საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ცვლილება ასევე შეეხება მაგისტრატურის საფეხურს – რადგან საბაკალავრო პროგრამების უმეტესობა 3-წლიანი სწავლების მოდელზე გადავიდა, 2027-2028 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებს დაასრულებს, როგორც 2024, ისე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების უდიდესი ნაწილი. შესაბამისად, 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების ოდენობაც გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ რეფორმის ფარგლებში იცვლება ზოგადი განათლების საფეხურის ხანგრძლივობა. სკოლის საშუალო საფეხურის ხანგრძლივობა განისაზღვრება X-XI კლასებით. მე-12 კლასი იქნება არჩევითი და მსურველებს, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში.
მე-11 კლასელებისთვის სკოლებში უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის. აღნიშნული სიახლე შეეხება მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მეცხრე კლასში სწავლობენ.
საქართველოს სახელმწიფომ წააგო სასამართლო დავა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის ყოფილი მოსწავლეების წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ ყოფილ აღსაზრდელებს 30 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს.
გადაწყვეტილება, სასამართლომ, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სარჩელის საფუძველზე მიიღო.
PHR-ის სარჩელი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილებას დაეყრდნო. ამ გადაწყვეტილებაში ეწერა, რომ სკოლა პანსიონში არსებული პრაქტიკა, რიგ შემთხვევებში, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უთანაბრდებოდა.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინფორმაციით, კომიტეტი კვლავ უკმაყოფილოა არსებული მდგომარეობით და ამ საქმესთან დაკავშირებით მონიტორინგს აგრძელებს.
ახალად გამოქვეყნებულ ანგარიშში, კომიტეტი უთითებს, რომ:
სახელმწიფომ ხელახლა უნდა გადააფასოს ნინოწმინდის პანსიონში დარჩენილი ბავშვების მდგომარეობა;
ასევე, კომიტეტი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში არსებითი პროგრესი არ დაფიქსირებულა და ჯერ არცერთი პირია ოფიციალურად ბრალდებული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული.
კომიტეტი განსაკუთრებით შეშფოთებულია გარემოებით, რომ ყველა ბავშვმა, რომელიც კვლავ პანსიონში იმყოფება, თავდაპირველად თანხმობა განაცხადა რეპარაციის მოთხოვნაზე, რამდენიმე დღეში კი ერთდროულად გააუქმა ეს თანხმობა.
კომიტეტის განცხადებით, ეს შეიძლება მიუთითებდეს არასათანადო ზეწოლაზე ან შურისძიების საფრთხეზე.
ნინოწმინდის სკოლა პანსიონი 2012 წელს დაარსდა. დაწესებულება ფუნქციონირებს სამხრეთ საქართველოში, ქალაქ ნინოწმინდაში, როგორც მზრუნველობა მოკლებული ბავშვების საცხოვრებელი და აღზრდის ცენტრი. ბავშვთა სახლს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მართავს. სხვადასხვა პერიოდში ამ სკოლა პანსიონში ასზე მეტი ბავშვი ცხოვრობდა. პანსიონი ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. საჯარო წყაროებში დაცული ინფორმაციის თანახმად, 2012–2021 წლებში სახელმწიფომ მას დაახლოებით 9.8 მილიონი ლარი გამოუყო.
2021 წელს სკოლა პანსიონში ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ასევე, ცნობილი გახდა, რომ პანსიონში არ უშვებდნენ საქართველოს სახალხო დამცველს, რათა მონიტორინგი ეწარმოებინა. მომხდარს დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა. სკანდალის შემდეგ ბევრი ბავშვი პანსიონიდან გაიყვანეს – ზოგი მინდობით აღზრდაში, ზოგი სხვა საოჯახო ტიპის სახლში. დაწესებულებაში დარჩენილი ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
სასამართლო დავა
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სკოლა პანსიონის 11 ყოფილი აღსაზრდელის უფლებას იცავდა. ორგანიზაციამ სასამართლოს ერთი წლის წინ მიმართა – მალევე, როგორც კი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილება გამოქვეყნდა.
