ARMMO ადამიანის ჯანმრთელობას ემსახურება. მოწყობილობა, რომელიც ქართველმა ახალგაზრდებმა შექმნეს, ინსულტის ან ტრავმის შედეგად პარალიზებული კიდურების რეაბილიტაციისთვისაა განკუთვნილი. როგორც თავად ამბობენ, მოწყობილობა ინოვაციურია და რამდენიმე თანამედროვე ტექნოლოგიას აერთიანებს. ის აღჭურვილია ბიოსენსორებითა და მონიტორინგის სისტემით. მისი მთავარი მიზანია, რეაბილიტაცია სახლის პირობებში.
ახალგაზრდების ამბობენ, რომ, ტრადიციულ მოდელთან შედარებით, ქართული პროდუქტი ბევრად ეკონომიურია. ARMMO, კონკურენტ მოწყობილობებთან შედარებით, ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და პაციენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, გუნდმა იზრუნა, რომ აღდგენის პროცესი უფრო კომფორტული და სახალისო ყოფილიყო. მოწყობილობასთან დაკავშირებულია მათივე შექმნილი მობილური თამაში, სადაც გამარჯვება ხელის მარტივი მოძრაობითა შესაძლებელი.
ერთ სისტემაში გაერთიანებული რამდენიმე რეჟიმი და სრულიად ინოვაციური მიდგომა - მეთორმეტე კლასის მოსწავლეები საკუთარი გამოგონების დაპატენტებას და პროდუქტის სავაჭრო პლატფორმებზე გატანას გეგმავენ. გუნდი უკვე მუშაობს მოწყობილობისთვის ახალი ფუნქციების დამატებაზეც. დასრულების ეტაპზეა ARMMO-ს მართვისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაციის შექმნაც.
პროექტის დაწყებამდე, ორი რეგიონისა და სამი სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთი საგანმანათლებლო ბანაკში გაიცნეს. ფოთსა და თბილის შორის არსებული მანძილი დაბრკოლება არ ყოფილა. მოვალეობები გადაინაწილეს და მუშაობას დისტანციურად შეუდგნენ. რამდენიმეთვიანი შრომა შედეგიანი აღმოჩნდა და პროექტი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. 2026 წელს ახალგაზრდები სტენფორდის უნივერსიტეტში გასამგზავრებლად ემზადებიან.
ახალგაზრდებს, კონკურსის ისტორიის განმავლობაში, ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ გარემოში მოუწიათ ასპარეზობა. "ათასწლეულის ინოვაციის" კონკურსში, რომელიც ახალ წლამდე გაიმართა, 101-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრების მიზანი სტემ სფეროებით - კოსმოსის, ავიაციის, ჯანდაცვის, რობოტექნიკის მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესებაა. კონკურსის მხარდამჭერი განათლების სამინისტროა.
მეთორმეტე კლასელების იდეამ სტენფორდის უნივერსიტეტამდე უკვე მიაღწია, თუმცა ავტორები გაჩერებას არ აპირებენ. მათი მიზანია, მომდევნო ეტაპზე, გამოგონებამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს და ათასობით ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს.
ავტორი: ირაკლი კოშაძე
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ივანიშვილის განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განსახილველი ცვლილებები წარადგინა.
მისი თქმით, ახალი მოდელის მიხედვით, აბიტურიენტები ერთზე მეტი ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის არჩევას ვეღარ შეძლებენ, რადგან მთავარი ამოცანა იქნება მხოლოდ მაღალქულიანი სტუდენტების მოხვედრა.
"დღეს არსებული მოდელის მიხედვით, თქვენ იცით, რომ როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, ან მესამეში, ან მეოთხეში და რეალურად ამით ხარისხი, მოგეხსენებათ, ვარდება.
ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება, ანუ მთავარი ამოცანა იქნება, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა, რომ ხარისხი გავზარდოთ ამ მიმართულებით." - თქვა გაბისონიამ.
ცნობისთვის, ცვლილება ასევე ეხება უნივერსიტეტების სახელმწიფო გრანტების მოდელსაც, რომლის მიხედვითაც, 2026 წლიდან ყველა სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარეს, უფასოდ ისწავლის.
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, მოქმედ სტუდენებს არსებული გრანტები შეუნარჩუნდებათ, 2026 წლიდან კი კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ.
ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის არ მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, სოციალური თვალსაზრისით.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში სკოლამდელი განათლება გახდა უფასო, ასევე, ზოგადი განათლება, როგორც მოგეხსენებათ, არის სრულიად უფასო და ამას ემატება უკვე განათლების მესამე საფეხური - უმაღლესი განათლება, რომელიც ასევე ხდება სრულიად უფასო. მომდევნო წლიდან და იმის შემდეგ წლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული ყველა სტუდენტისთვის სწავლა იქნება უფასო. ეს ნიშნავს იმას, რომ ეტაპობრივად გადავდივართ სრულად უფასო უმაღლეს განათლებაზე. ეს სისტემა წლების მიხედვით საბოლოოდ ამოქმედდება ზუსტად 5 წელიწადში. ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის არ მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, სოციალური თვალსაზრისითაც, ბუნებრივია. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ კუთხით ეს შეღავათი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალი სტუდენტებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.