არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ძიუდოს „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ფინალში მოლდოველი მაჰილ ლატისევი დაამარცხა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალურ შეხვედრამდე მან ნიდერლანდელი მარკუს ვან დეიკი, რუსი ეგორ ანდონი და სერბი ისლამ სოგენოვი დაამარცხა. ნახევარფინალში კი სამხრეთ კორეელ ჯომგჰუნ კიმს სძლია.
მიმდინარე ტურნირზე ეს საქართველოსთვის მეორე მედალია. გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტები აბუ-დაბის „გრანდ სლემზე“ საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
ბუდაპეშტში 23 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. მოკრივე ლუკა ნიქაბაძემ (-70 კგ) ფინალი რუმინელ დანიელ რაჯ სტოიკანთან დათმო და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ფინალურ შეხვედრამდე მან ბულგარელი რუმენ რუმენოვი, ისრაელის წარმომადგენელი იეჰორ ნოვიკოვიდაამარცხა, ნახევარფინალში კი ბერძენ ზაქარია მილონას სძლია.
ტურნირზე ასპარეზობა საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა სამი - ორი ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის - მედლით დაასრულა. ბრინჯაოს მედლები მოკრივეებმა - ჰურამან კასუმოვამ (-57 კგ) და გორ აივაზიანმა (-55 კგ) - მოიპოვეს.
ახალგაზრდა მოკრივეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს სახელით იმყოფებიან.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი თბილისში, უკრაინასთან მატჩით გახსნა. „ჯვაროსნები“ 9 ათასი გულშემატკივრის წინაშე დაძაბულ ბრძოლაში 79:92 დამარცხდნენ.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მომდევნო მატჩს 30 ნოემბერს ესპანეთში გამართავს.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში „პარკ დე პრენსზე“ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „ტოტენჰემთან“ ითამაშებს.
მატჩამდე ლუის ენრიკესთან ერთად პრესკონფერენციაზე „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი თავდამსხმელი იმყოფებოდა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„წინ მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის განსაკუთრებულია. უკვე ვითამაშეთ ლონდონელებთან ამ სეზონში, ევროპის სუპერთასზე. ეს რთული მატჩი იყო, მაგრამ მოვიგეთ. ხვალინდელი დაპირისპირება განსხვავებული იქნება; ჩვენი გუნდი კარგ ფორმაშია და მატჩს მოუთმენლად ველით.
„ბაიერნის“ წინააღმდეგ რთული შეხვედრა იყო და შედეგით იმედგაცრუებულები ვართ. ახლა რეაბილიტაციის შანსი გვაქვს. „ტოტენჰემი“ კარგად უტევს, თავს შესანიშნავად იცავს, ძალიან სწრაფია. სუპერთასზე 2:0-ს გვიგებდნენ და მართალია, საბოლოოდ მაინც მოვიგეთ, მაგრამ ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება.
გვიყვარს „პარკ დე პრენსზე“ თამაში, რადგან ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გამოსვლა დიდი პატივია. ეს ყოველთვის სიამოვნებაა და მოუთმენლად ველით.
ჟოაო ნევეში? ჩვენ ერთად გვინდა გამარჯვება, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანს, მაგრამ ის ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ბევრსაც იტანს და ეს შესანიშნავია! მჯერა, რომ ჯერ კიდევ შემიძლია გაუმჯობესება და მრავალ ასპექტზე ვმუშაობ.
ადრე დაცვაში ასეთი არ ვიყავი. უფრო მეტად შეტევაზე ვიყავი ორიენტირებული, მაგრამ პსჟ-ში მივხვდი, რომ გუნდი ერთიანი უნდა იყოს. მწვრთნელის წყალობით, ეს ახალი ასპექტი ავითვისე და ახლა ჩემი თამაშის ნაწილი გახდა.
მარკინიოსს რაც შეეხება, გამორჩეული ლიდერი და შესანიშნავი ადამიანია. ის ყველას ყოველდღე და ყოველ ვარჯიშზე სტიმულს მატებს. შესანიშნავი კაპიტანი და შესანიშნავი მოთამაშეა, რომელმაც კლუბში თავისი კვალი დატოვა.
ჩვენი ახალგაზრდები წარმოუდგენლად კარგები არიან. ისინი ბევრს შრომობენ და წარმატებას აღწევენ. ზოგჯერ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ისინი ჯერ მხოლოდ 16-17 წლის არიან. მათ სწავლა სურთ და ყოველდღიურად იზრდებიან. აქ წარმოუდგენლად მაღალი დონეა და ვიცით, რომ ბევრი მათგანი მომავალში ძალიან კარგი მოთამაშე გახდება“.