როგორც ორგანიზაცია წერს გავრცელებულ განცხადებაში, ამ ერთი წლის განმავლობაში, გადაწყვეტილების დროულად მიღების მოთხოვნით, PHR-მა ოთხჯერ მიმართა სასამართლოს.
PHR თითო აღსაზრდელზე კომპენსაციად 100 ათას ლარს მოითხოვდა.
“მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ვერანაირი თანხა ვერ იქნება ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ექვივალენტური. თუმცა, კომპენსაცია უნდა იყოს ღირსეული და შეესაბამებოდეს კონკრეტულ გარემოებებს, მათ შორის ყოფილი აღსაზრდელების ასაკს, მათ განსაკუთრებულ მოწყვლადობას, ძალადობის ფორმებსა და ხანგრძლივობას“,- ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, კომპენსაციის ოდენობის ნაწილში, ორგანიზაციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
“განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ ბავშვები იმყოფებოდნენ სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ, რაც სახელმწიფოს მხრიდან დაცვისა და მხარდაჭერის მომეტებულ ვალდებულებას წარმოშობდა“,- აცხადებს PHR-ი.
დაკისრებული თანხის ოდენობა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომაც.
„ძალადობა, იზოლაცია, არასათანადო ზრუნვა“ – რა წერია გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის ანგარიშში
ნინოწმინდის სკოლა-პანსიონზე საჩივარი გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში 2021 წლის 5 მაისს შევიდა. მასში საუბარი იყო ბავშვების მიმართ შესაძლო ძალადობაზე, არასათანადო მოპყრობასა და ინსტიტუციურ იზოლაციაზე.
საქმე 57 ბავშვს ეხებოდა, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ნინოწმინდის პანსიონში.
გადაწყვეტილება სამი წლის შემდეგ, 2024 წლის 24 მაისს გამოქვეყნდა. გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ბავშვების ეფექტიანი დაცვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან.
დოკუმენტი აღწერს სერიოზულ პრობლემებს ნინოწმინდის პანსიონში, მათ შორის ძალადობის, იზოლაციისა და არასათანადო ზრუნვის შემთხვევებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ სკოლა პანსიონში ბავშვები სისტემატურად ხდებოდნენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები. ჩამოთვლილია კონკრეტული შემთხვევები:
ბავშვებს სჯიდნენ: იძულებით მუხლებზე დგომით, საკვების გარეშე დატოვებით, ოთახში ჩაკეტვით, სხვა ბავშვების წინაშე დამცირებით;
ზოგჯერ უფროს ბავშვებს აიძულებდნენ სხვა ბავშვების ცემას;
ერთ ბავშვს დანიშნული ჰქონდა ფსიქოტროპული მედიკამენტები, რის შედეგად მუდმივად ეძინა;
ბავშვებს არ ჰქონდათ პირადი სივრცე;
ისინი იზოლირებული იყვნენ დანარჩენი საზოგადოებისგან. მათ არ შეეძლოთ პანსიონის დატოვება;
ჰქონდათ არასაკმარისი კვება;
არ იყო დაცული ჰიგიენური ნორმები;
განათლების მიღების პროცესში არსებობდა სერიოზული პრობლემები.
ამ ფონზე, პანსიონი ჩაკეტილი იყო მონიტორინგის ორგანოებისთვის. მაგალითად, რამდენჯერმე იქ არ შეუშვეს ომბუდსმენი.
საქართველოს ხელისუფლება კი ამტკიცებდა, რომ პანსიონში მონიტორინგი ხორციელდებოდა, ძალადობის ფაქტებს იძიებდნენ, ბავშვების ნაწილი ალტერნატიულ ზრუნვაში იყო, ზოგი ოჯახებთან ბრუნდებოდა და ის ვინც პანსიონში რჩებოდა, ამას საკუთარი სურვილით აკეთებდა.
რა ხდება დღეს
ნინოწმინდის სკოლა პანსიონი ისევ ფუნქციონირებს. 2021 წლის ხმაურიანი სკანდალების შემდეგ, სასწავლებელში ზედამხედველი სასულიერო პირი შეიცვალა – ეპისკოპოსი სპირიდონი (სპირიდონ აბულაძე) ბოდბელმა ეპისკოპოსი იაკობმა შეცვალა..
