წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, რაც შეეხება კონცეფციის მთავარ მიდგომას – „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს, ის უზრუნველყოფს რესურსების მიზნობრივ მობილიზებას და საგანმანათლებლო პროგრამების გადუალებას.
„ჩვენი მიდგომაა, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს უნარჩუნდება თავისი უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამა. ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც ამ ეტაპზე იქნა დაშვებული, არის საერთაშორისო აკრედიტაციის და ერთობლივი ან ორმაგი ხარისხის პროგრამების სრულად შენარჩუნება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამომდინარე იქიდან, რომ ინტერნაციონალიზაცია უმაღლესი განათლების პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით სახელმწიფო ყოველწლიურად მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს.
„გასულ წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19 311 სტუდენტი ჩაირიცხა. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება. ამას დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით 10 000 სტუდენტი, რომლებიც განათლებას ასევე სრულიად უფასოდ მიიღებენ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით. თითოეული ადამიანი ჩვენთვის ღირებულია, ღირებულია მათი ცოდნა, გამოცდილება და დამსახურება უნივერსიტეტის წინაშე, შესაბამისად, პროცესებს წარვმართავთ ისე, რომ ისინი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დროებით მმართველ ორგანო „საბჭოში“, რომელიც რეორგანიზაციის განხორციელების მიზნით შეიქმნება, პარიტეტის დაცვით, თანაბარი უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, თავად წარმართავენ რეორგანიზაციას იმისთვის, რომ უზრუნველყონ იმ აქტივობების განხორციელება, რომელიც ორი უნივერსიტეტის უმტკივნეულოდ გაერთიანებასა და შემდგომ ხარისხიან საქმიანობაზე იქნება ორიენტირებული.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების მიზნით, მომდევნო თვეების განმავლობაში, უზრუნველვყოფთ ყველა პროგრამის სიღრმისეულ შესწავლას და იქ, სადაც უნივერსიტეტებს შორის გვაქვს მსგავსი პროგრამები, მოხდება პროგრამების დადარება და ერთ კომპონენტად შეჯერება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მინისტრმა წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება დამატებითი პოზიცია, რომელიც არ ჩაანაცვლებს არც ერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას.
„ჩვენ შემოგვაქვს ახალი აკადემიური თანამდებობა, ეს არის წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც იქნება დამატებითი და არ ჩაანაცვლებს არც ერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას. აღნიშნულ თანამდებობაზე პირი, შემდგომი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა კრიტერიუმის დაცვით, ღია, საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს“, - განაცხადა მინისტრმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.
ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული.
„უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო „საბჭო“ და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესის წარმართვას უზრუნველყოფენ.
მინისტრის თქმით, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, დამატებით შეიქმნება წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა და ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას.