საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, 7x7 ფეხბურთის ასოციაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში მასტერლიგისმნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მაღალი მიღწევების სპორტთან ერთად მასობრივი სპორტის განვითარების აუცილებლობას.
პრემიერმა გამარჯვებულებს მიულოცა და მომავალი ტურნირის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, ასევე, შეაჯამეს გასული წლის პროექტები და გაიმართა 2025 წლის სეზონზე დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ლიგა 1-ის 28-ე ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „ანჟე“ 1:0 დაამარცხა და ვადამდე მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.
ხვიჩა კვარაცხელია ვირუსული ინფექციის შემდეგ დაბრუნდა და თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. დებიუტში ის მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, განივი გადაცემა გააკეთა, მაგრამ ბურთს მეკარე ფოფანა დაეუფლა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგ პარიზელებმა შეტევები გააგრძელეს და „კვარას“ პასით დუემ გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ლუის ენრიკეს გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.
კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და მის ანგარიშზე პსჟ-ში ყველა ტურნირზე 16 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
„პარი სენ ჟერმენი“ 9 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ასტონ ვილას“ უმასპინძლებს.
2025 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისა და მიმდინარე სეზონის გრან-პრის სერიების საერთო შედეგებით (4 495 ქულა), საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად მიიღებს მონაწილეობას, - აღნიშნულია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, ჩემპიონატზე, რომელსაც ყოველ მეორე წელიწადს ტოკიო მასპინძლობს, 6 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს. 2025 წელს, საქართველოს გარდა, იასპარეზებენ ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, კანადის, საფრანგეთისა და იტალიის ნაკრები გუნდები.
მსოფლიოს ჩემპიონატი ტოკიოში 17-20 აპრილს ჩატარდება.