წყარო: JamNews
ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე სოციალურ ქსელში მშობლებს ბავშვთან ურთიერთობისა და ავტორიტეტის შენარჩუნების შესახებ რეკომენდაციებს უზიარებს. სპეციალისტი 12 ძირითად წესს ასახელებს, რომლებიც, მისი თქმით, დაეხმარება მშობლებს აღზრდის პროცესში მკაფიო საზღვრების დაწესებასა და ბავშვის ემოციური განვითარების სწორად წარმართვაში. ჩოგოვაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვმა მშობელი „თავის ჭკუაზე არ უნდა ატრიალოს“, ხოლო თანმიმდევრული წესები, მშვიდი კომუნიკაცია და ოჯახის წევრების ერთიანი პოზიცია აღზრდის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
12 ოქროს წესი მშობლის ავტორიტეტისთვის:
იყავით თანმიმდევრული: თუ ერთხელ თქვით არა, თქვენი გადაწყვეტილება არ შეცვალოთ, რადგან ბავშვმა იტირა ან ინერვიულა, თორემ მანიპულაციის ამ ხერხს სულ მიმართავს
დააწესეთ მკაფიო საზღვრები: ბავშვმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა არის დაშვებული— კატეგორიულად აკრძალული ან ბუნდოვანი წესები იწვევს ქაოსს.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე: ყვირილი სისუსტის ნიშანია. როცა მშვიდად, მაგრამ მტკიცე ტონით საუბრობთ, თქვენი ავტორიტეტი უფრო დამაჯერებელია.
ნუ შეხვალთ ვაჭრობაში: მშობელი არ უნდა ვედრებოდეს ბავშვს დავალების შესრულებას.
გამოიყენეთ „არჩევანის ილუზია“: მიეცით ბავშვს უფლება აირჩიოს ორ თქვენთვის მისაღებ ვარიანტს შორის ერთერთი (მაგ: „ჯერ ჰიგიენას მიხედავ თუ ჯერ სათამაშოებს აალაგებ?“).
იყავით ერთიანი ფრონტი: დედა და მამა (ან ოჯახის სხვა წევრები) ერთსა და იმავეს უნდა ითხოვდნენ. თუ ერთი კრძალავს და მეორე უშვებს, ბავშვი სწავლობს მათ „დაპირისპირებას“ თავის სასარგებლოდ.
ასწავლეთ მოთმინება: ბავშვმა უნდა ისწავლოს, რომ მისი სურვილები მყისიერად არ სრულდება. ლოდინის უნარი ემოციური ინტელექტის საფუძველია.
ნუ იქნებით „მომსახურე პერსონალი“: ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისი ასაკის შესაბამისი მოვალეობები სახლში. ეს მას პასუხისმგებლობას აჩვევს.
აღიარეთ მისი ემოციები, მაგრამ არა ქცევა: შეგიძლიათ თქვათ: „მესმის, რომ ბრაზობ, მაგრამ ხელის კვრა დაუშვებელია“. ემოცია ლეგიტიმურია, აგრესიული ქმედება — არა.
იყავით ლიდერი და არა „უბრალოდ მეგობარი“: მეგობრები ბავშვს გარეთაც ეყოლება, მშობელი კი ერთია. მას სჭირდება გზამკვლევი, რომელიც საჭირო დროს სიმკაცრეს გამოიჩენს.
შეასრულეთ დაპირება (როგორც კარგი, ისე ცუდი): თუ დაპირდით, რომ წესის დარღვევისთვის ტელეფონს ჩამოართმევთ, აუცილებლად გააკეთეთ ეს. სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს.
გამოყავით დრო ხარისხიანი ურთიერთობისთვის: როცა ბავშვი გრძნობს სიყვარულს და ყურადღებას, მას ნაკლები მოთხოვნილება აქვს „დესტრუქციული“ მეთოდებით მიიქციოს თქვენი ყურადღება.
