დღეიდან, კვირაში ორი სიხშირით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს ანახლებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ უნგრულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები გერმანიის 5 ქალაქის მიმართულებით ხორციელდება.ჯამურად, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით 4 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 8 მიმართულებით ასრულებს.2024 წელს ჯამურად, საქართველოს გერმანიიდან 78,644 ვიზიტორი იყო ესტუმრა.
29 აპრილიდან Wizz Air-ი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან კიდევ ერთი, მადრიდის მიმართულებით განაახლებს ფრენებს. ხოლო 3 ივნისიდან სრულიად ახალი, ლიონის მიმართულება დაემატება.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 32 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება. Lufthansa-ს გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალმა Edelweiss-მა ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირ ფრენა განახორციელა და 151 მგზავრი ჩამოიყვანა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან ინტენსიური მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.
Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
პირველ საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში ჰაიდი გრაუ, აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ავიაკომპანიისა და TAV Georgia-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საინაუგურაციო ფრენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ციურიხიდან პირველი პირდაპირი რეისით ჩამოსული შვეიცარიული მედიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ისინი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში იმოგზაურებენ და შვეიცარიულ მედიაში საქართველოს შესახებ სტატიებს და სატელევიზიო რეპორტაჟებს მოამზადებენ.
Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის.
ის ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს. ბილეთების შეძენა ორივე ავიაკომპანიის: Edelweiss-ისა და Swiss International Airlines-ის ვებგვერდებზეა შესაძლებელია.