ქ. ბათუმისა და ქ. ფოთის საჯარო სკოლების ხელმძღვანელ პირებთან, რესურსცენტრების წარმომადგენლებთან ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრის თემას წარმოადგენდა სკოლების მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლება სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, ელეონორა ლაგვილავამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“ მიზნები და მნიშვნელობა. პროექტის ექსპერტმა, თემურ თორდინავამ ისაუბრა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე.
პროექტის - „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“ მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლება სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება გარემოს დაცვის საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობაზე, ამასთანავე მონაწილეებს მიეწოდებათ სიღრმისეული ინფორმაცია წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ.
პროექტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის ორმოცი სკოლის 650 მოსწავლე, ასევე ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების 50 სტუდენტი. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები. ასევე, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალური ხელისუფლებისა და საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან.
პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც „ტავ ჯორჯია“ მართავს, ავიაკომპანია EasyJet-მა ოპერირება დაიწყო. თბილისში ჟენევიდან პირველი რეისით Airbus A320 უკვე ჩამოფრინდა და პირველი მგზავრებიც ჩამოიყვანა. ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
როგორც „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ აღნიშნა, EasyJet თბილისს სამ ევროპულ ქალაქთან – ჟენევასთან, მილანთან და ლონდონთან პირდაპირი ავიარეისებით დააკავშირებს.
„ტავ ჯორჯია“ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი მიმართულებების განვითარებას ქვეყნის მთავარი აეროპორტიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებზე ჰქონდეთ წვდომა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია რომ EasyJet-ის ახალი დანიშნულების ადგილი სწორედ თბილისია და ეს ავიაკომპანია ჩვენს დედაქალაქს სამ ევროპულ ქალაქთან – ჟენევასთან, მილანთან და ლონდონთან პირდაპირი ავიარეისებით დააკავშირებს. ავიარეისები კვირაში ორჯერ სიხშირით შესრულდება. „ტავ ჯორჯიას“ გუნდი მაქსიმუმს აკეთებს, რათა მგზავრთნაკადის უპრეცედენტო მატების ფონზე შექმნილ გამოწვევებთან ადაპტირდეს და ავიაკომპანიებს უმაღლესი ხარისხის სერვისი შესთავაზოს“, – განაცხადა „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.
„დღეიდან, 31 მარტიდან ოპერირება დაიწყო EasyJet Switzerland-მა, რომელიც ჟენევა-თბილისი-ჟენევის საჰაერო ხაზზე კვირაში ორჯერ სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს იფრენს. პირველი აპრილიდან, EasyJet UK შეასრულებს რეგულარულ რეისებს თბილისი-ლონდონი-თბილისის საჰაერო ხაზზე, კვირაში ორჯერ – ყოველ სამშაბათსა და შაბათს. ასევე, პირველი აპრილიდან ყოველ სამშაბათსა და შაბათს მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე EasyJet Europe Airline BmbH შეასრულებს რეისებს.
EasyJet-ი ერთ-ერთია იმ ავიაკომპანიებს შორის, რომელიც ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ევროპულ ქალაქებთან დააკავშირებს. 2025 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტს რვა ახალი ავიაკომპანია ემატება. სწორედ ახალი მიმართულებების განვითარებისა და ავიაკომპანიებთან ეფექტიანი თანამშრომლობის გამო, გავლენიანმა პლატფორმამ Routes Europe 2025 თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ხუთ მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში შეიყვანა“, – ნათქვამია „ტავ ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.