უმაღლესი განათლების რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გამართული დებატების დასრულების შემდეგ.
მთავრობის მეთაურმა დებატების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უმაღლესი განათლების რეფორმაზე ისაუბრა.
“დებატები მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ობიექტური ინფორმაცია. ჩვენთან ეს კულტურა, სამწუხაროდ, გაქრა. ამას სჭირდება დამკვიდრება. ხშირად ვისმენთ ხოლმე მონოლოგის რეჟიმში, ხან ერთი მხარე საუბრობს, ხან მეორე და საზოგადოებას ურთულდება ასეთ პირობებში თავისი დასკვნის გამოტანა. ჭეშმარიტება იბადება დისკუსიაში და როდესაც საზოგადოებას შეუძლია თვალყური ადევნოს დისკუსიას მხარეებს შორის. ვფიქრობ, დღეს საზოგადოებამ მიიღო ბევრად მეტი ინფორმაცია, ვიდრე მონოლოგის რეჟიმში სხვადასხვა მხრიდან იღებდა მთელი ამ დროის განმავლობაში. დღეს გამოიკვეთა, სად არის არგუმენტები და სად საერთოდ არ არის არგუმენტები. არაერთხელ ვთხოვე ოპონენტებს, ესაუბრათ არგუმენტებით და რეალურად, ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ იყო ერთმანეთისგან დასკვნისა და არგუმენტის გარჩევა. არ შეიძლება პირდაპირ თქვა დასკვნა, თუ არ გაქვს არგუმენტები. ჩვენ ვცდილობდით და ვსაუბრობდით არგუმენტებით და საზოგადოება თავის დასკვნებს გამოიტანს ამ ყველაფერთან დაკავშირებით.
რაც შეეხება უმაღლესი განათლების რეფორმას, ეს არის უბრალოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ერთი რამეა, რაზეც ყველა ჯერდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ საქართველოში ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი ვერ იღებს იმ ხარისხის განათლებას, რასაც მიიღებდა, მაგალითად დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ეს ხომ რადიკალურად ცვლილებას საჭიროებს, არსებით ცვლილებას. ამაზე თუ ვთანხმდებით და ჩვენ თუ გეუბნებით ჩვენს გზას, მაშინ ან ალტერნატიული გზა უნდა წარმოგვიდგინონ, ან უნდა გაყვნენ იმ გზას, რომელიც ჩვენი მხრიდან არის შეთავაზებული. რადგან ვერ ვისმენთ ალტერნატიულ არგუმენტებს, ლოგიკურია, რომ მივყვებით იმ გზას, რომელიც არის ჩვენს კონცეფციაში ასახული.
მართლა დავდევდით არგუმენტებს, ოღონდ მოგვესმინა რაიმე არგუმენტი კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. მართალია, ლოკალური იყო ეს თემები, მაგრამ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით მოვისმინეთ არგუმენტები და მაშინვე დავპირდით ჩვენს ოპონენტებს, დისკუსიის მონაწილეებს, რომ მზად ვიყავით, თითოეულთან დაკავშირებით დამატებით მიგვეღო ინფორმაცია და გაგვეთვალისწინებინა საჭიროების შემთხვევაში. სრული ღიაობაა ჩვენი მხრიდან, რომ განვაგრძოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. სამწუხარო რეალობა იყო ის, რომ ჩვენ წარვადგინეთ კონცეფციის პროექტი, რომელიც ჯერ კონცეფციაც არ იყო, ყველას შევთავაზეთ საკუთარი მოსაზრებების წარდგენა. ამის ნაცვლად, დაიწყო პოლიტიკური კამპანია ამ კონცეფციის წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის. ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება.
შეხვედრები, იქნება ეს აკადემიურ სფეროსთან, რექტორებთან, უნივერსიტეტების ხელმძღვანელობასთან, ექსპერტებთან, ნებისმიერ ფორმატში ვართ მზად მსჯელობისთვის. მთავარია, რომ ეს მსჯელობა ეფუძნებოდეს არგუმენტებს”, - განაცხადა პრემიერმა.