განათლების რეფორმის მიხედვით, საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე.
მისივე თქმით, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მე-11 კლასში ისწავლონ მხოლოდ ის საგნები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ.
„მნიშვნელოვანია, რომ მე-11 კლასი, დამამთავრებელი კლასი გავხადოთ პროფილური. ეს ასახავს იმ მიზანს, რომელიც უკავშირდება, პირველ რიგში, იმას, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში, სკოლის პრესტიჟი, ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლეების მომზადების კუთხით. მე-11 კლასში შემოგვაქვს ე.წ. რეპეტიტორიუმი, როდესაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე. ეს იქნება ინტენსიური, ერთწლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს, მაქსიმალურად ჩაერთოს. მათ აღარ უნდა დასჭირდეთ, დამატებით სკოლის გარეთ სასწავლო პროცესებში ჩართვა. მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება სწორედ იმ საგნებსა და მასალაზე, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამასთან იქნება დაკავშირებული.
11-წლიანი სწავლებაზე 2027-2028 წლიდან გადავალთ. დღეს ვინც მე-9 კლასში სწავლობს, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში. “, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას, დაწეროს სახელმძღვანელოები და ეს სახელმძღვანელოები დაინერგოს შემდეგი სტანდარტით: ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში ერთი და იგივე დისციპლინაში, - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე.
მისივე თქმით, სამინისტრომ გასული ექვსი თვის განმავლობაში, შერჩევითობის პროცედურის გავლით, შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით.
„სისტემური და განახლებადი რესურსების ფარგლებში, ორი-სამი წლის განმავლობაში დაიწერება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები. ამისთვის სამინისტრომ გასული ექვსი თვის განმავლობაში, შერჩევითობის პროცედურის გავლით, შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით. სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას, დაწეროს სახელმძღვანელოები და ეს სახელმძღვანელოები დაინერგოს შემდეგი სტანდარტით: ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში ერთი და იმავე დისციპლინაში. აღარ იქნება სხვადასხვა სახელმძღვანელოები. ყველა სკოლაში იქნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი სტანდარტი, ერთიანი ხარისხი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთიანი ცნობადობა, ერთიანი ხარისხის უზრუნველყოფა, ერთიანი პროცესისადმი ხელმისაწვდომობა და, რაც მთავარია, იქნება გაზომვადობა უზრუნველყოფილი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
შემდეგი წლიდან, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ, - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე.
მინისტრის განმარტებით, გამოვლინდა, რომ 6-წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან, სოციალურ-ემოციურიფონიდან და მზაობიდან გამომდინარე სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება უჭირთ.
„ამიტომ ჩვენი მიზნებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, ყოველ მომდევნო წელს, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ
11-წლიანი სწავლება საკმარისი იქნება სრულფასოვანი ზოგადი განათლების მისაცემად, თუმცა მსურველებს შეეძლებათ მე-12 კლასში შესაბამისი რეგისტრაციის საფუძველზე ისწავლონ, - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე.
მისივე თქმით, რეგისტრაციის შესაძლებლობა მოსწავლეებს ყოველი წლის მარტში ექნებათ.
„რეალობა არის შემდეგი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება იქნება საკმარისი ახალგაზრდებისთვის სრულფასოვანი ზოგადი განათლების მისაცემად. ამავდროულად, ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, ნებისმიერ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი მე-12 კლასში ისწავლოს. შესაბამისად, მე-12 კლასი მათთვის სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით მათ ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
შემდეგი სასწავლო წლიდან ტესტურ რეჟიმში, ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახები ფორმებთან დაკავშირებით სახელმწიფო მხარდაჭერას მიიღებენ
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტესტურ რეჟიმში, შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, დაწყებით ეტაპზე სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ამასთანავე, ვითვალისწინებთ სოციალურ დაუცველ ოჯახებს. ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შეფასებული 60 000 ქულით ან ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიქანაძემ.