აფხაზმა მოდელმა ადიცა ბერზენიამ მონაწილეობა მიიღო Chanel-ის ჩვენებაში. პარიზის გულში – ლეგენდარული ოპერა გარნიეს ფასადზე გამოჩნდა Chanel-ის სარეკლამო დაფა, რომელზეც ადიცა იყო გამოსახული.
პარიზის მოდის კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი Chanel-ის შემოდგომა/ზამთრის 2026 წლის კოლექციის ჩვენება იყო, რომელიც მოდის სახლმა თავისი ახალი კრეატიული დირექტორის, მატიე ბლაზის მეთვალყურეობით წარუდგინა საზოგადოებას.
Grand Palais-ის მიმდებარე სივრცეები გაოცებითა და აღფრთოვანებით აივსო – სტუმრები მომავლის ტენდენციებს აკვირდებოდნენ, თუმცა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა: აფხაზი მოდელი ადიცა ბერზენია.
ბერზენიასთვის ეს მეოთხე მონაწილეობა იყო Chanel-ის ჩვენებაში. მანამდე ის ბლაზის სადებიუტო ჩვენებას ხელმძღვანელობდა და თავად გახდა გაზაფხული/ზაფხულის კამპანიის სახე. პარიზის ცენტრში მდებარე Opera Garnier-ის ფასადზე გამოჩენილი ფოტოები აჩვენებდა, რომ მოდელი არა მხოლოდ ინდუსტრიაში, არამედ ქალაქის კულტურულ ლანდშაფტშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
ბერზენია ცნობილია აფხაზური ტრადიციებისადმი ერთგულებით. იგი ხშირად ამბობს უარს ბრენდებზე, თუ მათი ხედვა მის პირად პრინციპებს ეწინააღმდეგება ან ზედმეტად სექსუალიზებულია.
“არასდროს ვიღლები აფხაზეთის შესახებ ინფორმაციის გაზიარებით, სადაც არ უნდა ვიყო. როდესაც ჩემი ფოტოები უზარმაზარ სარეკლამო დაფაზე დავინახე, ეს მხოლოდ ჩემი პირადი წარმატება არ იყო – ეს აფხაზეთის წარმოჩენაც იყო პარიზის ცენტრში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ინდუსტრიის ასეთ გავლენიან პლატფორმაზე ჩემი ქვეყანა გავაცნო და პოპულარიზაცია გავუწიო.“ – ამბობს ადიცა ბერზენია.
წყარო: JamNews
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით – ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, ასევე კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, პარლამენტის წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზიდენტმა დაჯილდოებულებს მათი შემოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათი სახით საქართველოს ჰყავს ადამიანები, რომლებიც ქართული კულტურის კიდევ უფრო გამდიდრებაზე ზრუნავენ და ამ საქმეს სამაგალითოდ, ღირსეულად ასრულებენ.
„როგორც მოგეხსენებათ, ქართული კულტურა ერთ-ერთი ყველაზე კარგად წარმომჩენია ქართული ტრადიციების, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ხასიათის. ყოველთვის იყო დრო იმისთვის, რომ ჩვენი კულტურა ყოფილიყო მაღალ დონეზე და ადამიანები, რომლებიც ისტორიის მანძილზე ქმნიდნენ ამ უდიდეს შემოქმედებას, დღემდე არიან საჩვენებელი ყველასთვის, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და ამით ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი.
დარგები, რომელიც შემადგენელია ქართული კულტურის – კინო, მუსიკა, თეატრი, მწერლობა, ამით გამორჩეული ვართ, ყოველთვის ვართ ამაყნი და ვიქნებით დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოში ეს სფერო იქნება მაღალ დონეზე, იმდენად დიდი ტრადიციაა ქართული კულტურის.
რა თქმა უნდა, ამას სჭირდება გაფრთხილება, სჭირდება ხელშეწყობა, იმიტომ, რომ ის, რაც აქამდე მოიტანეს ჩვენმა წინაპრებმა, აუცილებელია, რომ გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ქმნით ამ უდიდეს შემოქმედებას და მინდა, ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე.
ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს უნიკალური ქართული კულტურა და ვამაყობთ ამით. მინდა, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს სახელით მოგილოცოთ ეს ჯილდო და გისურვოთ მომავალში წარმატებები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ: სს – „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, სსიპ – ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, საოპერო მომღერალი, პედაგოგი ბადრი მაისურაძე.
კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: სსიპ – საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი, მუსიკოსი, გუნდის დირიჟორი ჯიქი ჯანგულაშვილი, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი, საოპერო მომღერალი გიორგი ანდღულაძე, სსიპ მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი, საოპერო მომღერალი ოთარ ჯორჯიკია, საოპერო მომღერალი მიხეილ ქირია, სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია, შპს – Gigastudio-სა და შპს საბავშვო სტუდია „ბზიკების სტუდიოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი კუხიანიძე, შპს „აიბი-მთიების“ სკოლის პედაგოგი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ზოგადი განათლების კონსულტანტი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გრიგოლ მურღულია, ა(ა)იპ შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის, „ფესვების“ ქორეოგრაფი ბადრი დარჩიძე, ა(ა)იპ შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის, „ფესვების“ მუსიკოს-აკომპანიატორები მინდია ბერიძე და როლანდ ივანაძე, ა(ა)იპ შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის, „ფესვების“ მოცეკვავეები: დავით მაკარაძე, ზვიად ბოლქვაძე, თამაზ ბერიძე, ლევან ფუტკარაძე, მაყვალა ბუჩუკური, მიხეილ მელიქიშვილი, მიხეილ ფუტკარაძე, მუხრან დარჩიძე, ნანული გოგიტიძე, ნოდარ ქარცივაძე, ნოდარ დავითაძე, ნუგზარ ხიმშიაშვილი, რევაზ მჟავანაძე, რუსუდან დარჩიძე, შალვა მიქელაძე, ხასან ხილაძე, ჯემალ ართმელაძე, შოთა დიასამიძე და მიხეილ კაკალაძე (სიკვდილის შემდეგ), სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, საოპერო მომღერალი, პედაგოგი ბადრი მაისურაძე.
ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო გერმანელი რეჟისორის ილკერ ჩატაკის ფილმმა „ყვითელი წერილები“ მიიღო.
გრან-პრი კი თურქ რეჟისორ ემინ ალპერს ხვდა წილად, ფილმისთვის „გადარჩენა“.
„ვერცხლის დათვი“ საუკეთესო სამსახიობო შესრულებისთვის გერმანელ მსახიობ სანდრა ჰიულერს გადაეცა მთავარი როლისთვის ფილმში „ვარდი. „დათვი“ მეორე პლანის საუკეთესო როლებისთვის გადაეცათ ანა კალდერ-მარშალსა და ტომ კორტნის („დედოფალი ზღვაზე“).
საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო ბრიტანელმა რეჟისორმა გრანტ გიმ მიიღო („ყველას მოსწონს ბილ ევანსი“), საუკეთესო სცენარისტად კი ჟენევიევ დიულიუდ-დესალი აღიარეს („ნინა როზა“).