დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო, რომელიც ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა. საიუბილეო წელი იტალიის დედაქალაქში ყოველ 25 წელიწადში, 1300 წლიდან აღინიშნება.
წელს საქართველო, წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ვატიკანის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებებში პირველად მონაწილეობს.
დღეს ბაზილიკაში შესრულდა ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები და ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ნაწარმოებები. პატრიარქის „ავე მარია“ გუნდთან ერთად იანო ალიბეგაშვილმა შეასრულა. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე და ლოტბარი გიორგი დონაძე.
პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა რომის პაპ ლეო XIV-ს და წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის.
„მოვიწვიე რომის პაპი საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ვიზიტი. როგორც მოგეხსენებათ, მომავალ წელს აღინიშნება საქართველოში გაქრისტიანებიდან 17-საუკუნოვანი იუბილე და ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოში რომის პაპის ვიზიტი. ეს მოწვევა გადავეცი რომის პაპს. იმედი გვაქვს, რომ ის ესტუმრება საქართველოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
გუშინ კი, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რომის პანთეონში ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გორის ქალთა კამერული გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა.
გუნდმა, თეონა ცირამუას დირიჟორობით, ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები და საგალობლები შეასრულა.
საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
„დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა - ვატიკანის საიუბილეო დღეებში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა. რომის პანთეონში პირველად შესრულდა ქართული მუსიკა. ეს იყო ქრისტიანობის 1700-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყნის ღირსეული წარდგენა.", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა, პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული საგალობელი „ავე მარია“, ჩაკრულო და სხვადასხვა უნიკალური საეკლესიო საგალობლები შეასრულა.
აშშ-ში ხმის ჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდო „გრემის“ ნომინანტები დასახელდნენ.
ყველაზე მეტი ნომინაცია კენდრიკ ლამარს აქვს. ის ცხრა კატეგორიაშია წარდგენილი - უმეტესობაში ალბომისთვის GNX. ალბომი და მასში შემავალი სიმღერები იბრძოლებენ გამარჯვებისთვის ნომინაციებში: „წლის ჩანაწერი“, „წლის სიმღერა“, „წლის ალბომი“, „პოპი“ და „რეპი“.
ლედი გაგამ შვიდი ნომინაცია მიიღო, ხოლო Bad Bunny-მ, საბრინა კარპენტერმა და ლეონ თომასმა - ექვს-ექვსი.
საუკეთესო როკ შესრულების წოდებისთვის იბრძოლებენ: Amyl and the Sniffers-ი, Linkin Park-ი, Turnstile-ი, Hayley Williams-ი და Yungblud-ი, ნუნო ბეტენკურტთან, ფრენკ ბელოსთან, ადამ ვაკერმანთან და II-თან ერთად, ოზი ოსბორნის გამოსამშვიდობებელ კონცერტზე შესრულებული სიმღერისთვის Changes.
საუკეთესო მეტალ-შესრულების ნომინაციაში წარდგენილები არიან: Dream Theater-ი (Night Terror), Ghost-ი (Lachryma), Sleep Token-ი (Emergence), Spiritbox-ი (Soft Spine), Turnstile-i (Birds).
კატეგორიაში „წლის სიმღერა“ წარდგენილები არიან: ლედი გაგა (Abracadabra), Doechii (Anxiety), როსე და ბრუნო მარსი (APT), Bad Bunny (DtMF), Hunter/x (Golden), კენდრიკ ლამარი და SZA (Luther), საბრინა კარპენტერი (Manchild), ბილი აილიში (Wildflower).