაბამო სამუშაოების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 35 ათასი ლარით დააჯარიმა და პრობლემის გამოსასწორებლად ვადა განუსაზღვრა.
სს “თელასის” სალიცენზიო პირობების შესრულების შესწავლის საფუძველი გახდა მოქალაქეთა განცხადებები ქ. თბილისში გ. გაგილაძის ქუჩაზე ელექტროენერგიის ხშირ წყვეტებთან დაკავშირებით. სემეკის სპეციალური ჯგუფის მიერ, კომპანიის მხრიდან წყვეტების აღმოსაფხვრელად განხორციელებული სამუშაოების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სს “თელასის” მიერ ადგილი ჰქონდა სალიცენზიო პირობების დარღვევას.
სემეკის გადაწყვეტილებით, კომპანიას დაევალა 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ქვ/ს „მუხიანის“ ფ-16 - 1031/1034 საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაშ მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების გავლა შესაძლებელია ქოლცენტრის ნომერზე - 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან).
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს.
„მინისტრის მოადგილემ ამერიკულ დელეგაციას დეტალურად გააცნო პროექტის განხორციელების ეტაპები და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 25 მარტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.
როგორც სებ-ში აღნიშნავენ, ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი შეფერხებების შედეგად ტრადიციული მიწოდების ჯაჭვები დროებით დაირღვა.
„აღნიშნულმა პროცესებმა, ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე უკვე მნიშვნელოვნად გაზარდა ენერგომატარებლებისა და ტრანსპორტირების ფასები. მეორე მხრივ, ამ ტენდენციის ხანგრძლივად შენარჩუნების შემთხვევაში იზრდება რისკი, რომ გლობალურად ინფლაციური პროცესები უფრო ყოვლისმომცველი გახდეს. საყურადღებოა, რომ გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავებამდე ინფლაციის დინამიკა საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენარს შეესაბამებოდა, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის მეორე კვარტალიდან, დროებითი ფაქტორების ზემოქმედების მილევის ფონზე, ინფლაცია მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელს უნდა დაახლოებოდა. 2026 წლის თებერვალში, მოლოდინების შესაბამისად, მთლიანმა ინფლაციამ 4.6 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ სურსათის ფასების წვლილმა ინფლაციაში კლება დაიწყო, ხოლო ხისტი ფასების ინდიკატორები და ინფლაციური მოლოდინების საზომები კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყო. თუმცა მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე გაზრდილი ნავთობის ფასები საქართველოს ბაზარს ნაწილობრივ უკვე გადმოეცა, რაც მარტში მთლიან ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. შესაბამისად, ეროვნული ბანკის განახლებული შეფასებით, მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია ცენტრალურ სცენართანშედარებით უფრო მაღალი იქნება. საშუალოვადიან პერიოდში კი ინფლაციის მოსალოდნელ ტრაექტორიას უმთავრესად განსაზღვრავს გლობალური ინფლაციური პროცესების სიმწვავე და ხანგრძლივობა, რის გარშემოც მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება“, – აცხადებენ სებ-ში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეფასებით, მიმდინარე მდგომარეობა ბოლო გამოქვეყნებული ცენტრალური სცენარიდან მაღალინფლაციური სცენარისკენ გადაიხარა, რომელიც ერთ-ერთ რისკად სწორედ გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ნავთობის გაზრდილ ფასებს მოიაზრებდა.
„საყურადღებოა, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის სიმწვავე და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პროცესების შემდგომ განვითარებაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ ტენდენციებისა, საქართველოს სუვერენული რისკის პრემიის მაჩვენებელი სტაბილურად დაბალ დონეზე ნარჩუნდება. აღნიშნული კი საგარეო შოკის სიმწვავეს გარკვეულწილად ანეიტრალებს“, – აღნიშნავენ სებ-ში.
მათივე ცნობით, მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დამატებით იმსჯელა არსებული ვითარებისთვის რელევანტურ მაღალინფლაციურ და დაბალინფლაციურ რისკებზე.
„კერძოდ, ენერგომატარებლების მაღალი ფასების ხანგრძლივად შენარჩუნება გლობალურ დონეზე გაზრდის ტრანსპორტირებისა და წარმოების ხარჯებს, რაც დამატებითი მიწოდების შოკს გამოიწვევს. ერთმანეთის მიყოლებით წარმოქმნილი შოკების პირობებში ასევე იზრდება მეორე რაუნდის ეფექტების გამწვავების რისკი. ამ პროცესებზე საპასუხოდ განვითარებული ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც კი მოუწიოთ, რაც, თავის მხრივ, განვითარებადი ეკონომიკებიდან კაპიტალის გადინების რისკს შექმნის. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოში იმპორტირებული ინფლაციის ზრდის რისკები გაძლიერდება. აღნიშნული რისკების რეალიზების შემთხვევაში, ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს.
მეორე მხრივ, იკვეთება დაბალინფლაციურირისკების რეალიზების ნიშნებიც. კერძოდ, გეოპოლიტიკური ფაქტორებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი, შესაძლოა, დროებითი აღმოჩნდეს. ჰორმუზის სრუტეში არსებული შეფერხებების შედარებით სწრაფი აღმოფხვრის ან ნავთობის სხვა მწარმოებელი ქვეყნების მხრიდან მიწოდების ზრდის შემთხვევაში ენერგომატარებლების ფასები, შესაძლოა, პიკურ ფასთან შედარებით სწრაფად შემცირდეს. ამასთან, საქართველოს სუვერენული რისკის პრემიის დაბალ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, საგარეო ბალანსი უფრო მეტად გაუმჯობესდეს, რაც ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. დაბალინფლაციური რისკების რეალიზაცია მონეტარული პოლიტიკის პოზიციის შერბილების შესაძლებლობას მოიაზრებს.
მიმდინარე მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების განხილვის შედეგად, მპკ-მაოპტიმალურად მიიჩნია ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვება. მაღალი გაურკვევლობის პირობებში სებ განაგრძობს აქტიურად დაკვირვებას მიმდინარე მოვლენებსა და მათი ადგილობრივ ბაზარზე გადმოცემის ინტენსივობაზე. იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად გამოწვეული ინფლაციური შოკები ხანგრძლივი იქნება და/ან მათი მასშტაბი ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტების რისკებს გააძლიერებს, მპკგამოთქვამს მზაობას, არსებული მკაცრი პოზიცია მოსალოდნელზე ხანგრძლივად შეინარჩუნოს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით გაამკაცროს“, – აცხადებენ სებ-ში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 6 მაისს ჩატარდება.