საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისათვის იწყება პროექტი, სახელწოდებით „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“. პროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის თაობაზე მათი ცნობიერების დონის ამაღლება. ქ. ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა შეხვედრა 5 საჯარო სკოლის 100-ზე მეტ მოსწავლესთან, სადაც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა მათ გააცნეს პროექტის მიზნობრიობა და მონაწილეობის პირობები. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და მოეწყობა მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა, გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები. ამასთანავე, მათთვის მოეწყობა საზაფხულო სკოლა. პროექტის პარტნიორია კორპორაცია „ქინძმარაული“. პროექტი - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ პირველად 2024 წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღო 5 საჯარო სკოლის 100-მდე მოსწავლემ. გამარჯვებულ 15 მოსწავლეს საჩუქრად პორტატული და პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ. ამასთანავე, მათთვის მოეწყო საზაფხულო სკოლა, რომლის ფარგლებშიც ეწვივნენ სხვადასხვა ენერგეტიკულ ობიექტს და ადგილზე გაეცნენ მათი მუშაობის პრინციპებს. სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთობლივი პრიორიტეტია ენერგეტიკის საკითხებზე სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლება, განახლებადი ენერგიების ათვისებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ მათი ინფორმირება, ამასთანავე პროფესიის არჩევისას ენერგეტიკის სექტორით მათი დაინტერესების გაზრდა.
2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა, - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
„მილიონამდე ტურისტმა იმოგზაურა საქართველოში.
ოთხმა ავიაკომპანიამ დაიწყო საქართველოში პირდაპირი ფრენები - ლონდონი, ჟენევა, ციურიხი, მილანისა და პარიზის მიმართულებით.
გაზრდილია ავიაკომპანიების, მიმართულებებისა და ფრენის სიხშირეების რაოდენობა.
ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა (წყარო: საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია - STR global).
Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული ობიექტების დატვირთვის საშუალო კოეფიციენტი 1.5%-ით და საშუალო დღიური ფასი 7.9%-ით გაიზარდა (წყარო: RBNB)“, - წერს მარიამ ქვრივიშვილი.
ევროკომისიამ დაადგინა, რომ კომპანიებმა „ეფლმა“ და „მეტამ“ ციფრული ბაზრების შესახებ ევროკავშირში მოქმედი კანონი დაარღვიეს. ჯარიმა 700 მილიონ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. კონკრეტულად, კომპანია „ეფლს“ – 500 მილიონის, ხოლო „მეტას“ – 200 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ, ევროკავშირში მოქმედი კანონით, სმარტფონების აპლიკაციების შემქმნელებს, რომლებიც საკუთარ პროდუქტს „ეფლის“ მაღაზიის – „ეფლ სთორის“ გამოყენებით ავრცელებენ, აქვთ ვალდებულება, უფასოდ მიაწოდონ ინფორმაცია მომხმარებლებს ალტერნატიული აპლიკაციების შესახებ, რომელთა ტელეფონში ჩატვირთვა „ეფლ სთორის“ გარეშეც არის შესაძლებელი. ასევე, აქვთ ვალდებულება, გადაამისამართონ მომხმარებლები ამ აპლიკაციებთან და მისცენ შესაძლებლობა, პროდუქტი „ეფლის“ ეკოსისტემის გარეთაც შეისყიდონ.