11-წლიანი სწავლება საკმარისი იქნება სრულფასოვანი ზოგადი განათლების მისაცემად, თუმცა მსურველებს შეეძლებათ მე-12 კლასში შესაბამისი რეგისტრაციის საფუძველზე ისწავლონ, - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე.
მისივე თქმით, რეგისტრაციის შესაძლებლობა მოსწავლეებს ყოველი წლის მარტში ექნებათ.
„რეალობა არის შემდეგი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება იქნება საკმარისი ახალგაზრდებისთვის სრულფასოვანი ზოგადი განათლების მისაცემად. ამავდროულად, ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, ნებისმიერ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი მე-12 კლასში ისწავლოს. შესაბამისად, მე-12 კლასი მათთვის სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით მათ ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
შემდეგი სასწავლო წლიდან ტესტურ რეჟიმში, ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახები ფორმებთან დაკავშირებით სახელმწიფო მხარდაჭერას მიიღებენ
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტესტურ რეჟიმში, შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, დაწყებით ეტაპზე სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ამასთანავე, ვითვალისწინებთ სოციალურ დაუცველ ოჯახებს. ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შეფასებული 60 000 ქულით ან ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიქანაძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება. გამოცდისთვის რეგისტრაცია 24 ნოემბერს დაიწყება და პირველ დეკემბერს დასრულდება, – აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გივი მიქანაძის თქმით, მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდი ნაწილი ატარებს სახელმწიფო ენის გამოცდებს, რომელთა შედეგების მიხედვით გამოსაცდელს ეძლევა ენის ფლობის შესაბამისი და იმ კონკრეტული ქვეყნის მიერ აღიარებული სერტიფიკატი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვისა და ბიზნესსექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის.
„სახელმწიფო ენის გამოცდა მნიშვნელოვანია ქართულის, როგორც სახელმწიფო ენისსტატუსის გაძლიერებისა და ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოებისათვის. სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო ენის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმამოამზადა გამოცდა, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ამიერიდან სახელმწიფო ენის გამოცდა წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება და ოთხი კომპეტენციის შემოწმების შესაძლებლობას მოგვცემს. ესენია: მოსმენა, კითხვა, წერა და ლაპარაკი. ამ ეტაპზე განსხვავებული სირთულის ორი ტესტირება ჩატარდება: პირველი განსაზღვრავს ქართული ენის ფლობის A1 და A2 დონეებს, მეორე – B1 და B2 დონეებს. დონეების დიფერენცირება იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენ ქულას დააგროვებს აპლიკანტი.
2030 წლიდან, A1, A2, B1 და B2 დონეებთან ერთად, C1 და C2 დონეების განმსაზღვრელი გამოცდების ჩატარებას ვგეგმავთ და ამ მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს,“ – აღნიშნა მინისტრმა.
გივი მიქანაძის განცხადებით, ქართული ენის გამოცდისთვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge.
მხედველობადაქვეითებული და უსინათლო გამოსაცდელებისათვის გათვალისწინებულია ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.
სახელმწიფო ენის ფლობის დონის დამადასტურებელ დოკუმენტს სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგების გათვალისწინებით გასცემს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საგამოცდო ტესტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა – დასაწყისში მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიცადა ცალკეული კომპეტენციების შესამოწმებელი დავალებები, შემდეგ, მიღებული შედეგების ფსიქომეტრიული ანალიზისა და ექსპერტული შეფასების გათვალისწინებით, შეიქმნა ტესტურ დავალებათა ბანკი და შემუშავდა საგამოცდო ტესტის ფორმატი.